"მოიხედავ უკან და ხედავ, რომ შენი უსაყვარლესი ადამიანები გაკრეფილან, რა გამოდის შენი სიცოცხლე?" - კვირის პალიტრა

"მოიხედავ უკან და ხედავ, რომ შენი უსაყვარლესი ადამიანები გაკრეფილან, რა გამოდის შენი სიცოცხლე?"

"დღევანდელ პოლიტიკოსებზე გული მტკივა... ეჭვი არ მეპარება, რომ მათ საქართველო უყვართ და სტკივათ, მაგრამ ერთია რომ გიყვარს და სიკეთე გინდა და მეორეა, როგორ გამოიყენო სიკეთე და დაეხმარო შენს ქვეყანას, რა გზა უნდა აირჩიო. უზარმაზარი წნეხია რუსეთიდან"

"დღეს და ხვალ კი არა, მთავრობას და პარტიას კი არა, მწერალი მკითხველს და შორეულ მომავალს აბარებს ანგარიშს", - მეუბნება და დასძენს, რომ მთელი ცხოვრება "სხვა კრიტერიუმების მქონე ჟიურისთან" წარსადგომად ემზადება. პოეტისა და მწერლის ტარიელ ჭანტურიას მრავალფეროვანი შემოქმედება სხვებისგან, ალბათ, იმით გამოირჩევა, რომ ისეთივე ექსპრესიული და ქაოსურია, ერთბაშად სევდიანი და სიყვარულით, ნოვაციით, ტრადიციულობით სავსე, როგორიც თავად მისი ცხოვრება. ჟამთა სვლის მიუხედავად, მისი პოეზია მუდამ თანამედროვე და უბერებელია. პოეტი მალე 88-ის გახდება და როგორც წლების წინ, დღესაც ისევე უყვარს, სძულს, წუხს, მღერის ქართულად, რისთვისაც "ჰმადლობს უფალს, ნებადართულად".

- ბატონო ტარიელ, როგორ ხართ, როგორ გრძნობთ თავს და წლებს?

- ვარ, ნაწილობრივ (იცინის). ილია ჭავჭავაძე მის პერსონაჟს რომ ათქმევინებს, მე ის თამრო აღარა ვარო, ეს კაცებსაც ეხება, სხვათა შორის. მე ის თამრო აღარა ვარ, ისე ვეღარ ვსვამ, ვერ ვცურავ... განწყობას რაც შეეხება, ეს არის ადამიანის მთავარი სივრცე. კარგადა ვარ - ეს პირობითია. "ბიოგრაფიის მოდელი" დავწერე - ორი ერთიანი გავიარე, ვიყავი 11 წლის, ორი ორიანი - 22-ის... ორი 7-იანი - 77-ის. არ ვიცი, მინდა თუ არა ორი რვიანი? ჩემმა შვილმა, ირაკლიმ მითხრა, ბოლო ფრაზა ტრიპაჩის დაწერილია, აბა, კი, არ გინდაო. 87-ის რომ გავხდი და 88-ში გადავედი, მერე ვიფიქრე, იყოს ეს ორი რვიანიც, მაგრამ ორი ცხრიანი არ შეიძლება.

- რატომ არ შეიძლება?

- ტრაგიკულია რაღაც, მთელ ცხოვრებას ეხება - ხარ 99 წლის, მოიხედავ უკან და ხედავ, რომ შენი უსაყვარლესი, უახლოესი ადამიანები გაკრეფილან და რა გამოდის შენი სიცოცხლე? - სიცოცხლე უსიხარულოდ, გადავსებული ცრემლით, სევდით, მწარე მოგონებებით...  ტარიელ ჭანტურია, თამაზ წივწივაძე და ჭაბუა ამირეჯიბი

ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. ჩვენი ჯგუფი პატარა მწერალთა კავშირი გეგონებოდა - ოთარ ჭილაძე, გივი გეგეჭკორი, ვახტანგ ჯავახაძე, რეზო ინანიშვილი, თამაზ ბიბილური, ჯანსუღ ჩარკვიანი... წავიდა ოთარი, წავიდა ჭაბუა, მოიხედავ და, შენი საძმაკაცო აღარაა. ჭაბუამ 94 წელი მაინც "გაქაჩა". მის სახლში პოკერს ვთამაშობდით ხოლმე მე, ჭაბუა, მურმან ლებანიძე, ოთარ ჭილაძე, გურამ საღარაძე... ჭაბუას დედა, დეიდა მაკა, კატორღელი ქალი იყო. მეც კატორღელების შვილი ვარ. ერთხელაც ჭაბუას მეუღლე თამრიკო ჯავახიშვილი მირეკავს და მეუბნება, ჭაბუას დედის ალბომი ვნახეო. მივედი და ხუთი პატიმარი ქალის სურათი ვნახე, ერთი მათგანი დედაჩემი იყო. ნახევარ საათს ვტიროდით მე და ჭაბუა. ის კარგა დიდი იყო ჩემზე, 17 წელი კატორღაში, სამჯერ გამოქცეული... ნოდარ დუმბაძეც ჩვენი ძმაკაცი იყო, მე, ის და ოთარ ჭილაძე ეზოში ერთად ვთამაშობდით ფეხბურთს. ყველაზე სწრაფი ნოდარი იყო. მეც გურული ვარ, იმედგადაწურული მეგრელი გურული. მარტო ამ საინტერესო საძმაკაცოს აღწერა ღირს ერთ რამედ.

ვიღაცები ამბობენ, ჭაბუას დაწერილი არაა "დათა თუთაშხიაო". ბიჭები პოკერს რომ ვთამაშობდით, ჭაბუა გამოვიდოდა ოთახიდან და გვეტყოდა, ერთი ნაჭერი უნდა წაგიკითხოთო (ასე ეძახდა ერთ თავს), ჩვენ თვალწინ დაიწერა "დათა თუთაშხია". მაშინ "ცისკარში" ვმუშაობდი და მე მომიტანა დასაბეჭდად, მე ეს შესანიშნავი ნაწარმოები უკვე მოსმენილი მქონდა...

- მკითხველთან კონტაქტი მხოლოდ ლექსებით და ესეებით არჩიეთ. არც ინტერვიუები, არც იუბილეები... ხმაურს ერიდებით...

- მწერალი შორეულ მომავალს აბარებს ანგარიშს. შესანიშნავი პოეტი მარინა ცვეტაევა, რომელიც მშიერი მოკლეს და თავი ჩამოიხრჩო, მკითხველს მიმართავს, "ცელუიუ ვას ჩერეზ სოტნი რაზედინიაიუშიხ ლეტ", ანუ დღეს და ხვალ კი არა, მკითხველს მომავალში აბარებ ანგარიშს, მეც ვეთანხმები პოეტესას.

არასოდეს დამიწერია კომუნისტების სადიდებელი სტრიქონები იმისათვის, რომ მიმეღო კიდევ ერთი სამოთახიანი ბინა, მანქანა, გამოეცათ ჩემი სამტომეული და ა.შ.

როდესაც ანდროპოვი მოსკოვში გენსეკად დანიშნეს, ეს კაცი თურმე ვერ იტანდა მწერლებს და ედუარდ შევარდნაძეს. ედიკას უნდა რაღაცით თავი მოაწონოს და კოჭი გაუგოროს ანდროპოვს. მოეფერა, აქო და ასეთი რაღაც თქვა: ანდროპოვი სპეტაკი და სანთელივით წმინდა ადამიანია და მის გამო ხალხი შეცვივდა კომუნისტურ პარტიაშიო, ეპადხალიმება... მერე შეადგინა მათი სია, ვინც პარტიაში უნდა შეეყვანა და მწერლებიდან მე, ოთარ ჭილაძე და ჭაბუა ამირეჯიბი შეგვარჩია. მაშინ მწერალთა კავშირის თავმჯდომარე ნოდარ დუმბაძე იყო, ეს მისია მას დაავალა და უთხრა, ამათ მიხედე, ჭაბუას კინოსტუდიის დირექტორად, ჭილაძეს - "მნათობის" რედაქტორად, ტარიელს კი "ლიტერატურული საქართველოს" რედაქტორად დავნიშნავო. მოვიდა ნოდარი და გვეუბნება, ხვალ პასუხი მომეცით, იმედია, კარგ სამსახურზე უარს არ იტყვითო. მთელი ღამე არ დამიძინია. კატორღელების შვილი ვარ და, რა თქმა უნდა, უარი ვთქვი. მეორე დღეს მივედი და ნოდარს ვეუბნები, არ მიძინია-მეთქი. ნოდარი მეუბნება, ბიჭო, თქვენ მოლაპარაკებული ხართო? თურმე ოთარსაც იგივე ტექსტი და უარიც უთქვამს. ყველაფერი, ყველა ჯილდო და თანამდებობა ავიცილეთ მეც და ოთარმაც.

- ოთარს ლექსიც მიუძღვენით. აშკარაა, თქვენი ფავორიტი პოეტი იყო...

- ნამდვილად, მაქვს ასეთი ლექსი - "თიხის სამი ფირფიტა": "ვაკვირდები ცისარტყელას - ღმერთისა და კაცის ტიხარს, ტიხარს აქეთ კაცი ხარ და, ტიხარს იქით - პოეტი ხარ... მიკვირს კიდეც ზოგჯერ, როცა ჩვენთან გხედავ - დგახარ! ზიხარ! სულ ღმერთებში იტრიალებ, ოდეს აიღებენ ტიხარს!.."როდესაც ეს ლექსი წავიკითხე, ერთად ვისხედით, პურს ვჭამდით და ხალხს გაუკვირდა, ჩემს მეგობარს პოეზიის ღმერთად რომ ვაცხადებ. მოვიდა ოთარი, გადამკოცნა და მითხრა, რა ვქნა, ვერ ვიტან ვალებს, ბიჭო, რაღაც უნდა მოვიფიქროო. დიდი წნეხი იყო ჩემზე და ოთარზე, შევარდნაძეს აკვიატებული ვყავდით და ყველაფერი სცადა, ხან ვინ მოგვიგზავნა, ხან რა შემოგვიგდო, მაგრამ ვერას გახდა.

- მაინც რა მიგაჩნიათ მწერლის უპირველეს დანიშნულება-მოვალეობად? კომპრომისზე არასოდეს წასულხართ და მწერლის მორალისთვის არ გიღალატიათ?

- არიან ადამიანები, ე.წ. ფსევდომწერლები, რომლებიც საკუთარი თავის პიარმენეჯერები გახდნენ, ხელში აქვთ ჩაგდებული ტელევიზია, რადიო, ინტერნეტი, ყველაფერი მათი სივრცეა და ხმაურობენ, ამისთვის ყველაფერს აკეთებენ. როგორც გითხარით, ნამდვილი მწერალი, პოეტი ანგარიშს აბარებს შორეულ მომავალს.

შოთა რუსთაველმა დაწერა: "მისი სახელი შეფარვით, ქვემორე მითქვამს, მიქია". არის ისეთი რაღაც, რასაც მწერალი და პოეტი არ ამხელს, მალავს, რათა ის მხოლოდ ჭეშმარიტი მკითხველისთვის იყოს გასაგები. ნამდვილი მწერალი თავის შემოქმედებაში დებს ყველაფერს, მთელ მის ცხოვრებას, გულსა და სულს. იმათზე არ არის ლაპარაკი, ვინც ანგარიშს აბარებს მთავრობას და პრეზიდენტს.

მწერალი თავის სამშობლოს და ხალხს უნდა ემსახუროს, მაგრამ მთავარი რაც არის, ის გათვლილია შორეული მომავლისთვის. ნიჭიერი კაცი რომ ხარ და ნაღდი პოეტის მონაცემები გაქვს, რატომ უნდა უღალატო თავს, რატომ უნდა ადიდებდე ლენინსა და პარტიას?! არადა, ნაღდი პოეტი ხარ და ამისათვის ყველაფერი მოგცა ღმერთმა. რატომ აკეთებ ამას? რატომ შეურაცხყოფ სახელს და რატომ გვაძლევ წამოსაძახებელს?

- თქვენი შემოქმედება მრავალფეროვანია, სავსეა ქაოსით, რითმით, რიტმებით, იქ ლირიკაცაა, პაროდიაც, ირონიაც, ტრადიციულის და ნოვატორულის შერწყმაც. მასში კარგიც და ცუდიც პირობითია, ერთდროულადაა... თქვენი ცხოვრებაც ასეთია?

- რეპრესირებულების, კატორღელების შვილი ვარ, დედ-მამა გადასახლებული მყავდა. "რამკის" ქურდების" მორალი 40-50-იანებში სულ სხვა იყო, ისინი ყიდულობდნენ ჩემთვის წიგნს, ფეხსაცმელს, საჭმელს, ტანსაცმელს.

დედაჩემი მამაჩემის გამო მოხვდა გადასახლებაში. ექიმი იყო დედა, გინეკოლოგი. მამას პარტიისა და რეჟიმის განსაკუთრებული ზიზღი ჰქონდა, იგი ჯერ ფრონტის წინა ხაზზე გაგზავნეს, იქ დაიჭრა, გადარჩა, ჩამოვიდა და დაიჭირეს. დედაჩემი გადასახლებაში იყო, ხან გააციმბირეს, ხანაც აქ, თბილისის გარეუბანში ჰყავდათ. ერთი ხაჭაპურით მივდიოდი სადღაც კოლონიაში, მისთვის რომ მიმეტანა და მენახა. ეს ყველაფერი იმხელა ტკივილია, ამის დავიწყება შეუძლებელია. ჩემი განვლილი გზა, ყველაფერი, ჩემს ცხოვრებაზეც აისახა და ლექსებზეც. გინდა-არ გინდა, მერე ძალაუნებურად შემოდის სიკვდილის თემაც... მასთან, როგორც მეტროს მატარებლის კართან, ახლოს არ უნდა მიხვიდე, თორემ უცებ გაიღება ის კარი.

- იუმორის გარეშე არ შეგიძლიათ... ამბობენ, ვისაც მოჭარბებული იუმორი აქვს, სინამდვილეში ძალიან სევდიანიაო.

- აბსოლუტური სიმართლეა. იუმორით თავს ვიმშვიდებთ... იუმორი არის პაწია იარაღი დიდი ვირტუალური ტკივილის მოსაშუშებლად, გასამკლავებლად, დროებით მაინც რომ მოიცილო. რეპრესირებულების შვილი, რომელმაც ამდენი ტკივილი და წვალება გამოიარა, არ შეიძლება სევდიანი არ ვიყო, თან ამდენი ახლობელი და მეგობარი მომიკვდა და მწარე ტკივილს ყველაფერი ემატება, როგორ გინდა გაუძლო...

ოთარ ჭილაძე, ტარიელ ჭანტურია

- სიცოცხლე გადამფრენ ფრინველს შეადარეთ...

- ჩვენ უნდა გვჯეროდეს ერთი მარტივი რაღაცის - ის, რაც ასე რთულია აქ, ჩვენი სიცოცხლე თავისი დაბადებითა და რამერუმეებით, არ შეიძლება მარტივი იყოს იქ, ვარიანტი არაა. ადამიანში მთავარი და ზერთული ფენომენი სულია, რაც გვმართავს და გვასწავლის, რაცაა ჩვენი ცხოვრება. სული ჩვენშია და როცა სხეული მოკვდება, ის, რაც სხეულთან შედარებით ზერთულია, არ მოკვდება.

შენ რომ ხარ კომპარტიის ბელადი, როდის დაასაფლავე ის სული, ოჯახდამწვარო? სული ასე იოლად, ვიღაც რაიკომის მდივნის გასაქრობი არ არის. ღმერთი არ გწამდეს, რეგვენი უნდა იყო. შეიძლება ეკლესიაში არ დადიოდე, მაგრამ ის შენში იყოს. მთავარი რწმენა ესაა და არა ის, სანთელს რომ დაანთებ. ესაა ბრბოს სამართავად მოგონილი რამ.

- თქვენი პოეზია მუდმივად თანამედროვე აზრისა და სულის მატარებელია. როგორ არ გიბერდებათ პოეზია?

- არსებობს ვერსიფიკაციული ოსტატობა და არსებობს პოეზია. ლექსი პოეზიის ჭურჭელია, რომელშიც პოეზია ან ასხია, ან არა. ლექსი პოეზიის სამოსია, რომელიც პოეზიას ან აცვია, ან არა. სამყარო გადავსებულია ლექსებით, რომელშიც პოეზია არ არის. შეიძლება კარგად გალექსილია, მაგრამ შიგ პოეზია არ არის. ერთი იაპონური ტანკაა, მოკლე ლექსი, შვილის სიკვდილზე - "ჩემო პეპლების მადევარო ლამაზო ბიჭო, რომელ იდუმალ ქვეყანაში შესდიე პეპლებს?" - ანუ შვილი კი არ მოკვდა, გაეკიდა და იდუმალ ქვეყანაში შესდია პეპლებს. აი, ესაა ლექსი და პოეზია. ამას, სადაც გინდა და როგორც გინდა, თარგმნი. ლექსია პოეზიის ჭურჭელი. არის ლექსი უამრავი, რომელშიც პოეზია არ არის.

- ლექსების უმრავლესობას ბოლოში სამ წერტილს უსვამთ. გენანებათ დასასრულისთვის, უსასრულობაში მიგყავთ და სათქმელის და სიცოცხლის გაგრძელების საშუალებას აძლევთ, თუ რა დატვირთვა აქვს?

- მართალია, დასასრულისთვის არ მემეტება. თვითონ მკითხველმა უნდა იფიქროს და გააგრძელოს აზრი.

- მწერალი დრომ უნდა გამოცადოსო... დრომ გამოგცადათ. კმაყოფილი ხართ თქვენი თავით და შემოქმედებით?

- ამ თამაშიდან პოეტი რა გამოვა, არავინ იცის. ამას განგება და მასშტაბები გადაწყვეტს, რადგან შორეულ მომავალს აბარებ ანგარიშს იმაზე, რაც გაგიკეთებია. იქ სხედან სულ სხვა შემფასებლები, სულ სხვა ჟიური სხვა კრიტერიუმებით. იქ წყდება შენი ბედი. ის პოეზია, დღეს მკითხველის გადასაბირებლად რომაა მოგონილი, "ჩასტუშკები" და რაღაცები, დღესაც არ უნდა ჭეშმარიტ ქომაგს და დამფასებელს. მას ნაღდი პოეზია უნდა. დადგა უკვე ის დრო, როცა პოეზიასა და პროზაში ბლეფი აღარ გამოდის, ვეღარავის მოატყუებ.

- რაც შეეხება პოლიტიკას, შეუძლებელია არ გაღელვებდეთ მიმდინარე პროცესები...

- ჩვენი დღევანდელი, გუშინდელი და მომავლის პოლიტიკური სიტუაცია შემოქმედისთვის ერთია. პოლიტიკოსიც ანგარიშს მომავალს აბარებ, ამიტომ პატიოსანი, მართალი და ღირსეული კაცი უნდა იყო, "სტავკა" ყოველთვის სილამაზეზე, სიკეთესა და სიმართლეზე უნდა გქონდეს გაკეთებული. არ შეიძლება იმ ჭუჭყში მონაწილეობა, რაც დღეს ხდება. დღეს უმძიმესი მდგომარეობაა, ყოველმხრივი კრიზისია. ოღონდ სიკეთე და მოგება ნახონ და, მიძვრებიან ამ რაღაც ფსევდოპარტიებში. ორი გზაა - იქით რუსული სამყარო და შპიონაჟი, აქეთ ევროამერიკული ორიენტაცია. ეს ერთადერთი ორიენტაციაა, რომელმაც ჩვენ უნდა გადაგვარჩინოს და ამას ღალატობენ.

საქართველოს ტერიტორიაზე 300 ათასი კაცია რუსულენოვანი და მათ შორის 300 არ იქნება აგენტი? შენ, მწერალი რომ ხარ, ამ ჭუჭყში არ უნდა მონაწილეობდე, არადა, იღებენ, ფული რომ იშოვონ. მწერალი და პოლიტიკა საშინელებაა, კაცო.

რას არ მაძლევდნენ, შევარდნაძე ყველანაირად ეცადა პარტიაში შევეთრიე, ვერაფრით მოახერხეს. ერთი წერილი მაქვს დაწერილი - "კიდევ ერთი ჭორი". როცა შევარდნაძე მოსკოვში მუშაობდა, საქართველოში წავიდა საუბარი, პრეზიდენტად ჩამოჰყავთო. იმხანად რუსთაველის საზოგადოების გაზეთ "მამულის" რედაქტორი ვიყავი, იქ დავბეჭდე ეს წერილი, რომელშიც ასეთი ფრაზები იყო: ამბობენ, რომ შევარდნაძე შეიძლება საქართველოს პრეზიდენტი გახდეს. ედუარდ შევარდნაძე საქართველოს პრეზიდენტი? თავისუფლების წყურვილის გამჟღავნებისთვის გოგო-ბიჭების დამხვრეტი, საკუთარი ძმაკაცის დამხვრეტი და ა.შ. როგორ შეიძლება მისი გაპრეზიდენტება-მეთქი... ერთი სიტყვით, ბოლომდე გადავუარე. მეორე დღეს შევარდნაძე ჩამოფრინდა, დმანისი-ბოლნისი მოიარა, საღამოს კი ტელევიზიით ილაპარაკა, ვიღაცას აქ ჩემზე ასეთი აზრი გასჩენია და მინდა ვთქვა, რომ ჩემი კრემლში ყოფნაც კი უზარმაზარი სიკეთეა საქართველოსთვისო.

რამხელა ნაძირალა იყო, 70 წლის რომ გავხდი, ამ კაცმა, რომელზეც საშინელი პასკვილი დავწერე, იუბილე მომილოცა, მაქო და მადიდა. შებერტყილის ერთი იყო, ვითომ არც არაფერი მომხდარა.

ტარიელ ჭანტურია, ბესიკ ხარანაული

დღევანდელ პოლიტიკოსებზე გული მტკივა... ეჭვი არ მეპარება, მათ საქართველო უყვართ და სტკივათ, მაგრამ ერთია, რომ გიყვარს და სიკეთე გინდა და მეორე, როგორ გამოიყენო სიკეთე და დაეხმარო შენს ქვეყანას, რა გზა უნდა აირჩიო. უზარმაზარი წნეხია რუსეთიდან. რუსეთს აქ სერიოზული აგენტურა ჰყავს, ჩვენ რომ არ ვიცით, ისეთი ფარული აგენტები. ახლა რუსეთი საქართველოზე ხელს ჩაიქნევს? რაც მთავარია, ევროპა-ამერიკა გვეხმარება, მარტონი ვერაფერს გავხდებით. დარწმუნებული ვარ, რუსეთს არაფერი გამოუვა, საქართველოს ორიენტაცია გადაარჩენს, მისი მომავალი გარკვეულია.

- მუდმივად ერთ წრეზე სიარული, პოლარიზებული საზოგადოება, ორად გახლეჩილი ერი... ესეც ჩვენი ხვედრია?

- გარდამავალი პერიოდია, ეს მარტო ქართული მოვლენა არაა, გაჭირვება გვაქვს, მაგრამ გამოვძვრებით. ყველაფერი კარგად იქნება."საქართველოსთვის ჩვენ ბევრჯერ მოვკვდით და როცა მოვკვდით, ყოველთვის ვცხონდით! ისეთ სიტუაციებში გადარჩა საქართველო, რომ... არის ეთნოსები, რომელთაც სიკვდილი არ უწერიათ. საქართველო ვისთან ერთადაც მოდიოდა - აქადები, შუმერები, ყველანი მარტო წიგნებში და ისტორიაში დარჩნენ. ეს საცოდავი საქართველო დღემდე ცოცხალია, ყველაფერი გამოიარა და გამოივლის კიდევ, მაგრამ ისევ ფეხზე დადგება. საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანააო, ხომ გვითხრეს დიდმა წინაპრებმა, აკაკიმ და კომპანიამ? "ორ ზღვას შუა ძველისძველად, საომარი იყო ლელო, ის გადარჩა და სახელად ეწოდება საქართველო". ამ ორ ზღვას შუა რომაა უკვდავი ფენომენი, მისი გაქრობის ვარიანტი არაა. საქართველო ყველასთვის მთავარი სიყვარული და სიცოცხლე უნდა იყოს.

- ერთ-ერთი კრებულის ანოტაციაში წერდით: "რაც კარგია ჩემია, რაც არა - ჩემი ალტერ ეგოსია. ახლა მაპატიოს მკითხველმა და როცა რჩეულს შევადგენ, წიგნში მხოლოდ ჩემს ლექსებს შევიტან". ესეც იუმორია... მაგრამ როდის ვიხილავთ თქვენს რჩეულს?

- რა დამიშავა იმ გაჭირვებულმა მეორე მემ, რომ მოვკლა? ალტერ ეგოს მოკვლა არ შეიძლება. რჩეულზე ჯერ არ მიფიქრია, ბლომად კი დამიგროვდა ლექსები. რომანის გამოცემასაც ვაპირებ, 3-4 თვე მჭირდება... წერა სურვილზე არაა, უნდა მოვიდეს, მოვარდეს, ოღონდ არ მკითხოთ, რომელი ლექსი გიყვარსო, მშობელს შვილებზე არ ეკითხებიან, რომელი შვილი უფრო უყვარს. ისე კი, ერთი მათგანის და ჩემთვის ძვირფასი სტრიქონებით დავასრულებდი ჩვენს საუბარს: "დედა წვებოდა ყველაზე ადრე, რომ მე ლოგინი მქონოდა თბილი. ის ადრე მოკვდა, ვინ იცის, ჩემთვის ცივი სამარის გათბობაც სურდა".