"პირველი ხელფასი რომ ავიღე, დედასაც გავუგზავნე და ჩემთვის ბოტასებიც ვიყიდე" - ემზარ კვიციანს დეკლარაციაში ხელფასის შეტანა გამორჩა? - კვირის პალიტრა

"პირველი ხელფასი რომ ავიღე, დედასაც გავუგზავნე და ჩემთვის ბოტასებიც ვიყიდე" - ემზარ კვიციანს დეკლარაციაში ხელფასის შეტანა გამორჩა?

"ხელფასს როგორ არ ვიღებ, მაგის იმედად ვარ, მაგრამ, როგორც ჩანს, დეკლარაციაში გამომრჩა..."

იმედოვნებს, რომ 2007 წელს ჩამორთმეულ ქონებას კანონიერად დაიბრუნებს. მის მფლობელობაში იყო მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები საგარეჯოს რაიონის სოფელ უჯარმაში, მიწის ნაკვეთები წალკაში, სოფელ ედიქილისაში და თელავში, სოფელ იყალთოში. გარდა ამისა, ფლობდა 70%-იან წილს შპს "ვარდისუბანში" და 1997 წელს გამოშვებულ ავტომობილ "ლენდროვერს". დღეს რა ცხოვრება-ქონების პატრონიც გახლავთ, ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" წევრი, პარლამენტარი ემზარ კვიციანი დაუფარავად გვესაუბრა.

მინიდოსიე

დაიბადა გულრიფშის რაიონის სოფელ ჩხალთაში 1961 წლის 25 აპრილს, მრავალშვილიან ოჯახში. დაამთავრა უკრაინის ეროვნული თავდაცვის აკადემია სახმელეთო ჯარის მართვის სპეციალობით. დეკლარირებულ ოჯახის წევრთა შორის მეუღლის, თეთნულდი ანსიანისა და შვილების - გიორგის, იესეს და გაბრიელას გარდა, მოხვდა 82 წლის დარეჯან ცხადაძეც - ემზარ კვიციანის დედობილი.

- ქონების ჩამორთმევის შემდეგ აღარაფერი მაქვს, ფაქტობრივად, ქუჩაში დავრჩი. 2 წელი ძმასთან ვცხოვრობდი. არადა, ყველაფერი ჩემი შრომით შევიძინე. მეც და ჩემი ოჯახის წევრებიც ყოველთვის ბევრს ვშრომობდით. იპოთეკით მქონდა ნაყიდი ბინები და მიწები, მაგრამ მეც წამართვეს და ჩემს სიმამრსაც. ვთქვათ, მე დამსაჯეს, მაგრამ სხვებს რაღას ერჩოდნენ, ზოგიერთს არც ვიცნობდი. ერთ ბათუმელ კაცს, მახარაძეა გვარად, სასტუმრო წაართვეს, ნახევარი კვიციანის არისო, სინამდვილეში არასდროს შევხვედრივარ. თამაზ ბალაშვილს, ჯარისკაცს, რომელიც მძღოლად მუშაობდა ჩემთან, დეიდების ნაჩუქარი მიწები ჩამოართვეს, ვითომ ჩემი იყო. თქვენ წარმოიდგინეთ, დღემდე წართმეული მიწების საკუთრების გადასახადს იხდის, მაგრამ დამუშავების საშუალება არა აქვს. მთელი ჩემი ქონება ამჟამად სახელმწიფოს საკუთრებაა. ვის არ მივმართე - საჯარო პირებს, სასამართლოებს, მაგრამ ამაოდ...

ქონების წართმევას საფუძვლად ედო სისხლის სამართლის საქმე, რომელშიც გავმართლდი, მაგრამ ქონება მაინც წართმეული მაქვს. მოსამართლე ამბობს, მორიგდითო, პროკურატურას კი ცოცხალი თავით არ უნდა მორიგება. გენპროკურორმა თადუმაძემ პირდაპირ მითხრა, არ მოგირიგდები, თვითონ სასამართლომ გააბათილოს, მაგათ უნდათ, ჯოხი ჩემზე გადატყდესო. მაინტერესებს, ვისი მოქნეული ჯოხი უნდა გადატეხილიყო გენერალური პროკურორის თავზე? როგორ გგონიათ, ქონებას რატომ არ მიბრუნებენ? უნდათ გამამწარონ და რაღაც უბედურება ჩამადენინონ, მაგრამ სამართლებრივი გზით ვიბრძოლებ და თუ მე არ ვიქნები, ჩემი შვილები გააგრძელებენ ბრძოლას. ისეთი რეგიონის რწმუნებული არ ვყოფილვარ, სადაც ფული იშოვებოდა, იქ მხოლოდ და მხოლოდ ტყვიები იშოვებოდა... 15 წელი იწვალეს, კოდორის ხეობა რომ ჩაებარებინათ. ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო და რასაც გული მკარნახობდა, რის ძალასაც უფალი მაძლევდა. სხვებივით უცხოეთში არ გავქცეულვარ, რადგან ფიცი მქონდა დადებული - ხატზე დავიფიცე, რომ ხეობის შესანარჩუნებლად უკანასკნელ ტყვიამდე უნდა მებრძოლა. ვინც ჩემთან ერთად დაიფიცა, ისინი იქ არიან დამარხული და მე დავმალულიყავი? კოდორში წასვლამდე პატრიარქთან მივედი და კურთხევა ვთხოვე. ყველაფერი ვუამბე და იცით, რა მითხრა? - შვილო ემზარ, არ დაგანებებენ თავს, ვიდრე კოდორიც არ ჩაბარდება, აფხაზეთი მიცემულიაო. ამის გამო მსჯიან დღესაც.

- ვინ არის დარეჯან ცხადაძე, რომელსაც დეკლარაციაში დედობილად იხსენიებთ? - ამ ქალბატონმა რატომღაც გადაწყვიტა, რომ ვეშვილე და ჩემთვის დაეტოვებინა ქონება - დიდ ლილოში, ვარკეთილის მეურნეობაში 1500 კვმ ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. პატრიოტი ქალია და "პატრიოტთა ალიანსში" სწორედ იმის გამო გაწევრდა, რომ გავეცანი.

- დავით და მარინა ბოკერიებთან 2017 წელს სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება (ხელშეკრულება, რომლის ძალითაც მარჩენალი მოვალეა გადაუხადოს სარჩენს მთელი სიცოცხლის განმავლობაში სარჩო, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხოლო სარჩენი მოვალეა გადასცეს მარჩენალს საკუთრებად ქონება) გაგიფორმებიათ 240 კვმ საცხოვრებელ სახლზე და 1182 კვმ მიწის ნაკვეთზე. 50%-იანი წილის მფლობელი ხართ. - ჩემი დედობილის მეზობლები არიან, გამიჯვნაზე ჰქონდათ დავა. მოვახერხე, სამართლიანად გამემიჯნა, ახლა ნორმალური ურთიერთობა აქვთ. გავბედე და დავით ბოკერიასგან შევიძინე მისი წილი, 4 წლის განმავლობაში უნდა ვუხადო თანხა, თუმცა მეუბნება, გინდაც 5 წელში დამიფარეო. იმის იმედი მაქვს, რომ წართმეული ქონებიდან რაღაცას მაინც დავიბრუნებ, შვილებს რატომ დავუკარგო?

- ჩამორთმეული ქონებიდან ყველაზე ძალიან რაზე დაგწყდათ გული? - დოლობაურის ჩიხში არსებულ სახლზე, რომელიც მე ავაშენე და საიდანაც დედაჩემი გამოვასვენეთ. რაკი უბინაოდ ვიყავი, 2002 წელს თავდაცვის სამინისტრომ, როგორც თანამშრომელს, რამდენიმე ბინა და ეს ადგილი შემომთავაზა, რომელი გირჩევნიაო. რადგან კორპუსში ცხოვრება არ მიყვარს, მიწა ვარჩიე. მანამდე იმ ადგილს ნაგავსაყრელად იყენებდა მოსახლეობა, ალბათ ასი მანქანა ნაგავი მაინც გავიტანე იქიდან, გავასუფთავე, შემოვღობე, ხეები დავრგე და სახლიც ავაშენე - განა "დვარეცი", ძველ ფუნდამენტზე ერთსართულიანი საცხოვრებელი მისაღებით, სამზარეულოთი და 2 საძინებლით. იქ ბავშვებსა და დედასთან ერთად ვცხოვრობდი. ვიცი, რომ იმ სახლითა და ადგილით რომელიღაც მაღალჩინოსანი იყო დაინტერესებული. ალბათ, ამიტომაც სახლი სასამართლოს ძალით კი არა, "ნაგლად" წამართვეს. ოქრუაშვილმა ჩემი ოჯახის წევრები გამოყარა და ვინმე ომარ მეტრეველი ჩაასახლა...

ემზარ კვიციანი არის 100%-იანი წილის მფლობელი 220 კვმ ფართობის საცხოვრებელი სახლისა წალკის რაიონის სოფელ საყდრიონში და კიდევ რამდენიმე მიწის ნაკვეთის, რომლებიც მისთვის 2016 წელს უჩუქებიათ. მის საკუთრებაშია 300 კვმ საცხოვრებელი სახლი და 10000 კვმ მიწის ნაკვეთი გულრიფშის რაიონის სოფელ ჩხალთაშიც.

- ეს ის სახლია, სადაც დავიბადე და გავიზარდე. 8 დედმამიშვილი ვართ, ღვთის წყალობით, ყველა ცოცხალი მყავს. იმ ეზოში იზრდებოდნენ ჩვენი შვილებიც, ყოველ ზაფხულს ჟივილ-ხივილი იყო. იმ ბედნიერ დროს ვერაფერი დააბრუნებს.

მე წამართვეს ის სახლი და რუსებსა და აფხაზებს მისცეს. სიმბოლურად ჩავწერე დეკლარაციაში. იმედია, ხელისუფლებაში მოვა ის ხალხი, ვისაც აფხაზეთის დაბრუნება ენდომება. რუსეთი ოკუპანტიაო, გვეუბნებიან დღეს ისინი, ვინც რუსეთს ტერიტორიები გაუფორმა. მათ ცინიზმს საზღვარი არა აქვს.

- წალკაში მიწები ვინ გაჩუქათ?

- 2001 წელს არენდით ავიღე მიწები უჯარმაში. ჩემმა ძმადნაფიცმა, გენერალმა თამაზ დუმბაძემ რომ გაიგო, ერთი ჰექტარი დავხანი, საჩუქრად 2 ტრაქტორი მომიყვანა. ჩემი ძმის მეგობარმა საწვავით გამიმართა ხელი, მივადექი მიტოვებულ მიწებს და დავამუშავე. შემოდგომაზე მოსავალი რომ ავიღე, ხალხსაც დავურიგე, პატივი ვეცი. ფუტკარიც მყავდა და თაფლი ვედროებით მივეცი ყველას. დაინახეს, რომ მარტო ჩემს თავზე მოფიქრალი კაცი არ ვიყავი. მაინც ამიმხედრეს მოსახლეობა, პრეტენზიები გაუჩნდათ და ყველაფერს თავი დავანებე. აუქციონზე გატანილი სანერგე მეურნეობა კომპანიონთან ერთად გამოვისყიდე, მაგრამ ესეც წაგვართვეს როგორც დაუსაბუთებელი ქონება. მე და ჩემმა სიმამრმა 20 ჰექტარზე ვენახი გავაშენეთ და ისიც მთლიანად გაგვინადგურეს. მერე წალკაში მიწები ავიღე არენდით და იპოთეკით გამოვისყიდე.

ემზარ კვიციანის ყოფილი მეუღლე თეთნულდი ანსიანი

ვამუშავებდი, შრომას არ ვთაკილობდი. იმ პერიოდში ბერძნები იაფად ყიდდნენ საქონელს, მე ვყიდულობდი და ასე ნელ-ნელა, 4-5 წელიწადში საქონელი გავამრავლე - ცხვარიც მყავდა, კამეჩიც. თივისთვის ხან შირაქის საძოვრებს ვიღებდი არენდით და იქ მეძინა ხოლმე, ცხვარში. ვიცოდი, აქ რაღაც ცუდს მიჩალიჩებდნენ. მაშინ წალკაში იაფად იყიდებოდა სახლებიც. ვიყიდე და ჩემს უფროს დაზე, მერიკოზე გავაფორმე.

გელაევი რომ შემოიყვანეს, კოდორში 9 კაცი დამეღუპა, მათ შორის ჩემი სიძე და დისშვილი, ჩემს დას ის ერთადერთი ბიჭი ჰყავდა. თავისთვის რამე რომ არ აეტეხა, სულ ჩემთან მყავდა, ფერმასაც ერთად ვუვლიდით. როდესაც ქონება ჩამომართვეს, მხოლოდ ის სახლი გადარჩა და წლების შემდეგ ჩემმა დამ საჩუქრად მე გადმომცა. სულ ჰექტარ-ნახევარია და დღესაც ვამუშავებთ.

კარგი ჯიშის კარტოფილი თუ ვიშოვე, წელსაც უნდა დავხნა, სასუქს არ ვაყრი, ეკოლოგიურად სუფთა რომ იყოს. რაც მოგვყავს, ნათესავებს ვჩუქნი, არ ვყიდი.

- როგორც ჩანს, ახლობლებს ხშირად უმართავთ ხელს.

- ერთ მაგარ ამბავს მოგიყვებით, სიკეთე რომ არ იკარგება. ამ სახლში, წალკაში, ბერძენი ქალი ცხოვრობდა, საშა დეიდა. რამდენად იყიდება-მეთქი რომ ვკითხე, 3.500 დოლარადო. არ შევევაჭრე, არადა, მაშინ ეს ძალიან დიდი თანხა იყო, ბერძნები"კაპიკებად ყიდდნენ სახლებს. საშა დეიდას შვილი ჰყავდა, ვანია, და შვილიშვილი არისი.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში კენჭს რომ ვიყრიდი, სოციალური ქსელით დამიკავშირდა არისი და მითხრა, ანგარიში გახსენით, თანხა უნდა ჩაგირიცხოთო. ახალი გათავისუფლებული ვიყავი და გამიხარდა, ვიფიქრე, ნამდვილად გამომადგება-მეთქი. მეგონა, 300-500 დოლარს გამომიგზავნიდა, 3.000 დოლარი ჩამირიცხა და მომწერა, ხედავთ, რა საქმე გააკეთა იმ ფულმა, რომელიც წლების წინ ულაპარაკოდ მოგვეცითო. თურმე იმ ფულით ბიზნესი დაუწყია და მილიონერი გამხდარა. გამოვიდა, რომ სახლში გადახდილი ფული უკან დამიბრუნა.

ემზარ კვიციანის ვაჟი იესე

დეკლარაციის შევსების დროს, ამა წლის 17 იანვარს, ბატონ ემზარს ერთი თეთრიც არ უდევს ანგარიშზე. უფრო ზუსტად, მის სახელფასო ანგარიშზე მხოლოდ 55 თეთრია. არც ნაღდი თანხა ჰქონია, არც რამე ძვირად ღირებული უჩუქებიათ მისთვის, არც მოძრავ ქონებას ფლობს (თუ არ ჩავთვლით შვილის, იესეს საკუთრებაში არსებულ სატვირთო მანქანას, რომელიც შარშან 5.000 დოლარად შეუძენია) და სიჩქარეში თავისი და ოჯახის წევრების ნებისმიერი ანაზღაურებადი სამუშაოდან მიღებული შემოსავალიც აღარ მიუნიშნებია.

- პირველი ხელფასი როდის აიღეთ, თუ გახსოვთ? - როგორ არ მახსოვს, 21 წლის ვიყავი. ჯარში მძღოლად ვიმუშავე, გადამზადებაც გავიარე და ავტობუსის მართვის უფლება მოვიპოვე. საქართველოში რომ ჩამოვედი, სხვა სამსახური ვერ ვნახე და "ლაზის" მძღოლად დავიწყე მუშაობა.

მახსოვს, პირველი ხელფასი რომ ავიღე, ჩემს ძმას მანქანის გასაკეთებლად მივეცი ფული, დედასაც გავუგზავნე და ჩემთვის ბოტასებიც ვიყიდე.

- ამჟამად შვილებიც მუშაობენ, თუ ძირითადი შემომტანი ოჯახში თქვენ ხართ? - სად იმუშავებენ? ვინ მომცა მათთვის სწავლა-განათლების მიცემის საშუალება? მე ქვეყნიდან გამაქციეს და დამრჩნენ უსწავლელი. ჩემი რძალი ტკბილეულს ამზადებს, ბევრი შეკვეთა აქვს. ჩემი ყოფილი მეუღლეც წვალობს რაღაცას.

- დეკლარაცია ოპერატიულად კი შეგივსიათ, მაგრამ ხელფასის ოდენობა არ მიგითითებიათ. არ იღებთ ხელფასს, თუ რაშია საქმე? - ესპანეთში ნათესავები და მეგობრები მყავს. ქალიშვილთან, გაბრიელასთან ერთად მათთან წასვლა დავგეგმე და ამიტომაც შევავსე ოპერატიულად. მახსოვს, შემოსავალი მივუთითე. მართლა არ მიწერია? ხელფასს როგორ არ ვიღებ, მაგის იმედად ვარ, მაგრამ, როგორც ჩანს, დეკლარაციაში გამომრჩა.

ნინო ჯავახიშვილი