ხაბაზი ასტამითა და კინჭოტით - კვირის პალიტრა

ხაბაზი ასტამითა და კინჭოტით

"თონეში პურის ხელით ჩაკვრა ნამდვილი ხელოვნება ყოფილა - არ უნდა ჩავარდე და არც ცომი ჩააგდო, არ უნდა დაიწვა და არც პური დაწვა..."

ჩემო მკითხველო, ამჯერად ხაბაზობა გადავწყვიტე და სათონეს მივადექი, თუმცა სანამ გახურებულ თონეში პურს ჩავაკრავ, მცირე ექსკურსი - საქართველოში პურის რამდენიმე ათეული სახეობა არსებობს, რომელთა ცხობის ტექნოლოგია და ფორმები ამ საქმის დიდ კულტურაზე მეტყველებს. სუფრაზე პირველად ღვინო და პური მიჰქონდათ, რომელსაც ხელით ტეხდნენ, თუ ძირს დაუვარდებოდათ, აიღებდნენ და აკოცებდნენ. პურის ცხობა საოჯახო რიტუალი იყო, ხოლო თონე - ყველა ოჯახისთვის წმინდა ადგილი. გახურებულ თონეს საგველით მარილიან წყალს მიასხურებდნენ, რომ პურის ზედაპირს მარილის გემო ჰქონოდა, თანაც თონის კედლები ცომს უკეთ იკრავდა. ცომის გუნდებს გააბრტყელებდნენ, მისცემდნენ ფორმას და გახურებულ თონეში აკრავდნენ. ჯერ ლავაშს აცხობდნენ, რომ თონე შეგრილებულიყო, შემდეგ კი შოთებს. შოთების დაკვრა თონის პირიდან, ანუ ზემოდან იწყებოდა. მას პირის პურს ეძახდნენ.

ჩემი მასპინძელი ნინო თევზაძე 17 წელიწადია, თონეში მუშაობს: - დღეს პურის ცხობით ხელს რატომ დაიწვავს ადამიანი?! ყველაფერი გამზადებული იყიდება. თუმცა შენს ეზოში გამომცხვარს არაფერი სჯობს. თონე, სადაც შოთებს ვაცხობთ, ორგვარია: საოჯახო და პროფესიონალი მეპურის. საოჯახო თონე ფიჩხითა და შეშით ინთება, ღვივდება. როცა კედლები გავარვარდება, ზედმეტ ნამწვს ამოიღებენ, ნაკვერჩხლებს შუაგულში შეაკალთავებენ და ზემოდან კრამიტის ნაჭრებს დააფარებენ; მერე პურის გუნდებს გააბრტყელებენ და მწკრივად შემოაკრავენ კედელზე, გავსებულ თონეს კი ფიცრებს დაახურავენ... ქალაქში თონეებს ამგვარი ბუნებრიობა აკლია, რადგან ბუნებრივ აირზე ამუშავებენ.

მოგვიანებით ჩემი მასპინძელი ასპარეზს მითმობს და მეც წმინდა რიტუალს ვიწყებ...

550 გრამი ცომი საფხეკელათი მოვჭერი, მოვაგუნდავე და შოთის პურის ფორმით გავაბრტყელე. თონეში პურის ხელით ჩაკვრა ნამდვილი ხელოვნება ყოფილა - არ უნდა ჩავარდე და არც ცომი ჩააგდო, არ უნდა დაიწვა და არც პური დაწვა, თან ცომი თონეში ოთხ რიგად უნდა ჩააკრა. თითო რიგში, ჩვეულებრივ, ხუთი პურია. თუ თონე ძალიან ცხელია, თახად ჩაყრა იცის. ჩავარდნილი პურის ძირს სველ ხელს გაუსვამენ და კვლავ მიაკრავენ, მაგრამ მე დანაკარგი არ მქონია. გამომცხვარი პურის მოხდა ძირიდან დავიწყე და თანდათან ზევით ავყევი. თონის კედლებს პური ასტამისა და კინჭოტის დახმარებით მოვხადე, აქამდე ეს სამუშაო იარაღი ხელში არასდროს მჭერია. დამცხა... ასტამი და კინჭოტიც დამძიმდა. სულაც არ ყოფილა ადვილი პურის გამოცხობა. პური 7-8 წუთში გამოცხვა და პირველი მუშტარიც ორი შოთით გავისტუმრე. პირველს მეორე მოჰყვა.

ჩემი მასპინძელი ნინო თევზაძე 17 წელიწადია, თონეში მუშაობს

- პური ცხელია? - გაისმა ხმა.

- დიახ, ბატონო, ახლახან ამოვიღე თონიდან! - შევძახე ომახიანად, ამაყად გავხედე ჩემს ნაოფლარს და მუშტარი სამი პურით და ბედნიერი ღიმილით გავაცილე.

ისევ ცომის მოზელას შევუდექი. როგორც დამარიგეს, საფუარიც ზომიერად გამოვიყენე. უნდა ვაღიარო, რომ გუნდის სასურველი ფორმით გაბრტყელება არ არის იოლი, ხელის გაწაფვა სჭირდება. მეც რაღაცები ვისწავლე და ათი გუნდა გავაკეთე.

- ათი არ გვეყოფა, ოცი მაინც უნდა გავაკეთოთ, - მითხრა ქალბატონმა ნინომ. ნუ გეშინია, უცბად გაიყიდება, - დამამშვიდა და მეც საქმე განვაგრძე.

პატარა ბიჭი მოვიდა, ასე, 6-7 წლის. მე არ მელოდა და შეცბა, მაგრამ მაინც გამომიწოდა 5-ლარიანი. სამი პურის ხურდა დავუბრუნე და ოთხი პური მივაწოდე, მეოთხე ჩემგან საჩუქრად-მეთქი. ჯერ გაკვირვებულმა შემომხედა, მერე კი გახარებული გაიქცა. ოც წუთში პური აღარ მქონდა და კვლავ თონეში ჩასაყუდებლად მოვემზადე...

16-საათიანი სამუშაო დღე დამთავრდა - დალოცვილი და გემრიელი. პური, ღვინო და ყველი დედის რძესავით შეგვერგო თავით ფეხამდე ფქვილიანებს.…სიცხით გასავათებული და თონის სიმხურვალით ხელდამწვარი ვჭამდი და ვფიქრობდი: `ხვალ რომ თონეში პურის საყიდლად მივალ, რამდენი უნდა გადავიხადო ერთ პურში? რამდენია ამ საოცრების ნამდვილი ფასი?~

ზურა სოლომნიშვილი