ქალის აღსარება - კვირის პალიტრა

ქალის აღსარება

ჩემო მეგობარო! თქვენ მთხოვეთ, ჩემი ცხოვრების ყველაზე გაუხუნარი ეპიზოდი გამეხსენებინა. მე უკვე ხანდაზმული ვარ, უშვილძიროდ დავბერდი და აღარც ჩემი ახლობლები არიან ცოცხლებს შორის. ვარ სრულიად თავისუფალი და თავს უფლებას ვაძლევ თქვენ წინაშე აღსარება წარმოვთქვა, ოღონდ დამპირდით, რომ ჩემს ვინაობას არასოდეს გაამჟღავნებთ.

მშვენივრად იცით, რომ ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა და ბევრი მეტრფოდა. არცთუ იშვიათად, თვითონაც ვყოფილვარ ამურის ისრით დაკოდილი და დღეს, როცა წინანდელი მომხიბვლელი შესახედაობიდან აღარაფერი შემომრჩენია, თამამად შემიძლია განვაცხადო, - მეტად ლამაზი და მიმზიდველი გახლდით თავის დროზე.

სიყვარული ჩემთვის სულის ზეიმი და აღსარებაა. აქვს კი აზრი ისეთ არსებობას, როცა შენზე ფიქრში არავის უღამდება და არავის აქვს შენი მოალერსების სურვილი? ქალების უმრავლესობა ირწმუნება, ჭეშმარიტი სიყვარული ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ თუ ეწვევაო, მე კი, გამოგიტყდებით, რამდენჯერმე ვყოფილვარ ვნებიანი სიყვარულით შეპყრობილი, თანაც ისე ძლიერად, რომ ვერც წარმომედგინა, ასეთ გრძნობას ოდესმე თუ შეიძლება ჰქონდა დასასრული. მაგრამ, საუბედუროდ, ყოველთვის ქრებოდა ბუნებრივად, ცეცხლივით, მაშინვე რომ ჩაიბჟუტება, როგორც კი შეშა შემოაკლდება.

დღეს მე ჩემი თავგადასავლებიდან ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავს მოგითხრობთ. ეს მოხდა ძალიან დიდი ხნის წინ. მომხდარში მე ბრალი არ მიმიძღვის, თუმცა სხვათათვის საბედისწერო შეიქნა.

პეკელი აფთიაქარი ხომ გაგიგონია? ამ კაცის საშინელმა შურისძიებამ მომაგონა შემაძრწუნებელი დრამა, რომლის თვითმხილველი ჩემდა უნებურად შევიქენი.

ერთი წელი იყო გასული იმ დღიდან, რაც მიმათხოვეს ბრეტონელი უძველესი საგვარეულოს შთამომავალს, მდიდარ გრაფ ერვე დე კერს. გულახდილად გეტყვი, რომ ეს კაცი სრულებით არ მყვარებია. ჭეშმარიტ სიყვარულს თავისუფლება სჭირდება, თუმცა დაბრკოლებებიც უნდა ახლდეს, რა თქმა უნდა. სიყვარული, რომელსაც თავს გვახვევს კანონი და მღვდელიც აკურთხებს, სიყვარული გგონიათ? ან კიდევ კანონიერი კოცნა შეიძლება შევადაროთ მოპარულ ამბორს?

ჩემი ქმარი ახოვანი, ელეგანტური და წარმოსადეგი მამაკაცი იყო, ნამდვილი დიდებული, მაგრამ ჭკუა-გონებისა რა მოგახსენოთ, ზედმეტად პირდაპირი იყო. აზრებს ისე გადმოსცემდა, გეგონებოდა, სამართებლით სერავსო. თავი მუდამ მზამზარეული იდეებით ჰქონდა გამოტენილი და ისინი, ეტყობა, მშობლებისგან გამოჰყვა, იმათ კიდევ მათი წინაპრებისაგან. ერვე არასდროს ჭოჭმანობდა, სათქმელს მაშიIნვე მოგახლიდა, თუმც უკიდურესად შეზღუდულს.

ვერ წარმოედგინა, მისგან განსხვავებულად მსჯელობა თუ იყო შესაძლებელი. მაშIინვე მიხვდებოდით, რომ ღმერთს ნათელი და საღი გონებით არ დაეჯილდოებინა. მის თავში არასდროს მწიფდებოდა იდეები, რომლებიც აახლებენ და აჯანსაღებენ ტვინს, ქარის მსგავსად, რომელიც იოლად შეაღწევს სახლში, კარ-ფანჯრებს ღიად თუ დავტოვებთ.

ჩვენი ციხე-დარბაზი უკაცრიელ ადგილას იდგა. ამ დიდ და პირქუშ ნაგებობას გარს ერტყა ვეება, ხავსმოკიდებული ხეები, წვერმოშვებულ მოხუცებს რომ მოგაგონებდათ. პარკი ტყესავით დაბურული იყო, ირგვლივ "მგლის ორმოდ" წოდებული ჩაღრმავებული თხრილებით.

პარკის ბოლოს, ლანდის მხარეს, ლერწმიანით დაბურული და წყალმცენარეებით მოფენილი ორი მოზრდილი გუბურა იყო. ჰოდა, მათ შორის, წყაროსთან ახლოს, ჩემმა ქმარმა პატარა ფიცრული ააშენებინა, გარეულ იხვებზე მოხერხებულად რომ ენადირა.

ორი მოსამსახურის გარდა, ჩვენ დარაჯიც გვყავდა. ერთი ხეპრე, ტლანქი და გაუთლელი ვინმე, მაგრამ ჩემი ქმრის უერთგულესი მსახური, და კიდევ მოახლე გოგონა, მე ის ნამდვილი მეგობარივით მედგა მხარში. ამ ამბამდე ხუთი წლის წინ წამოვიყვანე ესპანეთიდან უპატრონოდ მიგდებული, მიტოვებული ბავშვი, რომელსაც ის-ის იყომ შეუსრულდა თექვსმეტი წელი, მაგრამ რომ შეხედავდით, ოცისა გეგონებოდათ.

KvirisPalitra.Geშემოდგომა ძალაში შედიოდა. ყველგან ნადირობა იყო გაჩაღებული. ჩვენ ხან მეზობლების და ხანაც ჩვენს მამულში ვნადირობდით და სწორედ იმ დროს შევნიშნე ერთი ახალგაზრდა კაცი, ბატონი დე ს. ერთხანს ძალიან მოუხშირა ჩვენთან სიარულს, მაგრამ მერე და მერე აღარ გამოჩენილა. უკვე გადამავიწყდა კიდეც, მაგრამ ერთ დღესაც ჩემს ქმარს ცვლილება შევამჩნიე - თითქოს გულგრილი გახდა. ბოლო დროს უამრავი საქმე ჰქონდა და უგუნებობა დასჩემდა: ძველებურად ალერსიანი აღარ იყო და აღარც ჩემს ოთახში შემოდიოდა, აქვე უნდა გითხრათ, რომ ჩემი მოთხოვნით ცალკე გამოვაყოფინე ოთახი, ჩემს ნებაზე რომ ვყოფილიყავი.

ღამღამობით ხშირად მსმენია ქურდული ნებიჯების ხმა. ეს ჩემი ქმარი იყო, ეჭვგარეშეა, ჩემს კარამდე მოდიოდა და რამდენიმე წუთის შემდეგ ისევ უკან ბრუნდებოდა.

ჩემი ფანჯარა ქვედა სართულზე იყო და ხშირად მეჩვენებოდა, თითქოს სიბნელეში ვიღაც დაეხეტებოდა ციხე-დარბაზის ირგვლივ. ეს ერვეს ვუთხარი კიდეც, მაგრამ მან თვალი თვალში გამიყარა, რამდენიმე წამს ჯიქურ მიცქირა და შემდეგ მითხრა: "არაფერია, ეს ჩვენი დარაჯია, ძვირფასო".

ერთ საღამოს, როცა სადილობას ვამთავრებდით, შევნიშნა, რომ ჩემი ქმარი საუცხოო გუნებაზე გახლდათ, მაგრამ ეს მოჩვენებითი, ნაძალადევი მხიარულება იყო, რაც გამოგიტყდებით და, უცნაურად მეჩვენა.

- ხომ არ ისურვებდით სამიოდ საათის ჩვენს ფიცრულში გატარებას? მელას უნდა ჩავუსაფრდეთ, ყოველ საღამოს ჩვენი დედლების შესაჭმელად რომ დაძვრება?

მისმა წინადადებამ ჯერ გამაოცა, მაგრამ რადგან თვალჩაცივებით მიყურებდა, პასუხი არ დავაყოვნე:

- ჰო, რა თქმა უნდა, ჩემო მეგობარო.

გამოგიტყდებით, მამაკაცებს არაფრით ჩამოვუვარდებოდი მგლებსა და გარეულ იხვებზე ნადირობაში. ამიტომაც არაბუნებრივს ვერაფერს ვხედავდი იმაში, საფარში ლოდინი რომ შემომთავაზა. მაგრამ საკვირველი ის იყო, რომ ჩემი ქმარი ანაზდად უჩვეულოდ ანერვიულდა. მთელი საღამო აფორიაქებული და დაძაბული ჩანდა. ადგილს ვერ პოულობდა. ხან უცბად წამოხტებოდა სკამიდან, ხანაც მოწყვეტით დაეშვებოდა. ათი საათისათვის მომიახლოვდა და მკითხა:

- აბა, მზად ხართ?

მე უმალ წამოვდექი და რადგან თოფიც თვითონ მომიტანა, შევბედე და ვკითხე:

- ტყვიებით დავტენო თუ საფანტით?

მან ჯერ გაიკვირვა, შემდეგ კი მითხრა:

- ო, მხოლოდ საფანტით, ჩემო კარგო, ვფიქრობ, იკმარებს, - რამდენიმე წამში ხმაშეცვლილმა დასძინა, - შეგიძლიათ დაიკვეხნოთ ასეთი ცივსისხლიანი რომ ხართ!

- მე? ეს როგორ გავიგო? მელიის მოსაკლავად წასვლა ცივსისხლიანობაა ვითომ? ეს რა აზრები მოგდით თავში, ჩემო ბატონო...

ჩვენც გზას გავუდექით, უხმაუროდ, პარკის გავლით. მთელი სახლი ძილს მოეცვა. სავსე მთვარე ყვითლად დაჰნათოდა უძველეს, პირქუშ, კრამიტისსახურავიან ნაგებობას. ორი კოშკურის წვერებს ციხე-დარბაზის ორივე მხრიდან მთვარის ნათელი ეფინებოდა. ჩქამი არსაიდან ისმოდა. ამ შუქმოფენილ და სულისშემხუთავ ღამეში ჰაერიც არსად იძროდა, არც ბაყაყების ყიყინი და არც ჭოტის კივილი აყრუებდა იქაურობას, თითქოს ყოველივე ერთ ადგილას გაშეშდა და თვით სიცოცხლეც შეწყდა. როცა პარკის ხეების ქვეშ აღმოვჩნდით, გრილმა ჰაერმა დაქროლა და ძირს დაცვენილი ფოთლების საამო სურნელებაც შევიგრძენი. ჩემი ქმარი მდუმარედ იდგა, მაგრამ თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა, ყველაფერს ყნოსავდა და სმენად იყო ქცეული.

ერთი სიტყვით, ნადირობის ჟინს რომ იტყვიან, თავით ფეხებამდე აეტაცა.

მალე გუბურებთან მივედით. ლერწმიანი, გუბურები რომ დაებურა, უძრავი და გაშეშებული ჩანდა, სიოც კი არ არხევდა. ამავე დროს ოდნავ შესამჩნევად წყალში რაღაცა მოძრაობა იგრძნობოდა, გაურკვეველი არსებები აქეთ-იქით დარბოდნენ და დროდადრო შავი წერტილიც ისახებოდა წყლის ზედაპირზე, მერე ირგვლივ მსუბუქი წრეები იშლებოდა მანათობელი ნაოჭებივით, რომელიც შემდეგ უსასრულოდ ფართოვდებოდა.

როცა მივაღწიეთ ფიცრულს, სადაც უნდა ჩავსაფრებულიყავით, ჩემმა ქმარმა წინ გამიშვა, შემდეგ მშვიდად დატენა თოფი, საკეტის ტკაცანმა ჩემზე უცნაურად იმოქმედა. ერვემ შემნიშნა, რომ ვცახცახებდი და ჩამჩურჩულა:

- იქნებ ასეთი გამოცდა საკმარისია. თუ ასეა, დაბრუნდით უკან.

- არა, ბატონო, ამას არ ვიზამ. აქ იმიტომ არ მოვსულვარ, რომ ხელცარიელი დავბრუნდე. ისე, რა გემართებათ ამ საღამოს? - ვკითხე უზომოდ განცვიფრებულმა.

- როგორც გენებოთ, - ჩაიბურტყუნა ერვემ.

დაახლოებით ნახევარი საათი გავიდა. რადგან არაფერი არღვევდა შემოდგომის ნათელ და მძიმე მყუდროებას, ჩუმად ვუთხარი:

- დარწმუნებული ბრძანდებით, რომ ცხოველი სწორედ აქ გამოჩნდება?

- სავსებით. ასე იქნება.

კვლავ სამარისებურმა სიჩუმემ დაისადგურა. ის იყო უნდა ჩამეთვლიმა, რომ მოულოდნელად ჩემმა ქმარმა ხელი დამიჭირა და შეცვლილი, სისინა ხმით წამჩურჩულა:

- აი, იქ, ხეების ქვეშ, რაიმეს ხედავთ?

მართალი გითხრა, კარგა ხანს ვუყურე, მაგრამ ვერაფერი გავარჩიე.

ერვემ მშვიდად მოიგდო თოფი მხარზე, თან დაჟინებით შემომხედა. თვითონაც მზად ვიყავი, გამესროლა და აი, ჩვენგან ოცდაათ მეტრზე, მთვარით გაჩახჩახებულ ადგილას კაცის სილუეტი გამოჩნდა. იგი აჩქარებული ნაბიჯებით, ტანმოხრილი გარბოდა, თითქოს გაქცევით უნდოდა ეშველა თავისთვის.

ამ სანახაობამ გამაოგნა. თავი ვეღარ დავიმორჩილე და ჩემდა უნებურად შევყვირე, მაგრამ, სანამ მოვბრუნდებოდი, თვალებთან ცეცხლმა გამიელვა, გაისმა თოფის გამაყრუებელი ხმა და დავინახე, ტყვიამოხვედრილი კაცი მოცელილივით როგორ დაგორდა მიწაზე.

თავზარდაცემულმა გამყინავი ხმით კივილი მოვრთე, მაგრამ გამძვინვარებული ერვეს ხელი ყელში მწვდა. გავქვავდი. ერვემ თავის ღონიერ მკლავებში მომიქცია და ჰაერში ამიტაცა და მიწაზე გაშხლართულ სხეულთან მიმარბენინა. მერე ცხედრის ზემოდან დამაგდო, თან ისე უხეშად, თითქოს ჩემთვის თავის გატეხა სურდა. მივხვდი, განწირული ვიყავი, ჩემი ქმარი მოკვლას მიპირებდა. ის იყო, ფეხი შემართა ჩემს თავზე, რომ მოულოდნელად იგი ვიღაცამ შებოჭა და ისეთი ძალით დაახეთქა ძირს, ვერც გავარკვიე, რა ხდებოდა ჩემს თავს.

ნელ-ნელა წამოვიმართე და დავინახე მის სხეულზე ჩაჩოქილი პაკიტა, ჩემი მოახლე, ველურ კატასავით გაშმაგებული და მრისხანებისაგან სახემოღრეცილი რომ აგლეჯდა ჩემს ქმარს წვერებს, ულვაშებს და უკაწრავდა სახეს.

მერე, პაკიტა, თითქოს რაღაც გაახსენდაო, ზეწამოიჭრა, ცხედარს გადაემხო, მკლავები მოხვია და ვნებიანად დაუწყო კოცნა თვალებში, თავისი ბაგეებით უღებდა მიცვალებულს პირს, თითქოს ცდილობდა სული ჩაედგა მისთვის.

ჩემი ქმარი უკვე ფეხზე იდგა და პაკიტას შეჰყურებდა. ის ყველაფერს მიხვდა. მერე მე მომიბრუნდა, ჩემ წინ დაიჩოქა და მითხრა:

- ო, მაპატიე, ჩემო ძვირფასო, შენზე ვეჭვიანობდი და შეცდომით კი ამ გოგონას სატრფო მოვუკალი.

ნანა ახალაძემ