პატრიარქი: "ხალხის თანადგომა რომ არ იყოს, მე ვერ გავუძლებდი ამ სიმძიმეებს, 42 წელია მე ვარ სამიზნედ" - კვირის პალიტრა

პატრიარქი: "ხალხის თანადგომა რომ არ იყოს, მე ვერ გავუძლებდი ამ სიმძიმეებს, 42 წელია მე ვარ სამიზნედ"

"ხალხის თანადგომა რომ არ იყოს, მე ვერ გავუძლებდი ამ სიმძიმეებს, 42 წელია მე ვარ სამიზნედ", - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოს მიქაელისა და ამ ეპარქიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ისაუბრა.

სტუმრებმა პატრიარქს მთაში მცხოვრებთა სახელით თანადგომა და მხარდაჭერა გამოუცხადეს და აღნიშნეს, რომ მისი ლოცვა-კურთხევით გაერთიანებულ სათემო და საგვარეულო კავშირებს დიდი წვლილი შეაქვთ ძველი ეკლესია-მონასტრების აღდგენასა და სულიერების აღორძინებაში.

კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა, რომ მთას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი ქვეყნისთვის და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ხალხი დაბრუნდეს სოფლებში.

მან დალოცა სტუმრები და იმედი გამოთქვა, რომ სირთულეების მიუხედავად გაძლიერდება მთა და ჩვენი ქვეყანა.

"ღმერთი გვიცავს, ღმერთი გვაძლევს მადლს და ძალას, რომ გავუძლოთ. მე მადლობელი ვარ, რასაც თქვენ აკეთებთ მთაში. მთა ძლიერია, მთა ბევრს არ ლაპარაკობს, მაგრამ ბევრს აკეთებს. ძალა მოგცეთ მამაზეციერმა”, - აღნიშნა პატრიარქმა.