წლის ყველაზე "მამალი" ტყუილი! - კვირის პალიტრა

წლის ყველაზე "მამალი" ტყუილი!

წლის ანტიმედია პროექტი

ცოტა ხნის წინ გერმანიის ჟურნალისტური კავშირის ყრილობაზე ტელეკომპანია "იმედის" მოდელირებულ "ქრონიკასთან" დაკავშირებით სპეციალური რეზოლუცია მიიღეს და საქართველოს ჟურნალისტური ქარტიის ეთიკის საბჭოს გამოუგზავნეს. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ასეთი ტიპის გადაცემის მომზადების მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს ხელისუფლების მხრიდან რეპრესიები, ეკონომიკური დამოუკიდებლობის არქონა და ჟურნალისტების არაპროფესიონალიზმი.

შოკის მომგვრელი "ქრონიკა" სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგში მთელი წლის განმავლობაში ლიდერობდა, როგორც დასაგმობი პროექტი, რომელმაც საზოგადოებას მხოლოდ ზიანი მოუტანა. მოდელირებული გადაცემის ეთერში გასვლიდან მალევე გაზეთმა "თაიმმა" "შოკის მომგვრელი სიცრუეთა ათეული" გამოაქვეყნა, სადაც პირველ ადგილზე 13 მარტის "მოდელირებული "ქრონიკა" აღმოჩნდა.

ტოპათეულში "იმედის" "ქრონიკამ" ისეთ მოვლენას გაუსწრო, როგორიცაა 1999 წელს ცენტრალური ორეგონის შტატის რადიოეთერით გავრცელებული ინფორმაცია კაშხლის დანგრევის შესახებ, რამაც თითქოს წარმოუდგენელი წყალდიდობა გამოიწვია.

"მოდელირებულმა "ქრონიკამ"" ასევე გადაწონა ორსონ უელსის რადიოადაპტაციაც სახელწოდებით - "სამყაროთა ომები". 1938 წელს ჰელოუინის დღესასწაულისადმი მიძღვნილმა ამ გადაცემამ, რომელიც დედამიწაზე უცხოპლანეტელების გამოჩენას იტყობინებოდა, მოსახლეობა პანიკაში ჩააგდო.

2010 წლის 13 მარტის საღამო დღემდე მძიმედ ახსოვთ  რადიო "პალიტრაში". ტელეფონები გამუდმებით რეკავდა და შეშფოთებული ხალხი სიტუაციის გარკვევას ცდილობდა. იხვეწებოდნენ, მათთვის გვესწავლებინა გადარჩენის გზები, რათა თბილისში მტრის შემოსვლის შემთხვევაში თავი უსაფრთხოდ ეგრძნოთ. დედების განწირული ხმები - სად დავმალოთ ბავშვები - დიდხანს ჩაგვესმოდა...

ეკა ვეფხვაძე, რადიო "პალიტრის" რედაქტორი: - იმის გამო, რომ შაბათს ბოლო საინფორმაციო გადაცემა 6 საათზე გადის, "ქრონიკის" მაუწყებლობის დროს რადიოში აღარ იმყოფებოდნენ ჟურნალისტები და რედაქტორები. კვლავ ეთერში დაბრუნება მოუხდა დაჩი გრძელიშვილს, რადგან აუცილებელი იყო, ვიღაცას გაეცა პასუხი შეშინებული ხალხისთვის, რომლებიც რეკავდნენ და შველას ითხოვდნენ.

როდესაც შოკის ტალღამ გადაიარა, ხალხს გაუჩნდა აგრესია, გვლანძღავდნენ ჟურნალისტებს, მიუხედავად იმისა, სად ვმუშაობდით; რეკავდნენ და გვიყვებოდნენ, ვიღაც როგორ გახდა ცუდად, როგორ შეეშინდათ ბავშვებს და მოხუცებს. ძალიან გაგვიჭირდა მათი დამშვიდება. მიმაჩნია, რომ ამ გადაცემის შემდეგ ყველას უნდა დაეტოვებინა არხი და პასუხიც ეგოთ.

საზოგადოებაში მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ”მოდელირებული "ქრონიკა" ხელისუფლების, უშუალოდ პრეზიდენტის დაკვეთა იყო. ეს ეჭვი იმანაც გაამძაფრა, რომ პრეზიდენტმა კომენტარი ორი დღის შემდეგ გააკეთა და მისი ტონი საკმაოდ რბილი იყო. მან "იმედის" ჟურნალისტური სვლა ხელისუფლებისთვის ზიანის მომტან ნაბიჯად შეაფასა და განაცხადა, რომ სრული აბსურდი იყო იმის მტკიცება, თითქოს მთავრობა და პრეზიდენტი საქმის კურსში იყვნენ... ამასთან, პრეზიდენტმა მოუწოდა მედიის წარმომადგენლებს, ”რაც შეიძლება მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ საქმიანობას.

ტელეკომპანია "იმედმაც" პირობა დადო, რომ ამიერიდან სტანდარტებს დაიცავდა და საზოგადოების შოკში ჩაგდების გამო კიდევ ერთხელ მოიხდიდა ბოდიშს, თუმცა ხალხი აცხადებდა, რომ ტელეკომპანიის დირექტორის, გიორგი არველაძის ბოდიში საქმეს არ შველოდა. ხელისუფლების, პრეზიდენტის და არველაძის მიმართ აგრესია გაიზარდა არველაძის და მისი მოადგილის, ეკა წამალაშვილის სატელეფონო საუბრის ფარული ჩანაწერის გავრცელების შემდეგ.

ამ ჩანაწერის მოსმენის შემდეგ აღარავის სჯეროდა, რომ მიხეილ სააკაშვილმა არაფერი იცოდა ამ გადაცემის შესახებ.

მარინა ბალიაშვილი, ფსიქოლოგი:

"ეს არ იყო სპონტანური სიგიჟე, ეს იყო კარგად გამიზნული ბოროტი ჩანაფიქრი, რომელსაც ფსიქოპათიური მოვლენები უნდა გამოეწვია.

ეს მდგომარეობა "შესანიშნავია" ხალხის, მასის სამართავად. ადამიანს უფრო მეტად აშინებს გაურკვეველი სიტუაცია, ვიდრე უკვე მომხდარი ცუდი ფაქტი; ისტერიული გადაცემიდან კი სწორედ ისეთი პანიკა გაჩნდა - ვერავინ არკვევდა, რა ხდებოდა. ასეთ დროს ხალხი უმწეო ხდება, კონტროლს კარგავს... მით უფრო იოლია შოკის გამოწვევა, როცა 2008 წლის აგვისტოს ომიდან ორი წელიც არ არის გასული.

ტყუილია, თითქოს მუდმივი გამაფრთხილებელი ტიტრის გაშვება დაავიწყდათ. ეს რომ გაეკეთებინათ, ასეთი ეფექტი არ იქნებოდა, გადაცემის იდეის ავტორებს კი, ჩემი აზრით, სწორედ ამ ეფექტის გამოწვევა და ხალხის პანიკაში ჩაგდება სურდათ".

"მოდელირებული" "ქრონიკა" დაგმო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემაც.

ჟურნალისტი ზვიად ქორიძე მიიჩნევს, რომ "ტელეკომპანია "იმედმა" დაარღვია ყოველგვარი ეთიკური სტანდარტი და კანონი, რაც აღიარა კიდეც მაუწყებლობის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ. ამიტომაც ტელეკომპანია უნდა დასჯილიყო უმკაცრესად, ლიცენზიის ჩამორთმევის ჩათვლით. მარეგულირებელ კომისიას საზოგადოებისათვის უნდა ეცნობებინა არა მხოლოდ "იმედის" მენეჯერთა ვინაობა, არამედ ისიც, თუ ვინ არიან მისი რეალური მფლობელები. ყურადღება მხოლოდ არხის დირექტორის, გიორგი არველაძის, მისი მოადგილე ეკა წამალაშვილის, საინფორმაციო სამსახურის უფროსის, მათე კირვალიძის ან გადაცემის წამყვან ნათია კობერიძის დასჯის აუცილებლობაზე არ უნდა გამახვილებულიყო".

13 მარტს "მოდელირებული "ქრონიკით" ხალხის პანიკაში ჩაგდების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის შეშფოთებისა და საერთაშორისო საზოგადოებრიობის შეცდომაში შეყვანისათვის საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ ტელეკომპანია "იმედს" სპეციალური დეკლარაციის გამოქვეყნება დაავალა. დეკლარაციის თანახმად, მაუწყებელს უნდა ეღიარებინა კანონმდებლობის დარღვევის ფაქტი და ბოდიში მოეხადა საზოგადოების წინაშე.

უკბილო ბოდიშებმაც არ დაახანა, თუმცა, მომხდარზე დღემდე საუბრობს საერთაშორისო საზოგადოება, რასაც გერმანიიდან გამოგზავნილი სპეციალური რეზოლუციაც ადასტურებს.

ბოდიშს "სპეციალური რეპორტაჟის" წამყვანის, ნათია კობერიძის მიერ ჟურნალისტური ეთიკის საბჭოს დატოვება მოჰყვა, რამდენიმე თვის შემდეგ კი მას ტელეკომპანია "იმედიც" დაატოვებინეს(!).

კობერიძემ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ სპეციალური რეპორტაჟის შემოქმედებითმა ჯგუფმა თავიდანვე უარი თქვა აღნიშნული საინფორმაციო გამოშვების მომზადებაზე, თუმცა, ხელმძღვანელობის ეს დავალება თავის თავზე აიღეს საინფორმაციო სამსახურის უფროსმა მათე კირვალიძემ და მისმა ჯგუფმა.

ეს ხალხი კვლავაც "იმედზე" მუშაობს, "სპეციალური რეპორტაჟის" საჭეს კი მოდელირებული "ქრონიკის" წამყვანი ლაშა ხარაზიშვილი მართავს.

ამიტომაც საზოგადოება თვლის, რომ ამ გადაცემის”გამო ხალხის გარდა არავინ დასჯილა.