"მთავრობამ უნდა დაკეტოს ირანიდან ავიამიმოსვლა - ახლა არ დამიწყოთ, სააკაშვილი ქსენოფობია და ათასგვარი სისულელეები" - კვირის პალიტრა

"მთავრობამ უნდა დაკეტოს ირანიდან ავიამიმოსვლა - ახლა არ დამიწყოთ, სააკაშვილი ქსენოფობია და ათასგვარი სისულელეები"

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების თავიდან ასაცილებლად ირანიდან ავიამიმოსვლის შეჩერებას და ირანის მოქალაქეების შემოსვლის აკრძალვას მოითხოვს. როგორც სააკაშვილი Facebook-ის გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, ეს დიდი ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

"მალე მოდის სპარსული ახალი წელი, ნოვრუზი და ტრადიციისამებრ მინიმუმ 40-50 ათასი ირანელი აპირებს საქართველოში ჩამოსვლას. ამ ახალი ვირუსის სწრაფ გავრცელებასთან დაკავშირებით ირანში, ამის დაშვება კატეგორიულად გამორიცხულია. მთავრობამ უნდა დაკეტოს ირანიდან ავიამიმოსვლა და ირანის მოქალაქეების შემოსვლა საქართველოში. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დიდი ეპიდემიის ასაცილებლად!",- წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ექსპრეზიდენტის თქმით, ირანიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეების დამატებით შემოწმება აუცილებელია.

"ძალიან გთხოვთ ახლა არ დამიწყოთ, სააკაშვილი "ქსენოფობია" და ათასგვარი სისულელეები იმიტომ, რომ ეს ეხება თითოეულ ჩვენგანს, თბილისში ჩემი შვილი ცხოვრობს, სკოლის მოსწავლეა, საქართველოში თქვენი შვილები ცხოვრობენ, თქვენ ცხოვრობთ.

კორონავირუსი, რომელიც ძალიან სწრაფად ვრცელდება რა თქმა უნდა, ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია, უკვე პრაქტიკულად საქართველოს კარებსაა მომდგარი იმიტომ, რომ ძალიან სწრაფად გავრცელდა ირანში. ბოლო მონაცემებით, ირანში 5 ადამიანია დაღუპული და ბევრად მეტი არის დაავადებული. ჩვენ ირანთან აქტიური ავიამიმოსვლა გვაქვს. ირანის უამრავი მოქალაქე საქართველოში ჩამოდის, ჩვენებიც ხშირად დადიან ირანში, ამიტომ რაც ახლა ამ ვაი მთავრობას, საქართველოს დამაქცევარ მთავრობას უნდა მოვთხოვოთ, ეს არის ირანთან ავიამიმოსვლის დაუყოვნებლივ შეჩერება, ირანის მოქალაქეების შემოსვლის დროებით აკრძალვა საქართველოში და ასევე ირანიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეების დამატებით საგულდაგულო შემოწმება იმიტომ, რომ ისინი შესაძლოა დიდი რისკის მატარებელები აღმოჩნდნენ.

რაც შეეხება სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, თუ ისინი ირანიდან შემოდიან, საქართველოში არ უნდა შემოვუშვათ. ასე იქცევა ამერიკა, ასე იქცევა ჩვენთვის ბოლომდე არმოსაწონებელი რუსეთი, მაგრამ თავისთვის სწორად იქცევა. ასე იქცევა აზიის ბევრი ქვეყანა და ჩვენ ვითომ რა წითელი კოჭი ვართ, რატომ უნდა მოვიქცეთ სხვანაირად?!",-აცხადებს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.

"ინტერპრესნიუსი"