"რად უნდათ ეს "კარგად მოქცეული" რეჟისორები?!" - კვირის პალიტრა

"რად უნდათ ეს "კარგად მოქცეული" რეჟისორები?!"

"როცა ჩემს ირგვლივ ოსტატურად იცვლება ყველაფერი უარესობისაკენ, როგორ გინდა, მოითმინო!"

"ხალხი თითქოს დაიბნა, რადგან რომანტიკული განცდა საქართველოს წარსულისა და მომავლისა უკვე დაირღვა"

ძალიან მიყვარს ის რამდენიმე წუთი, თუნდაც ნახევარი საათი ან მეტი, როცა რუსთაველის თეატრში რობერტ სტურუას ველოდები... ამ დროს ვათვალიერებ დეკორაციებს კულისებში, ფოტოებს - კედლებზე და ვფიქრობ: რა კარგია, რომ ამ თეატრს რობერტ სტურუა ჰყავს... არა, მარტო თეატრს კი არა, ჩვენ რომ გვყავს - მთელ საქართველოს...

ამას წინათ კარგა ხანს მოსკოვში იყო, სპექტაკლს დგამდა. იქნებ უნდათ კიდეც, რომ ცოტა ხნით კი არა, სამუდამოდ დაიტოვონ დიდი ქართველი ხელოვანი, მაგრამ... რობერტ სტურუა ბრუნდება საქართველოში... სადაც უნდა წავიდეს, ყოველთვის დაბრუნდება, რადგან ძირითადი სათქმელი აქ - საქართველოში უნდა თქვას... ისე, სათქმელს არც მოსკოვში მორიდებია:

- მოსკოვში შექსპირის "ქარიშხალი" დავდგი. ეს მისი უკანასკნელი პიესაა და შექსპირის ანდერძად მიაჩნიათ. წაიკითხავ და იგრძნობ, რომ იმედგაცრუებული კაცის დაწერილია... მთავარი გმირი მაგია, რომელიც პოლიტიკური ინტრიგების გამო, ქალიშვილთან ერთად, უკაცრიელ კუნძულზე აღმოჩნდა გარიყული. გავიდა 15 წელი. შეკრიბა მტრები, დაატყვევა ისინი, ვის გამოც ყველაფერი გადაიტანა და... აპატია. ყოფილმა მტრებმა ბოდიშიც კი არ მოუხადეს... და ვინც მოუხადა ბოდიში, ისიც სიკვდილის შიშით...

- ის პიესა შეგირჩევიათ, რისი თქმაც, ალბათ, ისედაც გინდოდათ.

- როცა პიესა ავირჩიე, ასეთ სიღრმეებზე არ მიფიქრია. ეს მერე გამოჩნდა... ისე, შექსპირის "ქარიშხალზე" მიშა თუმანიშვილიც ფიქრობდა თავის დროზე, რატომღაც არ დადგა... მეც დიდხანს ვუტრიალე. მერე რეპეტიციები ისე გახანგრძლივდა, რომ ორთვენახევრის ნაცვლად ექვსი თვე ვიყავი მოსკოვში... მეუბნებიან, რომ ბილეთები თითქმის არ იშოვება. რეცენზიებიც შედარებით კარგი დაიბეჭდა... რუსეთში დადგმულ სპექტაკლებზე, საერთოდ ცუდ რეცენზიებს მიწერენ ხოლმე.

- იმედგაცრუება ახსენეთ შექსპირთან დაკავშირებით. თქვენ "ქარიშხლიანი" ცხოვრება აირჩიეთ?!

- საერთოდ, მშვიდი ცხოვრება მიყვარს... გუშინ ვიჩხუბე ერთ საკითხზე, მერე აღელვებული ჩავჯექი ტაქსიში. მძღოლმა მიცნო. შემატყო, ძალიან ვღელავდი. ვუთხარი, ვიჩხუბე-მეთქი... ბატონო რობერტ, თქვენ იმდენი ჩხუბი მოგიწევთ, თუ სულ ასე აღელდითო... ამ დროს სულ არ მიხდება ბევრი ჩხუბი, იმიტომ, რომ თავს ვარიდებ. არც მაქვს მაგის გამოცდილება. თუ მაინც ვთქვი რამე საჩხუბარ თემაზე, მერე სულ ვდარდობ, რატომ ვთქვი, მომეთმინა-მეთქი. არადა, როცა ირგვლივ ოსტატურად იცვლება ყველაფერი უარესობისაკენ, როგორ გინდა, მოითმინო!

- არადა, ყველას ჰგონია, რომ თქვენ პირადად არაფერი გეხებათ, დგამთ სპექტაკლებს, რომლებიც გინდათ რომ დადგათ, ერთი სიტყვით, კარგად უნდა იყოთ...

- ბევრმა, ეტყობა, არ იცის, რომ "ვეფხისტყაოსნისთვის" ფული ვერ ვიშოვე, არადა ბევრი კი არ გვინდა... ხომ შეიძლება მთავრობამ თუ არა, ვიღაცამ დააფინანსოს ეს სპექტაკლი...

- არ გიფიქრიათ, რომ რობერტ სტურუას "ვეფხისტყაოსნის" დადგმაში თუნდაც ფინანსური მონაწილეობის მიღების შეიძლება შეეშინდეს ვინმეს?

- ასეთი რანგის ნაწარმოები რომ ჰქონდეს რომელიმე ქვეყანას, არ დადგამდნენ? არ გადაიღებდნენ? ირანმა ჩამოიტანა ფესტივალზე "შაჰ-ნამეს" ერთი ეპიზოდი თოჯინებით... "შაჰ-ნამეც" საკრალურია სპარსელებისათვის... სპექტაკლს სულ არ დაუკნინებია მათი საკრალური ნაწარმოები. მინდა თეატრალური ხერხით გადმოვცე რუსთაველის არაჩვეულებრივი პოეზია... მისი ჰუმანიზმი.

მთელი ცხოვრება ვიბრძვი ძალადობისა და უსამართლობის წინააღმდეგ. მაშინაც კი, როცა "ყვარყვარე" დავდგი (მსგავსი სიმძაფრის სპექტაკლი არც დამიდგამს მერე), შიში არ შემიმჩნევია ჩემს ირგვლივმყოფი ადამიანებისათვის. 1973 წელი იდგა. ლპობის პერიოდი იყო...

- ამ სპექტაკლს დაესწრო თქვენი სიმამრი - მიხეილ კვესელავა?

- დაესწრო! სხვათა შორის, მას ბევრი რამ ჰქონდა გადატანილი, იყო დრო, როცა ჩალაგებული ჰქონდა ბარგი და თვეობით ელოდა გადასახლებას. ჯერ მეგრელების საქმის გამო, მერე იმიტომ, რომ ნიურნბერგის პროცესს დაესწრო... მიუხედავად ამისა, შიში მისთვისაც არ შემიტყვია. არ იყო მხდალი კაცი. ჩემი ხელობაც ისეთია, რომ თავისთავად მოითხოვს ვაჟკაცობასა და სითამამეს. ეს მარტო იმაში არ გამოიხატება, რომ სიმართლე თქვა გარემო პირობებზე... ისიც უნდა შეგეძლოს, საკუთარ მარცხს გაუსწორო თვალი. ერთხელ მიხეილ თუმანიშვილმა დადგა სპექტაკლი, რომელიც ჩავარდა. სპექტაკლის შემდეგ ჩვენ - მისი მოსწავლეები, ვიდექით, როგორც დაობლებული შვილები. ყველა წავიდა, ბატონი მიშაც წავიდა შინ.

ბიჭებს ვუთხარი, მოდი, მასთან ავიდეთ-მეთქი. ავედით. ატმოსფერო ისეთი დაგვხვდა, მიცვალებულს რომ დაკრძალავენ, ქელეხის მერე რომ დაბრუნდებიან და პირველად რომ შეიგრძნობენ ოჯახის წევრის არყოფნას. ბატონი მიშა არ სვამდა, იმიტომ, რომ ძალიან მალე თვრებოდა. მაგრამ უყვარდა ძალიან გლინტვეინი. რომ დაგვინახა, უცებ მოხარშა გლინტვეინი და გვითხრა: თქვენც გელით ასეთი ჩავარდნები, ისეთ ხელობას მოჰკიდეთ ხელიო... სულ ბედნიერები არ იქნებით, მაგრამ მთავარია, იყოთ ძლიერები და ვაჟკაცებიო.

- ვაჟკაცური რომ იყო ქართული თეატრი ყოველთვის, ამიტომაც იღებდა მაყურებელი მისგან თავისუფლების იმ შეგრძნებას, რომელიც გარეთ არც არსებობდა... რა ხდება ამ მხრივ მოსკოვში, არის თუ არა ვაჟკაცობა და თავისუფლება თეატრებში მაინც?

- რუსული თეატრი მაშინაც კი, როცა ძალიან რთული წლები იყო, ქადაგებდა სიმართლეს... ახლა ასეთი სპექტაკლები გაქრა იქ. მიზეზი შეიძლება შიშიც იყოს, თუმცა არ თვლიან, რომ შიშია... ამბობენ, რომ ახლა ნამდვილი ხელოვნებით არიან გატაცებულები. საკუთარ თავს ატყუებენ.

აღარ იდგმება ლიუბიმოვის სპექტაკლების მსგავსი სპექტაკლები, რომლებიც სიმართლეს ეტყვის ხალხს. შეიძლება ხელოვნების დონე დაბალი იყო, მაგრამ პოლიტიკური მიმართულება ჰქონდა. სწორედ სამი კვირის წინ ლიუბიმოვმა დაწერა განცხადება, რომ მიდის თეატრიდან, რადგან აღარ შეუძლია, რომ ვიღაც "ტაბურეტკებმა" მიუთითონ, როგორ იცხოვროს და ჩაერიონ თეატრის საქმეებში...

ის მოხუცია, 90 წლის ხდება, მაგრამ მაინც მუშაობდა. ის ჩემთვის ყოველთვის იყო მეამბოხე და სიმართლის მთქმელი... ეს თუ წაართვი თეატრს, რა დარჩება?

- ამიტომაც არის გადაჯაჭვული თეატრი და პოლიტიკა, არა? თქვენზე როცა ამბობენ, რა უნდა, რატომ ერევა პოლიტიკაში, დადგას თავისი სპექტაკლები და იცხოვროს მშვიდადო, ალბათ ამას არ ითვალისწინებენ...

- მშვიდად შეიძლება ხელოვნების ნებისმიერი დარგის წარმომადგენელი იყოს, თუ ეს მოსწონს... პოეტებმა დაწერონ ოდები და დითირამბები, მხატვრებმა დახატონ ბელადები... ყველაფერს მაინც ის სჯობია, რომ თავისუფალი იყო და იმას დგამდე, რაც გინდა. ბოლოს და ბოლოს, რამდენი კაცი ეტევა ჩვენს თეატრში? - 700... ყოველდღე რომ ანშლაგი იყოს... 300 დღე ითამაშებ წელიწადში. 35 ათასი კაცი დაესწრება სულ... ეს რიცხვი სულაც არ არის საშიში ვინმესთვის... მით უმეტეს, რომ არც ვფიქრობ, დღეს თეატრის ეშინოდეს ვინმეს.

ახლა უბრალო კაციც პოლიტიზებულია, თეატრი მით უმეტეს.

როცა "რევიზორი", რომლის დადგმისაც ძალიან ეშინოდათ, ნიკოლოზ II-მ ნახა, თქვა: ყველას მოხვდა, განსაკუთრებით მეო... მას ჭკუა ეყო და აღიარა, რომ რაც რუსეთში ხდებოდა, ამასთან ბრძოლა იყო საჭირო. "რევიზორი" პირდაპირ, ყოველგვარი მეტაფორების გარეშე ლაპარაკობს როგორაა გახრწნილი უმაღლესი ფენა...

- რაც შეეხება პოლიტიკურ ცხოვრებას, გვინდა, არ გვინდა, ადამიანის ფსიქოლოგიურ, მორალურ თუ ზნეობრივ მხარეზე ზემოქმედებს...

- ცხადია... ერთ ამბავს გიამბობთ... 9 მარტის გამოსვლები რომ იყო, სწორედ მაშინ მამაჩემი ხატავდა მზია მახვილაძეს მაია წყნეთელის კოსტიუმში... ამიტომ ისიც და თენგიზ აბულაძეც ჩვენთან იყვნენ სახელოსნოში. მე ჩემს მეგობართან, არჩილ ჯანდიერთან ერთად მიტინგზე ვიყავი გასული... მამამისი ომში ტყვედ ჩავარდნილა, მერე საფრანგეთში იბრძოდა ფაშისტების წინააღმდეგ და საპატიო ლეგიონერის ორდენიც ჰქონდა მიღებული... ამ დროს ჩვენ რისი მოწმე გავხდით? მთავრობის სასახლესთან მივედით. დაიძაბა სიტუაცია, ჯარისკაცებმა ამოიღეს იარაღი, შემართეს და ხალხს ესროლეს. ატყდა არეულობა, ვინ საით გარბოდა არ ვიცი... დავკარგე არჩილი... მოვდივარ მარტო... ზემელზე, ქიაჩელის ქუჩის დასაწყისში იდგნენ არჩილის მამაც და მამაჩემიც. ჩვენ - შვილებს გველოდნენ... არჩილი სად არისო...

დავკარგე-მეთქი. მამაჩემმა, ახლავე წადი და მოიყვანეო... წავედი. საბედნიეროდ, სადაც ახლა ივერიაა, იქ ვნახე... დავბრუნდით ერთად...

აი, მაშინ მნახა შინ მისული თენგიზ აბულაძემ და მითხრა: მსგავსი შემაძრწუნებელი სახე არც მინახავს, ჩემი მეხსიერებიდან არ ამოდისო. საბჭოთა ჯარისკაცმა რომ ესროლა საბჭოთა მოქალაქეს, ამ ზალპმა დაარღვია ჩემში ყოველგვარი რომანტიკული განცდა და იმედი... მას მერე დიდი დრო გავიდა და ყველამ ვნახეთ, რომ ასეთი ტოტალური სახელმწიფოს დანგრევაც კი უფრო იოლია, ვიდრე ახლის შენება...

- ახალი სახელმწიფოს შენების განცდა გაქვთ?

- სახელმწიფოს შენებაში ყველაზე მთავარ ფაქტორად მიმაჩნია კანონის მყარად შესრულება. რუსეთში სულ ბოლო სპექტაკლი ლენინზე მე დავდგი... ძალიან საინტერესო იყო. აქ ვაჩვენებდით, ლენინმა თავისი დიქტატორული პიროვნული თვისებებით დემოკრატიულობის პრინციპი  როგორ განავითარა, სახელმწიფოს ჩამოყალიბების მომენტში განაცხადა: ასე მიმაჩნია და ასე უნდა იყოსო (მან სამარცხვინო ზავი დადო გერმანიასთან)...

როცა სახელმწიფოს საფუძველში, როგორც ქვაკუთხედს, ჩადებ სიცრუესა და ანტისახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას, აუცილებლად დაინგრევა შენი აშენებული სახელმწიფო. ჩვენთან, ჩვენს რეალობაშიც მნიშვნელოვანი კანონები დაირღვა სახელმწიფოს შენებისას... ეს არის ჩემთვის ყველაზე მტკივნეული.

- 2010 წელი გადის. ეს წელი საკმაოდ წარმატებული იყო რუსთაველის თეატრისათვის, ძალიან კარგი გამოხმაურება გქონდათ გასტროლებზე... თუმცა პირადად თქვენთვის ალბათ 2010 წელი დარჩება როგორც უახლოესი ადამიანის - თქვენი სიძის - გია არსენიშვილის გარდაცვალების წელი...

- გია პატიოსანი კაცი იყო... ხალხმა გამოხატა კიდეც მისი პატივისცემა.

ზოგადად, ძალიან მაღიზიანებს ხოლმე, როცა ხელისუფლებაში მარიონეტივით არის ვინმე და ვერაფერს ცვლის... გიასთან დამოკიდებულებაშიც არაერთხელ გაუკენწლავს გულში ამ შეგრძნებას. ტელეფონზე რომ ველაპარაკებოდი, თითქოს უხერხულობის განცდა ჰქონდა. ინტონაციაზე ვატყობდი.

შეიძლება ეს ჩემი წარმოსახვაა... მაგრამ რაც უტყუარია, დარბაისელი კაცი იყო, პროფესიონალი და ძალიან დადებითი პიროვნება.

- საერთოდ, რთულია პოლიტიკოსის ცხოვრება... და მით უფრო რთული ხდება, რაც უფრო მაღლა მიიწევს თავის კარიერაში...

- იცით, "მეფე ლირს" რა დავარქვი? - გვიან გაღვიძებული კაცის ტრაგედია...

გვიან რომ მიხვდები, რომ არასწორად იცხოვრე, რომ ყველაფერი შეცდომა იყო, შენ კი გამოსწორების დრო აღარ გრჩება, იმიტომ, რომ წინ მხოლოდ სიკვდილია... ტირანი იყავი, სიკვდილის წინ კი მოინანიე, მაგრამ ამდენი ადამიანი რომ შეიწირე, იმას რა ეშველება?...

- ადამიანი იცვლება, ალბათ თქვენც სულ იცვლებით...

- თეატრი მოითხოვს მუდმივ ცვლას... მინდა სულ ვიცვალო. რომ მოდიხარ თეატრში, შეიძლება უცებ შეწუხდე: - ისევ სტურუა, კაცო? ეს რომ არ დაგემართოთ, ამიტომ უნდა შევიცვალო... ახალგაზრდა რომ ვიყავი, ჯერ ვბაძავდი ბატონ მიშას... მერე ერთ დღესაც პროტესტი გამიჩნდა: რატომ უნდა მივბაძო? დავიწყე ძიება. ახლა რომ ვუყურებ სპექტაკლებს და ვამჩნევ, რომ ჩემს სპექტაკლს ჰგავს, ვღიზიანდები... რატომ არ ეძებენ ახალს? მინდა მეტი ბრძოლა იყოს. ქართული თეატრი ერთი ფერით ხომ არ შეიღებება? ალბათ გამოჩნდება ვინმე განსხვავებული, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვხედავ...

- ახალ წელს როგორ შეხვდებით?

- ახალ წელს მინდა ახალი სპექტაკლით შევხვდე, ვმუშაობთ თამაზ ჭილაძის "ნადირობის სეზონზე"... საბერძნეთში კი შექსპირი უნდა დავდგა - "ჭირვეული ცოლის მორჯულება". ეს პიესა ჯერ არ დამიდგამს, და მაინტერესებს... გუშინ დავითვალე და მეცხრამეტე სპექტაკლი იქნება შექსპირისა... მე ხომ უკვე მომენიჭა შექსპირის პიესებზე მომუშავე რეჟისორის სახელი...  კიდევ ერთი სურვილი მაქვს: 2012 წელი რუსთაველის საიუბილეო წელია და იქნებ სახელმწიფომ დამიფინანსოს "ვეფხისტყაოსნის" დადგმა...

- თუ კარგად მოიქცევით, იქნებ დაგიფინანსონ კიდეც...

- არა, მე კარგად ვერ მოვიქცევი... და საერთოდ, რად უნდათ ეს "კარგად მოქცეული" რეჟისორები?

- სამწუხაროა, რომ გაზეთში ინტონაციის წაკითხვა შეუძლებელია და ვერ მიხვდებიან, "კარგად მოქცეული" სწორედ ისე რომ თქვით, როგორც "ყბამოქცეულს" იტყოდით...

- ეს მეც შევამჩნიე... თავისუფალი უნდა იყოს ხელოვანი. ეს არის სწორად მოქცევა... თქვენს მკითხველს და საერთოდ ქართველებს

ვუსურვებ, საღად შეხედონ წარსულს, აწმყოს და უფრო გონივრულად ააშენონ მომავალი. ხალხი თითქოს დაიბნა, რადგან რომანტიკული განცდა საქართველოს წარსულისა და მომავლისა უკვე დაირღვა.

მწამს, რომ ქართული იდეა, რომელიც დღეს მიმალული და მიჩქმალულია, არ შეიძლება არ გახდეს მნიშვნელოვანი მსოფლიო ხალხის ცხოვრებაში. ახლა არ ვიცით, რა გვინდა, ადგილი ვერ მოვძებნეთ... სად ვართ დღევანდელ მსოფლიოში?

ჩვენ ხომ ჩვენი ნიშა ვერ ვიპოვეთ თანამედროვე სამყაროში. ესეც აღელვებს ადამიანს! არ შეიძლება უადგილოდ დავრჩეთ, ან შორს - "ბოლო ვაგონში, სადაც წვიმს", როგორც ერთ ძველ სიმღერაშია...

საახალწლოდ ვისურვებდი, გვეპოვოს ჩვენი ადგილი წარმატებულ სამყაროსთან ძალიან ახლოს მაინც...

"აკეთო ის, რაც გსიამოვნებს, ნიშნავს, რომ თავისუფალი ხარ"

ვოლტერი