"ჩემსა და კეკეს შორის ერთადერთი მსგავსება ჩაცმის სტილია" - კვირის პალიტრა

"ჩემსა და კეკეს შორის ერთადერთი მსგავსება ჩაცმის სტილია"

"სერიალში რაც მაცვია, იმ სამოსზე ისეთი მოთხოვნილებაა, ვერ აღგიწერთ, ამიტომ ჩემი ბრენდი გავაკეთე და ტანსაცმელი იყიდება"

თაკო ჭანუყვაძემ სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" გამოჩენისთანავე დიდი ყურადღება მიიპყრო არა მარტო ამ როლით, არამედ ჩაცმის სტილითაც. მის ჩაცმულობას ბევრი ქალი თვალს ადევნებს და ჰბაძავს, ამიტომ თაკომ გადაწყვიტა თავისი ბრენდი შეექმნას, სადაც იმ სტილის ტანსაცმელია თავმოყრილი, როგორიც მას აცვია ცხოვრებასა თუ სერიალში.

- ეკა მჟავანაძემ დამირეკა და ქასთინგზე დამიბარა, პირველი ორი ტურის შემდეგ კი დამირეკა და მითხრა, რომ როლზე დამამტკიცეს, რამაც ძალიან გამახარა.

- ხშირად კეკესთან გაიგივებენ... - შვიდი წელია, თეატრში ვარ, არაერთი როლი მითამაშია, არადა, ყველასთვის კეკე ვარ. ქუჩაში თაკოს რომ მეძახიან, შეიძლება არ გავიხედო, კეკეს დაძახებისას კი ვიხედები; თეატრშიც კეკე ვარ. ეს სასიამოვნოა - ესე იგი, დამაჯერებლად ვთამაშობ. თუმცა ჩემსა და კეკეს შორის არანაირი მსგავსება არ არის, სულ სხვა ფასეულობები და შეხედულებები მაქვს. ერთადერთი მსგავსება, რაც უკვე ყველამ იცით, ჩაცმის სტილია.

- როგორ მოგწონს კეკე?

- როგორ შეიძლება არ მიყვარდეს ის პერსონაჟი, რომელიც გავაცოცხლე?! რა თქმა უნდა, ყველა მისი თვისება არ მომწონს, მაგრამ ყველა სიტუაციაში გამართლებას ვუძებნი. სხვათა შორის, ვშიშობდი, რომ კეკეს გააკრიტიკებდნენ, მაგრამ სულ დადებითი მესიჯები მომდის და ეს ძალიან მახარებს. როდესაც როლზე დამამტკიცეს და ამიხსნეს, რა უნდოდათ, წარმოვიდგინე, როგორი სტილის შეიძლებოდა ყოფილიყო კეკე. მერე ფოტოები გავუგზავნე და მითხრეს, რომ ზუსტად ის იყო, რაც უნდოდათ. ამიტომ დარჩა თაკოს სტილი კეკეს სტილად, რაც ძალიან მეხმარება.

- როგორ ახერხებ ასე გამორჩეულად ჩაცმას? - ბავშვობიდანვე განსხვავებულად მეცვა, ოღონდ არა იმიტომ, რომ ვინმეს ჩემი ჩაცმისთვის ყურადღება მოექცია ან განსხვავებული ვყოფილიყავი. ნებისმიერ სამოსს ჩემს გემოზე გადავაკეთებდი ხოლმე, ჩემი დეტალები უნდა შემეტანა. 11 წლის ვიყავი, როცა მკერავთან სიარული დავიწყე და მივხვდი, რომ ყველაზე დიდ სიამოვნებას ვიღებ ამ პროცესით - ქსოვილის შეძენით, სტილის მოფიქრებით, შექმნით.

- კერვა იცი?

- დედაჩემი ძალიან კარგად კერავს და დარწმუნებული ვარ, რომ მოვინდომო და ვისწავლო, მეც გამომივა, მაგრამ ამის დრო არ მრჩება, თან თუ კერავ, ძალიან კარგად უნდა იცოდე ეს საქმე.

- შენი ტანსაცმლის ხაზის გამოშვება რატომ გადაწყვიტე? - სერიალში რაც მაცვია, იმ სამოსზე ისეთი მოთხოვნილებაა, ვერ აღგიწერთ, ამიტომ ჩემი ბრენდი გავაკეთე და ტანსაცმელი იყიდება. ჩემს კოლექციაში ჭარბობს ფერები, ნაჭრის ჩანთები, კაბები, კიმონოები. ბევრი რამ არის, თუმცა მაინც სულ მწერენ, აი, იმ კონკრეტულ სერიაში რომ გეცვა, ის მომწონსო, მაგრამ ყველაფერს არ ვყიდი. შავი რომ ყველაზე ელეგანტური ფერია, გასაგებია, მაგრამ ფერად სამოსში ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. ახლა ბოლო ორ სცენაში მეცვა შავი სამოსი და ძალიან უჩვეულო იყო, ყველას გაუკვირდა, თუმცა საქმეს ასე სჭირდებოდა.

- სერიალში შენი გამოჩენის შემდეგ ჩალმები მოდური გახდა... - დიახ, ჩემი ჩალმებით ლამის მთელი თბილისი დადიოდა.

- მსახიობობა რატომ მოგინდა? - ოჯახში არავინ მყავს მსახიობი, მაგრამ მე ბავშვობიდან სცენაზე დგომა მიყვარდა; ეს იმხელა სიამოვნებას მანიჭებდა, ვიცოდი, რომ მსახიობი უნდა ვყოფილიყავი. საოცარი ოთხი წელი გავატარე თეატრალურ უნივერსიტეტში. მიუხედავად იმისა, დაუფასებელი პროფესიაა, ძალიან მიყვარს, ისეთი დაბალი ანაზღაურებაა, თუ ამ პროფესიაზე არ გიჟდები, ვერ იმუშავებ. ორი დღე რომ სპექტაკლი არ მქონდეს, მგონია, რაღაც ხდება ჩემს თავს. თეატრი და კინო ორი რადიკალურად განსხვავებული რამ არის და ორივესგან დიდ სიამოვნებას ვიღებ. მე მოზარდ მაყურებელთა თეატრში ვარ, დღეში ორი-სამი სპექტაკლი გვაქვს და სულ რეპეტიციები. ახლა ნანუკა ხუსკივაძესთან "ანა ფრანკის დღიურზე" ვმუშაობ.

- პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვი? - ათი წელია, დაოჯახებული ვარ და მყავს ერთი გოგოშკა, ანასიკო. მეუღლე ყოველთვის მხარში მიდგას, ძალიან მეხმარება, კარგად აფასებს ყველა სპექტაკლს. როცა სერიალი გადის, ვსხდებით და ერთად განვიხილავთ.

ხათუნა კორთხონჯია