ჩვენი მარტოსული სამშობლოს მოუშუშებელი იარა - კვირის პალიტრა

ჩვენი მარტოსული სამშობლოს მოუშუშებელი იარა

ჟურნალ "გზასთან" ერთად ქართული პროზის საგანძურის სერიით ოთარ ჭილაძის რომანს, "გზაზე ერთი კაცი მიდიოდა", სამ ტომად მიიღებს მკითხველი

ახლა, როცა რომანს "გზაზე ერთი კაცი მიდიოდა" ხელახლა გადაშლით, თვალწინ აშენდება ზღვისპირეთის მშვენიერი ქალაქი ვანი, ძლევამოსილი აიეტი და გრძნეული მედეა... საოცარია, რომ ორი ფრაგმენტიც კი ამ უკვდავი რომანისა, ჩვენი მარტოსული სამშობლოს ბევრ ტკივილსა და პირშეუკრავ იარას გაგახსენებთ. ლიტერატურის ძალაც ხომ ესაა - დროსა და სივრცეს ერთ - მარადიულ და ჭეშმარიტების ჭრილში გაჩვენებთ:

"აიეტი უკვე გრძნობდა, დიდი შეცდომა რომ ჩაედინა, როცა მშობლებისაგან განწირული ფრიქსე შინაური კაცივით მიიღო სასახლეში და მერე დაინათესავა კიდეც. ახლა ფრიქსეს კვალზე მთელი ხომალდი მოსულიყო, ხვალ კი, შეიძლება მთელი საბერძნეთი მოსდგომოდა კარს. არა, დათმობაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო, დათმობა სისუსტეს ნიშნავდა. მართალია, უცხოელს თითქოს უფლებაც ჰქონდა, მოეთხოვა ის, რასაც თხოულობდა და, რაც მაინცდამაინც ძნელი შესალევი არ იყო, მაგრამ ვინ დაუდგებოდა თავდებად, უცხოელი რომ არ ტყუოდა.

განა მგელი ითაკილებს ცხვრის ტყავში გახვევას, თუკი ფარეხში უნდა შეპარვა? აიეტს არ სჯეროდა უცხოელის, საამისოდ ზედმეტად მომხიბვლელი ეჩვენა იგი... მოკლედ, აიეტს არ სჯეროდა არც უცხოელისა და არც შვილიშვილებისა. "შენიანის გეშინოდესო", - აკი ყოველთვის აფრთხილებდა მამა. აუხდა კიდეც..."

* * *

"გამოკვებილმა და გაზრდილმა შვილიშვილებმა, ბოროტად გადაუხადეს. მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო. როგორც კი საშუალება მიეცათ, მაშინვე თავიანთი თანამემამულის მხარე დაიჭირეს, თუმცა ეს თანამემამულე იქამდე თვალითაც არ ჰყავდათ ნანახი. მისმა სიუცხოვემ მოხიბლათ და სისხლმა უგრძნოთ, თვითონაც შეიძლებოდა ყოფილიყვნენ ისეთები, სხვანაირად რომ წარმართულიყო მათი ბედი. ამ უცნაურმა აღმოჩენამ ერთ წამში დაავიწყათ ფრიქსეს ვაჟებს ის ზრუნვა და ამაგი, რამაც ხელი შეუშალა გამხდარიყვნენ "ისეთები" და დაუფიქრებლად ჩადგნენ ავაზაკთა სამსახურში, თითქოს მხოლოდ ამით დაამტკიცებდნენ თავიანთ ბერძნულ წარმოშობას.

ხიზანის ბუნებაც ხომ ასეთია. ის, რა თქმა უნდა, მადლობელია, პური რომ გაუყავი, ჭერქვეშ რომ შეიფარე, ცეცხლთან ადგილი რომ გამოუნახე, მაგრამ ამავე დროს გული შურით ევსება, რადგან მას არც საკუთარი პური, არც საკუთარი ჭერი და არც საკუთარი ცეცხლი გააჩნია. მართალია, შენ (მისი შემფარებელი) ამაში სრულებითაც არა ხარ დამნაშავე, მაგრამ მისი ფარული სიძულვილი უმთავრესად შენკენაა მომართული, რადგან შენ გაქვს ის, რაც შეიძლება მასაც ჰქონოდა და თუკი ასეა, მაშინ ბუნებრივად იბადება მის აფორიაქებულ გონებაში ამგვარი კითხვაც: რატომ გაქვს შენ და არა მას?

ისიც აღიზიანებს, ვალდებული რომაა მადლიერი იყოს შენი, მადლიერების ეს გრძნობა კი დამაკნინებელია, ის თავისთავად, ყოველგვარი განზრახვის გარეშე, მაღლა სწევს, უფრო გამოსაჩენს ხდის შენს უპირატესობას. რაც უფრო ხელგაშლილი და ლმობიერი ხარ ხიზანის მიმართ, მით უფრო სისხლჭარბი და დაუოკებელია მისი ღვარძლი. შენი ხელგაშლილობა თრგუნავს მას და უფრო ზრდის იმ ვალის სიდიდესა და სიმძიმეს, რომლის განაღდებასაც შენ არ ელოდები, მაგრამ "ვალი" თავის თავში ანაზღაურების აუცილებლობასაც გულისხმობს.

ამგვარი "ვალი" კი, უმთავრესად ისე ნაზღაურდება, როგორც ფრიქსეს ვაჟებმა აანაზღაურეს: ბოროტებით, ღალატითა და სისხლით, რათა თქვენ, მხოლოდ და მხოლოდ თქვენ, კეთილსა და შემბრალებელს, დაგიმტკიცონ, რომ ისინიც რაღაცას წარმოადგენენ, რომ მთლად სამოწყალოდ არ გახდომიათ საქმე. პირიქით, ისინი ისე გაგიხდიან საქმეს, შენ თვითონ რომ დაგჭირდეს ახლა მოწყალების თხოვნა; და თუ მართლა ასე მოხდა, მაშინ თვითონ იციან, მაშინ გაჩვენებენ, როგორ უნდა მოწყალების გაღება. მათ უკვე უსწავლიათ შენგან და საკუთარ კისერზედაც გამოუცდიათ, თუ რა ბოროტების მოტანა შეუძლია უთავბოლო, უანგარიშო სიკეთესა და ხელგაშლილობას.

ისინი ხომ ზურგს უკან ყოველთვის დაგცინოდნენ, როცა პურს თანაბრად ჭრიდი მათთვისაც და საკუთარი შვილებისთვისაც, როცა შვილებს მეტი სიმკაცრით სჯიდი, თუკი უნებურად რამეს აწყენინებდნენ უცხო თესლის ნაშიერებს, მარადიულ ლტოლვილებს და ამით, რა თქმა უნდა, სიკეთის ნაცვლად ბოროტებას სჩადიოდი. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ოჯახში შემოშვებული უცხო კაცი, ვინც არ უნდა იყოს იგი, შენს მზეს მაინც არასოდეს დაიფიცავს, რადგან შენს მზეს თავისი გოგრის თესლი ურჩევნია და ვიდრე შენთან მოვიდოდა, თავისი მზე ჰქონდა და ახლა ის მზე, რომელიც სადღაც ისევ არსებობს, სიშორისა და მიუღწევლობის გამო, ასმაგად საყვარელი და სანატრელი გახდომია. შენი მზე იმ მზეს ვერასოდეს ვერ შეცვლის...

ახლა აიეტმაც იცოდა, შეცდომა რომ ჩაედინა, რადგან სწორედ ფრიქსეს ნაშიერებს გადაებირებინათ მის წინააღმდეგ დედაცა და დეიდაც, მისი ღვიძლი ქალიშვილები, და გუშინდელი ბიჭივით გაეცურებინათ კაცი, რომელიც საზარელი ხმითა და ღონით ომის ღმერთს ედრებოდა. მაგრამ აიეტის არსება მაინც წინააღმდეგი იყო, მიეღო ეს შეცდომა, შეცდომა დაერქმია იმისთვის, რასაც ადამიანის მოვალეობად თვლიდა, სიკეთედ აღქმული ბოროტებად დაენახა.

არა, აიეტს არ უნდოდა ასეთი ცოდნა, მაინც ვერაფერს ვერ ისწავლიდა მისგან, რადგან ახლავე, მოტყუებულსა და გაწბილებულს, ვინმე უპოვარი და უსახლკარო რომ მოსდგომოდა კარზე, დაუფიქრებლად მიიღებდა და სანამ რამეს გამოჰკითხავდა, ჯერ დააპურებდა. ასეთი იყო მისი ბუნება და ვეღარაფერი ვეღარ შეუცვლიდა, ანდა რაღა დროს გადასხვაფერება იყო ამ სიბერეში..."