"მეუღლესთან უკვე დაშორებული ვიყავი,როცა ერთმანეთი მეგობარმა შეგვახსენა. ინტერნეტით მიმოწერა დავიწყეთ და..." - კვირის პალიტრა

"მეუღლესთან უკვე დაშორებული ვიყავი,როცა ერთმანეთი მეგობარმა შეგვახსენა. ინტერნეტით მიმოწერა დავიწყეთ და..."

პირველსავე სატელეფონო ზარზე შევთანხმდით, რომ თქვენობით არ უნდა გველაპარაკა. შეხვედრისას კი დავრწმუნდი, უშუალობა მისი ხასიათის თვისებაა და არა უბრალო ფორმალური მხარე. მსახიობმა ზაზა მაღალაშვილმა 25 წელი ემიგრაციაში გაატარა. 3 წელია, რაც სამშობლოში დაბრუნდა. სურს საკუთარი შესაძლებლობები და დაგროვილი გამოცდილება ქვეყნის სასიკეთოდ გამოიყენოს, მაგრამ დასძენს, რომ წინაღობები ხვდება. შესაძლოა, მომავალში ეს სხვა ინტერვიუს თემად იქცეს. მიუხედავად იმისა, რომ არაერთ ფილმშია გადაღებული, ყველაზე დიდი პოპულარობა სერიალმა "ჩემი ცოლის დაქალები" მოუტანა. მისი პერსონაჟის მიმართ კი მაყურებლის დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. როგორ მოხვდა ამ სერიალში, რა არის მისთვის სიყვარული, თავისუფლება, დიდი სისუსტე, ბედნიერება, რას გააკეთებდა ძალიან ბევრი ფული რომ ჰქონდეს და როგორი დიალოგი აქვს საკუთარ თავთან? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...57 წლის ვარ.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...ექიმი, ეს ჩემი ოჯახის სურვილიც იყო, უფრო კონკრეტულად ფიზიოლოგია, მაგრამ დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ, ამ პროფესიაზე გული ავიცრუე. მერე კინოსარეჟისოროზე სწავლა მინდოდა, 4 წელი ჯგუფს აღარ იყვანდნენ. ამის შემდეგ სამსახიობოზე ჩავაბარე.

- ჩემზე ამბობენ... - ...რომ მეგობრობაში უღალატო და ფიცხი ვარ.

- ჩემი პირველი წარმატება იყო... - ...ბუბა ხოტივარის ფილმში "დემეტრე II" გადაღება, სადაც რატის როლი ვითამაშე. მაშინ მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...საკუთარ თავს, მეგობრებს, ოჯახს.

- სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები"... - ...ეკა მჟავანაძემ დამირეკა, იმდენად სერიოზული და ღრმა როლია, სცენარს გადმოგიგზავნი, წაიკითხე და იქნებ დაინტერესდეო. მან სერიალებისადმი ჩემი დამოკიდებულება იცოდა, ერთხელ უარიც ვუთხარი. სცენარის წაკითხვის შემდეგ მივხვდი, რომ საინტერესო როლი იყო და დავთანხმდი. სერიალში ნინას როლს სპეტაკად ინახავენ, შეფუთული არაფერი ვარგა, მაყურებელმა უნდა დაინახოს, შეფუთვის შიგნით რა ხდება. ჩემი ინტერესი იმან გამოიწვია, რომ ეს მამაკაცისა და ქალის სიყვარულის ხაზი კი არა, გაცილებით ღრმა თემაა. პერსონაჟმა იმ კუთხითაც დამაინტერესა, რომ ამ ქვეყანაში სიმსივნე ძალიან გავრცელებული დაავადებაა. ცოტა ხნის წინ გორში ვიყავი, თავდაცვის სამინისტრომ "მოირას" ჩვენება მოაწყო. იქ იყვნენ ქალბატონები, რომლებიც ამ პერსონაჟზე დამელაპარაკნენ, ერთ-ერთს ცრემლი მოერია და მითხრა, ჩემი უახლოესი მეგობარი სიმსივნით არის დაავადებული, შენი და ნინას სცენებს ისეთი იმედით უყურებს, მგონი, სიცოცხლეს უხანგრძლივებთო. კადრი სერიალიდან ძალიან მინდოდა და მინდა ეს პერსონაჟი იყოს სუფთა, მართალი თავის თავთან, ოჯახთან, შვილებთან, ნინასთან. როცა იგებ, ასეთი მძიმე დაავადება გაქვს, სამყარო იცვლება, სხვა განზომილებაში გადადიხარ. ზოგჯერ წყდება ადამიანის კავშირი რეალურ სამყაროსთან, ზოგი ბოროტდება, ზოგიერთ შემთხვევაში ამის საპირისპირო ხდება. მერე მეტ სიღრმეებში ჩადიხარ. ხორციელი ტკბობა უკან რჩება და სულიერი ურთიერთობები წინა პლანზე გამოდის. ჩემი გმირი სწორედ ასეთი მინდა იყოს. მსურს გავაწბილო ის მაყურებელი, რომელიც ფიქრობს, ილანძღება და ამბობს: "ნინას ხელი არ ახლო", "თავი დაანებე". შეიძლება ჩვენს ურთიერთობაში სულიერი განცდები ვერ დაინახო?

- ყოველთვის მაქვს სურვილი... - ...ვიყო ჯანმრთელი, ვაკეთო ჩემი საქმე, რომელიც ძალიან მიყვარს და არასდროს ჩავერიო პოლიტიკაში. 25 წელი ემიგრაციაში ვიყავი. 3 წელია, რაც საქართველოში ჩამოვედი. აქ ყველა იმდენადაა პოლიტიკაში ჩართული, ვატყობ, გვერდის ავლა ძნელია. ბევრ პროფესიონალს გვერდით რჩება ის საქმე, რომელიც ჩვენს განვითარებას, წინსვლას ძალიან სჭირდება. მცხეთაში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის თაანამშრომელი ვარ, პროექტების კოორდინირების უფროსი სპეციალისტი. სრულიად აპოლიტიკური გახლავართ. არც ერთ პოლიტიკურ პარტიაში არასდროს ვყოფილვარ, მე დავბრუნდი ჩემს ქვეყანაში და მინდა, ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც ემიგრაციაში ყოფნისას დამიგროვდა, ახლა ამ ქვეყანას მოვახმარო.

- ბედნიერი ვარ, რომ... - ...მყავს მეუღლე, შვილები და შვილიშვილი, რომელიც ახალხან შემეძინა. პირველი ოჯახი დამენგრა. ახლა მეორე მეუღლე მყავს, რომელთანაც ბედნიერ და ლამაზ ცხოვრებას ვაპირებ.

- ემიგრაციაში წავედი... - ...შვილის ჯანმრთელობის პრობლემის გამო. ბავშვს ჩუტყვავილა შეხვდა, მაღალი ტემპერატურა ჰქონდა და უბნის ექიმმა დიდი დოზით გენტამიცინი გაუკეთა. ეს პრეპარატი ყურის ნერვს ვნებს. შემდეგ სხვა ექიმმა მითხრა, დაივიწყე, რომ ეს ბავშვი ოდესმე ილაპარაკებს ან გაიგონებსო. შვილთან ერთად 2 წლის იყო, დედამისი დღეში 4-5 საათი ავარჯიშებდა, მეტყველების აპარატი რომ არ მოედუნებინა. ეს ჩემთვის იმდენად ძნელი ასატანი იყო, იმ დროს სახლიდან გავრბოდი. დიდი ტრავმა იყო, რომ ვფიქრობდი, ვერასდროს გაიგებდა ჩიტების ჭიკჭიკს, ვერ ილაპარაკებდა, ძალიან გავმწარდი. ყველაფერი გავაკეთე, რომ საზღვარგარეთ წამეყვანა და იქ მემკურნალა. ახლა მას პრობლემა აღარ აქვს, სამ უცხო ენას ფლობს და მუშაობს. შვილიშვილი მისგან შემეძინა.

- ჩემი ახლანდელი მეუღლე... - ...პროფესიით მხატვარია, მუსიკალური განათლებაც აქვს. ერთმანეთს მხარში ვუდგავართ. მე - მისი ფერადი, მას კი ჩემი შავი იუმორი მოსწონს. დიდი ხანია ვიცნობ, წლების წინ სიმპათიაც მქონდა. მეუღლესთან უკვე დაშორებული ვიყავი, ერთმანეთი მეგობარმა რომ შეგვახსენა. ინტერნეტით მიმოწერა დავიწყეთ, მერე ჩამოვედი და ერთად ცხოვრება გადავწყვიტეთ. ნიდერლანდების მოქალაქე ვარ, შემეძლო უკან დავბრუნებულიყავი, მაგრამ ისევ ემიგრაციაში ყოფნა აღარ მინდოდა. აქ ძალიან ბევრ წინაღობას ვეჯახები, ზოგჯერ ვფიქრობ, გავძლებ?

- დაშვებულ შეცდომებს... - ...ხშირად ვიხსენებ. წვრილმანი შეცდომები ერთია და მეორეა ის 2-3 შეცდომა, რომელიც განსაკუთრებით გაწუხებს - არ შეიძლება დაემალო, თავად გიპოვის, ვერ გაექცევი.

- დღე, რომელსაც საკუთარი წარსულიდან ამოვშლიდი... - ...ეს დედაჩემის გარდაცვალების დღეა. იხილეთ სრულად

თამუნა კვინიკაძე