"ახლახანს გამოვედით კლინიკიდან..." - რას ამბობენ თურქი ექიმები ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობაზე? - კვირის პალიტრა

"ახლახანს გამოვედით კლინიკიდან..." - რას ამბობენ თურქი ექიმები ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობაზე?

მკურნალობა არის აქტიურ ფაზაში, ახლო მომავალში ვარაუდობენ რეაბილიტაციის დაწყებას, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ცოტნე გამსახურდიას ძმა კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს.

კონსტანტინე გამსახურდიას ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთლობის მდგომარეობა კონტროლქვეშაა და არის პროგრესი.

"ახლახანს გამოვედით ისტანბულის აჯიბადემის კლინიკიდან, სადაც ამ სტრიქონების ავტორი და ჩემი ძმა, გიორგი შევხვდით ქალბატონებს, ფეიზა ოზთურქს, საავადმყოფოს დირექტორის მოადგილეს და ჰილალ ჩატალს, საერთაშორისო პაციენტების დეპარტამენტის დირექტორს, ასევე აჯიბადემის კლინიკის სათავო ოფისის წარმომადგენელს, ბატონ ოსმან შეიხოღლუს. მოვისმინეთ ინფორმაცია ჩვენი ძმის, ცოტნეს მდგომარეობის შესახებ. მკურნალობა არის აქტიურ ფაზაში, ახლო მომავალში ვარაუდობენ რეაბილიტაციის დაწყებას. მდგომარეობა რაც მთავარია, კონტროლქვეშაა, არის გარკვეული პროგრესი, მიუხედავად საერთო მძიმე სურათისა. ამის შემდეგ შევედით ცოტნეს პალატაში. მას თვალები ღია ჰქონდა, გვიყურებდა, თუმცა საუბარი არ შეეძლო ყელში ჩადგმული ტრაქეოსტომის გამო. როდესაც მარცხენა ხელში ხელი ჩავუდე და ვუთხარი, მომიჭირე მეთქი, მან ხელი მომიჭირა, ასევე ჩემს ძმასაც. ანალოგიურად ოდნავ ამოძრავებდა მარჯვენა ხელის ერთ თითს და ფეხის ორ თითსაც, რაც გარკვეული წინსვლაა. დიდი მადლობა აჯიბადემის კლინიკის ექიმებს, აკეთებენ რა ყველაფერს საბოლოო შედეგის მისაღწევად. უნდა ითქვას, რომ კლინიკა მართლაც უმაღლესი სტანდარტისაა. ასევე დიდი მადლობა ქართულ სახელმწიფოს და მთავრობას, რომელსაც ამ საკითხში ერთი ნაბიჯითაც არ დაუხევია უკან",-წერს კონსტანტინე გამახურდია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს. მას თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ კი თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს. გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე 4 პირია დაკავებული.

"ინტერპრესნიუსი"