"ახალი კორონავირუსის შემთხვევების 81% მსუბუქად მიმდინარეობს და სრული გამოჯანმრთელებით მთავრდება" - კვირის პალიტრა

"ახალი კორონავირუსის შემთხვევების 81% მსუბუქად მიმდინარეობს და სრული გამოჯანმრთელებით მთავრდება"

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შემთხვევების 81% მსუბუქად მიმდინარეობს, ანუ სრული გამოჯანმრთელებით მთავრდება.

როგორც მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საქართველოში საკარანტინო სივრცეების, ასევე შესაბამისი პროფილური საავადმყოფოების საკმარისი რეზერვი არსებობს, რათა ადამიანებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიოთ.

"მოგეხსენებათ, ეს გახლავთ მესამე დიდი ეპიდაფეთქება ბოლო 20 წლის განმავლობაში, რომელიც გამოწვეულია კორონავირუსული ინფექციით. თვითონ კორონავირუსი გახლავთ ვირუსი, რომელიც გადადის ცხოველებიდან და ფრინველებიდან ადამიანზე. ეს გახლავთ მესამე ე.წ. ახალი კორონავირუსი. პირველი ეპიდაფეთქება იყო 2003 წელს, როდესაც 9-დან 10% იყო ლეტალობა, ანუ გარდაცვალება. მეორე ეპიდაფეთქება იყო 2012 წელს, ე.წ. შუა აღმოსავლეთის სინდრომი, რომელიც არაბეთის ნახევარკუნძულიდან დაიწყო. მაშინ მოიცვა დაახლოებით 2 ათასი ადამიანი, მაგრამ იყო მაღალი ლეტალობა, დაახლოებით 35 %. მესამე გახლავთ სწორედ ეს, რომელიც 31 დეკემბერს, ჩინეთში, ჰუბეის პროვინციაში დაიწყო და უკვე დღეისთვის მთელ მსოფლიოში 81 ათას ადამიანზე მეტი მოიცვა. მოგეხსენებათ, მედიცინაში ყველაფერი შედარებითია. შედარებით ეს ეპიდაფეთქება ნაკლები ლეტალობით ხასიათდება, ვიდრე წინა ორი.

ამ ეპიდაფეთქების დროს გარდაცვალების ზოგადი მაჩვენებელი არის ჩინეთში 2.3%, ჩინეთის გარეთ კიდევ ნაკლები, მაგრამ საყურადღებოა ის, რომ ჩინეთში უკვე დაიწყო ბოლო 10 დღეა კლება ახალი შემთხვევების, მაგრამ სამწუხაროდ, იმატებს იმ 38 ქვეყანაში, სადაც უკვე ინფექცია იქნა გატანილი, მათ შორის ყველაზე დაზიანებულია დღეისთვის სამხრეთ კორეა, სადაც 1500 შემთხვევაზეა მეტია, შემდეგ მოდის იტალია, ირანი, სინგაპური და კიდევ რამდენიმე ქვეყანა. ევროპაში შედარებით ერთეული შემთხვევებია, თუ არ ავიღებთ იტალიის ჩრდილოეთ ნაწილს და არა მთელ იტალიას.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ და აშშ-მ გამოაცხადეს პანდემიური მზადყოფნა. ეს ნიშნავს იმას, რომ მოსალოდნელია პანდემია, როდესაც ინფექცია აზიანებს ყველა კონტინენტს და ყველა ქვეყანას. ამის საშიშროება არის დღეს და სწორედ პანდემიიური მზადყოფნაა გამოცხადებული", - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი განმარტებით, ქვეყანა მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ ადამიანებს ადრეულ ეტაპზე გაეწიოთ სამედიცინო დახმარება.

"ძალიან დროული და სწორი გადაწყვეტილებები მივიღეთ ირანთან მიმართებით, ამიტომ არ უნდა გაგიკვირდეს, რომ შემთხვევა დაფიქსირდა. შემთხვევის დაფიქსირებას ველოდით და შესაძლებელია იყოს კიდევ შემთხვევები, მაგრამ ჩვენ, ერთის მხრივ პრევენცია უნდა გავაკეთოთ სხვა შემთხვევების შემოტანის, მაგრამ მეორეს მხრივ, ქვეყანა მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ შესაბამისად, ამ ადამიანებს ადრეულ ეტაპზე გაეწიოთ სამედიცინო დახმარება. შემთხვევების 81% მსუბუქად მიმდინარეობს, ანუ სრული გამოჯანმრთელებით მთავრდება, შესაძლო სამედიცინო ჩარევების გარეშეც.

შემთხვევების დაახლოებით 14-15%-ში არის ე.წ. მწვავე მდგომარეობები, რომელიც აქტიურ სამედიცინო დახმარებას საჭიროებს, ხოლო 5% გახლავთ კრიტიკული მდგომარეობები, რომლებიც უკვე რეანიმაციულ დახმარებას საჭიროებენ. სამედიცინო ქსელის მზადყოფნა არის. ეს დაადასტურა მინისტრმაც. ჩვენთან არის რეზერვი, როგორც საკარანტინო სივრცეების, ასევე შესაბამისი პროფილური საავადმყოფოების, სადაც ყველა საშუალება გახლავთ იმისთვის, რომ ადამიანებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიოთ", - განაცხადა გამყრელიძემ.