"სა­ქარ­თვე­ლო­ში იმი­ტომ არ წა­მო­ვე­დი, რომ ვერ დავ­ტო­ვე მე­უღ­ლე მარ­ტო" - რას ყვება ქართველი გოგონა, რომელიც ჩინეთის "ჩაკეტილ ქალაქში" ცხოვრობს? - კვირის პალიტრა

"სა­ქარ­თვე­ლო­ში იმი­ტომ არ წა­მო­ვე­დი, რომ ვერ დავ­ტო­ვე მე­უღ­ლე მარ­ტო" - რას ყვება ქართველი გოგონა, რომელიც ჩინეთის "ჩაკეტილ ქალაქში" ცხოვრობს?

რატომ არ დატოვა ჩინეთის ჩაკეტილი ქალაქი ქართველმა პედაგოგმა - "თავი ფილმის გმირი მგონია, ვერ ვიჯერებ, რომ ყველაფერი აქ ხდება"

მეგი ვიბლიანი 2014 წლიდან ჩინეთში ცხოვრობს. ქართველი პედაგოგი ჩინურ სკოლაში ინგლისურ ენას ასწავლის. ქალაქი სადაც მეგი ცხოვრობს, კორონავირუსის გამო ჩაკეტილია და ახლა უკვე უფლებაც არ აქვს, რომ ქვეყანა დატოვოს.

თუმცა, რამდენიმე კვირის წინ საქართველოს საელჩოს შეთავაზებაზე, ბოლო რეისით დაეტოვებინა ჩინეთი და სამშობლოში დაბრუნებულიყო, ახალგაზრდა ქალმა უარი თქვა და საცხოვრებლად ჩაკეტილ ქალაქში დარჩა.

"მეოთხე წელია რაც ქალაქ ჰარბინში ვცხოვრობ, სხვათაშორის, ეს ქალაქი რუსეთთან ახლოს მდებარეობს. მყავს ჩინელი ქმარი. ვცხოვრობდით მხიარულად, ბედნიერად, ახლა ერთი თვეა რაც სახლში ვართ კორონავირუსის გამო, მხოლოდ მაღაზიაში გავდივარ პროდუქტების საყიდლად. ჩემი მეუღლე დარბაზშიც დადის სავარჯიშოდ. შიშის გამო ვეღარ ვცხოვრობთ ისე, როგორც მანამდე.

მე დილის 9-დან საღამოს 5 საათამდე ვმუშაობდი, სკოლაში პატარა ბავშვებს ინგლისურს ვასწავლი. მეუღლეს საკუთარი ბარი აქვს და შაბათ-კვირას მასთან ვიყავი ხოლმე.

მეგი მოსწავლესთან ერთად

ბევრი მეგობარი გვყავს, ძალიან ინტერნაციონალური ბარი აქვს მეუღლეს და ყველა იქ ვიკრიბებოდით. კორონავირუსის შემდეგ ქალაქში ყველაფერი დაკეტილია. მხოლოდ მაღაზიებია ღია და საკვების ყიდვაა შესაძლებელი. სანამ მაღაზიაში შეხვალ, ტემპერატურას გიმოწმებენ, უსაფრთხოების ზომები სასწაულადაა დაცული.

ასევე ტრანსპორტით რომ გადიხარ უბნიდან, გამოწმებენ, 37.3-ს არ უნდა აღემატებოდეს სხეულის ტემპერატურა. თუ აღმოჩნდა, რომ მეტი გაქვს, გადაგიყვანენ სპეციალურ ადგილას, იზოლირებულად და კორონავირუსზე გამოწმებენ.

- თქვენს ქალაქში სკოლები დაკეტილია?

- დიახ, მაგრამ სწავლა არ გაჩერებულა ინტერნეტგაკვეთილებით ვაგრძელებთ. "ვიჩატით" ყოველდღიურად მაქვს ბავშვებთან ურთიერთობა, ასევე ხმოვანი შეტყობინებებით და ვიდეო მესიჯებით ვურთიერთობთ. ბავშვებს არ ვაგრძნობინებთ, რომ ვირუსის გამო სწავლა დამთავრდა და სკოლაში აღარ დადიან. ჩვეულებრივად უტარდებათ გაკვეთილები.

მეგი ვიბლიანი მოსწავლესთან ერთად

მეგი მოსწავლესთან ერთად

რაც უფრო დრო გადის, უფრო მაქვს შიშის გრძნობა, ხალხი რომ იღუპება ცუდად ვარ. ყოველდღე ვამოწმებთ ინფორმაციას, რამდენი დაავადებულია, რამდენი დაიღუპა. ჰარბინში ეს დღეები არ იყო მსხვერპლი და დღეს დაფიქსირდა ერთი ადამიანი. ძალიან მძიმეა ამ ყველაფრის ყურება...

- ქუჩაში მხოლოდ პირბადით დადიხართ?

- პირბადის გარეშე ქუჩაში სიარული არ შეიძლება, ამის უფლება არ გაქვს, მიგითითებენ, რომ დაბრუნდე დ პირბადე გაიკეთო. წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს სპეციალური სამსახურები - გიჭერენ თუ პირბადე არ გიკეთია.

საყიდლებზე მე და ჩემი მეუღლე მორიგეობით გავდივართ და სახლში ვამზადებთ, საჭმელების კეთება ვისწავლე ამ ერთ თვეში.

მეგი ვიბლიანი მეუღლესთან ერთად

- საქართველოში რატომ არ დაბრუნდი?

- საქართველოში იმიტომ არ წამოვედი, რომ ვერ დავტოვე ჩემი მეუღლე მარტო. ერთად რომ წამოვსულიყავით, უხერხულ მდგომარეობაში ვიქნებოდი, მზერაც რომ დამენახა, მისი მისამართით, რომ სხვა შიშით უყურებს, რადგან ჩინელია, ძალიან უხერხული იქნებოდა ჩემთვის.

საქართველოს საელჩოდან დაურეკეს ჩემს აქაურ ქართველ მეგობრებს, მეც მირეკავდნენ, მაგრამ ტელეფონი გათიშული მქონდა. შემოთავაზება იყო, რომ 21 თებერვალს ბოლო რეისით ქართველი ემიგრანტები საქართველოში წამოვსულიყავით, მაგრამ დავრჩი. ვიცოდი, რომ ორი კვირა უნდა გამეტარებინა მანდ კარანტინში, რაც ასევე არ მინდოდა. ზუსტად ვიცი, რომ ახლა ვირუსი არ მაქვს, მაგრამ არ მინდა, რომ სხვას ზიანი მივაყენო, თუნდაც ფსიქოლოგიურ დონეზე.

- მეგი, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვირუსს ძირითადად ასაკოვანი ადამიანები ვერ ერევიან.

- დიახ, ძირითადად ასაკოვანი ადამიანები იღუპებიან, 60 წელს გადაცილებულები, რომელთა ორგანიზმიც ვერ უძლებს. ახალგაზრდებს აქვთ უნარი, რომ გამოჯანმრთელდნენ. (გაგრძელება)