"მამობილს წლების წინ ლეიკემიით გარდასცვლოდა შვილი და საკუთარი შვილივით მიმიღო..."
"მამობილს წლების წინ ლეიკემიით გარდასცვლოდა შვილი და საკუთარი შვილივით მიმიღო..."
მაკა ბახბავამ ბავშვობა ფოთში გაატარა. ისე მოხდა, რომ 16 წლისა ამერიკაში ერთწლიანი პროგრამით გაგზავნეს სასწავლებლად. სწავლის დასრულებისთანავე საქართველოში დაბრუნდა, დედისა და დის მონატრებას ვერ გაუძლო. რა მოხდა შემდეგ, როგორ შეიქმნა ქართულ-ამერიკული ოჯახი და რა წარმატებას მიაღწია მაკამ, ამაზე თავად გვესაუბრება.

- ფოთში კონკურსი ტარდებოდა ინგლისურ ენაში, გამარჯვებულს ფოთის მერიისა და ნავსადგურის ხელმძღვანელობა ერთი წლით ამერიკაში სასწავლებლად გზავნიდა. ამ პროგრამით 40 ბავშვთან ერთად წავედი. სხვადასხვა შტატსა და ქალაქში გადაგვანაწილეს, 2-3 თვეში
ერთხელ ვხვდებოდით ერთმანეთს. მაშინ 16 წლის ვიყავი. ეს გახლდათ ურთულესი წლები ჩვენი ქვეყნისთვის: უშუქობა, ომი... სკოლა ზოგჯერ დაკეტილი იყო, ფოთი იბომბებოდა კიდეც ერთხანს... მაშინდელი პროპაგანდით, ამერიკა იყო კაპიტალისტური, "ცუდი" ქვეყანა.

- პირველი შთაბეჭდილებები როგორი იყო?
- ყველა განცვიფრებული ვიყავით. თავდაპირველად ჯორჯიის შტატში ჩავედით 3 დღით და
მახსოვს, "დისნეილენდის" მსგავს გასართობ ადგილას წაგვიყვანეს. საოცრება იყო, სად მოვხვდითო, გვიკვირდა. პირველი ოჯახი მალევე გამოვიცვალე და საცხოვრებლად ჩვენი კოორდინატორის ოჯახში გადავედი, ამ ცოლ-ქმარს დღემდე მამობილსა და დედობილს ვეძახი. მამობილს წლების წინ ლეიკემიით გარდასცვლოდა შვილი და საკუთარი შვილივით მიმიღო...
ოჯახისგან შორს ყოფნა რთული აღმოჩნდა. მაშინ ძნელი იყო საქართველოში დარეკვა. დედა უნდა წასულიყო ფოთიდან თბილისში და ფოსტიდან დაერეკა. 10 წუთით საუბარიც კი ძვირი ღირდა და იშვიათად ველაპარაკებოდით ერთმანეთს. ინგლისური ვიცოდი, მაგრამ იქ სულ სხვანაირი აქცენტით საუბრობდნენ და კარგად არ მესმოდა, სწავლის განსხვავებულმა სისტემამაც დამაბნია. საზეპიროების სწავლას არავინ გთხოვდა, ყველას შენი აზრი აინტერესებდა. გამოცდაზე ზოგჯერ წიგნები გადაშლილი გვქონდა, უამრავ პროექტსა და პრეზენტაციას ვაკეთებდით. მინდოდა, აქაც წარჩინებული მოსწავლე ვყოფილიყავი. დაახლოებით 2 თვეში აქაურ ცხოვრებას ავუღე ალღო. ამ ოჯახმა ძალიან გამიიოლა ამერიკაში ყოფნა. დედაჩემს დიდ პატივს სცემდნენ. ჩემგან იცოდნენ, რომ დედა მარტო გვზრდიდა, მე 5 წლის ვიყავი და ჩემი და - 2-ის, როდესაც მამა გარდაიცვალა. საქართველოში რომ დავბრუნდი, უამრავი საჩუქარი გამომატანეს მასთან.

- მე-12 კლასის ამერიკაში დამთავრების შემდეგ რა მოხდა, ალბათ მანდვე გააგრძელეთ სწავლა?
- მითხრეს, დარჩი და აქ ისწავლეო, მაგრამ პიდმონტის ვირჯინიის კოლეჯში სწავლის მერე საქართველოში ჩამოვედი. ყველა და ყველაფერი მენატრებოდა. ჩავაბარე უცხო ენების ფაკულტეტზე, უნივერსიტეტში, ოღონდ ფასიანზე. პირველ წელს ამერიკაში მოგროვილი თანხით გადავიხადე სწავლის საფასური. მერე დედამ გაყიდა ყველაფერი, მოსწავლეებიც ავიყვანე სტუდენტობისას, მაგრამ იმ დროს მაინც ჭირდა ცხოვრება. ერთხელ ფაქსის გაგზავნა გადავწყვიტე ჩემი ამერიკელი მასპინძლებისთვის, მეგობართან ვიქნები 2 დღე და შეგიძლიათ, დამირეკოთ-მეთქი. სახლში დავბრუნდი თუ არა, დარეკეს, არაერთხელ ვეცადეთ დაკავშირებას, მაგრამ ვერ მოვახერხეთო. გამომკითხეს ჩემი ამბავი. არ გვინდა, შენმა დედიკომ ინერვიულოს, ამიტომ ჩვენ გადაგიხდით სწავლის საფასურსო. შემომთავაზეს, სწავლის გასაგრძელებლად მათთან ჩავსულიყავი. საბოლოოდ ასეც გადავწყვიტე და ჯეიმს მადისონის უნივერსიტეტში ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტზე დავიწყე სწავლა. ბარემ, მაგისტრატურასაც დავამთავრებ და საქართველოში დავბრუნდები-მეთქი, - ვიფიქრე და სწორედ მაშინ შევხვდი ჩემს მომავალ მეუღლეს, ვიქტორ ილულის.
მაკა ოჯახთან ერთად
ის ამერიკელია. 2 შვილი გვყავს - 11 წლის რუსა-ანაბელი, დედაჩემის სახელი ჰქვია და 6 წლის ვივიენ-ანასტასია, აქ ხომ 2-2 სახელი აქვთ.

- შეიძლება ითქვას, ძალიან გაგმართლებიათ, ასეთ გულისხმიერ ადამიანებს რომ შეგახვედრათ ბედმა.
- ასეა, დღემდე ძალიან თბილი ურთიერთობა გვაქვს ამ ოჯახთან. ისინი მხოლოდ მე კი არა, ჩემს დას, თამარსაც დაეხმარნენ განათლების მიღებაში და ისიც აქ ჩამოიყვანეს. თამარმა იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა და ისიც ამერიკელზე გათხოვდა. ჩვენთან ახლოს ცხოვრობს, კონექტიკუტის შტატში სამოქალაქო დელიქტებისა და უფლებების დეპარტამენტში მუშაობს. დედაც უკვე რამდენიმე წელია, ჩვენთანაა. როდესაც ბებია გარდაიცვალა, მას მარტოს ვეღარ დავტოვებდით. ამ ამერიკელმა ოჯახმა ისეთი მაგალითი მიჩვენა სიკეთისა და ადამიანური თანადგომისა, რომ გადავწყვიტე, მეც დავეხმარო ვინმეს ცოდნის მიღებაში და შეძლებისდაგვარად ასეც ვიქცევი...

- მომიყევით თქვენი და ვიქტორის დაოჯახების შესახებ.
- თავიდან მეგობრები ვიყავით, ერთად ვმუშაობდით პროექტებსა და პრეზენტაციებზე. გაცნობიდან 2 წლის შემდეგ რომანტიკულ სადილზე დამპატიჟა. მოკლედ, მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა. ძალიან ყურადღებიანია, უყვარს კულინარია და მოგზაურობა, ისევე, როგორც მე. ბევრი საერთო გვაქვს. ამჟამად ერთ-ერთ დიდ კომპანიაში მუშაობს მენეჯერად.

- თვითონ რით მოიხიბლა, რას გეუბნებათ?
- ტრადიციული ქალბატონები მომწონსო, ამბობს. ოჯახურ ტრადიციებს პატივს სცემს. რატომღაც ფილმებში ზედმეტად თავისუფალი ცხოვრებაა ასახული, სინამდვილეში იმდენად მოკრძალებულები, თავმდაბლები და ტრადიციულები არიან, ვერ წარმოიდგენთ.

- ამჟამად თქვენ რას საქმიანობთ?
- 14 წლის წინ კონსულტანტად დავიწყე მუშაობა ერთ-ერთ კომპანიაში, დღეს ვარ ბიზნესანალიტიკოსი - მევალება ბიუჯეტის დაგეგმვა, ინფორმაციის ანალიზი, პრეზენტაცია და ა.შ.

- კულინარიით, როდის დაინტერესდით?
- ბებია და დედა ძალიან კარგი მზარეულები იყვნენ და მეც ყოველთვის მაინტერესებდა ეს სფერო. მე და ჩემი მეუღლე ბევრს ვმოგზაურობთ და ყოველთვის ვაგემოვნებთ მასპინძელი ქვეყნის ტრადიციულ კერძებს. მერე ვცდილობ, სახლშიც გავაკეთო. რამდენიმე წლის წინ გადავწყვიტეთ ვიდეოების ჩაწერა, მაშინ უფრო მეტი თავისუფალი დრო მქონდა. თვითონ ვამზადებ კერძს, თვითონვე ვიღებ, ვამონტაჟებ - მოკლედ, ერთი კაცის შოუა. ძალიან პატარა ნავი გვაქვს. ერთხელ მეუღლემ მითხრა, - მოდი, ოკეანიდან მიქცევის დროს მოლუსკები ამოვიყვანოთო. ოკეანეში ხომ უფრო იგრძნობა მიქცევა. როცა ყველაზე ნაკლები წყალი იქნება, შეგიძლია, მიწა გათხარო, ვთქვათ ნიჩბით და მოლუსკები წყლიდან ამოიყვანო. სიცილიაში ყოფნისას (დედა იტალიელი ჰყავს) ვიქტორმა მითხრა, რომ მისი ბებია ამზადებდა სარდინის პასტას ქიშმიშით, თხილითა და ცერეცოს თესლით. მოდი, მოვნახავ ამ რეცეპტს და ჩემებურად, თეთრ ღვინოში გავაკეთებ-მეთქი. ასე განვაახლე ერთი ტრადიციული კერძი. საერთოდ, იტალიური სამზარეულო ძალიან მომწონს. ვოცნებობ, საფრანგეთში წავიდე, იქაური კერძები დავაგემოვნო და ახალი რეცეპტებიც მოვიპოვო.

- თქვენი საავტორო კერძი, რომელიც დიდი მოწონებით სარგებლობს, რომელია?
- "ყაბაყის ნავების" რეცეპტს გეტყვით, ჩემი ინტერპრეტაციით ვამზადებ, თანაც ყაბაყიცა და მწვანილებიც მეუღლის ბოსტნიდან მაქვს. ავიღოთ 2 დიდი ყაბაყი, ძეხვი, ხახვი, ერთი კბილი ნიორი, იტალიური მწვანილი ბაზილიკი, პიტნა, ქონდარი, 1/3 ჭიქა დაფშვნილი პური, 2 კოვზი პარმეზანის ყველი, 1/4 ჭიქა ზეითუნის ზეთი, მარილი და წიწაკა. ყაბაყი გავჭრათ შუაზე და შიგთავსი მოვათავსოთ ცალკე. ზეითუნის ზეთში ჩავყაროთ დაჭრილი ძეხვი, დავამატოთ შიგთავსი და ხახვი. გადავიტანოთ ჯამზე და ავურიოთ დანარჩენი ინგრედიენტები. მოვასხათ ზეითუნის ზეთი და 10-15 წუთით შევდგათ ღუმელში. ჯამში შევურიოთ ზეითუნის ზეთი, ნიორი, ბაზილიკი, ტარხუნა, ქონდარი, მარილი, წიწაკა და ღუმლიდან გამოღების შემდეგ ზემოდან მოვასხათ.
მოკლედ, ბევრი რეცეპტი მაქვს დაგროვილი, მაგრამ დრო არ მრჩება გასაკეთებლად. ბოლო ვიდეო კარგა ხნის წინ ჩავწერე. გული მწყდება, რომ კულინარიისთვის უფრო მეტი დროის დათმობას ვერ ვახერხებ.

- მეუღლეს თუ მოსწონს ქართული სამზარეულო?
- თითქმის ყველაფერი მოეწონა, რაც გასინჯა, განსაკუთრებით უყვარს აჩმა. ამბობს, იტალიურ ლაზანიას მაგონებს, მაგრამ მისგან განსხვავებით ყველით, კარაქით არის დატენილი და საოცრებააო. საქართველოში ამ ზაფხულს ვფიქრობთ ჩამოსვლას და იმედია, ხელს არაფერი შეგვიშლის.

ნინო ჯავახიშვილი
ჟურნალი "გზა"
...
28 თებერვალი 2020 14:54
იღბლიანი და ჭკვიანი გოგო ყოფილხარ ჩემო კარგო, ღმერთმა ხელი მოგიმართოს და მრავალი ქართველის დახმარება შეგაძლებინოს, რადგან ეს თქვენი სურვილია. დიდი სიამოვნებით გავიცნობდი შენს ლამაზ ოჯახს

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა