"მოქალაქე რეკავს და ამბობს, ირანის მოქალაქემ ჩამიარა გვერდით და მაინტერესებს, ვირუსი ხომ არ გადამედოო?" - რას ამბობენ 112-ში? - კვირის პალიტრა

"მოქალაქე რეკავს და ამბობს, ირანის მოქალაქემ ჩამიარა გვერდით და მაინტერესებს, ვირუსი ხომ არ გადამედოო?" - რას ამბობენ 112-ში?

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ბოლო ორი დღის განმავლობაში, კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ, მოქალაქეთა მიმართვიანობა გაზრდილია.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, ჰოსპიტალიზება გრიპის ვირუსის კოდით მნიშვნელოვნად მომატებული არ არის.

"ბოლო ორი კვირის მანძილზე მნიშვნელოვანი ზრდა სასწრაფო სამედიცინო ბრიგადების გამოძახების არ გვაქვს. არის მცირედი ზრდა. თუმცა, ორი დღის განმავლობაში, როდესაც გამოცხადდა, რომ დაფიქსირდა კორონავირუსის შემთხვევა, მას შემდეგ შესაძლოა, იყოს მიმართვიანობა გაზრდილი. თუმცა, ჰოსპიტალიზება გრიპის ვირუსის კოდით მნიშვნელოვნად მომატებული არ არის. გვაქვს არამიზნობრივი გამოძახებები, როდესაც მოქალაქე რეკავს და ამბობს, ირანის მოქალაქემ ჩამიარა გვერდით და მაინტერესებს, ვირუსი ხომ არ გადამედოო?“, - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში.

შეგახსენებთ, რომ 26 თებერვალს, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექცია საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამაკაცს დაუდასტურდა, რომელიც ქვეყანაში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა. ის ამჟამად თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

იხილეთ ასევე: "კორონასი რა გითხრათ და ეს ხელების დაბანა "ვაფშე" არ ყოფილა საშიში" - "კორონა მარგალიტები" ქართველი "ფეისბუკელებისგან"