"დღეს ბევრი მიდის ექიმთან და მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის არანაირი ნიშანი არ აქვს, ამტკიცებს, რომ სუნთქვა უჭირს..." - კვირის პალიტრა

"დღეს ბევრი მიდის ექიმთან და მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის არანაირი ნიშანი არ აქვს, ამტკიცებს, რომ სუნთქვა უჭირს..."

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კიდევ ერთი ადამიანი, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდგინდა, საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან ჩამოვიდა. გამყრელიძის ინფორმაციით, მას ვირუსის სიმპტომების გამოვლენა საქართველოში ჩამოსვლის მეორე დღეს დაეწყო.

მისივე ინფორმაციით, დაავადებული მოქალაქე ჩრდილოეთ იტალიაში იყო 5-დღიან მოგზაურობაში. ეს საქართველოშო კორონავირუსის დადასტურების მოერე შემთხვევაა.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში რჩება 50 წლის მამაკაციც, რომელსაც ასევე კორონავირუსი აღმოაჩნდა, მისი მდგომარეობა სტაბილურია. ვირუსოლოგები ამბობენ, რომ რისკები მომატებულია, თუმცა ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს. არ არის გამორიცხული ხელისუფლებამ საზღვრებზე პრევენციული კონტროლი კიდევ უფრო გაამკაცროს. როგორც ირკვევა, პანიკაში მყოფ ადამიანებს კერძო ლაბორატორიები სახლში მისვლას და კვლევას სთავაზობენ, თუმცა ამას გამოეხმაურა ამირან გამყრელიძე. იგი მიმართავს კერძო ლაბორატორიებს, რომლებიც მოსახლეობას ბინაზე მისვლით ტესტის გაკეთებას სთავაზობენ, ხალხს შეცდომაში ნუ შეიყვანენ. "მოვუწოდებ ყველა ლაბორატორიას, რომელსაც ამ ტიპის გამოცდილება არ აქვს, ხალხს ნუ შეიყვანთ შეცდომაში და თქვენი პირადი მერკანტილური ინტერესების გამო, თავს ნუ შეირცხვენთ.," - როგორ უნდა დავიცვათ თავი კორონავირუსისგან, არის თუ არა პანიკის საფუძველი ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი:

- ჯერჯერობით ქვეყნის შიგნით ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის შემთხვევა არ ფიქსირდება. მოსალოდნელი იყო ამ ვირუსის ჩვენთან შემოსვლა, რადგან გამონაკლისი ჩვენი ქვეყანა ვერ იქნებოდა. შეიძლება კიდევ დაფიქსირდეს შემთხვევები, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, უფრო რთული ეპიდემიებიც გვქონია და გადაგვიტანია. არ მახსოვს ასეთი დაძაბულობა და პანიკა სხვა დროს.

- თუ ადამიანს აქვს ვირუსი, რამდენი ხანი უნდა იყოს იზოლაციაში?

- მას ისევ აუღებენ ანალიზს და იზოლაციაში იქნება მანამ, ვიდრე სხეულში დაფიქსირდება ამ ვირუსის არსებობა. როდესაც აღარ დადასტურდება, მოეხსნება იზოლაცია და დაუბრუნდება ცხოვრების ჩვეულებრივ რეჟიმს.

- როგორც ამბობენ, არცერთ მოქალაქეს, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა, მაღალი მაღალი ტემპერატურა არ ჰქონია... - რიგ შემთხვევაში ვირუსი საერთოდ უსიმპტომოდ მიდის, მცირე ნაწილში ხდება გართულება, სავარაუდოდ, ორივე შემთხვევაში მსუბუქად წავა პროცესი... საშუალოდ ერთი კვირაა ინკუბაციის პერიოდი. ერთ კვირაში შეიძლება გამოვლინდეს აქვს თუ არა ამ ადამიანს ვირუსი.

- რა სიმპტომები აქვს კორონავირუსს? - მაღალი სიცხე და სუნთქვის გაძნელება არის ყველაზე საშიში სიმპტომი, თუმცა სუნთქვის გაძნელება შეიძლება იყოს მაგრამ ისტერიული და ნევროზული. დღეს ბევრი მიდის ექიმთან და მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის არანაირი ნიშანი არ აქვს, ამტკიცებს, რომ სუნთქვა უჭირს...  ადამიანებმა რამენაირად ობიექტურობა უნდა შევინარჩუნოთ და საღად ვიმსჯელოთ ჩვენს სიმპტომებზე.

- მეტად საინტერესოა სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც ბავშვებში ინფიცირების და გარდაცვალების შემთხვევები ძალიან ცოტაა...

- სიკვდილიანობა ყველაზე მაღალი არის 70-80 წლის ზემოთ ადამიანებში, დაინფიცირება 0-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებში ძალიან დაბალია, არ დაფიქსირებულა გარდაცვალების არცერთი შემთხვევა, 10-დან 20 წლამდე ასაკის ადამიანებში დაინფიცირება დაახლოებით 1%-ია, იშვიათია ლეტალობის შემთხვევებიც.

- როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან?

- პირველ რიგში მოვერიდოთ მოგზაურობას იმ ქვეყნებში, სადაც ეს ვირუსია გავრცელებული. თუ დაგეგმილი აქვთ წასვლა, რამენაირად უნდა შეცვალონ გეგმები, ადამიანები არ უნდა აყვნენ ისტერიას, გააგრძელონ ჩვეულებრივი ცხოვრება, არ უნდა მოიქციონ თავი იზოლაციაში და რაც მთავარია, არ უნდა ჩაიტარონ თვითმკურნალობა. თუ გვაქვს ტემპერატურა, უნდა მივიდეთ ექიმთან. პანიკაში არ უნდა ჩავარდნენ, ხშირი ხელების დაბანა აუცილებელია, მოერიდონ თავშეყრის ადგილებს, მაგრამ არა ისე, რომ სკოლაში არ გაუშვათ ბავშვი და არ იარონ სამსახურებში. პირბადე უფრო მეტად უნდა გამოიყენოს იმან, ვისაც აქვს ინფექციური დაავადება, ანუ ამით სხვებს დაიცვას ვირუსისგან. ყველა დაავადება შეიძლება გართულდეს, თუ არ მოვიქცევით ფრთხილად, მით უფრო, თუ ისტერიკაში ჩავვარდებით...  ხშირად უნდა ვანიავოთ სახლი, ეს ზოგადად ინფექციური დაავადებებისგან თავის დაცვის გზაა.

- როგორც ცნობილია, კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტები არ არსებობს, როგორ უნდა უმკურნალონ ამ დაავადებას?

- მედიკამენტი არ არსებობს ამის საწინააღმდეგოდ, ახლა მიმდინარეობს კლინიკური გამოცდა. ინფიცირებული ადამიანის მკურნალობა სიმპტომურად ხდება. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ჩინეთში კორონავირუსის ყოველდღიური ახალი შემთხვევების რიცხვი მცირდება და გამოჯანმრთელებულთა რიცხვი იზრდება. თუმცა პრობლემად რჩება ჩინეთის საზღვრებს გარეთ შემთხვევათა სწრაფი მატების ტენდენცია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთის გარეთ სიკვდილობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაბალია. მაგალითად, კორეაში 0.9%, იაპონიაში 0.6%. სიკვდილობის პროცენტი მაღალია ირანში, რაც, სავარაუდოდ, უკავშირდება იმას, რომ ირანში დიაგნოსტიკა მხოლოდ უკიდურესად დამძიმებულ პაციენტებში ხდება. გასაგებია ახალია ეს ვირუსი და ხალხს ისე ეშინია, რომ ამ ფონზე გვავიწყდება მიმდინარე საფრთხეები. კორონავირუსზე აჟიოტაჟმა დაგვავიწყა გრიპი, რომლის სტატისტიკა აშშ-ს მაგალითზე ასეთია: მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში (8-15 თებერვალი) გრიპს ემსხვერპლა 13 ბავშვი, რაც რეკორდული მაჩვენებელია. წელს აშშ-ში დაავადებათა კონტროლის ცენტრის შეფასებით, გრიპის 26 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა, 250 ათასი ადამიანის ჰოსპიტალიზაცია მოხდა, მათგან 14 ათასი გარდაიცვალა. ერთეული გართულების შემთხვევები, სამწუხაროდ, საქართველოში იყო და რამდენიმე ლეტალურადაც დასრულდა.

- სხვა ვირუსების და გრიპის სეზონი გაზაფხულზე იკლებს, კორონავირუსიც შეიძლება გაზაფხულზე გაქრეს?

- ჯერ ზუსტად არ ვიცით, როგორ მოიქცევა კორონავირუსი. ხშირად საშიში ინფექციები მცირდება ტემპერატურის აწევასთან ერთად, იმედია, ამ შემთხვევაშიც ასე იქნება, თუმცა ამაზე გარანტირებული პასუხი არ გვაქვს. კორონავირუსები არ არის ახალი მოვლენა, არსებობს დიდი ხანია და პერიოდულად ჩნდება მისი აგრესიული შტამები, როგორც მოხდა 2003 წელს, ასევე 2012 წელს. ზოგჯერ არის ისეთი ფორმები რომელიც იღებს ეპიდემიის სახეს და სწორედ ეს შემთხვევაა ახლა. ესეც არ უნდა დაგვავიწყდეს, თუ გვაქვს სურდო, უნდა მივიდეთ ექიმთან! ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს მომავალ სეზონზე ვაქცინაცია, ეს აუცილებელია ყველასთვის. ფრინველის გრიპი გადავლახეთ, უფრო საშიში ვირუსები გადავლახეთ და ამასაც გადავლახავთ, პანიკის საფუძველი მართლა არ არის.

იხილეთ ასევე: 9 წლამდე ბავშვებში კორონავირუსით გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა - ყველაფერი ახალ ვირუსზე რიცხვებში

(სპეციალურად საიტისთვის)