"ისეთ ასაკში მივედით, უნდა დავჩუმდეთ და სხვას ვასწავლოთ დუმილით მოთმინება ტკივილის, მაგრამ თურმე ღრმად მოხუცსაც დედა გინდა" - კვირის პალიტრა

"ისეთ ასაკში მივედით, უნდა დავჩუმდეთ და სხვას ვასწავლოთ დუმილით მოთმინება ტკივილის, მაგრამ თურმე ღრმად მოხუცსაც დედა გინდა"

"უსიყვარულობაა პირველი მიზეზი იმისა, რომ ერთმანეთის გამოსაფატრად მზად არის საქართველო"

ზღაპრის სიუჟეტს ჰგავს პოეტისა და ფოლკლორისტის, ეთერ თათარაიძის ბავშვობა. მართლაც ზღაპრულ ისტორიებს გვიამბობს ოჯახზე, თუშთა ცხოვრებასა და ზნე-ჩვეულებებზე. განვლილ წლებთან ერთად, თანამედროვე ყოფაზეც ვისაუბრეთ.

ჩემი და-ძმები

- დავიბადე მეცხვარე მამისა და დიასახლისი დედის თუშურ სახლში. ჩემი და ლელა თათარაიძე ჩემზე შვიდი წლით არის უფროსი. ძმა, რომელიც ახლა ინსულტით გვყავს ავად, ვერ გვემეტყველება. ერთადერთი, რაც ამოთქვა, როცა მძიმედ შეაწუხა ტკივილმა, იყო "ვაიმე დედო" თუშურად. რაღა დროს ჩვენი დედო და კვნესაა, უკვე ისეთ ასაკში მივედით, რომ უნდა დავჩუმდეთ და სხვას ვასწავლოთ დუმილით მოთმინება ტკივილისაც და განცდებისაც, მაგრამ თურმე ღრმად მოხუცსაც დედა გინდა. ერთი ძმა, ჩვენში გამორჩეულად ნიჭიერი, აღარ გვყავს. სულ მივტირით მის ბედისწერას. მე ნაბოლარა ვარ, ვისი გაჩენაც მამისთვის თურმე მაინცდამაინც სასიხარულო სიახლე არ ყოფილა. როცა უთქვამს დედას, რომ ელოდება მეოთხე შვილს, მამას უპასუხია, სანამ დროა, მიხედე ამ საქმეს, რადგან გოგოც გყავს და ბიჭებიცო. არადა, მამას უგონოდ უყვარდა ბავშვები, მაგრამ აღმოჩნდა, რომ გოგოს დაბადება აშინებდა - ჩემს უფროს დას, ლელას, დედა 9 თვის ასაკში გარდაეცვალა. დედაჩემი ლელას წლინახევრიდან ზრდიდა. გიჟდებოდნენ ერთმანეთზე. ეტყობა, მამას ეშინოდა, რომ ჩემი გაჩენით დედასა და ლელას შორის ეს იდილია დაირღვეოდა.

ლელას დედა მოულოდნელად გარდაიცვალა. როგორც გვიამბობდნენ, უნიკალური ადამიანი იყო - ანასტასია, იგივე ანეტო. კავკასიონზე გადმოვლისას ჩქარობდნენ თურმე, რადგან ბინდდებოდა. გზად ცხენზე ნამგზავრ, გახვითქულ ანეტოს წყალი მოუთხოვია. მამას უთქვამს, ჯერ არ დალიო, შეიცადეო. "ცივ წყალ არ დაღლივ, გულზე გადაგესხმებავ", - ასე იცოდნენ თუშებმა თქმა. ნიშნავდა, ფილტვები გაგიცივდებაო. ანეტო ყინულის ნაჟურს დასწაფებია და იქვე დაწყებია ხველება. სწრაფი ჭლექი დაემართა და დარჩა 9 თვის ლელა... მერე ლელაზე ბებია ზრუნავდა, რომელიც დარდისგან ლოგინად ჩავარდნილა. როცა მე მივედი, ლელა დამხვდა ძვალზე კანგადაკრულიო, იხსენებდა ხოლმე დედა.

კესანესა და სტეფანეს ქორწინება

დედას ოჯახში მისვლა ცალკე ისტორიაა. განა ქორწილითა და ხრიალ-გრიალით მივიდა, მანამდე მამა ერთხელ ჰყავდა ნანახი დართლოში, ვიღაცის ქორწილში, ჯერ კიდევ მანამ, სანამ მამა ანეტო დედას შეირთავდა. სხვადასხვა ხეობის ხალხი იყვნენ - დედა ჩაღმის თემიდან, მამა - პირიქითის თემიდან. ჩემი მამა-ბიძები მართლა სხვა სინათლის მატარებელი ხალხი იყვნენ, ულამაზესები. პირს აბანინებდნენ თურმე დღეობებში გოგოები - უმარული (ფერუმარილი) გისვიათ თუ არაო. თუშეთში მარჯაკლები აგვარებდნენ ქორწინების ამბებს, ყოველგვარი ტყუილის გარეშე. უთხრეს კესანეს, ასეთი და ასეთი კაცია, ჰყავს მომაკვდავი ბავშვი, ავადმყოფი დედა და გაჰყვები? ხარ ამ ტვირთისთვის მზადო? არ ვიცი, ვისზე მეუბნებითო, უთქვამს დედას. ეტყობა, მოეწონა წარსულში სტეფანე. გარეგნობის გარდა, მამა მღეროდა, უკრავდა. ალბათ, თავი გამოიჩინა იმ ქორწილში, ან იქნებ ბედისწერამ დაამახსოვრა... და გაჰყვა.

ძალით დაბადებული

დაღონებული მისულა დედა მაზლისცოლთან, რუსუდანთან - სტეფომ მითხრა, დროულად მიხედე თავსო... ბიცოლაჩემს უთქვამს, აქ გაჩერდი, საღამოს შინ რომ მიხვალ, უთხარი, ვიყავი ექიმთან და დამაბარა, ქმარს თუ არ მოიყვან თანხმობისთვის, ისე ხელს ვერ მოგკიდებო. რომელი თუში მეცხვარე გაჰყვებოდა ცოლს გინეკოლოგთან? მამას შეუცხადებია, რას ლაპარაკობ, მე იქ როგორ მოვალ, უჩემოდ უშველე თავსო. დედა ამბობდა, ღამე დავწექი და ვიფიქრე, ამის გამო ხომ ვერ დავანგრევ ოჯახს, მართლა გოგოც გვყავს და ბიჭებიცო და გადავწყვიტე, დილიდან ახმეტაში ექიმთან წავსულიყავიო. ღამით დასიზმრებია, მთაზე თეთრი სამოსით თეთრწვერიანი კაცი გამოჩნდა, ჩემკენ რომ მოდიოდა, ნიავი წვერს გვერდზე უფრიალებდაო. მომიახლოვდა და მითხრა, ახლა რა ფიქრითაც დაიძინე, ოღონდ ეგ არ გააკეთო და მშობიარობას მე შენ ცხრა ქალს დაგახმარებო. თვალები რომ გავახილე, ვთქვი, სულ რომ ოჯახი დაგვენგრეს, მე ამ ბავშვს ვერ მოვიშორებო. წავიდა მამა ცხვარში...

დედამ 15 მარტს გამაჩინა შინ, მარტომ... ჭიპლარიც გადამიჭრა, მაბანავა, ჩამაწვინა, თვითონაც მოწესრიგდა... მაშინღა მივხვდი, რომ მუცელიც კი არ ამტკივებია, ისე გაგაჩინეო. დამახმარ უფალმ ცხრა ქალ შენ გაჩენას, დედი,"- ასე მეტყოდა ხოლმე. ასე ძალით გაჩენილი ვარ.

მამას გოგო

მაისის ბოლოს მამა ცხვრით მობრუნდა ალვანს. შემოვიდა შინ. არც ის მითხრა, არც - ეს, არც შენ შემოგხედაო, - დედამ, - დამიბარა, ამდენ დღეში მოვალ და გამზადებული დამახვედრე ბალღებიც და შენი თავიცო. ივნისის დასაწყისიდან მეცხვარეები ოჯახებთან და ცხვართან ერთად თუშეთში ადიოდნენ. სამი თვისა წამიყვანეს თუშეთში... ქოჭებს ეძახდნენ თუშები, აკვანივით ამოღრამული შესაკაზმია. შემოადგამდნენ ვირს, ჯერ საბნებს ჩადებდნენ შიგნით, მერე თეთრეულს, მერე ბავშვს (წვიმის დროს ბრეზენტს გადაააფარებდნენ) და მთელი გზა ასე მიჰყავდათ.

მგზავრობაში 2-3 ღამეს კავკასიონზე ათენებდნენ. ვისაც ნანახი აქვს "თუში მეცხვარე", ყველამ იცის, როგორ ჭრიან ზვავებს და გადაჰყავთ ზედ ხალხიც და საქონელიც. ერთ-ერთი ზვავის გადავლისას ეს ჩემი სახედარი ფეხებით ჩაჭედილა. მამაჩემი გამოქცეულა, ქოჭებისთვის ხელი წაუვლია, ამოუწევია, გათავისუფლებული სახედარი კი მოულოდნელად ზვავზე დაცურებულა და ზედ უფსკრულის პირზე ჩაჩხერილა ისევ ფეხებით. მამა გაქვავებულა, დადუმებულა, დედას კი - ვაიმე, ბალღიო, აღმოხდენია. ისე ჩუმად მგზავრობდი, სხვა მწყემსებმა არც იცოდნენ, კიდევ ერთი ბავშვი რომ გვყავდაო. ჩვენი თანასოფლელი კოსტა ძია, დარჩიაშვილი, დასრიალებულა ზვავზე... იმან გადაგვარჩინა - გადახადა ბრეზენტი ქოჭებს და ამოსძახა თურმე, არ იდარდო, ბალღი ცასა ხედავსო. ამ ამბის მერე მამას უგონოდ ვუყვარდი, ლელა კი დედას გოგო იყო ყოველთვის.

ეთერო ურევს

ჩემი ძმები კარგად უკრავდნენ, ლელა კი ატამანი იყო ყველაფრისა. მამას ყიზლარიდან რულონებით მოჰქონდა ხოლმე ფართლეული, ისე, როგორც ყველა თუშ მეცხვარეს. მაშინ სად იყო სამოსი - დედა ამით გვიკერავდა. რატომ ვყვები ახლა ამას... ლელას ყველაფრის უფლება ჰქონდა - დეკორაციებს აწყობდა, ჭერიდან ჩამოუშვებდა ამ ფართლეულით ფარდებს და იწყებოდა კონცერტი. მე და დედა ვისხედით, მაყურებლები. ლელა და ძმები უკრავდნენ, მღეროდნენ. მეც თუ წამოვიწყებდი სიმღერას, წკუპ და, სამივე ჩუმდებოდა. ამაზე სახე სატირლად მემზადებოდა... დედა იკითხავდა, რად ეთეროს არ ამღერებთ? ლელა კი პრისტავულად გამოაცხადებდა: "ურევს!"

სულაც არ ვურევდი, ერთ არასწორ ნოტს ვერ გამომაპარებთ... დედაც კარგად მღეროდა და მისი და ანაც. ერთადერთი დეიდა დამრჩა, კატო. იმან იცის ხოლმე გახსენება, კესანე და ანა რომ გათხოვდნენ, ჩვენს სოფელში მოწყენილობა დაიწყო, ასე ტკბილად ვინღა გვიმღერებსო. ფრაგმენტულად მახსოვს, 3-4 წლის ვიქნებოდი - დედა სახლს ალაგებდა და მღეროდა, თაფლისფერი კაბა ეცვა, ვუყურებდი და ვფიქრობდი, ჩემზე ლამაზი დედა არავის ჰყავს-მეთქი. ისეთი ტკბილი ხმა ჰქონდა, ის რომ მღეროდა, მე რაღაცნაირად მეტირებოდა.

პირველი ლექსი და პირველი წარმატება

ერთხელ, როცა შინ მარტო ვიყავი, სინათლე ჩაქრა. მშიშარამ სანთელი ავანთე, დავჯექი და რაღაცნაირად ფიქრები ავაწყვე... განცდა მახსოვს მხოლოდ, თითქოს ლამაზად ვიფიქრე, თუ რაღაც... და ეს პროცესი ძალიან მომეწონა. ამ ფიქრმა როდის მიიღო ლექსის ფორმა, არ მახსოვს. ბავშვობიდან რომ ვჩხაპნიდი და სულ ვმალავდი, ეგ ვიცი. ქართულის მასწავლებლები სულ მამჩნევდნენ. სხვანაირად ფიქრობს, ეს არავის ჰგავსო, უთქვამთ. რასაც ვწერდი, მხოლოდ ლელამ და ორმა მეგობარმა იცოდა.

- ვახუშტი კოტეტიშვილს როგორ შეხვდით?

- 1979 წლის 14 აპრილს ფილარმონიაში გაიმართა ხალხური პოეზიის დიდი საღამო თენგიზ მირზაშვილის, ვახუშტი კოტეტიშვილისა და ალექსი ჭინჭარაულის თაოსნობით. მაშინ აბიტურიენტი ვიყავი და მეგობართან ერთად ვცხოვრობდი. ბილეთი ვერ ვიშოვეთ და გული გვწყდებოდა. ღამე ზარია და ლელა შემოდის თავისი ფანდურ-გარმონით - ფილარმონიაში კონცერტის მონაწილედ ჩამოგვიყვანესო. ვეცით, კულისებში მაინც დაგვაყენეო. კულისებში კი არა, უნდა წამოხვიდე, ვუამბე შენზე და გელოდებიან შენი ლექსებითო. ის ღამე ტირილში გავათენე - არ მინდოდა წასვლა. არც უფროსი იცი, არც უმცროსი, როგორ ვუთხრა, არ გამომყვაო, - მსაყვედურობდა ლელა. ვახუშტიმ, ლექსო პაპამ და ჩუბჩიკამ მიმიხმეს და რაზეც გადავშალე, ის წავიკითხე. რომ დავასრულე, ჩუბჩიკამ ვახუშტის გასძახა, ნახე, ბალღო, რა ლექსიაო; ლექსო პაპა ტიროდა, ვახუშტიმ კი მითხრა, ახლა წახვალ, დაისვენებ, საღამოს კი კონცერტის მონაწილე ხარო. იმ დღიდან დაიწყო... და მოვედი დღემდე.

ჩვენი დღევანდელი ყოფა

ჩემი დღევანდელობა ისეთივე დაღლილია, როგორიც ჩვენი ქვეყანა. სულ მოლოდინში ვართ, ყოველ შემთხვევაში - ჩემნაირი ხალხი. მინდა, რომ ძალიან ბედნიერ ქვეყანაში ცხოვრობდეს ჩემი შთამომავლობაც, ნათესაობაც, ყველა ჩემია საქართველოში. მე მინდა, ქართველი ადამიანი იყოს გულდამშვიდებული, უხარბო და ბედნიერი.

- რატომ არის ამდენი აგრესია ქვეყანაში? - იმიტომ, რომ სიყვარული აღარ ვიცით, მიგვატოვა... საქართველო ახლა ისეთ მდგომარეობაშია, მგონი, დედა-შვილიც აღარ უწევს ერთმანეთს ანგარიშს. თვითონ იყოს ბედნიერი და აღარც შვილზე დარდობს და აღარც - ძირზე.

ეს არის პირველი მიზეზი იმისა, რომ ერთმანეთის გამოსაფატრად მზად არის საქართველო. იმათ არ შეურაცხვყოფ, ვინც კიდევ ხერხემლად დგას, უმთავრესად კი გამეტებული გვყავს ერთმანეთი. სიყვარულის ნატამალი არ დავიტოვეთ... ერთმანეთს არაფერს ვპატიობთ... სამართალი აღარაა...

- რისი ბრალია ეს, ფასეულობები შეიცვალა, პოლიტიკა შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში თუ...? - პირველი, რაც ღიად ჩანს, პოლიტიკაში არის მძვინვარება. სულ ყველას პარლამენტარობა უნდა - არის ღირსი, წერა-კითხვა იცის, სახელმწიფოებრივად აზროვნებს, თუ არა... ბევრნი ისეთ სამარცხვინო რამეებს აკეთებენ, ყველა მხრიდან... არ შეიძლება შენს ქვეყანას ასე მოექცე. მე არ გამოვდგები ამის საბჭოდ, მაგრამ დუმილით შემიძლია სამძიმარი ვთქვა ჩვენს არსებობაზე. ძალიან ცოდოები ვართ, ვისაც გვიყვარს ჩვენი ქვეყანა. მე, მაგალითად, ვცოცხლობ ქართული სიტყვით და ვცოცხლობ ჩემი ქვეყნით. ეგ მეკარგება, დროდადრო მგლეჯენ სიტყვას პირიდან და ქვეყანას - ხელიდან. ეს ძალიან მძიმეა ჩემთვის და საკუთარ ქვეყანაზე ჩემზე ათასჯერ უფრო შეყვარებული ხალხი, წარმომიდგენია, როგორ განიცდის და ნატრობს, რომ დადგეს დღე, როცა მთელ საქართველოს, დიდ-წვრილიანად, ერთმანეთი ეყვარება.

- ისტორიას რომ გადავხედოთ, ამაზე რთული პერიოდებიც გვქონია... იმედია, ახლაც გაივლის ეს დაძაბულობა... - უნდა გაიაროს. მე ვიცი ერთი ქართული შეგონება: "ერთ დრო არ ჩერდებ". რაღაცებს რომ გეგმავს ადამიანი, ამას ვიზამ, იმას ვიზამო, თან უნდა ფიქრობდეს, რომ ხვალ შეიძლება სულ სხვა დღე გათენდეს. ეგ არის წუთისოფლის წესი. არც ერთი მთავრობა ჩერდება სამუდამოდ, არც ერთი კანონი კანონობს სამუდამოდ, გარდა გამონაკლისებისა, რასაც ჰქვია მორალი.

ღმერთმა არ ქნას, რომ დრო და სივრცე არ იცვლებოდეს. მაშინ ძალიან მძიმე იქნებოდა ცხოვრება, იმიტომ, რომ სულ ბედნიერებაც შეიძლება შესწყინდეს ადამიანს. სულ ვამბობ, არაფერ შუაში არ არის ქვეყანა, შუაში არიან ადამიანები, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობენ. ჩვენ თუ განვიწმინდებით და გავხდებით მორალურები, ქვეყანაც ეგეთი გახდება. მოკლედ, როგორებიც ვიქნებით, ისეთი ქვეყანა გვექნება.