ტუარეგები საზღვრებს არ ცნობენ - უდაბნოს თავისუფალი ადამიანები - კვირის პალიტრა

ტუარეგები საზღვრებს არ ცნობენ - უდაბნოს თავისუფალი ადამიანები

"თეთრკანიანი ტუარეგების შავკანიან ქალებთან შერეულმა ქორწინებამ ჩამოაყალიბა ისინი ეგზოტიკურ და ლამაზ ტომად. მათ მუქი კანი, ევროპული სახის ნაკვთები აქვთ და ძალიან ამაყები არიან"

გეოლოგი მურმან კვინიკაძე ერთ-ერთი ქართველია, რომელიც ალჟირში, საჰარის უდაბნოში ოქროსა და გრანიტის ახალი საბადოების აღმოჩენაზე მუშაობდა. 4 წლის შემდეგ მან ალჟირს გაფართოებული ოქროს საბადო დაუტოვა, თავის თავს კი ტუარეგებზე მოგონება: ეს ხომ დედამიწაზე ერთ-ერთი ეგზოტიკური ტომია: თეთრკანიანებისა და აფრიკელი შავკანიანების ამ შთამომავალთა სილამაზე და ცხოვრების წესი ნებისმიერ უცხოელს აღფრთოვანებულს ტოვებს.

- საჰარაში სამუშაოდ წასვლა არც ახლაა იოლი და არც მაშინ ყოფილა. არა მარტო აუტანელი კლიმატური პირობების გამო, უდაბნოს ცხოვრება იმდენად განსხვავებულია, რომ სტრესს იღებ. სწორედ ამის გამო გვეძლეოდა გეოლოგებს 20-დღიანი შვებულება ყოველ 3 თვეში ერთხელ. გასული საუკუნის ბოლოს რუსეთიდან გეოლოგები ალჟირმა იმიტომ მოითხოვა, რომ ისინი ძვირფასი მადნეულის, მათ შორის, ოქროს მოპოვებაში იყვნენ გამოცდილი. ალჟირს საჰარის უდაბნოში ოქროს საბადოების გაფართოება და ოქროს სავარაუდო მარაგების დაზვერვა სურდა, ამიტომაც სპეციალისტებს დიდ პატივს გვცემდნენ. ჩვენ დაახლოებით საბურთალოს მეათედისხელა "ქალაქში" დაგვასახლეს და ყველაფრით უზრუნველგვყვეს კონდიციონერებისა და შხაპების ჩათვლით. ხელფასიც მაღალი გვქონდა - 3.500 დოლარი, მაგრამ ჩვენ მხოლოდ 700 დოლარს გვიტოვებდნენ, დანარჩენი რუსეთს მიჰქონდა. ჩემთან ერთად მეორე ქართველი გეოლოგი, გიორგი ლობჟანიძეც მუშაობდა, რომელიც მოლდავეთში ცხოვრობდა და სპეციალურად ჩამოიყვანეს საჰარაში, რაც, სხვათა შორის, სწორი გათვლა აღმოჩნდა - სწორედ ლობჟანიძემ მონიშნა 3 კმ სიღრმის ბურღილი ნიგერიის საზღვარზე, სადაც წყალი ამოვიდა, მანამდე კი ყველა ცდა კრახით მთავრდებოდა. ეს ადგილი საჰარაში ყველაზე გაუდაბნოებულია, თვით ტუარეგებიც "უდაბნოს უდაბნოს" ეძახიან.

სწორედ ამ ბურღილის გახსნისას მოხდა ის, რაც არასოდეს დამავიწყდება - ჩვენ რომ ამოხეთქილ წყალს აღტაცებულები შევცქეროდით, საიდანღაც მოვარდნილი აქლემი წყლის ორმოს დაეწაფა. უეცრად ფეხქვეშ ქვიშა გამოეცალა და თავით ჩაეკიდა ჭაბურღილში. ცოტაც და, დაიხრჩობოდა. მეტად კომიკური იყო, უდაბნოში, წყალში აქლემი გვეხრჩობოდა...

- საჰარაში ოქრო აღმოაჩინეთ? - უნგრელ მეცნიერებს ოქროს დიდი ფართობები ჰქონდათ მონიშნული, ჩვენ უკვე არსებული საბადოები გავაფართოვეთ. საჰარაში ოქრო კვარციტის ძარღვებშია გაბნეული და თანაც ბევრი. ასე რომ, ამ სახელმწიფოს ჩვენს მუშაობაში ტყუილად არ გადაუხდია რუსეთისთვის უზაზარმაზარი ფული. ბოლო წლებში ჩინელი გეოლოგები გამოჩნდნენ და ალჟირმა რუსები ჩინელებით შეცვლა - 5-6-ჯერ ნაკლებს უხდის.

შემდგომში გრანიტის მოსაძიებლად გამომიძახეს, ამჯერად, 6 თვით. მხოლოდ ერთი ფრანგი თარჯიმანი მყავდა. მართალია, ჩვენი ხელფასის დიდი ნაწილი კვლავ რუსეთს მიჰქონდა, მაგრამ მე და თარჯიმანს 18 კაცი გვემსახურებოდა, მზარეულის, დამლაგებლის, წყლისა და სურსათის დამტარებელი ავტომანქანების ჩათვლით.

6 თვე ტუარეგებივით ჩვენც ქვიშაზე დადგმულ კარავში ვცხოვრობდით. განსხვავება ის იყო, მე მხოლოდ ზამთარში ვცხოვრობდი კარავში, როცა უდაბნოს ტემპერატურა 35 ცელსიუსია, ტუარეგები კი ზაფხულსაც კარვებში ატარებენ, როცა ტემპერატურა 50 ცელსიუსზე ბევრად მეტია. ზოგან ქვისაგან აშენებული მიწურებიც უდგათ, რომელიც ძალიან ბნელია.

- მედიაში ტომის სილამაზეზე სასწაულებს ჰყვებიან, და რომ ტუარეგებში კვლავ მატრიარქატია გაბატონებული. - ასეც არის. თუმცა მედიაში შელამაზებული ამბები იბეჭდება. რეალობა რომ გაიგო, მათ გვერდით წლობით უნდა იცხოვრო. მათი ისტორია იმ ტუარეგებისგან ვიცი, რომლებიც ჩემ გვერდით მუშაობდნენ. მათ შორის ერთ-ერთ მეცნიერთან ვმეგობრობდი კიდეც. როგორც მითხრა, მისი ხალხი საჰარაში V-VI საუკუნეების არაბული ომების შედეგად აღმოჩნდნენ. ამ დროს უდაბნო სულაც არ იყო დღევანდელი მასშტაბის (საჰარამ 1820 წლიდან 10%-ით მოიმატა.) საჰარაში ტუარეგებმა აქლემებით მოგზაურობასა და ვაჭრობას მიჰყვეს ხელი, რასაც დღესაც ეწევიან. თუმცა გადასახლებამ თეთრკანიანი ტუარეგები ისეთი დილემის წინაშე დააყენა, როგორიც ქალების ნაკლებობაა. ამიტომაც ცოლად მალელ ან ნიგერიელ შავკანიან ქალებს ირთავდნენ, ოღონდ ერთი პირობით - ყველა შავკანიანი ცოლი მონად ითვლებოდა. თუმცა მათი შვილები უკვე ნამდვილი ტუარეგები იყვნენ. სწორედ ამ შერეულმა ქორწინებამ ჩამოაყალიბა ტუარეგები ეგზოტიკურ და ლამაზ ტომად. მათ მუქი კანი, ევროპული სახის ნაკვთები აქვთ და ძალიან ამაყები არიან.

როდესაც პირველად ტუარეგთა დასახლებაში აღმოვჩნდი, მახსოვს, როგორ გამოცვივდნენ ბავშვები ჭიქებით წყლის სათხოვნელად. წყლის გარდა, რაც შევაძლიეთ, ყველაფერზე უარი გვითხრეს. საოცარი ის იყო, არ გამოჰყოლიათ არც ერთი უფროსი, რომელთაც ისევე სწუროდათ, როგორც ბავშვებს. სახელმწიფო დიდად არ ზრუნავს ამ ტომზე. მათ წყალი დღესაც უჭირთ. არც ისე დალხენილი ცხოვრების მიუხედავად, ტუარეგებს თავს ვერაფერს მოახვევ. ისინი ნიგერიელ შავკანიან ქალებს დღესაც მონებად მიიჩნევენ. ამ ქორწინებისგან დაბადებული ტუარეგი ქალები ნამდვილი დედოფლები არიან. ნებისმიერი ამაყი ტუარეგი ბედუინი გეტყვით, რომ ყველაფერში ემორჩილება ქალს, რომელიც მისი კარვიდან ან სახლიდან იშვიათად გამოდის და ბავშვებს ზრდის. ტუარეგები მამაცი და მშრომელი ხალხია. მათი ქარავნები პაპანაქება სიცხეში მთელ უდაბნოს გადაკვეთენ, რომ შინ შემოსავალი მიიტანონ. ჩალმით სახეს მამაკაცები იფარავენ და არა ქალები. ჩალმა მამაკაცებს პაპანაქებასა და ქარში თავის და სახის დასაფარავად სჭირდებათ. უდაბნოს ქარი საშინელებაა. თუ სახლში ვეღარ მიასწარი, მაშინ ქვიშაში უნდა ჩაემხო, რომ ქვიშამ თვალები არ დაგთხაროს. ქარი ათეულობით მეტრი სიმაღლის ქვიშის მთებს დგამს. ერთხელ მეც ამირია გზა - დილით, როდესაც უდაბნოში სამუშაოდ გავედი, 20 მეტრი სიმაღლის გორა გავიარე, უკან გამოვლისას კი სულ სხვა ადგილას დამხვდა და ავიჩემე, არასწორად მივდივართ-მეთქი, რაზეც ჩვენი ტუარეგი მძღოლი სიცილით მოკვდა... ერთხელ ჩემს ტუარეგ მეცნიერს ვუთხარი, მუსლიმანურ სამყაროში ქართველებს გურჯებს გვეძახიან-მეთქი. უეცრად თვალები აენთო, წამიკითხავს, რომ ალჟირის მონათა ბაზარზე გურჯები ძალზე ძვირად ფასობდნენ, რადგანაც ყველაზე ლამაზები იყვნენო.

ტუარეგებს საოცრად უყვართ უდაბნო, სადაც უძნელეს პირობებში ცხოვრობენ. მხოლოდ იქ არიან თავისუფლები. ისინი არ ცნობენ უდაბნოს საზღვრებს. არადა, იქ არაფრის გაკეთება არ შეიძლება აქლემების ყოლისა და ვაჭრობის გარდა, მათ შორის, მიცვალებულის დაკრძალვაც. ვერც ქვიშაში დაფლავ მიცვალებულს, ქარი გადააადგილებს, და ვერც კლდოვან ქანებში მათი ამოჭრა შეუძლებელია. ამიტომაც ტუარეგები მიცვალებულს მიწაზე ასვენებენ და ქვებს შემოუწყობენ, რომელთა ღიობებს ქარი თანდათან ქვიშით ამოავსებს. დროთა განმავლობაში, ცხადია, ეს სასაფლაოები ინგრევა. სამაგიეროდ, აქ ტუარეგთა სული ტრიალებს, რაც მათ ამ მიწაზე დარჩენას აიძულებს, რომელიც ყოველთვის როდი იყო უდაბნო - გრანიტის კვლევისას ვულკანის კრატერის გარშემო აღმოვაჩინე კლდეზე ამოკაწრული ფიგურები, რომლებიც, სავარაუდოდ, რამდენიმე ათასი წლის უნდა იყოს, რის შესახებაც ალჟირელ მეცნიერებს შევატყობინე. როგორც ამბობენ, იყო დრო, როდესაც მთელი საჰარა ოაზისი იყო, რომელიც ხალხმა გაუდაბნოების შემდეგ დატოვა. აი, ტუარეგები კი მის მიტოვებას არ აპირებენ.