მარხვა - სულისა და ხორცის განსაწმენდელი - კვირის პალიტრა

მარხვა - სულისა და ხორცის განსაწმენდელი

მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში მყოფი მორწმუნე მრევლი 2 მარტს დიდმარხვას შეუდგა. ეს მარხვა გრძელდება ორმოცი დღე, 19 აპრილამდე, როდესაც ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას. მარხვა ყოველთვის წინ უძღვის დიდ ქრისტიანულ დღესასწაულებს. ის სინანულის ერთ-ერთი სახეა. სინანულისა და განწმენდის გარეშე დღესასწაულის შეგრძნება კი შეუძლებელია. მაინც რა არის მარხვა და რატომ უნდა ვიმარხულოთ? მკითხველს კიდევ ერთხელ შევახსენებთ მარხვის მნიშვნელობას. მარხვა ადამიანის სულისა და ხორცის განსაწმენდელი და უფალთან დამაახლოებელია. ეს ის მცირე შესაწირია ღვთისათვის, რისი გაკეთებაც ადამიანს შეუძლია. წმინდა ლეონ დიდი წერს: `მარხვის შენახვა წელიწადის ოთხივე დროში გვიხდება, რათა მთელი წლის განმავლობაში ვაცნობიერებდეთ, რომ განუწყვეტლივ ვსაჭიროებთ განწმენდას; რათა ჩვენს დაუდევარ ცხოვრებაში ყოველთვის ვცდილობდეთ მარხვითა და მოწყალების გაღებით შევმუსროთ ცოდვა, რომელიც მრავლდება ხორცის უძლურებითა და უწმინდური ზრახვებით".

მარხვა და ლოცვა ეს ორი ფრთაა, რომელთაც სული ზეცად აჰყავთ.

ეკლესია გვასწავლის, რომ სხეულის მარხვა სულიერ მარხვასთან უნდა იყოს შერწყმული. თავი უნდა შევიკავოთ სხვისი განსჯისაგან. როგორც წესი, მარხვა ურთიერთწყენის მიტევებით იწყება და კიდევ, რაც ასევე მთავარია, მარხვა ლოცვასთან უნდა იყოს შეერთებული. უფალი მოგვიწოდებს ურთიერთსიყვარულისა და ურთიერთდანდობისაკენ.

როგორ უნდა მოიქცეს მორწმუნე, თუ რაიმე მიზეზით მარხვის შენახვა არ შეუძლია

ხანდახან ხდება, რომ ადამიანს მარხვის შენახვა უჭირს: ან ძალიან დასუსტებულია, ან ხნიერია, ან ავადაა და ექიმმა სპეციალური დიეტა დაუნიშნა. ასეთ შემთხვევაში არასამარხვო პროდუქტის მიღება მარხვის დარღვევად არ ჩაითვლება, თუ მორწმუნე აიღებს ლოცვა-კურთხევას, რომელსაც იძლევა ან მღვდელმთავარი, ან მღვდელი. ამ ლოცვა-კურთხევის ძალით მორწმუნემ შეიძლება მიიღოს რძის ნაწარმი და ხორციც კი, თუ ეს აუცილებელია.

მარხვის შენახვა არაა სავალდებულო აგრეთვე ბავშვებისთვის 12 წლის ასაკამდე. თუ მშობლებს მაინც უნდათ ბავშვი თავიდანვე შეაჩვიონ მარხვას, ვურჩევთ ისე განსაჯონ, რომ ხორცისაგან განტვირთვის დღეები იყოს ოთხშაბათი და პარასკევი.

ღმერთმა მოგვცეს მადლი, გულისხმისყოფა და სულიერი თუ ფიზიკური ძალები, რათა ყოველმა ჩვენგანმა - სრულიად საქართველომ ერთიანი მარხვითა და ლოცვით ვადიდოთ მამა, ძე და სულიწმიდა. ამინ.

წმინდა მამათა ცხოვრებიდან

მარხვა თავშეკავებაა

ერთხელ მაკარი ალექსანდრიელს ყურძნის მტევანი მიართვეს ძღვნად. წმინდა მამას ძალიან უნდოდა, ხილისთვის გემო გაესინჯა, მაგრამ რაკი თავშეკავების გამოჩენა სურდა, მტევანი ერთ-ერთ ძმას გაუგზავნა. ბერს, რომელმაც ძღვნით უზომოდ გაიხარა, ასევე გულით ეწადა ყურძნის შეჭმა, მაგრამ ნდომა დასძლია და მტევანი სხვა ძმას გაუგზავნა. იმ ძმამაც, წინამორბედთა მსგავსად, მტევანი სხვას გაუგზავნა, თუმცა მასაც გულით ეწადა, ხილით დამტკბარიყო. ამგვარად, ყურძნის მტევანმა მთელი საძმო ისე მოიარა, რომ არც ერთ ბერს მისთვის პირი არ დაუკარებია. ბოლოს კი იმ ძმამ, რომელსაც უკანასკნელს ერგო მტევანი, იგი, როგორც ძვირფასი ძღვენი, კვლავ მაკარის მიართვა. წმინდა მამამ მტევანი იცნო, ყოველივე წვრილად გამოიძია და გაოცებულმა და გახარებულმა განადიდა უფალი, რომელმაც საძმოს ასეთი თავშეკავება და მოთმინება მომადლა.

დაბრუნებულ ხილს კი ღვთივსულიერმა ბერმა გემო მაინც არ გაუსინჯა.

***

ერთ მოღვაწე მამას, სახელად ელინს, უდაბნოში მარტოდმარტო მყოფს, თაფლი მოუნდა. მალე ქვის ქვეშ თაფლით სავსე გოლეული იპოვა და თქვა: "განვედ ჩემგან, მოუთოკავო გულისთქმავ, რადგან დაწერილია: სულითა ვიდოდეთ და ხორცთა გულის თქუმასა ნუ აღასრულებთ" (გალ. 5:16), - ფიჭას ხელი აღარ ახლო და იქაურობას განერიდა.

ერთხელ კი, უდაბნოში სამკვირიანი მარხვის შემდეგ, წმინდა ელინმა მიწაზე მიმოფანტული მრავალფერი ნაყოფი დაინახა და თქვა: "მე არც მივეკარები და არც გემოს გავუსინჯავ მათ, რათა არ ვაცთუნო ძმაი ჩემი ანუ სული ჩემი, რამეთუ დაწერილია: "არა პურითა ხოლო ცხოვნდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყვითა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა" (მათე 4:4). იმარხულა კიდევ ერთი კვირა და ბოლოს მიეძინა. ძილში კი ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: "ადექი და რასაც იპოვი, იხმიე". ბერიც წამოდგა, მიიხედ-მოიხედა და წყარო დაინახა, რომლის გარშემოც თვალწარმტაცი მცენარეები ხარობდა. წმინდანმა წყალი დალია და მცენარეთა უგემრიელეს ნაყოფსაც გაუსინჯა გემო. შემდგომში ამბა ელინი ამტკიცებდა, რომ თავის სიცოცხლეში მსგავსი არაფერი ეხმია. იქვე ახლოს მამა ელინი პატარა გამოქვაბულსაც წააწყდა, სადაც რამდენიმე დღე კვლავ უჭმელ-უსმელმა გაატარა. ბოლოს, როდესაც საზრდოს მიღების საჭიროება იგრძნო, ბერმა მუხლი მოიყარა, ლოცვა აღავლინა და იმავე წამს ყოველგვარი სანოვაგე მიეცა - თბილი პური, ზეთისხილი და სხვადასხვაგვარი ტკბილი ნაყოფი.

მარხვა მოშურნეობაა

მაკარი ალექსანდრიელი დიდად მოშურნე მოღვაწე გახლდათ. თუკი შეიტყობდა, ამა თუ იმ ბერმა განსაკუთრებული მადლი იტვირთაო, თავადაც მსწრაფლ იმასვე აღასრულებდა.

ერთხელ მაკარიმ შეიტყო, რომ ვინმე განდეგილი დღეში მხოლოდ ერთ ლიტრ (დაახლოებით 324 გრამ) პურს იხმევდა. წმინდა მაკარი საღვთო მოშურნეობით აღივსო და ამგვარი ღვაწლი იტვირთა: მთელი პური, რაც კი გააჩნდა, და ორცხობილა წვრილ ნატეხებად დაამტვრია და ვიწროყელიან ქოთანში ჩაყარა, რომელშიც ხელის მტევანი გაჭირვებით ეტეოდა. ღირსი მამა მხოლოდ იმდენ პურს ჭამდა, რამდენიც ერთ ამოღებაზე ამოჰყვებოდა ქოთნიდან, ისიც - დღეში ერთხელ. შემდგომში იგი ჰყვებოდა, რომ ხანდახან, როდესაც ქოთანში ხელს ჩაყოფდა, პურის დიდი ნატეხი მოჰყვებოდა ხოლმე, მაგრამ როცა მის ამოღებას დააპირებდა, ქოთნის ვიწრო ყელში ხელი აღარ ეტეოდა და ნატეხიც უკანვე ვარდებოდა. ასე რომ, ჩემი ქოთანი ბევრის ჭამის საშუალებას არ მაძლევდაო, - იტყოდა ხოლმე.

მანანა ჯანელიძე