რეალობა და მითები კორონავირუსზე - როგორ დავამარცხოთ დაავადება, რომელიც მსოფლიოს უტევს?! - კვირის პალიტრა

რეალობა და მითები კორონავირუსზე - როგორ დავამარცხოთ დაავადება, რომელიც მსოფლიოს უტევს?!

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რუკაზე წითლად აღნიშნულია ის ქვეყნები, სადაც კორონავირუსით დაავადების შემთხვევები დაფიქსირდა. 26 თებერვლიდან ამ რუკაზე საქართველოც გაწითლდა.

ამ დღეს ქვეყანაში COVID-19-ის პირველი შემთხვევა დადასტურდა - საქართველოს მოქალაქე ირანიდან აზერბაიჯანის გავლით წითელი ხიდის სასაზღვრო ტერიტორიიდან შემოვიდა. ის საზღვრიდანვე გადმოიყვანეს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში. პაციენტი 50 წლის მამაკაცია... 28 თებერვალს კორონავირუსის მეორე შემთხვევაც დაფიქსირდა - საქართველოს მოქალაქე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან ჩამოვიდა. ის 31 წლის ქალია და ვირუსის სიმპტომები საქართველოში ჩამოსვლიდან მეორე დღეს დაეწყო, რის შემდეგაც სამედიცინო დაწესებულებას მიმართა. 29 თებერვალს დაფიქსირდა მესამე შემთხვევაც - ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მოემგზავრებოდა ირანიდან, რამდენიმე დღეს დაყოვნდა აზერბაიჯანში. მას კონტაქტი ჰქონია ზემოთ მოხსენიებულ 50 წლის დაინფიცირებულ მამაკაცთან. დღეისთვის საქართველოში კორონავირუსი 9 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან ბოლო 5 შემთხვევა ერთმანეთს უკავშირდება და დაინფიცირებულები იტალიიდან დაბრუნდნენ. ისინი ორი სხვადასხვა ოჯახის წევრები არიან და სამოგზაუროდ ერთად იმყოფებოდნენ. მსოფლიო მასშტაბით კი ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 3 385-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი კი - 55 600-ია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, რომ ევროპაში ახალი შემთხვევები ყოველდღიურად იზრდება და კორონავირუსი ამ დროისთვის 88 ქვეყანაშია გავრცელებული, რაც ნიშნავს, რომ საზღვრებზე მკაცრი კონტროლი ნაკლებად შედეგიანი იქნება. ამირან გამყრელიძე გვირჩევს, შეხვედრისას ერთმანეთი არ გადავკოცნოთ, არც ხელი ჩამოვართვათ, ოფისმენეჯერებს კი სთხოვს, შენობებსა და ოფისებში სადეზინფექციო საშუალებები განათავსონ, რათა თანამშრომლებმა ხშირად დაიმუშაონ ხელები.

ამირან გამყრელიძე

საქართველოს საჰაერო საზღვარი ჯერჯერობით მხოლოდ ჩინეთსა და ირანთან აქვს ჩაკეტილი. რაც შეეხება სახმელეთო საზღვრებს, მიმოსვლა მხოლოდ ირანთან შეიზღუდა. ამასთან, შეჩერებულია გადაზიდვები ირანსა და იტალიასთან. დღეს მაღალი რისკის ქვეყნებად მიჩნეულია 4 სახელმწიფო: ჩინეთი, ირანი, სამხრეთი კორეა და იტალია. რისკ-ჯგუფებში შედიან ის მოქალაქეები, რომლებიც ბოლო 2 კვირის განმავლობაში ზემოხსენებულ ქვეყნებში იმყოფებოდნენ.

კორონავირუსის შესახებ ჩვენს კითხვებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი უპასუხებს.

"სიმპტომების დაწყებამდე ნაკლებია ალბათობა, ადამიანი იყოს გადამდები"

- ხომ არ დაგვიანდა ირანთან მიმოსვლის შეზღუდვა? იქნებ ჯობდა, პირველი შემთხვევისთანავე, ანუ 26 თებერვალსვე მიეღოთ ზომები, როგორც ეს სომხეთმა გააკეთა? - ეს ჩვენ გვგონია, რომ საზღვარს ვუკეტავთ დაავადებას, სინამდვილეში ეს არ არის დაავადების გავრცელების ერთადერთი შემაკავებელი. არსებობს ვარაუდი, რომ ირანში კორონავირუსის გავრცელების შესახებ მსოფლიოსთვის გვიან გახდა ცნობილი. შესაბამისად, "იმავე დღეს" თუ "მეორე დღეს" სიტყვების თამაშია. საქართველომ და სომხეთმა პარალელურ რეჟიმში გაატარეს ღონისძიება საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვის შესახებ.

- გაიცა რეკომენდაციები, რომ ხელები დავიბანოთ და ნერვები დავიწყნაროთ, მაგრამ კიდევ რა არის საჭირო?

- სწორი კვება, დაბალანსებული ფიზიკური აქტივობა, რისკების შეფასება და ქცევის კორექტირება...

- კონუსური პირბადე უნდა მოვიხმაროთ თუ ჩვეულებრივი? - პირბადე პანაცეა რომ იყოს, ჩინეთში ეს ვირუსი არ გავრცელდებოდა. პირბადე უნდა გამოიყენოს რესპირაციული სიმპტომების მქონე პირმა ან ავადმყოფის მომვლელმა, ასევე სამედიცინო პერსონალმა, თანაც წესების დაცვით. მიზანშეწონილია სამშრიანი სამედიცინო პირბადე და არა რესპირატორი, კონუსური უმთავრესად რესპირატორებია და მათი მოხმარება რეკომენდებულია მხოლოდ სამედიცინო პერსონალისთვის.

- ვინც გამოჯანმრთელდა როგორ და რა პრეპარატებით უმკურნალეს? - არსებობს მკურნალობის სტანდარტული მიდგომები, რომელიც ხორციელდება კლინიკური სურათის შესაბამისად.

- რა განსხვავებაა ვაქცინასა და ანტივირუსს შორის? როგორც ითქვა, ვაქცინა წარმოებაში ჩაშვებამდე ჯერ უნდა გამოიცადოს და ამისთვის 18 თვეა საჭირო. მანამდე თუ მოგვისწრებს ანტივირუსული პრეპარატები? - დიახ, ვაქცინა ორგანიზმში გამომწვევის მიმართ იმუნიტეტს აყალიბებს და ვაქცინირებული პირი ამ ვირუსით აღარ დაავადდება, ანტივირუსული პრეპარატი კი ენიშნება უკვე დაავადებულს. კორონავირუსის ამ შტამზე პირდაპირი ზემოქმედების ანტივირუსული პრეპარატი ჯერ არ გამოუგონიათ, მაგრამ მუშაობენ...

- თუ კორონავირუსის მატარებელი ხარ, მაგრამ ჯერ არა გაქვს ავადობის სიმპტომები, საინკუბაციო ვადის, ანუ 2 კვირის განმავლობაში ვირუსი აუცილებლად გამოვლინდება? თუ შეიძლება ისე ჩაიაროს ამ პერიოდმა, რომ ვერც გაიგო, ამ ვირუსით რომ ხარ დაინფიცირებული? - ეს ახალი კორონავირუსია და ბევრი რამ კვლავაც უცნობია, თუმცა მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სიმპტომების დაწყებამდე ნაკლებია ალბათობა, ადამიანი იყოს გადამდები. თუ არ ახველებ/აცემინებ და ამ გზით არ გამოაფრქვევ გამომწვევს, ვირუსის გავრცელების რისკი მინიმალურია. ძალიან იშვიათია უსიმპტომო ფორმებიც...

- სკოლებსა და ბაღებში თუ ტარდება დეზინფექცია? - როგორც უკვე ცნობილია, ბაღებსა და სკოლებში 2-დან 16 მარტამდე სწავლა აიკრძალა. ერთი, რაც ამ ვირუსის შესახებ დაზუსტებით ვიცით, ის არის, რომ ბავშვები და მოზარდები არ აღმოჩნდნენ მისი სამიზნე - 20 წლამდე გავრცელება მინიმალურია. შესაბამისად, ბაღები და სკოლები არ უნდა ჩაითვალოს მომეტებული რისკის ზონად.

- ქვეყანაში კორონავირუსის დაფიქსირებიდან მეორე დღესვე პირბადეების დეფიციტი გაჩნდა. მინისტრმა განაცხადა, რომ ამ პრობლემას მოაგვარებს და ისიც დასძინა, რომ პირბადის ფასი არ გაიზრდებოდა. თუმცა მომდევნო დღეებში პირბადეების დეფიციტი ისევ იყო და თუ ვინმეს გაუმართლა და რომელიმე აფთიაქში გადააწყდა, 7-8-ჯერ გაძვირებულ ფასად შეიძინა. მაგალითად, ახლობელმა 5 პირბადე 7 ლარად იყიდა. - პირბადეები კერძო პირებს შემოაქვთ, მოსახლეობა კი ნიღბის ისტერიკული შეძენით ხელს უწყობს ბაზარზე ამ პროდუქციის დეფიციტსა და მის გაძვირებას. ეს არაკეთილსინდისიერი ოპერირებაა და მავანი შექმნილი ვითარებით ხელის მოთბობას ცდილობს. ახლა მთავარია სამედიცინო სფეროს მზადყოფნა და არა ნიღბების მომარაგება. თითოეულ მოქალაქეს უნდა ესმოდეს, რომ ნიღაბი ყველაზე მეტად სჭირდება დაავადებულს, მის მომვლელსა და სამედიცინო პერსონალს!

- მთავრობა აცხადებს, რომ ვირუსს მომზადებული ხვდება. რაში გამოიხატება ეს? მაგალითად, ჩინეთსა თუ სხვა ქვეყნებში ქუჩებს, ტრანსპორტსა თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს სპეციალური ხსნარით ამუშავებენ... - ჩვენ ამ ეტაპზე რაიმე სპეციალური ღონისძიების გატარება არ გვჭირდება. ჩვენ გავაგრძელებთ ყველა საჭირო ღონისძიების გატარებას დაავადების გავრცელების შესაკავებლად, თუმცა, როგორ განვითარდება მოვლენები, ამის პროგნოზირება რთულია.

- დათბობასთან ერთად შესაძლებელია კორონავირუსი მოკვდეს? - შესაძლებელია, თუმცა ამ ვირუსს ჯერ ზაფხული არ უნახავს. 2020 მისი პირველი ზაფხული იქნება და დაველოდოთ...

მითი თუ რეალობა

  • ვირუსის თავიდან ასაცილებლად ხშირად ვსვათ წყალი.
- მოკლებულია მეცნიერულ მტკიცებულებას.

  • არ მივიღოთ რძის პროდუქტები.
- მოკლებულია მეცნიერულ მტკიცებულებას.

  • ვიკვებოთ მწვანე ფერის პროდუქტებით - მწვანილით, ბარდით...
- მოკლებულია მეცნიერულ მტკიცებულებას.

  • ნიორი კორონავირუსისგან დაგვიცავს.
- მოკლებულია მეცნიერულ მტკიცებულებას.

  • ალკოჰოლი ამ ვირუსს ამარცხებს.
- მხოლოდ გარეგანი მოხმარება, ხელების დასამუშავებლად.

  • ვისაც გლანდები და ბრმა ნაწლავი არა აქვს ამოჭრილი, დაინფიცირების რისკი ნაკლებია.
- მოკლებულია მეცნიერულ მტკიცებულებას.

  • ბავშვები არ ავადდებიან კორონავირუსით.
- რეალობაა! ბავშვები პრაქტიკულად არ ავადდებიან!

  • წითურას ვაქცინით აცრილებს ეს ვირუსი არ ემართებათ.
- არსებობს ასეთი ვარაუდი, თუმცა მხოლოდ ჰიპოთეზაა და არა მყარი მეცნიერული მტკიცებულება.

  • ანტივირუსული პრეპარატი გამოგონებულია და მკურნალობისას ეფექტიან შედეგს იძლევა.
- ბევრი ქვეყნის სამეცნიერო ცენტრებში გამალებით მუშაობენ კორონავირუსზე ეფექტიანად მოქმედი ანტივირუსული პრეპარატის შესაქმნელად და მართლაც რამდენიმე ანტივირუსული პრეპარატის გამოცდა უკვე მიმდინარეობს, მსოფლიოს მეცნიერები კი შედეგებს ელოდებიან.

  • კორონავირუსი, ძირითადად, 60 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებს ემართებათ.
- დიახ, თუმცა დაავადებულთა 81%-ზე მეტს მსუბუქად გადააქვს, შედარებით მძიმე ფორმით მიმდინარეობს 14%-ში, ურთულდება 5%-ს და აქედან 2% იღუპება. ლეტალური შემთხვევების უმრავლესობაში გარდაცვალების მიზეზად ქრონიკული დაავადებები სახელდება.

"არ გამოვრიცხავ, რომ შემთხვევებმა მოიმატოს, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს პანიკის საფუძველი"

ვატო სურგულაძე, კავკასიის მედიცინის და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის დეკანი: - კორონავირუსი არ არის ე.წ. მკვლელი ვირუსი, მაგრამ პრობლემა ის არის, ადვილად გადადის, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაავადებული მოსახლეობის სიჭარბე. წარმოიდგინეთ, წინა წელს მსოფლიოში 6,5 მილიონზე მეტი კაცი დაიღუპა სეზონური გრიპით, ჩინეთში კი კორონავირუსით დაავადებული 80 000 კაციდან 3 ათასი გარდაიცვალა. ეს 3,5%-იც არ არის, ევროპაში კი გარდაცვლილი ადამიანების 0,9%-ია. ფრინველის გრიპის დროს მსოფლიოში სიკვდილიანობამ 40% შეადგინა. თუმცა ფრინველის გრიპი ძალიან რთულად გადადიოდა ადამიანიდან ადამიანზე.

არ უნდა გვეშინოდეს ხვალინდელი დღის. საზოგადოებაში პანიკას ინფორმაციის ნაკლებობა იწვევს. მაგალითად, რა ხდება საზღვრებზე, როგორ ვამოწმებთ მგზავრებს, უნდა მოხდეს მებაჟეებისა და მესაზღვრეების გადამზადება, დარიგდეს საინფორმაციო ბუკლეტები, გადაიღონ ვიდეორგოლი, როგორ დავამუშაოთ სველი წესით იატაკი, ავეჯი. მოქალაქე უნდა ხედავდეს, რომ სახელმწიფო მასზე ზრუნავს, ჩვენ კი მხოლოდ გვესმის: "პანიკის საფუძველი არ არის".

- ხომ არ დაგვიანდა საზღვრის ჩაკეტვა?

- შეიძლება ვინმე ირანიდან აზერბაიჯანში გადავიდეს, იქიდან რუსეთში და მერე რუსეთიდან შემოვიდეს. საბაჟო და საპასპორტო კონტროლი უნდა გაძლიერდეს. ამით მგზავრებს დისკომფორტს შევუქმნით, მაგრამ... საზღვრის ჩაკეტვა კი არა, საჭიროა ძალიან მკაცრი კონტროლი, აღჭურვილი ექიმები, 24-საათიანი მორიგეობა. 100%-იან კონტროლს ვერ მოვახდენთ, მაგრამ ყველა ზომა უნდა მივიღოთ, რომ კორონავირუსის შემოსვლის ალბათობა მინიმუმამდე დავიყვანოთ. რაც ლაგოდეხის საზღვარზე 28 თებერვალს მოხდა, მივესალმები. ირანის რამდენიმე მოქალაქეს ჯანმრთელობის საეჭვო მდგომარეობის გამო უთხრეს, რომ კარანტინში უნდა გადაეყვანათ. მათ იუარეს. ამიტომ არ შემოუშვეს საზღვარზე. გეუბნებიან, რომ სპეციალური ინსტრუქციის თანახმად, მიმყავხარ კლინიკაში ჩემი მანქანით, იქნები იქ, გაჭმევ, გასმევ, მოგივლი და შენ უარს აცხადებ? მაშინ კარგად იყავი! ყველა საზღვარზე ასე უნდა იქცეოდნენ, სარფში, ვალეში...

არ მომწონს ის, რასაც თვითიზოლაციას ეძახიან. როგორ მოხერხდება მათი გაკონტროლება? ჩვენი მენტალიტეტია ასეთი, თორემ ნორვეგიელსა და შვედს რომ უთხრა, არ გააკეთოო, არ გააკეთებს. თვითიზოლირებულმა ქართველმა შეიძლება სტუმრებიც დაპატიჟოს და მზა საკვებიც შეუკვეთოს შინ მიტანით.

მინდა ბოქსიდან გამოსული ირანელის ამბავსაც შევეხო, ჟურნალისტებს რომ გაესაუბრა და უკან შეათრიეს. ეს ტრაგიკომედიაა! გამოიქცაო... რას ჰქვია გამოიქცა?! ბოქსიდან გამოსული სანიტარი იყო და იმიტომ არ ეკეთა პირბადეო. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იყო, ვინც იქ მუშაობს, აღჭურვილი უნდა იყოს! თუ პაციენტი დაავადებული აღმოჩნდა, შეიძლება გადაედოს იმ სანიტარს, მერე მისი ოჯახის წევრებს, ახლობლებს და... ეპიდემია სხვა კი არაფერია. ჟურნალისტებთან რომ არ შეჩერებულიყო ის "გამოპარული" და საერთოდ წასულიყო, წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა..

- შესაძლებელია საქართველოში დაიწყოს პირბადეების წარმოებაო, განაცხადა ჯანდაცვამ. - აქამდეც უნდა ჰქონოდათ მარაგები. თურმე ადრე კარგი იყო პირბადე და ახლა რომ არა აქვთ, არ არის აუცილებელი. ასე არ არის. ბრიტანეთსა და საფრანგეთში არ ატარებენო, ეს იმათი საქმეა. მე რომ მკითხო, აქვს ეფექტი, უბრალოდ, სწორად უნდა ატარო (პირბადის მოხმარების წესი იხ. გვ. 32).

- გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ შემთხვევები მოიმატებს... - არც მე გამოვრიცხავ, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს პანიკის საფუძველი. თუ გამჭვირვალე იქნება პროცესები და რეალური კონტროლი, ქვეყანას პრობლემა არ შეექმნება. მთავარია, ჩვენც მოვიქცეთ რეკომენდაციების მიხედვით - "ჩიკასავით" გადავკოცნოთ ერთმანეთი, რისკის მატარებელ ქვეყნებში მოგზაურობისგან თავი შევიკავოთ.

რით განსხვავდება კორონავირუსი გრიპისგან

რეზო მეჭურჭლიშვილი, ინფექციონისტი: - მთავარი, რაც კორონავირუსს გრიპისგან განასხვავებს, ის არის, რომ კორონავირუსს არ ახასიათებს ე.წ. პრდუქტიული ხველა, ანუ აქვს მშრალი ხველა, მაღალი ტემპერატურა, გართულების შემთხვევაში სუნთქვის უკმარისობა, ძალიან იშვიათად - დიარეა. ახასიათებს ნელი მიმდინარეობა - პირველი 5-6 დღე შეიძლება ადამიანი იყოს შრომისუნარიანი, ჰქონდეს მხოლოდ ყელის წვა, ოდნავ ხველაც, რომელიც შემაწუხებელი არ არის. თუმცა ახასიათებს მდგომარეობის სწრაფი გაუარესება. აღწერილია შემთხვევები, როდესაც მიმდინარეობდა მსუბუქად, ყელის წვით, ფებრილური ტემპერატურით და ერთ დღეში დაიწყო მძიმე ფორმით გამოვლენა - ტემპერატურამ იმატა, დაიწყო სუნთქვის უკმარისობა და ა.შ. ეს ყველაფერი რადიოლოგიურად გამოჩნდა.

მალავს თუ არა ირანი დაინფიცირების რეალურ მასშტაბებს

ჩინეთის შემდეგ კორონავირუსი ყველაზე მეტად ირანში მძვინვარებს. 28 თებერვლის ოფიციალური მონაცემებით, ირანში კორონავირუსის 106 შემთხვევა გამოვლინდა, დაღუპულთა რაოდენობა კი 26-ს შეადგენს. თუმცა არსებობს ეჭვი, რომ ეს ქვეყანა ზუსტ მონაცემებს მალავს და ინფიცირებულთა და დაღუპულთა რიცხვი გაცილებით მეტია. ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ასევე ვიცე-პრეზიდენტი იმ ინფიცირებულთა შორის არიან, ვისაც კორონავირუსი დაუდგინეს.

საქართველოში მცხოვრები იურისტი ანდრო ლაჩინანი ფერეიდნელი ქართველია. აი, რას ჰყვება ის ირანში არსებულ სიტუაციაზე:

- ოფიციალური მონაცემებისგან განსხვავებით, ირანში, სულ მცირე, 1000-ზე მეტი კაცი მაინც იქნება გარდაცვლილი. ირანის ხელისუფლებაში ახლა ზუსტად ის ხდება, რაც 1986 წელს ჩერნობილის აფეთქებისას. ინფორმაციას მალავენ და ამბობენ, თითქოს ყველაფერი კარგადაა და კონტროლს ექვემდებარება. ამ დამოკიდებულებას ის მოჰყვა, რომ არაოფიციალური ინფორმაციით, 20 000-მდე კაცია კორონავირუსით დაავადებული. ამხელა ქვეყნის მართვა ძალიან რთულია ირანის ჯანდაცვის სისტემისთვის, რომელსაც ისედაც ბევრი პრობლემა აქვს.

- რეალური მონაცემების დამალვით ქვეყნის იმიჯის შენარჩუნებას ცდილობენ, თუ კიდევ რაიმე მიზეზი არსებობს? - დიახ, არსებობს პოლიტიკურ-ეკონომიკური მიზეზები. ირანსა და ჩინეთს შორის ავიაფრენები არ შეწყვეტილა. დაავადება თავდაპირველად ქალაქ ყუმში გავრცელდა. ამ ქალაქში, შიიტების წმინდა ადგილებში, ბევრი მეჩეთი და წმინდანების საფლავებია. როგორც ქრისტიანები ვკოცნით მათ საფლავებსა და ხატებს, ისინიც ასე იქცევიან. თაყვანსაცემად ყოველდღიურად ათიათასობით კაცი დადის. ამისთვის გრძელ და მჭიდრო რიგში დგანან, აცემინებენ, ახველებენ, მერე საფლავებს კოცნიან... თვით ირანის ჯანდაცვის სამინისტრომ სთხოვა სასულიერო პირებს, რომ დროებით დაეკეტათ სალოცავები.

- დაკეტეს? - ირანში ჯანდაცვის მინისტრის თხოვნას შეიძლება ყურიც არ ათხოვონ. ექიმების მიმართაც თავისებური მიდგომა აქვთ შიიტებს, მიაჩნიათ, რომ თანამედროვე სამედიცინო სისტემა იტყუება ფინანსური სარგებლის გამო. სხვათა შორის, იურისტებსაც ალმაცერად უყურებენ, აცხადებენ, ჩვენ ვაღიარებთ რელიგიურ სამართალს და როგორც ღმერთს უნდა, ისე ვიქნებით, თქვენ ნუ ერევითო.

- ირანის დღევანდელი მდგომარეობა რა საფრთხეებს უქადის საქართველოს? - ვფიქრობ, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა საკმაოდ მყარია. ძალას არ იშურებთ, რომ კორონავირუსის გავრცელებას ხელი შეუშალოთ. ამ ეტაპზე მთავარია ირანთან იზოლაცია, ოღონდ დროებით, რადგან საქართველო ძალიან დამოკიდებულია ნავთობპროდუქტების თუ ხილ-ბოსტნეულის იმპორტზე. ამ ეტაპზე მიმოსვლა შეწყვეტილია. ჩემი აზრით, ირანის მოქალაქისთვის ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა არ იქნება ადეკვატური ქმედება, მაგრამ მკაცრად უნდა შეამოწმონ და ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა არ ექნება, გამოატარონ. ორი დღის წინ სამმა სტუდენტმა დამირეკა ირანიდან, სწავლა იწყება და რა ვქნათო. მალე დათბება და ვფიქრობ, ვირუსი საშიში აღარ იქნება. ამის იმედი მაქვს.