ალისა ფრეინდლიხი: "პეტერბურგში რომ არ დავბადებულიყავი, საცხოვრებლად აუცილებლად ავირჩევდი თბილისს" - კვირის პალიტრა

ალისა ფრეინდლიხი: "პეტერბურგში რომ არ დავბადებულიყავი, საცხოვრებლად აუცილებლად ავირჩევდი თბილისს"

"ბავშვობაში თბილისში ვატარებდი არდადეგებს. მახსოვს, დილაობით როგორ მაღვიძებდა ქართული ძახილი "მაწონი, მაწონიიი"...

პროექტის "ცნობილი ადამიანები საქართველოში" ეგიდით ძალიან ბევრი მსოფლიოში პოპულარული ადამიანის ვიზიტი გაშუქდა, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა დროს სტუმრობდნენ. ამჟამად ყველასათვის საყვარელ რუს მსახიობზე - ალისა ფრეინდლიხზე მოგითხრობთ, რომელიც არაერთხელ ყოფილა საქართველოში. ის ამჟამად 85 წლისაა.

ალისა ფრეინდლიხი მსახიობების ოჯახში დაიბადა. ბებიის მხრიდან წინაპრები ჩრდილოეთ გერმანიიდან იყვნენ, ხოლო დედა ფსკოველი რუსი გახლდათ. მსახიობს ნათესავებში ქართველიც ურევია - ალისას მამის უფროსი და ცოლად გაჰყვა თანაკურსელს, ლენინგრადის კონსერვატორიის სტუდენტ ირაკლი სულხანიშვილს. მსახიობს სწორედ ბიძის გავლენით შეუყვარდა ბავშვობიდანვე საქართველო.

"ქართული საუბარი ბავშვობიდან ჩამესმის"

საქართველოზე საუბრისას ალისა ფრეინდლიხს ბავშვობა ახსენდება. წიგნში "დიდი ადამიანები საქართველოში" მის ავტორ ბესიკ ფიფიასთან შეხვედრისას საქართველოზე საუბარს ბიძაზე მოგონებით იწყებს: "კარგად მახსოვს, ბიძა და მამიდა როგორ მღეროდნენ... ასე რომ, ბავშვობიდან ჩამესმოდა ქართული ენა. ბიძია ირაკლიმ მასწავლა ერთი ფრაზა, სადაც ჩანს მთელი ქართული ფონეტიკის სირთულეები. როგორც ვიცი, ამ ფრაზით "ამოწმებენ" ქართველები ადამიანს, თუ შეუძლია ქართულის სწავლა - "ბაყაყი წყალში ყიყინებს". როდესაც მამიდა და ბიძა თბილისში გადავიდნენ საცხოვრებლად, მათი ხშირი სტუმარი ვიყავი, მათთან ვატარებდი არდადეგებს. მახსოვს, დილაობით როგორ მაღვიძებდა ქართული ძახილი "მაწონი, მაწონიიი"...

მსახიობი საგასტროლოდ ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში. მას მასპინძლობას დიდი საკონცერტო დარბაზის დირექტორი მიხეილ ჯოჯუა უწევდა. სწორედ ერთ-ერთი სტუმრობისას მიიწვია გიორგი შენგელაიამ თავის მიუზიკლში "ვერის უბნის მელოდიები" ბალეტის მასწავლებლის როლში. "ზამთარში ჩამოვედი "ვერის უბნის მელოდიების" გადაღებაზე... თბილისში თოვდა და ჩვენი თვითმფრინავი ცუდი ხილვადობის გამო თბილისთან ახლოს დაფრინდა. როგორც კი ჩამოვედი, გადასაღებ მოედანზე წამიყვანეს, ჩაი დამალევინეს, მოსასვენებელი კუთხე მომიწყვეს, ღუნღულა პლედი მომაფარეს. რომ ჩამეძინა, ვგრძნობდი, როგორ ფეხაკრეფით დადიოდნენ, რომ არ გამღვიძებოდა"..."

"საქართველოს სიყვარული მთელი ცხოვრება მომყვება"

ბოლოს ალისა ფრეინდლიხი 2011 წელს ჩამოვიდა თბილისის IV თეატრალურ ფესტივალზე, მანამდე კი, 2003 წელს, თბილისში რუსული ხელოვნების ფესტივალ "ვივატ სანქტ-პეტერბურგს" დაესწრო. მისი მონაწილეობით გრიბოედოვის თეატრში სპექტაკლი "ანათე, ანათე, ჩემო ვარსკვლავო" გაიმართა. მაშინ მსახიობმა თქვა: "ჯერ კიდევ ბავშვობაში ჩამინერგეს საქართველოს სიყვარული და ის მთელი ცხოვრება მომყვება. პეტერბურგში რომ არ დავბადებულიყავი, საცხოვრებელ ადგილად აუცილებლად ავირჩევდი თბილისს"... "

"ვინმე დაუშვებდა, რომ ფრეინდლიხები გადამწვარ ქალაქში დარჩენილიყვნენ?.."

ალისა ფრეინდლიხი ტოვსტონოგოვის სახელობის დიდი დრამატული თეატრის წამყვანი მსახიობია. თავისი ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდად ლენინგრადის ბლოკადა მიაჩნია. ბლოკადამდე ცოტა ხნით ადრე მსახიობის მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ - მამა ტაშკენტში გადავიდა საცხოვრებლად, ალისა კი დედასა და ბებიასთან ერთად ლენინგრადში დარჩა. შვილთან და შვილიშვილებთან ერთად

"ექვსი წლის ვიყავი, როცა ომი დაიწყო - მამაკაცები ფრონტზე წავიდნენ, შინ მხოლოდ ქალები და ბავშვები დავრჩით. ბლოკადის პირველ ზამთარს ნათესავებთან ერთად ვცხოვრობდით, მაგრამ ისინი 24 საათში ჩრდილოეთში გადაასახლეს. განა ვინმე დაუშვებდა, რომ გერმანელები, გვარად ფრეინდლიხები, გადამწვარ ქალაქში დარჩენილიყვნენ? დავრჩით მე და დედა მარტო. როდესაც გერმანელები ლენინგრადს მოუახლოვდნენ, ქალაქიდან გასაყვანი ყველა ბავშვი ეშელონებში მოგვათავსეს. სწორედ იმ დროს დედაჩემი ჩემს წასაყვანად მოვიდა და ერთ-ერთ ვაგონში სასწაულებრივად მიპოვა. გამწარებული დარბოდა და თითოეულ ფანჯარაში იხედებოდა, რომ დამინახა, სარაფანის ბრეტელზე ხელი წამავლო და ვაგონიდან გამომათრია".

ალისა ფრეინდლიხს ჰყავს ქალიშვილი ვარვარა, ასევე მსახიობი, და ორი შვილიშვილი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მსახიობი ეკრანზე 2004 წლამდე აღარ გამოჩენილა. 2005 წელს ფილმში "ზედა მასლოვკა" შესრულებული 87 წლის მოქანდაკე ქალის როლისთვის პრემია "ნიკა" გადასცეს.