ყველაზე ხანგრძლივი 20 წუთი... - კვირის პალიტრა

ყველაზე ხანგრძლივი 20 წუთი...

პაატა ბურჭულაძე: "დამნაშავე მარტო მე ვარ"

"სცენის მიღმა, სწორედ ჩვეულებრივი ადამიანების სიყვარულით ვჯობივართ ყველას"

ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი ინტერვიუ პრესისათვის - 20 წუთი გაგრძელდა... ამ ხნის განმავლობაში პაატა ბურჭულაძესთან ექვსჯერ დარეკეს, ოთხჯერ კაბინეტში შემოვიდნენ და რაღაც ჰკითხეს. ერთხელ კი ისიც შეახსენეს, - აეროპორტში ამა და ამ დროს უნდა იყოთ, არ დაგაგვიანდეთო... ისე, მგონი, შეხსენება არც უნდოდა, რადგან საათზე გამუდმებით იყურებოდა.

მეც ვჩქარობ. მხოლოდ ამ ოც წუთში ვიღლები. ნეტავ თვითონ როგორ უძლებს? არადა, მსმენია, ოპერის მომღერლებს იმდენი ენერგია ეხარჯებათ, რომ რეჟიმს უნდა იცავდნენ, არ იღლებოდნენ, კარგად იკვებებოდნენ და უზრუნველად ცხოვრობდნენო. სიმღერას სჭირდება ასეო... არა, სიტყვა უზრუნველობას პაატა ბურჭულაძესთან ვერ ვახსენებ! მისი ცხოვრების მთავარი ღერძი ხომ ზრუნვაა. მაგრამ ასეთი დატვირთვა?! როგორ უძლებთ-მეთქი, - ვეკითხები ფრთხილად.

- ყველაფერს შეიძლება გაუძლო, თუ დადებითი ემოცია ბევრი გაქვს, კეთილი ემოციები - ეს არის მთავარი, - მპასუხობს თავისი არაჩვეულებრივი ხავერდოვანი ხმით.

სულ შემთხვევით მოხდა ყველაფერი... ჩემი სცენაზე ყოფნის 25 წლისთავს აღვნიშნავდით. მოვიდა ჩემთან მსოფლიო კვების პროგრამის მესვეური და მთხოვა, ამ საღამოზე გამოვალთ და აღვნიშნავთ, რა გავაკეთეთო. აღმოჩნდა, - 230 ათას კაცს საკვებს აწვდიდა საქართველოში.

ძალიან იმოქმედა ჩემზე. ამის მერე წამიყვანეს ბავშვთა სახლში. იქ ნანახმაც გასაოცარი განცდა დამიტოვა. მერე ჩემთან, შინ სამი ადამიანი შევიყარეთ: გურამ ახალაია, თეონა ჯორბენაძე და მე... დავიწყეთ ფონდის ჩამოყალიბება. მახსოვს,  დედა ჩაითა და ყავით გვამარაგებდა... ჩვენი პირველი ოფისიც დედაჩემის ბინის ერთი ოთახი იყო... დღეს ბედნიერი ვარ, რომ ფონდი "იავნანა" არსებობს და ხალხის ამხელა ნდობა და სიყვარული აქვს.

KvirisPalitra.Ge- დედათქვენის გამასპინძლება ყველას ტკბილად ახსოვს, ვინც ერთხელ მაინც მოხვედრილა თქვენს ოჯახში. ახლაც თვალწინ მიდგას, როგორ სათუთად აღებს მუზეუმის კარს, რომელიც სარდაფში აქვს მოწყობილი, როგორ ათვალიერებინებს სტუმარს თქვენი მოღვაწეობის ამსახველ ფოტოებს, აფიშებს... როდის მოიფიქრა ქალბატონმა ნუნუმ ამ მუზეუმის გაკეთება?

- ეგ მამაჩემის დაწყებულია... მამაჩემი, იცით, როგორი იყო? ყველაფერს იწერდა: "პაატა წავიდა ოდესაში ამა და ამ რეისით... ჩაფრინდა ამ დროს... დაიგვიანა რეისმა 15 წუთი... გაფრინდა მილანში. დახვდა ეს და ეს..." ინიშნავდა ყველა მცირე ნიუანსსაც კი. ყველანი დავცინოდით... მერე ეს ჩანაწერები დაგვრჩა, დედამ განაგრძო მისი საქმე...

- თქვენ მსოფლიოს საუკეთესო ხელოვანთა სიყვარული მოიპოვეთ, ისინი ჩამოდიან და ამბობენ, რომ საქართველოს სიყვარულით სავსენი მიდიან აქედან.

- ასეა. სულ ბოლო ამბავს გიამბობთ: დმიტრი ხვოროსტოვსკი აღფრთოვანებული წავიდა საქართველოდან, დღეში სამჯერ რეკავს, მეილებს გვიგზავნის, იმის მაგივრად, რომ ჩვენ ვუხადოთ მადლობა, თვითონ გვიხდის, - ბედნიერი ვარ იმით, რაც ვნახეო. ქართული სითბო იგრძნო. მარტო მან კი არა, ყველამ, ვინც კი აქ ჩამოვიდა... ასეთ სითბოს ვერ გრძნობენ ვერსად, მსოფლიოს ვერც ერთ ქვეყანაში. როგორც ხელოვანს, მათ ყველგან ოვაციებით ხვდებიან და ტაშს უკრავენ.

მთავრდება სცენაზე გამოსვლა და ისინი ჩვეულებრივი ადამიანები ხდებიან... აი, იქ, სცენის მიღმა, სწორედ ჩვეულებრივი ადამიანების სიყვარულით ვჯობივართ ყველას. ამან ააცრემლა დმიტრი ხვოროსტოვსკი. დაუვიწყარია მისთვის ისიც, რაც სცენაზე მოხდა. როცა ბახტურიძეების ოჯახს, რომელიც ვაგონში ცხოვრობდა და მისი სიმღერის წყალობით ბინა გადაეცა, გული აუჩუყა.

გასაღები თვითონ ჩამოჰკიდა ყელზე პატარას. ეს შვიდშვილიანი ოჯახი იძულებული იყო, 5 ბავშვი სკოლა-პანსიონში მიებარებინა, მან კი საშუალება მისცა, ერთად ეცხოვრათ. დიმიტრიმ გვითხრა: - რაც აქ ვნახე, მინდა იგივე გავაკეთო რუსეთში, იქაც ბევრი ხელმოკლე და უპოვარი ოჯახიაო.

ხვოროსტოვსკი  აგროვებს ფოლკლორულ ნიმუშებს. ეს გავითვალისწინეთ და დავუგეგმეთ, რომ სიმღერების სხვადასხვანაირი შესრულება მოესმინა... ერთ დღეს ჯუმბერ ბერაძემ გვიმასპინძლა, მერე გია პოლოლიკაშვილმა ღამით მტკვარზე, ტივზე გაგვიშალა სუფრა, თან ღამის თბილისიც დაათვალიერებინა სტუმარს, ტრიო "სიმი" გვახლდა და ძალიან თბილი საღამო გამოვიდა. მესამედ ზაზა ნიშნიანიძემ მიგვიპატიჟა მეიდანში... სტუმარი გაოგნებული დარჩა ამ მასპინძლობით.

- თბილისელები ამბობენ, პაატა ვარსკვლავია, მაგრამ მაინც ჩვენს ბიჭად დარჩაო...

- დიდი მადლობა ამის მთქმელს... ვარსკვლავი რა არის? არ შეიძლება ადამიანი ვარსკვლავი იყოს... ოპერასთან ვარსკვლავი რომ გამიხსნეს, ძალიან მესიამოვნა, იმიტომ კი არა, რომ "ვარსკვლავია", იმიტომ, რომ ოპერასთან დაკავშირებულია ჩემი სახელი. ეს ყველა მომღერლისთვის ბედნიერებაა... სცენაზე ყველა თანაბარი ვართ. ისეთივე უნდა დარჩე და ისევე განაგრძო ცხოვრება, როგორიც ჯილდოს მინიჭებამდე იყავი.

- ცხოვრების აზრი სულიერი ტაძრის აგებააო, ამბობენ, თქვენი სულიერი ტაძარი იმითიც იგება, რომ მახათას მთაზე გრანდიოზული სამონასტრო მშენებლობისათვის ფონდს ჩაუდექით სათავეში.

- უკვე ძალიან ბევრმა გაიღო შესაწირი თავისი და სხვისი სახელითაც. მიხარია, რომ ამდენ ადამიანს სურს ტაძრის აგება. ყველა თანაბრად ზრუნავს ტაძრის მშენებლობისათვის. პატრიარქმაც კი თავისი სახელით შესწირა მხოლოდ ერთი ლარი... გარდაცვლილი მეფეების, პატრიარქების და ჩვენი წინაპრების სახელით კი ათი ათასი დოლარი!

ამ ტაძრის აშენების მსურველებმა, ვისაც არა აქვთ საშუალება, უნდა დარეკონ ნომერზე: 14-04-84. თქვენს მაგივრად ვიღაც გაიღებს ერთ ლარს. შემიძლია გითხრათ, რომ ბევრად მეტია შეჭირვებული მოძმის ნაცვლად თანხის გადარიცხვის მსურველი, ვიდრე იმ ხელმოკლე ადამიანთა რიცხვი, რომლებსაც საშუალება არ აქვთ, შესაწირი გაიღონ.

რეკავენ პენსიონერები. გვეუბნებიან, პენსიიდან გავიღებთ შესაწირსო. ყველას ვუხსნით, რომ აუცილებელი არ არის მათი ისედაც მწირი შემოსავლიდან თანხის გაღება, რომ ამას მათი სახელით სხვა გააკეთებს. არა, ჩვენც გავიღებთო! აი, ეს სიყვარული ააშენებს ტაძარს.

ის ხომ მართლაც ჩვენი სიყვარულით უნდა აიგოს! 12 მაისს საფუძველი ჩაეყრება მშენებლობას.

- ჩვენ მახათას ტაძრის მშენებლობისთვის მიცვალებულთა სახელითაც შეგვიძლია ფულის გაღება, თქვენ რამდენი მიცვალებული ჩაწერეთ მოსახსენებელში?

- 26 გავიხსენე... ზოგი წინაპარი, ზოგიც მეგობარი.. მათ სხვებიც მოიხსენებენ, მაგრამ რა მოხდა მერე, ორჯერ ჩაეწერებიან...

- ალბათ, თქვენი ცხოვრების ყველაზე მძიმე განცდა ახლობელი ადამიანების გარდაცვალებას უკავშირდება.

- როცა ადამიანი სულიერებაში ცოტათი მაინც გაერკვევი, ნაკლებად გეშინია გარდაცვალების, გარდაცვალებასაც სხვაგვარად უყურებ. მამაჩემის დაბადების დღეა 25 აგვისტო, გარდაცვალებისა - 20 თებერვალი.

ეს ორი ყველაზე ძვირფასი დღეა, ერთი, როცა იბადები აქ და მეორე - როცა იქ იბადები. გული გწყდება, აქ რომ შორდები ახლობლებს და დიდხანს ვერ შეხვდები... სამაგიეროდ, სულ ემზადები შეხვედრისათვის, სულს იწმინდავ, ეზიარები... რა გგონიათ, ბავშვობიდან ვეზიარებოდი? მგონი, 32 წლისა ვიყავი, პირველად რომ ვეზიარე. აქამდე ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მიხვიდე. რაც უფრო მინდა მივუახლოვდე, უფრო შორს არის უფალი. რომელიმე მღვდლის დონემდეც კი ვერ მივალ, ბერზე ლაპარაკი ზედმეტია.

ასეთი განცდა კი მაქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, ხელი ჩავიქნიო. რამდენჯერაც რაღაც ცუდი შემემთხვა, არ გამიმართლა, ყველაფერში მიზეზს ვხედავ: დამნაშავე მარტო მე ვარ. ადამიანი საიქიოში კი არ ისჯება მხოლოდ, აქაც ევლინება სასჯელი. არასოდეს ვკითხულობ, რატომ მომივიდა ასე-მეთქი. ვიცი, ჩემი ბრალია...

- თქვენი მეუღლე თუ ეგუება თქვენი ცხოვრების მართლმადიდებლურ წესს?

- ის თვითონაც მართლმადიდებელია, სიონშია მონათლული ბავშვობაში, ქართველი ნათლია ჰყავს, თითქოს ემზადებოდა ჩემთვის. ჯვარიც დავიწერეთ... ჩვენი მეჯვარე როსტროპოვიჩი იყო. ეგ არის, ქართული ვერ ვასწავლე. უფრო სწორად, იცის, მაგრამ შეცდომებით ლაპარაკობს, ამიტომაც ერიდება ხოლმე. ახლა მეუფე დანიელმა წიგნი აჩუქა და  დალოცა: ქართული აუცილებლად ისწავლეო. კითხულობს და სწავლობს.

- უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის კურთხევით ათონის მთის მოსალოცად ბრძანდებოდით...

- ვიყავი... ეს ჩემი ცხოვრების სასწაული იყო. არასოდეს დამავიწყდება, როცა წირვა ქართულად აღევლინა და მეუფე დანიელმა, მამა ილიამ და მე ვიგალობეთ.

- გყავთ შვილიშვილი ირინა, რომელიც ალბათ, ვერც კი გცნობთ, იმდენად იშვიათად გნახულობთ...

- მცნობს, უკვე იცის, ბაბუ ვინ არის... დედამისის დამსახურებაა, რომ მცნობს. ფოტოებით აჩვენებს, ტელევიზიით თუ გადის რამე, იმასაც...

- თქვენი დირიჟორების ჯოხების კოლექცია ისევ იზრდება?

- კოლექცია იზრდება, ადგილიც კი აღარ არის...

- მსოფლიოში აღიარებული დირიჟორები ადვილად ელევიან ხოლმე თავიანთ ჯოხებს? უარი არავის უთქვამს?

- არა... უარი არავისგან მიმიღია.  დირიჟორების ჯოხების კოლექცია საქართველოს დარჩება.

- თქვენს ცხოვრებაში პარადოქსიც მოხდა, საქართველოში ჩამობრძანდით პლასიდო დომინგოს მოწვევით.

- ჩვენ 21 წელია ვმეგობრობთ. მისი მოწვევით ყველგან წავალ. ისე მოხდა, საქართველოში მომიწვია(!).  მინდოდა, საკადრისი მასპინძლობა გამეწია, მაგრამ არ გამოვიდა, თვითონ მეტი პატივი გვცა, ჩვენს ფონდს თანხა შემოსწირა.

პაატა ბურჭულაძე  საათს უყურებს. უკვე აგვიანდება! უკვე კი არა, სულ აგვიანდება. ყველგან ელოდებიან: შინ, მეგობრებთან, საპატრიარქოში, მერიაში... ამიტომ 20 წუთი ძალიან დიდი დროა - ერთი კარგი საქმის გაკეთებისა და დადებითი ემოციებით დატვირთვის დრო!

მართლაც ბიჭივით ჩქარა დგება. უშრეტი ენერგიის წყაროს - სიკეთეს რა დაულევს. ვიდრე იქნება, საქართველოს შვილად და ბიჭად დარჩება, რომელიც არასოდეს დაიღლება...

P.S. ახალ წელს პაატა ბურჭულაძე საფრანგეთში შეხვდა, სადაც საახალწლო კონცერტში მიიღო მონაწილეობა, შემდეგ კი ისრაელში გაემგზავრა. მან საფრანგეთიდან მიულოცა ახალი წელი საყვარელ ქართველ ხალხს: "გილოცავთ შობა-ახალი წლის ბრწყინვალე დღესასწაულს. უფალი გფარავდეთ თქვენ მიერ წამოწყებულ ყველა სასიკეთო საქმეში. სიხარული და ბედნიერება იყოს 2011 წელს თქვენი ოჯახის და სრულიად საქართველოს  მეგზური.

საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და მჯერა, რომ 2011 წელს კიდევ უფრო მეტი ადამიანი გაწევრდება მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრისა და სავანის მშენებლობის აქციაში. ეს იქნება ისტორიული მშენებლობა, რადგან ამ ტაძარს ყველანი ერთად, თანაბარი მონაწილეობით ავაშენებთ. მჯერა, რომ ქართველ ხალხს ყველაფერი შეუძლია!"

როცა დავფიქრდი, ვინ იქნებოდა ყველაზე საუკეთესო მეკვლე, ჩვენი გაზეთის ფურცლებიდან პირველად რომ შემოაბიჯებდა თქვენს ოჯახებში, მივხვდი, რომ მსოფლიო ბანი - პაატა ბურჭულაძე ამ მხრივ შეუდარებელია! ის მართლაც ფეხბედნიერი ქართველია, ვისაც უამრავ ოჯახში მიუტანია სიკეთე, სიცოცხლის სიყვარული, მომავლის რწმენა. ამიტომაც 2011 წელს პირველად მასთან შეგახვედრეთ.