კორონავირუსი ციფრებსა და ფაქტებში - რჩევები ჩინეთიდან - კვირის პალიტრა

კორონავირუსი ციფრებსა და ფაქტებში - რჩევები ჩინეთიდან

როგორ ებრძვიან ჩინეთში კორონავირუსს, სახელად COVID-19-ს, რა რეჟიმში მუშაობენ ადგილობრივი ექიმები და რა ვითარებაა იმ ქვეყანაშიც, სადაც ვირუსი პირველად გამოვლინდა, გვესაუბრება ჩინეთის ქალაქ იუშის (ჯეძიანის პროვინცია) საავადმყოფოს იემენელი ექიმი ამარ ალბადანი, რომელსაც ინტერნეტით დავუკავშირდით.

- 20 წელზე მეტია ჩინეთში ვცხოვრობ და ვმუშაობ. პირველად აქ 1996 წელს ჩამოვედი და ეს ქვეყანა ჩემთვის უკვე მეორე სამშობლოსავით არის. აქ მივიღე მედიცინის დოქტორის ხარისხი. რამდენიმე პროვინციაში იმუნოდეფიციტურ ვირუსებზე მომიწია მუშაობამ.

2003 წელს აქ სარსი (შAღშ) მძვინვარებდა, მოგვიანებით ებოლა და H1N1-ც იყო, მაგრამ გავუძელით, თან ოქროს გამოცდილება მივიღეთ... ამ პროვინციაში 100-ზე მეტი ქვეყნიდან 15 ათასზე მეტი უცხოელი ცხოვრობს და მუშაობს.

- თქვენ ქალაქ უხანშიც იყავით. რა ხდება ახლა იმ ქალაქსა და პროვინციაში? - იქ მხოლოდ რამდენიმე დღე ვიყავი, როდესაც ვირუსის კერა ახალი აფეთქებული იყო. მოხალისეებთან ერთად ჩავედი, რადგან

ჩვენი კოლეგები პირბადისა და სხვა დამცავი აღჭურვილობის მოუხსნელად რამდენიმე საათს შეუსვენებლად მუშაობდნენ და ფეხზე ძლივს იდგნენ... ვითარება ნამდვილად მძიმე იყო. თუკი ამით საზოგადოების დამშვიდებას შევძლებთ, არც ერთი პაციენტი მოზარდი არ ყოფილა. ვითარება ახლაც მძიმეა, მაგრამ კონტროლს ექვემდებარება. პაციენტები, რომელთაც ვირუსის მძიმე ფორმა ჰქონდათ, ჰოსპიტალში მკურნალობენ, გამომჯობინების შემდგომ კი შინ, ექიმის მეთვალყურეობით აგრძელებენ მკურნალობას.

არიან ისეთებიც, ვინც წავიდნენ, ჩვენ კი დავრჩით. პანიკას აყოლილი ჩინელებიც გაერიდნენ აქაურობას, რაც სხვებზე ფსიქოლოგიურად ცუდად აისახა. ყველა თავისებურად იღებს ამა თუ იმ მოვლენას, ვადევნებ ევროპას თვალს, ზოგან პანიკაა, ზოგან არა. ჩინელ ერს სწრაფი ადაპტაციის უნარი აქვს. ქალაქებში ვერ ნახავთ პირბადის გარეშე ადამიანს. ნებისმიერ დაწესებულებასთან უზარმაზარი ცოცხალი რიგი მოწესრიგებულია.

პრევენციისთვის ქუჩებში ინსტრუქციებია გაკრული, რიგდება წყალი და ანტისეპტიკური საშუალებები, თუმცა რიგი არც იქ ირღვევა. აუცილებელი შემთხვევების გარდა, ხალხი ქუჩაში არ გამოდის და თუ გამოდის, აუცილებლად ინსტრუქციებს იცავს.

პანიკა იყო და ამაში განსაკუთრებული არაფერია. უბრალოდ, სახელმწიფო და მედიკოსები მუდმივად უნდა ვცდილობდეთ ადამიანების თვითშეგნების ამაღლებას კორონავირუსის დროსაც და მერეც.

არავინ იცის, რა იქნება ხვალ. თუმცა ჩემი პაციენტების, მოსახლეობის, მართლაც თავდადებული ექიმებისა და მოხალისეების მაგალითზე დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩინეთი ამ ვირუსს დაამარცხებს, რადგან მას არაერთი სახეობის ვირუსთან ბრძოლის უდიდესი გამოცდილება აქვს. ამ ქვეყანაში სამედიცინო სფერო ძალიან განვითარებულია და გარდა ამისა, ეს ვირუსი ყველაზე ნაკლებად იწვევს სიკვდილიანობას.

- როგორია თქვენი მუშაობის გრაფიკი? - დღე-ღამის განმავლობაში, შეუსვენებელი მუშაობის კვალდაკვალ, ათეულობით სატელეფონო ზარს ვპასუხობთ. ყველა ვალდებულია, ზარებს უპასუხოს, რადგან საუბარი ხალხს ფსიქოლოგიურად ამშვიდებს.

ჩვენი ქალაქის საავადმყოფოში ერთდროულად 150 პაციენტის მიღება შეგვიძლია. გვაქვს იზოლირებული პალატებიც მძიმე პაციენტებისთვის. იანვრის დასაწყისიდან, ანუ პირველი პაციენტის გამოვლენიდან დღემდე, არც ერთ ექიმს, მათ შორის ფეხმძიმეებსაც კი, შვებულება არ აუღია. ჩვენ მონაცვლეობით ვმუშაობთ... როდესაც პაციენტების რაოდენობა იზრდება, ექიმები სახლშიც არ მივდივართ.

საავადმყოფოში დროებითი მოსასვენებელი გვაქვს. ყოფილა შემთხვევა, საუზმიდან ვახშმამდე ჭამის კი არა, ყავის დასალევადაც არ გვქონია დრო. გვქონდა დეფიციტური პერიოდებიც, მაგრამ თანდათან გამოსავალი ვიპოვეთ.

- დეფიციტი რის? - ბევრი რამის. ეს ძალიან მძიმედ განვიცადე და ამაზე საუბარი არ მსურს, თუმცა, როდესაც პაციენტს შენი ისე სჯერა, როგორც ღმერთის, შენ კი ვეღარ ეხმარები, ეს ექიმისთვის ძალიან მძიმეა... ოთახში შევდიოდი და ვტიროდი. ჩემი ჩინელი კოლეგები ამ მხრივაც დიდი თავშეკავებით გამოირჩევიან. სულ ვფიქრობ, რამ უნდა დაამარცხოს ესენი ფსიქოლოგიურად. მთხოვდნენ, ცოტა ხნით მაინც დამეძინა, მე კი ვერ ვიძინებდი. მეგონა, ამით პაციენტს რაღაცას ვუშავებდი. შემდეგ თანდათან შევეჩვიე.

არ მახსოვს პაციენტების არც ერთი საყვედური. ისინი გაგებით ეკიდებიან ყველაფერს და ცდილობენ დისკომფორტი არ შეგვიქმნან. თავიდან ადგილების პრობლემა იყო, შემდეგ საერთაშორისო დახმარების წყალობითა და ადგილობრივი რესურსებით ალტერნატიული გზები გამოვნახეთ.

- ჩინელი ექიმი ლი ვერლიანი, რომელიც საზოგადოებას კორონავირუსის საფრთხის შესახებ ჯერ კიდევ დეკემბერში აფრთხილებდა, ვირუსით გარდაიცვალა. რატომ მოხდა ეს? - ვერ გეტყვით, ამ საქმეს კარგად არ ვიცნობ, ახალი ვირუსის აღმოჩენის შემთხვევაში მუდმივად არსებობს შეცდომების ალბათობა, თუმცა ჩინეთში მაღალი პროფესიონალიზმის მქონე კადრები გვყავს. ამდენი წელია აქ ვცხოვრობ და ზოგჯერ თავადაც მიკვირს მათი ამტანობის.

- ჩინეთის გამოცდილებაზე დაყრდნობით, რას ურჩევთ სხვა ქვეყნის მოსახლეობას? - მსოფლიოში არსებული რეალობიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, თქვენს ქვეყანაში მზადყოფნაა, მაგრამ მაინც ჩემი რჩევა ასეთი იქნება – არავითარ შემთხვევაში არ აჰყვეთ პანიკას! პანიკა და გამოჯანმრთელება ერთდროულად რთულია. ვისაც ქრონიკული დაავადებები აწუხებს, მუდმივად გაიკონტროლონ ჯანმრთელობის მდგომარეობა, აიმაღლონ იმუნიტეტი. გაითვალისწინეთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და თქვენი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები.

აუცილებლად დაიცავით ჰიგიენის წესები, ხშირად დაიბანეთ ხელები. გრძელ გზაზე ტრანსპორტით მგზავრობისას თან ატარეთ ანტისეპტიკური ხსნარი. მოერიდეთ იმ ქვეყნებში გამგზავრებას, სადაც კორონავირუსი დაფიქსირდა. თუ უკვე იქ იმყოფებით, მოერიდეთ საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და მასობრივი თავშეყრის ადგილებს. თუკი ისეთ ქვეყნებში ხართ, სადაც ვირუსის შემთხვევები გამოვლინდა, მაშინვე ნუ გადაწყვეტთ სამშობლოში დაბრუნებას, რადგან შესაძლოა ვირუსის პოტენციური გადამტანი აღმოჩნდეთ და თქვენს ქვეყანაში კორონავირუსის ექსპორტი მოხდეს. 14 დღის განმავლობაში თავი შეიკავეთ სახლიდან გამოსვლისგან. ვირუსის სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში ნუ ჩავარდებით პანიკაში. ეს დასასრული არ არის, მაგრამ ნურც თვითმკურნალობას შეუდგებით. აუცილებლად მისდიეთ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინსტრუქციებს.