გიგზავნით თქვენი ძმადნაფიცის ფოტოს... - კვირის პალიტრა

გიგზავნით თქვენი ძმადნაფიცის ფოტოს...

სანამ ამ ამბავს დავიწყებდეთ, ოჩამჩირეში, სოფელ აძუბჟაში კონსტანტინე გუმბას უნდა მივესალმოთ (ვიცით, რომ ჩვენი ხმა მისწვდება): - მშა ბზია, კონსტანტინე ბატონო! თქვენი მეგობრის, გერასიმე პეტრიაშვილის ვაჟი, ოლეგი, სურვილს ნაგვიანევად გისრულებთ და მამამისის ფოტოს გიგზავნით (ოღონდ ჩვენი გაზეთით!).

ალბათ ქართველებისგან დაცლილ, უჩვეულოდ დადუმებულ სოფელს რახანია, თავადაც მდუმარედ გაჰყურებთ, მაგრამ გულს ნუ გაიტეხთ - თქვენ ხომ მაინც იცით, რომ ქართველისა და აფხაზის ძმობა სიკვდილზე ძლიერია. აქამდეც ხომ ყველას უყვებოდით ამაზე, ახლა შეგიძლიათ ქართველი ძმადნაფიცის სურათიც აჩვენოთ.

მშა ბზია, ბატონო კონსტანტინე, დიდხანს იცოცხლეთ, ქართველებსა და აფხაზებს ახლა თქვენისთანა ხალხი ჰაერივით სჭირდება.

ოლეგ პეტრიაშვილი: - ძმები ძალიან პატარები ვიყავით, მამა ომში რომ წავიდა. მისი სახე არც ერთს არ გვახსოვს. ბებია და დედა გვზრდიდნენ... 1945-ის 9 მაისს მთელ რაჭას რომ გამარჯვება უხაროდა, ჩვენ ვტიროდით, იმ დღეს შავი ქაღალდი მოვიდა, - გერასიმე პეტრიაშვილი გმირულად დაიღუპა და  პოლონეთში აქა და აქ მარხიაო. სახლში რომ კივილი ატყდა, ბავშვები მეზობლებმა წაგვიყვანეს - ცოდონი არიანო. მერე ხალხმა დაგვაიმედა, - მაგისთანა შავი ქაღალდი ბევრგან მისულა, მაგრამ უკან კაცი მოჰყოლიაო, ამიტომ დედამაც და ბებიამაც შინმოუსვლელად ჩათვალეს. შვილებსაც დიდხანს არ გვჯეროდა მისი სიკვდილი... როცა წამოვიზარდეთ, მამის წერილებს ჩუმად ჩავუჯდებოდით, იქნებ რამე საიმედო ვიპოვოთო. ათასჯერ გადამიკითხავს სიკვდილის შავი ქაღალდი. პოლონეთშიც ჩავედი, იმ ქალაქს რომ მივადექი, სადაც მამა უნდა ყოფილიყო დაკრძალული, სასაფლაო აღარ დამხვდა - რუსებმა ყველა ერთად საძმო საფლავში გადაასვენესო...

1967 წელი იყო. შინ ჩემი მამიდაშვილის მოტანილი წერილი დამხვდა - აძუბჟადან პირადად მას წერდა აფხაზი კაცი, კონსტანტინე გუმბა,  - ბიძაშენი რომ არ ყოფილიყო, მკვდარი ვიქნებოდი, მან სიცოცხლე მაჩუქაო... ისეთი ცრემლიანი წერილი იყო, კითხვისას სუნთქვა მეკვროდა.

გამახსენდა, რომ მამაჩემი ომიდან გამოგზავნილ ერთ-ერთ წერილში იწერებოდა: "აქ  საქართველოდან არავინ არის, გარდა ერთი აფხაზი პატარა ბიჭისაო", როგორც ჩანს, ის აფხაზი ბიჭი გადარჩენილა. უნდა მენახა ეს კაცი! წერილი გავუგზავნე. მიპასუხა, - თვითონ ჩამოვალ თბილისშიო.

კიბერნეტიკის ინსტიტუტში ვმუშაობდი. ერთ დღეს დამირეკეს - ფოიეში გუმბა გელოდებაო. აბა, იმდენ ხალხში როგორ ვიცნობდი, გუმბა რომელი იყო... ვინ მელოდება-მეთქი, - თქმა დავაპირე, რომ ვიღაც კაცი წამოვიდა ჩემკენ და გადამეხვია. მამაშენს ჰგავხარ და დანახვისთანავე გიცანიო.

მერე მამაზე მიამბო... 15 წლით უმცროს აფხაზ ბიჭს ძმასავით გადაჰფარებია. სადაც ყველაზე სისხლიანი ბრძოლა ყოფილა, არ უშვებდა, - უნდა იცოცხლოო. საჭმელს თვითონ არ ჭამდა და აფხაზს აჭმევდა თურმე. შეთანხმებულან, თუ რომელიმე დაიღუპებოდა, გადარჩენილს მის ოჯახში ამბავი უნდა მიეტანა. ომი რომ დამთავრდა, გუმბა რაჭაში ჩამოსულა. მერე, ოჯახში რატომ არ მოხვედი-მეთქი, - ვკითხე. მიპასუხა, - დაღამებულზე შემოვედი სოფელში, ვიღაც შემხვდა. რომ ვუთხარი, რა  საქმეზეც მივდიოდი, შემეხვეწა, - შენი ჭირიმე, იმ ხალხთან გერასიმეს სიკვდილს  ნუ იტყვი, ჰგონიათ ცოცხალია და ნერვიულობით მოკვდებიანო, ამიტომ უკან გამოვბრუნდიო.

- მას შემდეგ გუმბას კიდევ შეხვდით?

- აბა, რას ვიზამდი. მე და ჩემი მეგობარი აძუბჟაში ჩავედით. რომ დაგვინახა, გაგიჟდა სიხარულით. ცოტა ხანში გაქრა და რას ვხედავ! შემოლაგდნენ ჭიშკარში ქამარხანჯლიანი უხუცესი აფხაზები. დილამდე ფეხზე ამდგარი ვსვამდით სადღეგრძელოებს, დაღლილობა ვიღას ახსოვდა. მთელ სოფელს სცოდნია, რომ მამაჩემმა კონსტანტინე გუმბას სიცოცხლე აჩუქა. უხუცესებმა მითხრეს, აბა, როგორ იქნებოდა, კონსტანტინე რომ უფროსი ყოფილიყო, მაშინ მას უნდა ეჩუქებინა სიცოცხლე მამაშენისთვის - ასეთია წესიო. მერე მთხოვეს, - მამაშენის სურათი გვაჩვენე, ამ კაცის თვალები გვინდა ვიცოდეთო. დავპირდი, მაგრამ ვეღარ მივაწოდე... თუმცა ურთიერთობა სულ გვქონდა.

- აფხაზეთის ომის შემდეგაც გქონდათ ურთიერთობა?

- მაშინ ვინ ვის მისწერდა, რა დრო იყო! ვფიქრობდი, - ერთი შემახვედრა ახლა კონსტანტინე გუმბას, ნეტა თუ მესვრის-მეთქი. მასაც არ შეიძლებოდა ჩემზე არ ეფიქრა!  გავიდა წლები. 2005-ში უცნობი ქალბატონი მირეკავს, - აფხაზი ვარ, თქვენთვის წერილი მაქვს აფხაზეთიდანო. ყურმილი ხელში გამიშეშდა - კონსტანტინე გუმბასგან ხომ არა-მეთქი. ჰოო! ჯერ ის გამიხარდა, ცოცხალი რომ გადარჩენილა, მერე ის, ორმოცი წლის წინანდელი კალიგრაფია რომ ვიცანი.

- როგორღა მოგაგნოთ?

- წერილი ისევ კიბერნეტიკის ინსტიტუტის ძველ მისამართზე გამოუგზავნია, ჩიტაძის ქუჩაზე. იქ ინსტიტუტს რაღა უნდოდა. მერე ქალბატონს ვაჟა-ფშაველას ბოლოში მიასწავლეს. იქ კი უთხრეს, აღარც აქ არიანო, მაგრამ განგების ნება იყო უთუოდ - იქვე ჩემი ნაცნობი შეხვედრია...

- რა ეწერა წერილში?

- ჩემი დარდი ჰქონია თურმე. მწერდა, - მამაშენს არასოდეს დავივიწყებო... ასეა, რაც საუკუნეებმა განამტკიცა, იმას ვერაფერი მოერევა.

პასუხის მიწერა მინდოდა, მაგრამ იმ ქალბატონს ვეღარ მივაგენი. დარდად დამრჩა უპასუხო წერილი. ახლახან "კვირის პალიტრაში" წავიკითხე, როგორ დაურეკეს დიმა ჯაიანს 17 წლის შემდეგ აფხაზეთიდან და გადავწყვიტე, "პალიტრაში" დაგვიანებული პასუხი მეც მომეტანა. ვინ იცის, იქნებ გაზეთის ამ ნომერმა ჩააღწიოს აფხაზეთამდე. მამაჩემის სურათსაც ვუგზავნი ბატონ კონსტანტინეს და კიდეც ვეუბნები, - ვიცი, დადგება დრო, ისევ ჩამოვალ აძუბჟაში. ისევ ავდგებით ფეხზე, როგორც აფხაზთა წესია და ჩვენს ძმობასაც ყანწით ვადღეგრძელებთ!