ეს უცნაური ახალი წელი… - კვირის პალიტრა

ეს უცნაური ახალი წელი…

ახალ წელს ყველა ქვეყანაში განსხვავებული ტრადიციის მიხედვით ხვდებიან. საქართველოში გოზინაყის, საცივისა და კარგი მეკვლის გარეშე ამ დღესასწაულს თითქოს ეშხი ეკარგება. დედამიწის სხვა კუთხეებში კი, ახალი წლის მოსვლას განსხვავებული რიტუალებით აღნიშნავენ, რომლებიც ხშირად ადამიანთა ცრურწმენებს ეფუძნება:

ინგლისში ასეთი ჩვეულება აქვთ: შუაღამისას, როდესაც საათი 12-ჯერ ჩამოჰკრავს, უკანა კარს აღებენ, რომ ძველი წელი გაისტუმრონ, ამასთანავე, ფართოდ ხსნიან შემოსასვლელ კარსაც, რომ ახალი წელი "შემოიპატიჟონ".

უნგრეთში ახალ წელს საყვირების ხმით ხვდებიან, რადგან სწამთ, რომ მათი საცხოვრებლიდან ბოროტ სულებს განდევნიან და სანაცვლოდ სიხარული, ხვავი, ბარაქა შემოვა. უნგრელებს საახალწლო სუფრის მაგიური ძალისაც სჯერათ: მათი აზრით, ვაშლი სილამაზისა და სიყვარული წყაროა, კაკალი ადამიანს უბედურებისაგან იცავს, ნიორი - ავადმყოფობისაგან, მარილი და ბარდა კი - სულსა და სხეულს აძლიერებს.

რუმინეთში ახალი წლის ღამეს გასათხოვარი ქალები ჭასთან მიდიან, სანთელს ანთებენ და ჭაში იყურებიან. მათ სჯერათ, რომ წყალში მომავალი მეუღლის სახე გამოჩნდება.

საბერძნეთში ახალი წელი წმინდა ბასილის დღედ ითვლება. წმინდა ბასილი საოცარი სიკეთითა და გულუხვობით გამოირჩეოდა, ამიტომ ბავშვები თავიანთ ფეხსაცმელებს ბუხართან ახლოს ტოვებენ იმ იმედით, რომ დილით იქ წმინდანისაგან მოძღვნილი საჩუქრები დახვდებათ.

იტალიაში ძველი წლის დასრულებისთანავე ბინიდან ყრიან გატეხილ ჭურჭელს, ძველ ტანსაცმელს და ავეჯსაც კი. ამ ნივთებთან ერთად ფანჯრიდან ცვივა კანფეტები, ასაფეთქებლები, შუშხუნები… იტალიელები მიიჩნევენ, რომ თუ ახალი წლის მოსვლისთანავე ძველ ნივთებს გადაყრი, მომავალ წელს ახალს შეიძენ.

ესპანეთში როგორც კი 12 საათი შესრულდება, აუცილებლად ჭამენ ყურძენს. სასურველია ყურძნის 12 მარცვალი მიირთვათ, რაც წელიწადის 12 თვეს შეესაბამება.

შოტლანდიაში სწამთ, რომ ოჯახის წინსვლა იმაზეა დამოკიდებული, ვინც ახალი წლის პირველ დღეს სახლში პირველად შემოაბიჯებს. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ რომ ეს წესი, ჩვენს ქვეყანაშიც "აქტუალურია". შოტლანდიელების აზრით, ბედნიერება მოაქვს მუქთმიან მამაკაცს, რომელიც სახლში საჩუქრით შემოდის.

ჩინეთში, ძველად, ახალი წელი მათხოვრების დღესასწაულად მიიჩნეოდა. მათ შეეძლოთ შესულიყვნენ ნებისმიერ სახლში და აეღოთ ის, რაც უნდოდათ. თანამედროვე ჩინეთში კი, ახალი წლის ღამეს ქუჩებსა და მოედნებზე უამრავ პატარა ნათურას ანთებენ და სწამთ, რომ მათი ნაპერწკლები ბოროტ სულებს განდევნიან. ახალ წელს იქ მთვარის კალენდრის მიხედვით, იანვარ-თებერვალში აღნიშნავენ, ამიტომ, ეს დღესასწაული ზამთრის დასასრულთან და გაზაფხულის მოსვლასთან არის გაგივებული. ნათურებს სხვადასხვა ფორმა აქვს, მათ ლამაზი სურათებითა და ორნამენტებით რთავენ.

მონღოლეთში ახალი წლის პირველ დღეს დიდი სახალხო სეირნობა იმართება. ოფიციალურად ახალ წელს იქ 1 იანვარს აღნიშნავენ.

იაპონიაში განსაკუთრებით შთამბეჭდავია ეს დღესასწაული, იქ ბავშვები აუცილებლად ახალი ტანსაცმლით იმოსებიან. "ამომავალი მზის ქვეყნის" მკვიდრნი ღამით, ბალიშის ქვეშ დებენ ნახატს, სადაც მათი ოცნებაა გამოსახული. დილით კი გარეთ გამოდიან, რათა მზის ამოსვლას შეხვდნენ. მათთვის ყველაზე მთავარია ახალი წლის პირველ წუთებს სიცილით შეხვდნენ. იაპონელებს სჯერათ, რომ ამ შემთხვევაში ბედნიერება მთელი წლის განმავლობაში მათი თანამგზავრი იქნება.

ინდოეთში სულ რვა თარიღია, როდესაც იქაურები ახალ წელს აღნიშნავენ. ეს იმის გამო ხდება, რომ ინდოეთში მრავალნაირი კულტურისა და რელიგიის მიმდევარი ხალხი ცხოვრობს.

ებრაული ახალი წელი უფრო რელიგიური დღესასწაულია, ვიდრე საერო. ამ ქვეყანაში მიიჩნევენ, რომ ახალი წლის მოსვლისას უზენაესი განსჯის ადამიანს და მის მიერ ჩადენილი ცოდვების მიხედვით განსაზღვრავს, რა ბედი ელის მომავალ წელს. ამიტომ, ეს დღელოცვითა და მოკრძალებული სიხარულით არის სავსე.

კუბაში ახალი წლის დადგომამდე ყველანაირ ჭურჭელს წყლით ავსებენ და შუაღამისას წყალს ფანჯრებიდან ღვრიან. კუბელებს სჯერათ, რომ ამ რიტუალის შემდეგ მათი ცხოვრება წყალივით სუფთა და ნათელი იქნება. ვიდრე საათი 12-ჯერ ჩამოჰკრავს, ისინი ყურძნის 12 მარცვალს მიირთმევენ და ფიქრობენ, რომ სიკეთე, სიმშვიდე და ბარაქა იქნება ადამიანის თანამგზავრი მთელი 12 თვის განმავლობაში.

ბრაზილიაში ახალი წლის ღამეს პლაჟები ხალხით ივსება. ისიც კი, ვინც ზღვასთან ახლოს არ ცხოვრობს, ცდილობს როგორმე მივიდეს ზღვის სანაპიროზე და იქ მიიტანოს სპეციალური ძღვენი - ყვავილები, რომლებიც პატარა ხის ნავზეა დამაგრებული.

ნეპალელები ახალ წელს მზის ამოსვლისას ზეიმობენ. ღამით, სავსე მთვარის შუქზე ანთებენ კოცონს, რომელშიაც უსარგებლო ნივთებს წვავენ. მეორე დღეს კი, მთელი ქვეყანა ნამდვილ ცისარტყელას ემსგავსება. ნეპალელები უცნაური ნახატებით იფარავენ სახეს, ხელებს, მკერდს… ხალხი მთელი დღის განმავლობაშიცეკვავს და მღერის.

პანამაში შუაღამისას, როდესაც ახალი წელი დგება, ზარების, სირენებისა და ავტომობილების საყვირების ხმა ისმის. იქაურები ხმამაღლა ყვირიან და აკაკუნებენ. პანამელების აზრით, ხმაური აუცილებელი ატრიბუტია ახალი წლის შესახვედრად.

ხათუნა ჩიგოგიძე

(სპეციალურად საიტისთვის)