"თათულისთან ერთად ცხოვრება საინტერესოა, მპატრონობს. თუ ვირიშვილი არა ხარ, ეს უნდა დააფასო" - კვირის პალიტრა

"თათულისთან ერთად ცხოვრება საინტერესოა, მპატრონობს. თუ ვირიშვილი არა ხარ, ეს უნდა დააფასო"

ალბათ, ბევრი ჟურნალისტი დამეთანხმება, რომ საყვარელ რესპონდენტებს შორის ჟანრი ლოლაშვილსაც მოიაზრებენ. საუბარი მისი პერსონალური გამოფენით დავიწყეთ, რომელიც ახლახან გაიხსნა "არტ გალერეაში".

- ქრონიკული აბიტურიენტი ვარ, აბა, რა ოხრობა ვარ - კინოში, თეატრში, სამხატვრო გალერეაში სულ ნიშნებს მიწერენ. ცხოვრებაში გატარებული წუთებია ჩემი მეცადინეობა. ამ მეცადინეობიდან რაც მრჩება, გამოცდებში ვიყენებ და ვიღებ ნიშნებს. ამიტომ ვარ ქრონიკული აბიტურიენტი.

ხელოვნებაში მოღვაწეობა მხატვრობით დავიწყე, თუ შეიძლება ასე ვუწოდო გაპრანჭულად. ახლა უფრო სხვანაირად ვუდგები როგორც მსახიობის ოსტატობას, ისე მხატვრობას. საერთოდ, ხელოვნება არაჩვეულებრივი რამ არის, მიუხედავად იმისა, რომ თან სდევს უამრავი სიმწარე, სიხარული, ნერვების გლეჯა... პოლიტიკოსებსაც უყვართ სიტყვა "ხელოვნება", რას ამბობენ, იცი? - პოლიტიკა სახელმწიფოს მართვის ხელოვნებააო. გესმით?! - აიყვანეს ხელოვნების დონეზე.

- ცენზურას ითვალისწინებთ ხელოვნებაში? - ადამიანს უნდა გქონდეს შენი ცენზურა, არ უნდა გადახვიდე რაღაც ნორმებს. ადამიანი საქციელების ჩამონათვალია. ამ საქციელებში არ უნდა გაიბნე და არ უნდა დაკარგო ღირსება. ჩემი ცენზურა ოჯახის ღირსებაა.

მე რომ თეატრიდან გამოვდივარ, ჩემთვის მთავრდება ილუზორული სამყარო და იწყება საზიზღრობა, ჰიპერრეალიზმი, მომაკვდინებელი სიცხადე, ცხოვრებისეული კრეტინიზმი, ამიტომ იქ, ილუზორულ სამყაროში, სადაც არის ხელოვნება, ყოფნა სხვა რამეა. იქ სახელი და გვარი აღარ გაქვს, შეერთებული ხარ სამყაროსთან. იქ თითქოს ღმერთი გკარნახობს, იქ სრულიად სხვა ხარ, განსხვავებული, გესმის საკუთარი გულისცემა, ხარ მარტო და ბედნიერი... ერთ ნაბიჯს რომ გადადგამ, მეორეც უნდა მიაყოლო, რომ არ წაიქცე, ეს ბუნებრივი პროცესია, ქვეცნობიერად ხდება, თავის გადარჩენაა, ინსტინქტია. ეზოპემ თქვა, ორმოცფეხას რომ ჰკითხეს, რომელი ფეხით იწყებ სიარულსო, ვეღარ გაიარა, რომ დაფიქრდა.

ფიქრი სხვა არის, ცხოვრება სხვა, ამიტომაა, რომ ადამიანმა გონებით უნდა მართოს ფეხები, ხელები და სასიცოცხლო ძალა, ყველანაირი ქმედება.

- ნერვებს მიშლის სერიოზული ადამიანიო, ერთგან ბრძანეთ. რას გულისხმობდით? - სერიოზულობა მანკიერი მხარეების დასამალავად მოგონილი რამ არის. სინამდვილეში, ან უწიგნურია, ან უვიცი, მაგრამ სამაგიეროდ არის სერიოზული, ყეყეჩი. მაგათ რომ ვუყურებ, სიცოცხლე მეზიზღება. სულ მინდა გავეკიდო და პანღური ამოვკრა. სისულელეებია საჭირო. სისულელე ჟანგბადია. უნდა გავერთოთ.

ერთხელ ჩემს ძმაკაცებს ვუთხარი, წაბლის პიურე გავაკეთოთ-მეთქი, თან ვფიქრობ, აუ ახლა რას ვახურებ, რა წაბლის პიურე-მეთქი... წავიდნენ, 5 კილოგრამი წაბლი მოიტანეს და მოვხარშეთ. დავურიგე კოვზები, შიგთავსს გამოღება ხომ უნდოდა. სულ 1 მუჭა მასა გამოვიდა, მაგრამ რაშია საქმე - იმ წუთებში, როცა პიურეს ვამზადებდით, ერთმანეთის მსგავსნი გავხდით. ყველა ერთ საქმეს ვაკეთებდით. ერთი სისულელითა და ჟანგბადით ვსუნთქავდით... კარგი იყო.

დრო ყველაზე ძვირფასი საჩუქარია. ახლა აგერ ვსხედვართ და ერთმანეთს ვჩუქნით ყველაზე დიდ საჩუქარს - დროს. რა დრო გვიბოძა ღმერთმა ამ ქვეყანაზე საცხოვრებლად - ძალიან მწირი.

ჩვენ ამ დროს ვჭრით, ვკერავთ და დიდსულოვნად ვჩუქნით ერთმანეთს. კი არ ვფლანგავთ, ვჩუქნით. ეს პროცესი ორმხრივია. ამას ჰქვია ურთიერთობა. ურთიერთობა ბედნიერებაა.

მე და თათული ნიშნავს ერთობლიობას, ოჯახს. ერთ შემთხვევაში ნიშნავს კოლეგას, მეორეში - პარტნიორს როგორც ოჯახში, ისე ხელოვნებაში, ასევე შთაგონებას. ხშირად ვრევ ჩემს მხატვრობაში, ვიღებ მის რჩევებს. მასთან ერთად ცხოვრება საინტერესოა, მპატრონობს. თუ ვირიშვილი არა ხარ, ეს უნდა დააფასო.

- კამათობთ?

- როგორ არა. შენ ფანჯარას გააღებ, ის დაკეტავს, პირობითად ვამბობ, მაგრამ ამ წინააღმდეგობებითაა ცხოვრება საინტერესო.

- როგორ გგონიათ, რა უნდა იყოს დღეს მომატებული აგრესიის მიზეზი? - ადამიანი გაღორებულია. ვერ დავმალავ, ფული ძალიან მიყვარს, მაგრამ ზოგს ისე უყვარს, საკუთარ თავს და მშობლებს ურჩევნია.

- კორონავირუსი გაშინებთ? - ძალიან მშიშარაა ადამიანი. 500-კილოგრამიანი დევიც რომ ვიყო, მაინც მეშინია. ვიცი ადამიანები, კორონაზე უარესები არიან. იმათიც მეშინია, მაგრამ კორონას არ ვიცი, როგორ ვებრძოლო, ამიტომ ვემალები, რომ ჩემს შვილებს არ მივუტანო სახლში. თორემ მე აწი ორი დღე დამრჩა და დიდად არ მაღელვებს კორონა. მე ერთხელ უკვე მოვკვდი და თუ მკითხავთ, არაჩვეულებრივად კარგი იყო იქ. უამრავი რამ ვნახე, მაგრამ არ ვყვები, მატრაკვეცობად მიმაჩნია და იმიტომ.