"ბატონებო, სულ არ მედარდება თქვენი აზრი - ცხოვრება მშვენიერია!" - კვირის პალიტრა

"ბატონებო, სულ არ მედარდება თქვენი აზრი - ცხოვრება მშვენიერია!"

სოციალურ ქსელში მაკა ნათელაურის სტრიქონებს ისე გადავაწყდი, როგორც გზაზე შემთხვევით ნაპოვნ განძს - ჩვეულებრივად რომ ჩაუვლი, ჩამოიტოვებ და მერე უკან ის განცდა მიგატრიალებს, რომ რაღაც კარგი მიატოვე. ეს სტრიქონებიც იმდენად ნათელი და კარგია, უცებ წარმოგადგენინებთ მის ავტორს, ეტლში მჯდარ გოგონას, რომელიც საოცრად "მსუბუქად" წერს: "ჩემს ეტლს ისე ვუყურებ, როგორც ნებისმიერი გოგო თავის კაბას ან სხვა რაიმე სამოსელს უცქერის. სხვას შეიძლება გაეცინოს, მაგრამ ეტლი ჩემთვის ჯვარს, ტვირთს კი არ წარმოადგენს, არამედ ის ჩემი სამოსელია, სპეციალური კოსტიუმი, რომლის გარეშეც მე ვერ ვიცეკვებ ამ დიდ სცენაზე, იმ როლს ვეღარ შევასრულებ, რომელიც რეჟისორმა მარგუნა".

ჰოდა, როგორ შემეძლო ამ სტრიქონების ავტორი არ მომეძებნა და მივწერე, მინდა გაგიცნო, თუ მომწერ შენი ტელეფონის ნომერს, დაგირეკავ-მეთქი, მან კი მიპასუხა: "სიამოვნებით, მაგრამ მე ლაპარაკი არ შემიძლია. მომწერეთ და გიპასუხებთ". აი, ასე გავიცანი მაკა - ადამიანი, რომელმაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ამქვეყნად ყველაზე დიდი სიმდიდრე სიყვარულის ნიჭია. როდესაც ისიც შეგიძლია, რომ ეს ნიჭი პატარ-პატარა სიხარულებით ასაზრდოო, მაშინ სამყარო შენთვის ყოველთვის გაანათებს. ანუ როგორც მაკა წერს, ისეა: "ირგვლივ მივიხედ-მოვიხედე და რამდენიმე ადამიანის სახეზე შევამჩნიე, ნეტავ ამას აქ რა უნდაო! რა ვქნა, ბატონებო, სულ არ მედარდება თქვენი აზრი - ცხოვრება მშვენიერია!" აი, ასე წერს მაკა, მაგრამ როცა საუბარი უნდა, მის ნაცვლად დედა საუბრობს - მაკას ენა დედას, ლილი მიგრიაულს ყველაზე საუკეთესოდ ესმის. 30 წლის წინ, როდესაც მისი გოგონა სამყაროს ნერვული სისტემის დაზიანებით მოევლინა, სწორედ მან გადაწყვიტა, რომ შვილისთვის ნებისმიერ ფასად ეჩვენებინა, რომ სამყარო მშვენიერია და სწორედ ამიტომ შვილს წიგნების კითხვა შეაყვარა, თანაც ისე, რომ დღეს მაკას ეთქვა: "მე ის მაკა მომწონს, რომელსაც თავი წიგნის ფურცლებში აქვს ჩარგული, სამყაროს სწყდება და წიგნის გმირებთან სახლობს. ეს ის მაკაა, რომელიც სამყაროზეა შეყვარებული, უყვარს ყველა და ყველაფერი, მას თვით სიყვარულიც უყვარს".

ლილი მიგრიაული: - მაკას შეზღუდული შესაძლებლობები არ ექნებოდა, რომ არა ჩემი მძიმე მშობიარობა და ექიმების შეცდომები, რომლებმაც ბავშვი დაბადებისას დააზიანეს. ამას ვეღარ ვუშველიდით, მაგრამ ის ხომ მაინც შეგვეძლო, რომ მაკასთვის, მერე კი მისი დისთვის ცხოვრებასთან ბრძოლა გვესწავლებინა.

მაკას წიგნების კითხვა და წერა ყოველთვის უყვარდა. პირველად მე მკარნახობდა, რა უნდა დაეწერა, მერე კომპიუტერი ვუყიდე, რომელზეც შუბლზე მიმაგრებული ჯოხით წერდა. ასე დაწერა თავისი პირველი წიგნი "სიცოცხლის ხე". ამის მერე ბლოგებს აქვეყნებდა და ასე ედგა გვერდში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს. მის ბლოგებს ყველა კითხულობდა და ეხმაურებოდა. მაკას პიესა "იპოვეთ ერთი განსხვავება" პანტომიმის თეატრში დაიდგა.

- მაკას ნაწერებში მისი მებრძოლი ხასიათი იკითხება. ცხადია, რომ მას ბევრი სირთულის დამარცხება შეუძლია. - მაკა ძალიან მებრძოლია. მალე შეზღუდული შესაძლებლობების პირების ჭადრაკის ჩემპიონატში აპირებს მონაწილეობას. ჭადრაკი მე ვასწავლე ჩემს გოგონას, ჩემპიონატისთვის კი მასწავლებელი ამზადებს.

- არ ვიცოდი, რომ ასეთი ჩემპიონატი არსებობდა. - არ არსებობდა, მაგრამ ბევრი ვიბრძოლეთ მის დასაარსებლად.

- ალბათ, წერასაც განაგრძობს... - მაკა წერას უსათუოდ გააგრძელებს. დღეს მაღაზიებში მის წიგნს ვეღარ იშოვი... - მითხრა მაკას დედამ, რის შემდეგად მაკამ დასძინა: ისეთი არაფერი გამიკეთებია, რომ ჩემზე წერა ღირდესო. მე კი ვუპასუხე, რომ თითოეული ჩვენგანი უკიდეგანო სამყაროა და ვერასოდეს შევძლებ, რომ თუნდაც მაკა ნათელაურის ერთ სამყაროზე ოდესმე ამომწურავად დავწერო. თუმცა ამაზე მისი მოთხრობა "კაბა" ბევრად მეტს გეტყვით.

"კაბა"

"დილას მეგობარმა ახალი კაბა მომიტანა. იცოდა, რომ მინდოდა, თვითონაც მატყობდა, ახალი კაბა ძალზე მჭირდებოდა. ის ძველი გავცვითე, უკვე გახუნდა ამდენი ხმარებისგან (5 წელი მეცვა, ბოლოს და ბოლოს). გაცვდებოდა, აბა, რა მოუვიდოდა?! პრობლემა განა ყიდვა იყო, უბრალოდ, რამდენჯერაც ვიყიდე კაბა, იმდენჯერ არ მომერგო - ზოგი პატარა მქონდა, ზოგი დიდი. ჩემთვის მთავარი ის იყო, რომელიმე კაბა მომრგებოდა და მომეწონებოდა თუ არა, ამაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო. ჰოდა, ჩემმა მეგობარმა დაბადების დღეზე ახალი კაბა მაჩუქა.

კაბა ძალიან მომწონს - პატარაა, კოხტა, თითქოს ჩემთვისაა შეკერილი. ტანზე მაქვს მომდგარი და ძალიან ელეგანტურად გამოვიყურები. სარკეში ვიმზირები, საკუთარი თავი მომწონს; კაბა ზუსტად იმხელას მაჩენს, რამხელაც ვარ და ეს მეუცხოება, სასიამოვნოდ მხვდება თვალში. ადრე სულ, რაც თავი მახსოვს, დიდი, განიერი კაბები მეცვა და ყოველი მათგანი მეც დიდს მაჩენდა, უშნოს... წეღან ჩემი ახალთახალი კაბა რომ დავინახე, ვიგრძენი, სახე როგორ გამებადრა, თვალები გამიბრწყინდა, გულიდანაც დარდი მომეხსნა. ვიფიქრე, ჩემი მოსაწონი კაბა, როგორც იქნა, აღმოვაჩინე-მეთქი, მაგრამ ჰოი, საოცრებავ... სარკეს გავშორდი თუ არა და ხელსაქმეს შევუდექი, მაშინვე ვიგრძენი, რომ ამ კაბაში არაკომფორტულად ვარ, ყოველ მოძრაობაზე უცნაური შიში მიპყრობს, ისეთი შეგრძნება მეუფლება, თითქოს კაბა სადაცაა გაიხევა და მე შიშველი დავრჩები. იმდენად მივეჩვიე ფართო კაბებს, რომ ჩემი სხეული სივიწროვეს ვეღარ იტანს, ვიწრო კაბაში თავს დაცულად ვერ გრძნობს, ისე, როგორც წინა კაბაში გრძნობდა. თავს არ ვუტყდები, მაგრამ ვხვდები, რომ ამ ახალ კაბას ჩემი ძველი სამოსი მირჩევნია, რომელიც, აგე, სავარძლის მახლობლად გდია საცოდავად, დაჭმუჭნილი, დაძენძილი. დედამ უკვე მითხრა, რომ მას დაბლა, სარდაფში ჩაიტანს და ყოველი შემთხვევისთვის შეინახავს სხვა, არასაჭირო ნივთებთან ერთად, მე კი გული მეწურება, ასე უპატრონოდ მიგდებულს რომ ვხედავ. მიყვარს ეს დაძონძილი ქმნილება, 5 წელი ტანს რომ მიფარავდა. ვინ იცის, მასში რამდენი ტკივილი განმიცდია, რამდენი ბედნიერი წამი გამიტარებია. ვინ მოთვლის, ამ კაბაში რამდენჯერ მომიწყენია, რამდენჯერ მიცეკვია... ღმერთო, რა სულელი ვარ! მეცინება ჩემს თავზე - ვის გაუგონია უსულო საგნის ასე შეყვარება, როგორც მე ეს "კაბა" მიყვარს?!

თავს დიდხანს ვეჩიჩინე, დროთა განმავლობაში ამ კაბასაც მიეჩვევი და ზუსტად ისე შეგიყვარდება, როგორც ეს ძველი კაბა გიყვარს-მეთქი. დედაც ცეცხლზე ნავთს ასხამს, მეუბნება, ეს ახალი კაბა უფრო ლამაზი და პრაქტიკულია, ვიდრე ის ძველიო და ამ სიტყვებით ცდილობს ეს ახალი კაბა მომაწონოს, მისი სიყვარული ჩამინერგოს, მაგრამ როცა ადამიანი ჯიუტია, რა გინდა, რომ მასთან გააწყო?! მე გული მაინც ძველი კაბისკენ მიმიწევს. დღის ბოლოს მხნეობას ვიკრებ და დედას ვუცხადებ, რომ ამ ახალ ეტლში თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობ და ვთხოვ ცოტა ხნით მაინც ისევ ძველ ეტლში გადამსვას, ანუ ვემუდარები ისევ ძველი "კაბა" ჩამაცვას.

დიახ, ჩემს ეტლს ისე ვუყურებ, როგორც ნებისმიერი გოგო თავის კაბას ან სხვა რაიმე სამოსელს უცქერის. სხვას შეიძლება გაეცინოს, მაგრამ ეტლი ჩემთვის ჯვარს, ტვირთს კი არ წარმოადგენს, არამედ ის ჩემი სამოსელია, სპეციალური კოსტიუმი, რომლის გარეშეც მე ვერ ვიცეკვებ და ამ დიდ სცენაზე იმ როლს ვეღარ შევასრულებ, რომელიც რეჟისორმა მარგუნა..."

ეთერ ერაძე