რატომ ამბობს უარს გიორგი ვაშაძე თვეში 20.000-ევროიან ხელფასზე - კვირის პალიტრა

რატომ ამბობს უარს გიორგი ვაშაძე თვეში 20.000-ევროიან ხელფასზე

"2008 წლიდან ვიხდიდი იპოთეკურ სესხს, 100.000 დოლარს, 2-3 წელია, რაც დავამთავრე. რაც შეეხება, ქეთის სახელზე არსებულ არასაცხოვრებელ ფართობს (სტანისლავსკის ქუჩაზე 100 კვმ), ასე ვთქვათ, მზითევია, მშობლებმა აჩუქეს და კარგი შემოსავალიც

აქვს აქედან"

რატომ ანაცვალა "ახალი საქართველოს" ხისტმა და ამბიციურმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ თვეში 20.000-ევროიან შემოსავალს პარლამენტარის ხელფასი, რა მოჰყვა მზითვად მის მეუღლეს და ვინ უფრო მომჭირნეა ვაშაძეების ოჯახში, ჩვენი საუბრიდან შეიტყობთ.

მინიდოსიე

გიორგი ვაშაძე ჭიათურაში 1981 წლის 8 ივლისს დაიბადა, ექიმების ოჯახში - მამა პოლიკლინიკის მთავარ ექიმად მუშაობდა, დედა - ლაბორატორიაში, კვლევებზე. მატერიალური თვალსაზრისით, საშუალო ოჯახი ჰქონდათ. 1990-იან წლებში, ისევე როგორც ბევრმა ოჯახმა საქართველოში, მათაც მძიმე ეკონომიკური კრიზისი გამოიარეს. 1993 წელს ოჯახის უფროსმა მოულოდნელად გადაწყვიტა დაეტოვებინა ქალაქი, თანამდებობა და თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. 2 წელიწადში დედაქალაქში გააგრძელა სწავლა. ერთხანს დედის მშობლების და მერე ბიძის ბინაში ცხოვრობდნენ, გოთუაზე. კარგად ახსოვს, ყოველდღე პურის რიგში დილის 6 საათიდან რომ იდგა ძმასთან ერთად. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სახელმწიფო მართვის სპეციალობით, ასევე სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ბიზნესმენეჯმენტი კი ჰარვარდის ბიზნესის სკოლაში შეისწავლა. 2010 წელს დაქორწინდა ქეთევან სიჭინავაზე, რომელიც გაიცნო ავსტრიის დედაქალაქ ვენაში - მაშინ ქეთევანი ვებსტერის უნივერსიტეტში მენეჯმენტისა და მარკეტინგის სპეციალობაზე სწავლობდა. დეკლარანტი მეუღლესა და სამ შვილთან - მიხეილ, დავით და ანასტასია ვაშაძეებთან ერთად ცხოვრობს.

- ჩემგან უხერხულია იმის აღნიშვნა, მაგრამ ჭიათურაში ჩემი ოჯახი პატიოსნებით გამორჩეული, დაფასებული და ავტორიტეტული იყო, ბევრ ნათესავს ჰქონდა ჩემი მშობლების იმედი. მათთვის პრიორიტეტი იყო განათლება და, ალბათ, ამიტომაც მე და ჩემი ძმა აქტიურები ვიყავით სწავლაშიც და მერე უკვე საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც.

ჩვენი თაობიდან ბევრი კრიმინალური სამყაროს წევრი, ნარკომანი გახდა, რაც იმდროინდელი გარემოს და ცხოვრების ბრალი იყო. ჩვენ ოჯახი დაგვეხმარა, რომ სწორ გზას არ ავცდენოდით. განებივრებული ბავშვები არ ვყოფილვართ, ვერ ვიტყვი, ხელს რასაც დავადებდით, ყველაფერს გვყიდულობდნენ-მეთქი. ჩემს შვილებს რომ ვუყურებ, ისინი უფრო მომთხოვნები არიან. მე არასდროს მითქვამს, ეს მინდა და მიყიდეთ-მეთქი. 21 წლიდან ვმუშაობ. შევარდნაძის პერიოდში საჯარო სამსახურში გამიზნულად არ დავიწყე მუშაობა, რადგან ეს ნიშნავდა კორუფციულ სქემაში ჩართვას და ადამიანის გაფუჭებას. არადა, მთავაზობდნენ სხვადასხვა პოზიციას, მაგრამ უარს ვამბობდი. 2003 წლის "ვარდების რევოლუციის" შემდეგ რამდენიმე თვე ინტერპოლში ვიმუშავე, მაგრამ მივხვდი, რომ იქ განვითარების შესაძლებლობა არ მქონდა და წამოვედი.

პარლამენტში დროებითი კომისიის აპარატშიც ვიმუშავე ცოტა ხნით და როცა იუსტიციის სამინისტროში კონკურსი გამოცხადდა და სამოქალაქო რეესტრი ჩამოყალიბდა, დავიწყე მუშაობა ჩუღურეთის საპასპორტო და მოსახლეობის სამსახურის უფროსად - იქ დავინახე პოტენციალის გამოვლენის შესაძლებლობა. ასეც მოხდა, 2010 წელს კი იუსტიციის მინისტრის მოადგილე გავხდი და დავიწყე იუსტიციის სახლის პროექტზე მუშაობა. ხისტი ვიყავი, არავის პოლიტიკურ დავალებებს არ ვასრულებდი. ბევრი ფიქრობდა, რომ რაკი პოლიტიკური საყრდენი არ მქონდა, წინ ვერ წავიდოდი, მაგრამ ასე არ მოხდა.

- გაჭირვების წლები ახსენეთ და რა გახსოვთ იმ დროიდან? - საჭმელი არ გვქონდა-მეთქი, ვერ ვიტყვი. ასეთ გაჭირვებაში ნამდვილად არ ვიყავით, მაგრამ მახსოვს, პურის რიგში რომ ვიდექით, იქვე იყიდებოდა ე. წ. კომერციული პური, 10 თეთრით ძვირი ღირდა და ჩვენ მაინც რიგში ვიდექით. ესე იგი, იმ 10 თეთრსაც მნიშვნელობა ჰქონდა. ზაფხულში უმეტესად სოფელში ვიყავით ხოლმე. გაჭირვების დროს მიწები დაანაწილეს და ჩვენც შეგვხვდა. მე და ჩემი ძმა 2 წელი ვცდილობდით სიმინდი მოგვეყვანა, ვთოხნიდით, ვბარავდით. ახლა ჩემი შვილებიც მთელ ზაფხულს იქ ატარებენ. გარეგნული იმიჯი ისეთი მაქვს, ალბათ, ვერ წარმოუდგენიათ, რომ მიყვარს სოფელი, იქაურებთან ურთიერთობა, საუბარი, საღამოს ჭიქა ღვინის დალევა... ერთი წესი მაქვს, სადაც უნდა ვიყო, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, აღდგომას აუცილებლად ჩავდივარ ჭიათურაში.

- როდის შეიძინეთ 106 კვმ-იანი ბინა თბილისში, მცხეთის ქუჩაზე ავტოფარეხთან ერთად? 2016 წელს შევსებულ დეკლარაციაში არც თარიღი გაქვთ მინიშნებული და არც ღირებულება. - 2008 წლიდან ვიხდიდი იპოთეკურ სესხს, 100.000 დოლარს, 2-3 წელია, რაც დავამთავრე. 10-წლიანი კრედიტი მქონდა. ეს თანხა გამოვიტანე შესაძენადაც და გასარემონტებლადაც. რაც შეეხება ქეთის სახელზე არსებულ არასაცხოვრებელ ფართობს (სტანისლავსკის ქუჩაზე 100 კვმ. - ავტ.), ასე ვთქვათ, მზითევია, მშობლებმა აჩუქეს და კარგი შემოსავალიც აქვს აქედან.

- ავტომობილი რატომ არ გყავთ? - "ქამრი" მყავს, უბრალოდ, ჩემი სიმამრის სახელზეა, რადგან როცა ვიყიდეთ, მაშინ საქართველოში არ ვიყავი და მის სახელზე გააფორმეს.

2016 წელს პარლამენტის წევრობიდან მიღებული შემოსავალი 61. 665 ლარი, ანუ თვეში დაახლოებით 5.138 ლარი ყოფილა, ქეთევანის შემოსავალი კი გაცილებით მეტია - იმ წელს ფონდ "ლიბერალური კვალის" დირექტორობიდან 15.000 ლარი მიუღია, "ინოვაციებისა და განვითარების" ფონდიდან - 146.870 ლარი, ხოლო არასაცხოვრებელი ფართობის გაქირავებით - 23.600 ლარი.

- რაც საჯარო სამსახურს ჩამოშორდით, თქვენი შემოსავალი შემცირდა თუ პირიქით, გაიზარდა? - კერძო საქმიანობიდან უფრო მეტი შემოსავალი მაქვს, ვიდრე დეპუტატის ხელფასია. 2016 წლის შემდეგ ჩემი ძირითადი შემოსავალია საექსპერტო სამუშაოდან მიღებული ანაზღაურება, ვგულისხმობ "ინოვაციებისა და განვითარების ფონდს", რომელიც მე დავაფუძნე. საკმაოდ დიდი ოფისი გვაქვს უკრაინაში. თვეში ხან 10.000 ამიღია, ხანაც 15-20.000 ლარი, გააჩნია, რა პროექტებზე ვმუშაობ. ხშირად მიწევს საექსპერტო სამუშაოების აღება და საზღვარგარეთ გამგზავრება, შემოსავალი რომ მქონდეს და ოჯახი შევინახო.

- პირველი ხელფასი როდის აიღეთ და რაში დახარჯეთ, თუ გახსოვთ? - პირველი ხელფასი - 37 ლარი, ინტერპოლში ავიღე. თანამშრომლები წავედით და ერთად ვისადილეთ. ახლა სასაცილოა ეს თანხა, მაგრამ მაშინ ხომ სიიაფე იყო. მანამდე სტიპენდიას ვიღებდი და ძალიან მახარებდა ეს ამბავი, იმ დღესვე მივდიოდით ხოლმე ჯგუფელები და ხინკალს ვჭამდით.

ოჯახის უფროსის სახელფასო ანგარიშზე მაშინ 7.551 ლარი ყოფილა, ანაბარზე - 9.202 დოლარი, შვილის, მიხეილის სახელზე გახსნილ ანაბარზე - 13.615 ლარი, ქეთევანის სახელზე კი საერთო ჯამში 41.787 ლარი და 11.236 ევრო.

- როგორც ჩანს, ფულის ხარჯვა გიყვართ, რადგან თქვენ გაცილებით ნაკლები თანხა გიდევთ ანაბარზე, ვიდრე თქვენს მეუღლეს. დღემდე ასეა? - რაც მაქვს, ყოველთვის ვხარჯავ იმ იმედით, რომ შემოსავალი ხვალაც მექნება, ამას ცოდნიდან გამომდინარე ვამბობ. არ მეშინია, სადაც უნდა მოვხვდე, ნებისმიერ ქვეყანაში ავაწყობ საქმეს და ასეც გამიკეთებია. 2016 წელს "ნაცმოძრაობიდან" რომ მოვდიოდი, არ ვიტყვი სახელსა და გვარს, ერთმა გამოცდილმა პოლიტიკოსმა მითხრა, გიორგი, ახლა რა გეშველება, როგორი იქნება შენი მომავალიო? ვუპასუხე, თქვენი მომავალი რა იქნება, თორემ მე ჩემს თავს აუცილებლად ვუშველი და კიდევ ბევრი კარგი რამ მოხდება-მეთქი. არასდროს მეშინია ხვალინდელი დღის, რადგან ყოველთვის დამოუკიდებელი ვარ. მადლობა ღმერთს, არავისგან დამჭირვებია ფულის სესხება. ჩემთან კი მოდიან სასესხებლად და შეძლებისდაგვარად ვცდილობ ხელი გავუმართო, თუმცა ყველას ვერ გასწვდები ადამიანი. ქეთის უფრო შეუძლია თანხის დაზოგვა. ახლაც კიევშია - საორგანიზაციო საკითხები, პროექტებისთვის ექსპერტების შერჩევა, კონტრაქტები - ამ ყველაფერს თვითონ უძღვება და ფულსაც აგროვებს.

ყოფილა შემთხვევა, როცა აღმომიჩენია, რომ საბანკო ანგარიშზე ფული აღარ მაქვს, ოვერდრაფტის გახსნა არ მინდა, მაგრამ ვფიქრობ, მომიწევს. კრედიტის დაფარვის შემდეგ, ვცდილობ ბანკიდან ფული აღარ გამოვიტანო. მიხეილის სახელზე ანაბარიც იმიტომ გავხსენი, რომ მივხვდი, თვიდან თვემდე ფული უცებ მეხარჯებოდა. ახლა 20-25 ათასი ლარი უნდა გვქონდეს მოგროვილი მისი სწავლა-განათლებისთვის.

- რაში არ გენანებათ ფულის გადახდა - ჩაცმაში, ძვირად ღირებულ ნივთებში... - ჩაცმა კარგია, მაგრამ თუ მეუღლემ არ გამახსენა, შეიძლება ერთი წელი ვიარო ერთი და იმავე ტანსაცმლით. წიგნებში არ ვზოგავ ფულს, დახარჯვა არ მენანება მაშინაც, როდესაც მეგობრებთან ერთად ვარ, ვახშამზე, სადილზე, საქართველოში თუ საზღვარგარეთ, რადგან სოციალიზაცია მნიშვნელოვანია. თუ ჩაიკეტე, ვერ განვითარდები.

- ძვირად ღირებულ ნივთებს არც ერთმანეთისთვის ყიდულობთ და არც ახლობლები გჩუქნიან? - სხვათა შორის, ბავშვობიდანვე ასე იყო - მშობლები გვაფრთხილებდნენ, თუ ვინმე ფულს მოგცემთ, არ გამოართვათო და მამას მეგობრები ფულის ჩუქებას რომ დააპირებდნენ, გავრბოდით ხოლმე. უკვირდათ, ეს რანაირი ბავშვები არიანო? საჩუქრის ფასს ყურადღებას არასდროს ვაქცევ, ეს ჩემმა მეგობრებმაც იციან და უმეტესად უსაჩუქროდ მოდიან ჩემს დაბადების დღეზე. ძალიან ვწუხდები იმის გამო, რომ ისინი წუხდებიან. ქორწინების შემდეგ მეუღლისთვისაც განსაკუთრებული არაფერი მიყიდია, რის გამოც ზოგჯერ მაკრიტიკებს. ქორწილში რა ბეჭედიც ვაჩუქე, ისევ ის უკეთია. ისე, ურჩევნია, ფული მოგზაურობაში დავხარჯოთ. ყველაზე დიდი თანხა, ალბათ, თვითმფრინავის ბილეთებში მეხარჯება, როგორც ექსპერტს, ხშირად მიწევს ფრენა.

- ბევრად მეტი შემოსავალი მექნება კერძო საქმიანობიდან, ვიდრე პარლამენტარსო, მითხარით. მაშინ რა გიზიდავთ პოლიტიკაში, რატომ არ ანებებთ თავს? - ამაზე სულ ვფიქრობ და ოჯახშიც ხშირად მეუბნებიან, რა გინდა, პოლიტიკას თავს რატომ არ დაანებებო? ახლახან უარი ვთქვი ერთ საოცარ წინადადებაზე - ყოველთვიურად 20.000 ევრო მექნებოდა ანაზღაურება. უკრაინაში საგადასახადო რეფორმის 25-მილიონიანი პროექტი დაიწყო, კონკურსში არც მიმიღია მონაწილეობა, თვითონ მომწერეს, მაგრამ ადამიანმა ის უნდა აკეთოს, რაც სიამოვნებს. მთელი ცხოვრება ექსპერტად ვერ ვიმუშავებ. ბიზნესმენობაზეც მიფიქრია, მაგრამ მხოლოდ კერძო სიკეთეზე კი არა, საჯარო სიკეთეზე ვფიქრობ და ამიტომ არც ბიზნესია ჩემი საქმე.

- გულწრფელად მითხარით, მეუღლემ როგორ გადაიტანა ეს უარი?

- (იცინის) არ იცის, თუმცა მისთვის სიახლე არ იქნება, რომ საჯარო სამსახურის სასარგებლოდ გავაკეთებდი არჩევანს, რადგან შემიძლია ეს ქვეყანა ვაქციო წარმატებულად, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეებისთვის. ზოგი ამბობს ჩემზე, ამბიციურიაო და ვფიქრობ, ასეც უნდა იყოს - ყველაფერი ჯერ წინ არის.

ნინო ჯავახიშვილი