"ჯონ ტეფტი ხშირად მოდიოდა მშრალ ხიდზე და საათობით ათვალიერებდა ჩემს ნახატებს" - კვირის პალიტრა

"ჯონ ტეფტი ხშირად მოდიოდა მშრალ ხიდზე და საათობით ათვალიერებდა ჩემს ნახატებს"

"2002 წელს ნახატები ქალაქ ბილეფელდში გამოვფინე, სადაც 40 წლის განმავლობაში არც ერთი უცხოელის ნახატი არ გამოფენილა, უეცრად პრესაში ისეთი შეფასებები გაჩნდა, სიხარულისგან ლამის ცუდად გავხდი. წარმოიდგინეთ, რა დამემართებოდა, როდესაც წავიკითხე სტატია სათაურით: "სალვადორ დალი, ერნსტ ფუქსი, ანგელია დამენია"

საკუთარ ერს ყველაზე მეტად ქართველები ვაკრიტიკებთ, მაგრამ საკითხავია, ვიცნობთ კი ჩვენს პოტენციალს? ალბათ, ძალიან ცუდად! თავადაც ამ დღეებში შევიტყვე ქართველი მხატვრის ანგელინა დამენიას შესახებ, რომელიც ამერიკელებმა ათწლეულის მხატვრად აღიარეს. ეს ნიუ-იორკის ჟურნალ Art Tour International-ში დაიწერა და ქართველ მხატვარს კატალოგიც მიუძღვნეს. ჟურნალი თანამედროვე მხატვრობის პოპულარიზაციას ეწევა. შესაბამისად, ანგელინა დამენიას შემოქმედებას უკვე მთელ მსოფლიოში იცნობენ... ოღონდ არა საქართველოში. ჩვენში მის შესახებ, ალბათ, ერთეულებმა იციან. მისი ნახატები ინახება მსოფლიოს ცნობილ გალერეებსა და კერძო კოლექციებში. მხატვარი არის ხელოვანთა საერთაშორისო ფონდების წევრი და დაჯილდოებულია რამდენიმე საერთაშორისო გამოფენის ოქროს მედლით.

- ჩემი მშობლები უკრაინაში ცხოვრობდნენ და მეც იქ დავიბადე, ჩერნობილის მეზობელ პატარა ქალაქში. ერთხელაც დედამ აიჩემა, სასწრაფოდ თბილისში უნდა დავბრუნდეთო და დავბრუნდით. მის მოულოდნელ გადაწყვეტილებას ახირებად ჩავთვლიდი, სულ ორ თვეში ჩერნობილის ავარია რომ არ მომხდარიყო. ასე რომ, დედაჩემის ალღომ გადაგვარჩინა.

იმ დროს უკვე ვხატავდი. დედაჩემმა ჩემს ნახატები ასევე მოულოდნელად გააქანა კულტურის სამინისტროში, ვნახოთ, რა შთაბეჭდილებას მოახდენსო. იქ კომისია შექმნეს იმის გასარკვევად, უგამოცდოდ ჩავერიცხე თუ არა სამხატვრო აკადემიაში. კომისიამ, ამ გოგოს ხატვის სწავლა აღარ სჭირდება, პირდაპირ უმაღლესი განათლების დიპლომი მივცეთო, მაგრამ დედაჩემი აჯანყდა, მხოლოდ დიპლომი არაფერში გვჭირდებაო! მოკლედ, ასე ჩამრიცხეს უგამოცდოდ აკადემიაში 1990 წელს.

მალე ქვეყანაში ვითარება დაიძაბა, ცხოვრება გაჭირდა. სამხატვრო აკადემიაში გლდანიდან ფეხით დავდიოდი. ხშირად არც სახატავი მასალა მქონდა, მაგრამ გულს არ ვიტეხდი. ბოლოს დედა გერმანიაში წავიდა სამუშაოდ, იქ გამოცდა ჩააბარა, ექიმად მიიღეს კლინიკაში და ამის მერე ამოვისუნთქეთ.

ჩემი ნახატების აღიარება სტუდენტობის შემდეგ დაიწყო. ამაში ისიც დამეხმარა, რომ გერმანიაში, სადაც დედა ცხოვრობდა, თითქმის აკადემიის დამთავრებისთანავე მქონდა რამდენიმე სერიოზული გამოფენა. 2002 წელს ნახატები ქალაქ ბილეფელდში გამოვფინე, სადაც 40 წლის განმავლობაში არც ერთი უცხოელის ნახატი არ გამოფენილა, უეცრად პრესაში ისეთი შეფასებები გაჩნდა, სიხარულისგან ლამის ცუდად გავხდი. წარმოიდგინეთ, როდესაც წავიკითხე სტატია სათაურით: "სალვადორ დალი, ერნსტ ფუქსი, ანგელია დამენია". მერე საქართველოსკენ გამომიწია გულმა, მოვკიდე ჩემს ვაჟს ხელი და დავბრუნდი.

ჩემი ვაჟი ახლა კარგი პიანისტია, ჩემი მეუღლე კი, გელა ფაილური, მხატვარია. ამერიკაში წასვლას საქართველოში ამერიკის ელჩი ჯონ ტეფტიც გვთავაზობდა, სამუშაოდ ყველა პირობას შეგიქმნითო, გელამ უარი უთხრა. ჯონ ტეფტი ხშირად მოდიოდა მშრალ ხიდზე და საათობით ათვალიერებდა ჩემს ნახატებს. მაშინ დავმეგობრდით. საოცარი ადამიანია, ხელოვნების კარგი შემფასებელი.

- და მაინც, რატომ დარჩით საქართველოში. - მაგას ჩემს მეუღლეს მაშინაც და ახლაც ბევრი ეკითხებოდა, ის კი პასუხობდა, მერე ვინ მოუვლის ჩემს ვენახსო. არადა, გელა კარგი მხატვარია და ამერიკაში უფრო მეტს მიაღწევდა. ახლა აქ არის და თავის ქალაქსა და ჩვენს გლეხებს ხატავს, თავის სოფელ ქვახვრელში თავკვერს, გორული მწვანისა და ჩინურის ვენახებს უვლის.

როგორც კი სოციალურ ქსელში ჩემი ნახატები აიტვირთა, უსწრაფესად მოჰყვა გამოფენებში მიწვევა არაერთ ქვეყანაში. ბოლოს მე და ჩემი მეუღლე ვატიკანშიც მიგვიწვიეს.

- განსაკუთრებით რომელი ნახატია თქვენთვის ძვირფასი?

- ალბათ, "საყდრისი", რომელიც ამსტერდამში გამოიფინა. ორი წლის წინ საყდრისის განადგურებამ ისე შემძრა, ეს განცდა ნახატში გადავიტანე. "საყდრისზე" ამსტერდამში 14-გვერდიანი სტატია დაიწერა, სადაც ნათქვამია, რომ ანგელინა დამენია მსოფლიო მხატვრობაში ახალი მიმართულების ფუძემდებელია.

- თქვენი სხვა ნახატებიც არანაკლებ მეტყველია. თითოეული მათგანი გარწმუნებს, რატომ აღმოჩნდა ანგელინა დამენია ათწლეულის მხატვრებში. ულამაზესია, მაგალითად, "ლურჯი ხე" ან "მზესუმზირა"... - ორივე სხვადასხვა ქვეყანაში გაიყიდა. "ლურჯი ხე" ასრულებული ოცნებების ხეა და იმიტომაც არის მოწყენილი. ჩემი რწმენით, ზოგი ოცნება აუსრულებელი უნდა დარჩეს, თუ ყველაფერი ასრულდება, მაშინ ცხოვრება ოდნავ სევდიანი იქნება.

- თქვენი ნახატები რა ფასად იყიდება? - გააჩნია, რომელ ქვეყანაში ყიდულობენ.

- ძუნწებად ფრანგებს იხსენიებენ ხოლმე... - კი, დაახლოებით, მაგრამ თუ ფრანგებს რაიმე გულით უნდათ, ყველაფერს გაიღებენ ხოლმე. ფრანგებზე მეტად ბერძნები არიან ხელმომჭირნეები, მაგრამ მე ბედს არ ვუჩივი - ჩემი ნახატების უმრავლესობა ყველგან კარგ ფასად იყიდება.

- უახლოეს მომავალში რომელ გამოფენაში მიიღებთ მონაწილეობას? - ბარსელონაში. იქ ჩემი ერთ-ერთი ბოლო ნახატი, "ილუზორული ცხენი - მთვარის ნათება" გამოიფინება.