"ქართველ ხალხს ვუსურვებ - მართლა ემღერებოდეს!" - კვირის პალიტრა

"ქართველ ხალხს ვუსურვებ - მართლა ემღერებოდეს!"

2011 წელს პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი შვილების, შვილიშვილებისა და შვილთაშვილების გარემოცვაში ხვდება და ნატრობს, ახალი წელი ნამდვილმა, ქართველმა თოვლის ბაბუამ მიულოცოს და არა - სანტა-კლაუსმა:

- მომკალით და, ვერ ვეგუები სანტა-კლაუსს, რომელიც ახლა მოდაშია შემოსული. ნამდვილ, ქართველ თოვლის პაპას მივესალმები. სანტა-კლაუსს იქ, თავის სამშობლოში გაუმარჯოს, თოვლის პაპას კი აქ - საქართველოში. საქართველოს ძალიან უხდება თოვლის ბაბუა თეთრი ჩოხითა და ნაბდით, იმ სიყვარულითა და ლოცვა-კურთხევით, რომელიც ღვთის მიერ არის ბოძებული ჩვენი ქვეყნისათვის.

სანტა-კლაუსის საწინააღმდეგო ნამდვილად არაფერი მაქვს, მაგრამ ბევრი ბავშვი ვიცი, რომელმაც არც სანტა იცის რას ნიშნავს და არც კლაუსი. ამიტომ თოვლის პაპა და თოვლის ბაბუა დალოცოს ღმერთმა!

- ბატონო ჯანსუღ, რას ისურვებდით მომავალ, 2011 წელს?

- ყველა ქართულ ოჯახს ვუსურვებ, ხვავი და ბარაქა არ მოჰკლებოდეს,  ყველას ჰქონოდეს იმის საშუალება, რომ ნათესავს, მეგობარს, მეზობელს თამამად მიულოცოს დღესასწაული. სტუმრის მოსვლისა არ შეშინებოდეს და არ ეფიქროს - რატომ გამითენდა ახალი წელიო. ძალიან, ძალიან გამიხარდებოდა, რომ ქართველებს ერთმანეთის სიყვარული ჰქონოდეთ. ჩემი აზრით, თუ სიყვარულის ფასი იცი, შენ იცი ფასი ღმერთისა, რადგან ღმერთი თავად სიყვარულია.

- საქართველოში ბევრი ფიქრობს, რომ ახალი წლის დღესასწაული უფრო მოკრძალებულად უნდა აღვნიშნოთ, მით უმეტეს, რომ მარხვის დღეებს ემთხვევა.

- შესანიშნავად თქვა ვაჟა-ფშაველამ - მემღერება და ვმღერიო. შე უბედურო, თუ არ გემღერება, რას მღერი?! თუ სატირლად გვაქვს საქმე მაშინ უნდა ვიტიროთ, რადგან ქართველის ტირილი და სიმღერა გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს. ჩვენ კი გვგონია, რომ სულ უნდა ვიმღეროთ და ვიცინოთ, მაგრამ ასე არ არის საქმე. მე ვისურვებდი, რომ ჩვენს ერს მართლა ემღერებოდეს, რომ მისი ლხინი ნამდვილი იყოს და არა ხელოვნური, ნაძალადევი. იმიტომ, რომ ქართული სიმღერის ბადალი მსოფლიოში არ არსებობს. თქვენ იცით, ჩვენი "ჩაკრულო" კოსმოსში, მეცხრე ცაზე გაგზავნეს.

- ბატონო ჯანსუღ, საახალწლოდ თუ გაქვთ რაღაც გამორჩეული ტრადიცია, რომელსაც არასოდეს ღალატობთ?

- საქმე ის არის, რომ ახალი წლის დღეები ჩვენს საოჯახო დღესასწაულსაც ემთხვევა - 1 იანვარს არის დაბადებული ჩემი მეუღლე. ამიტომ მას ყოველთვის ვუკეთებ რაღაც სიურპრიზს, მისი მეგობრებიც ხშირად მოდიან ხოლმე. ადრე ჩემი მეგობრებიც მოდიოდნენ, მაგრამ სამწუხაროდ, უმეტესობა ამქვეყნად აღარ არის. წელსაც, თუ ვინმე გვესტუმრება, სიხარულით გავუმასპინძლდებით. მიხარია, რომ ჩემი მეუღლის დაბადების დღე ასეთ დღესასწაულს ემთხვევა და ყოველთვის განსაკუთრებით აღვნიშნავ ჩემს შვილებთან, შვილიშვილებთან, შვილთაშვილებთან და უახლოეს ადამიანებთან ერთად.

- დასასრულ, რას უსურვებდით მომავალ 2011 წელს ჩვენს სამშობლოს - საქართველოს?

- როდესაც ჩვენი ქვეყნის წარსულს გადავხედავ, სულ ვფიქრობ, რამდენად დიდი წინაპრები გვყავდა, განა შეიძლება რომელიმე მათგანის ღვაწლი უარვყოთ? მაგრამ მაინც, სულ მგონია, რომ საქართველო დიდი ილიას ქვეყანაა და ილიას გზით უნდა იაროს. ქართველმა კაცმა უნდა იცოდეს, რას ნიშნავს "ენა, მამული და სარწმუნოება." არ შემიძლია არ გითხრათ, რომ 21-ე საუკუნეში საქართველოს მეორე ილია მოევლინა. დარწმუნებული ვარ - ეს ღვთით მოვლენილი კაცია.

თუ ვინმესი მჯერა დღევანდელ საქართველოში, ეს ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქია. ჩემს საქართველოს დიდი სიყვარულით ვლოცავ და ვეუბნები - იაროს ილიას გზით! თუკი გვჯერა, რომ მარიამ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სიყვარულის ფასიც უნდა ვიცოდეთ. სიძულვილით ქვეყანა არ აშენებულა, ქვეყანა მხოლოდ სიყვარულით უნდა აშენდეს!

ხათუნა ჩიგოგიძე

(სპეციალურად საიტისთვის)