"სააღდგომო ბატკანი" მფლობელს უბრუნდება?! - კვირის პალიტრა

"სააღდგომო ბატკანი" მფლობელს უბრუნდება?!

"სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა და დაადგინა, რომ "სააღდგომო ბატკანი" უკანონოდ ინახებოდა ეროვნულ მუზეუმში და რომ მისი კანონიერი მფლობელი ნუგზარ ალანიაა"

თბილისის საქალაქო სასამართლომ 27 თებერვლის გადაწყვეტილებით იურისტის, დამიანე ალანიას ოჯახს 2011 წელს წართმეული და სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემული ნიკო ფიროსმანაშვილის ნახატის "სააღდგომო ბატკნის" კანონიერ მფლობელად დამიანეს ვაჟი, ნუგზარ ალანია აღიარა. სიმართლის დასამტკიცებლად ოჯახი 9 წელიწადს იბრძოდა. 85 წლის მოხუცი ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, სამართალი ვერ იპოვა. მან 40 წელი ძალოვან სტრუქტურებში იმუშავა, 20 წელი თბილისის შს სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილე იყო. დამიანე ალანია ბიბლიოფილიც გახლდათ - მან გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმს თორმეტი ათასზე მეტი წიგნი და პერიოდიკა აჩუქა.

საქმის მასალების მიხედვით, ნუგზარ ალანიას მამამ 2009 წელს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიმართა და ნიკო ფიროსმანაშვილის "სააღდგომო ბატკნის" შესაბამისობის დადასტურება და დასკვნის გაცემა მოითხოვა. ნიმუშს თან ერთვოდა ანტიკვარული სალონის დირექტორის მზია შავლაშვილის გაცემული შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი და სხვა საბუთები. 2010 წელს ოჯახს მინისტრ ნიკოლოზ რურუას ხელმოწერით წერილობითი პასუხი დაუბრუნდა, რომ "სააღდგომო ბატკანი" არ მიეკუთვნებოდა ფიროსმანის შემოქმედებას, თუმცა მალევე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნიკო ფიროსმანის ნამუშევრის შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე. ბრალი წარედგინა როგორც დამიანე ალანიას, ასევე ანტიკვარული სალონის დირექტორ მზია შავლაშვილს, ექსპერტიზის დასკვნით კი სურათი, სავარაუდოდ, ფიროსმანის შემოქმედების ერთ-ერთი ნიმუში გახლდათ. 2012 წლის 5 ივნისს ბრალდებულ მზია შავლაშვილთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, ტილო კი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს უსასყიდლოდ გადაეცა.

ამდენი წლის მერე თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2012 წლის 5 ივნისის თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გააუქმა და მზია შავლაშვილი უდანაშაულოდ ცნო.

"სასამართლომ სარჩელის განხილვისას მოისმინა მხარეთა პოზიციები, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და დაადგინა, რომ მოსარჩელე ფიროსმანის ფერწერული ნამუშევრის "სააღდგომო ბატკნის" მესაკუთრეა, ხოლო საქართველოს ეროვნული მუზეუმი არამართლზომიერი მფლობელი. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღარ არსებობს საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხრიდან სადავო სურათის მართლზომიერად ფლობის საფუძველი და ნახატის კუთვნილების საკითხი მოსარჩელე ნუგზარ ალანიას სასარგებლოდ გადაწყვიტა," - ნათქვამია სასამართლოს ინფორმაციაში.

დამიანე ალანიამ 2001 წლის 17 მარტს ქაშუეთთან მდებარე ანტიკვარულ სალონ "ორიენტში" 35.000 დოლარად შეიძინა ნიკო ფიროსმანაშვილის "მელა" და "სააღდგომო ბატკანი". ორივე სურათის შეძენა დადასტურებულია ერთი დოკუმენტით. შესყიდვამდე მან ეს ნახატები აჩვენა მხატვარ-რესტავრატორ მირზაშვილს.

2009 წლის 9 სექტემბერს დამიანე ალანიამ კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის პირველ მოადგილეს მიმართა განცხადებით, რომ "სააღდგომო ბატკნის" შესაბამისობა დაედასტურებინათ და დასკვნა გაეცათ. სურათი კულტურის სამინისტროში მისმა შვილმა, ნუგზარ ალანიამ მიიტანა, თან დაურთო ყველანაირი დოკუმენტი: ხელოვნების მუზეუმის სარესტავრაციო განყოფილების გამგის წერილი; ხელოვანების დასკვნა; ნიკო ფიროსმანაშვილის უცნობი სურათების გამოფენის ბუკლეტი; სურათის საფასურის გადახდის ქვითარი და ფოტოსურათები. 2003 წელს""მელა" ოჯახმა გაასხვისა, "სააღდგომო ბატკანი" კი მათ სახლში ინახებოდა.

"გამომძიებელმა მითხრა, "სააღდგომო ბატკანი" სახელმწიფოს უნდა აჩუქოთო"

ნუგზარ ალანია: - კულტურის სამინისტროში განხილვას არ დამასწრეს, ბოლოს ერთმა პასუხისმგებელმა ქალმა მითხრა, კომისიამ იმსჯელა, ეს არ არის ფიროსმანის ტილოო. მამას რომ ვუთხარი, მითხრა, არ მაინტერესებს მათი დასკვნაო, ის ნახატის ნამდვილობაში დარწმუნებული იყო. მამა სახელმწიფო ექსპერტიზას იმიტომ ატარებდა, უნდოდა ნივთი გაეყიდა, ოღონდ იმ პირობით, რომ საქართველოში დარჩენილიყო. მართალია, კულტურის სამინისტროში არ დაუდასტურეს ნამდვილობა, მაგრამ მიხვდნენ, მამა შეეცდებოდა კერძო ექსპერტების დასკვნა აეღო. 2011 წლის 21 დეკემბერს უზნაძის ქუჩაზე, ერთ-ერთ ოჯახში მივედით. მამამ მითხრა, ოჯახის პატრონი სურათებით გატაცებული ქალიაო. იქ ახალგაზრდა ქალი ექსპერტად გაგვეცნო. მესამე პირიც იყო, თითქოს მას სურდა ყიდვა. ქალმა ხელთათმანები გაიკეთა და თქვა, ეს ფიროსმანის სურათიაო. ამის მერე ნახატი წამოვიღეთ, ჩავსხედით მანქანაში და 300 მეტრი არ გაგვევლო, პოლიციამ ყველა მხრიდან გზა გადაგვიკეტა და შინაგან საქმეთა სამინისტროში წაგვიყვანეს. იქიდან საღამოს 8-ის ნახევარზე გამოგვიშვეს, სურათი დალუქეს და დაიტოვეს. ამის მერე მამაჩემის სახლი გაჩხრიკეს, პარალელურად კეკელიძეზე თურმე ჩემს სახლსაც ჩხრეკდნენ. სახლიდან წიგნები და ზდანევიჩის 7 ნახატი წაიღეს...

ორი კვირის შემდეგ გამომძიებელმა თამაზ პაპუაშვილმა დააბრუნა ყველა სურათი და წიგნები, მაგრამ არ დააბრუნა "სააღდგომო ბატკანი", გვითხრა, კვლევა გრძელდებაო. რამდენიმე დღეში გამომძიებელმა დამირეკა, ეს სურათი სახელმწიფოს უნდა აჩუქოთო. მამამ კატეგორიული უარი თქვა, 10 დღეში კი მითხრა, სურათი უნდა გადავცე, რაც შეიძლება ჩქარა აცნობე გამომძიებელსო. თურმე გაუგია, 4 დღით ადრე გრიბოედოვის ქუჩაზე მცხოვრები ოჯახიდან წაუღიათ ღირებული სურათი და ოჯახიც დაუწიოკებიათ.

გამომძიებელმა მამას რამდენიმეპწკარიანი წერილი დააწერინა: "მე, დამიანე ალანია, ჩემს კუთვნილებაში არსებულ ნიკო ფიროსმანაშვილის "სააღდგომო ბატკანს", რომელიც 21 დეკემბერს ჩამომართვეს შს სამინისტროსა და პროკურატურის თანამშრომლებმა და ამჟამად ინახება შს სამინისტროს განკარგულებაში, გადავცემ ჩემი ქვეყნის სახელმწიფო მუზეუმს" და ხელი მოაწერა.

რამდენიმე დღის შემდეგ გამომძიებელმა პაპუაშვილმა განცხადების შეცვლა მომთხოვა, წერილი არ მოსწონებიათ, რადგან თურმე ჩუქების ბათილობის ინფორმაციას შეიცავდა. მამამ კატეგორიული უარი თქვა შეცვლაზე.

პროკურორმა თენგიზ ხარებავამ მითხრა, სურათის არამართლზომიერ შესყიდვასთან გვაქვს საქმე და კონფისკაციას ექვემდებარება, მაგრამ არ გვინდა ამ ფორმით მოხდეს, გვინდა სახელმწიფოს გადასცეთ საჩუქრადო.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გავიგეთ, რომ საქმიდან გამოყვეს ცალკე საქმე იმ ქალის წინააღმდეგ, ვისგანაც 2001 წელს მამამ სურათი იყიდა. მზია შავლაშვილი პასუხისგებაში მისცეს - თითქოს 2009 წელს მამამ სთხოვა, გაეცა ყალბი დოკუმენტი, ჩაეწერა, რომ ნახატი 2001 წელს შეიძინა. თითქოს ის დაეხმარა მამას დოკუმენტის გაყალბებაში. მას საპროცესო გარიგება გაუფორმეს, ფიროსმანის ნახატი კი სახელმწიფოს გადასცეს."

"თავიდანვე აშკარა იყო, ეს მინისტრ ნიკა რურუას შეკვეთილი საქმე იყო"

ჯერ კიდევ დამიანე ალანიას სიცოცხლეში, 2013 წლის გაზაფხულიდან ჩაერთო საქმეში ადვოკატი ლადო სანიკიძე.

- ბატონ დამიანეს ისე ჩამოართვეს საკუთრება და გადასცეს სახელმწიფოს, მისთვის ბრალიც არ წაუყენებიათ. თავიდანვე აშკარა იყო, ეს მინისტრ ნიკა რურუას შეკვეთილი საქმე იყო. მან კარგად იცოდა, რომ სურათი ორიგინალი იყო.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ყველა მოწმე დაჰკითხეს, ის პირებიც, რომლებიც ამბობდნენ, რომ დავალებით მივიდნენ ალანიასთან და თავი ექსპერტებად გაასაღეს. საბოლოოდ, პროკურატურამ სააპელაციო პალატას შუამდგომლობით მიმართა და ახალაღმოჩენილი გარემოების საფუძველზე მზია შავლაშვილის განაჩენის გადასინჯვა და მისი გამართლება მოითხოვა. ქალბატონი მზია ადასტურებდა, როგორ აიძულეს ეთქვა, თითქოს ბატონი დამიანეს თხოვნით გააყალბა დოკუმენტი. სააპელაციო სასამართლომ მზია შავლაშვილი გაამართლა, თუმცა მოსამართლემ სურათის უკან დაბრუნების საკითხი ვერ გადაწყვიტა, საამისოდ პროკურატურას დამიანე ალანიაზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე უნდა შეეწყვიტა და ასეც მოხდა. პროკურატურა ვალდებული იყო სურათი მემკვიდრისთვის დაებრუნებინა, მაგრამ რადგან თავის დროზე ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით გადაეცა ეროვნულ მუზეუმს, პროკურატურამ ეს გადაწყვეტილება არ მიიღო. მე მზია შავლაშვილის გამამართლებელი განაჩენი და პროკურატურის დადგენილება დამიანე ალანიაზე სს საქმის შეწყვეტაზე ნოტარიუსთან წარვადგინე და ბატონი დამიანეს ვაჟის, ნუგზარ ალანიას სახელზე სამკვიდრო მოწმობა ავიღეთ. ამის შემდეგ წერილით მივმართეთ ეროვნულ მუზეუმს, რომ დაებრუნებინათ ნახატი ნუგზარ ალანიასთვის.

მუზეუმმა დოკუმენტები განათლების და კულტურის სამინისტროს გადასცა, სადაც განაცხადეს, რომ ნახატი კანონიერად იყო სახელმწიფოს საკუთრებაში და არ უნდა გადასცემოდა ალანიას. ჩვენ სამოქალაქო სარჩელი შევიტანეთ სასამართლოში უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვაზე, მოპასუხედ კი სამინისტრო დავაყენეთ. სამინისტრომ შესაგებელი დაწერა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მოპასუხე ის ვერ იქნებოდა, რადგან ნახატი ეროვნული მუზეუმის მფლობელობაში იყო. საბოლოოდ, 27 თებერვალს სასამართლომ დააკმაყოფილა ჩემი შუამდგომლობა და დაადგინა, რომ ნივთი უკანონოდ ინახებოდა ეროვნულ მუზეუმში და რომ მისი კანონიერი მფლობელი ნუგზარ ალანიაა.

იმედია, ყოველგვარი იძულებითი აღსრულების გარეშე გადასცემენ ფიროსმანის სურათს ოჯახს და 9 წლის შემდეგ დაუბრუნდება ბატონ ნუგზარ ალანიას.