"ბავშვს გვარი მივეცი და ალიმენტს ვუხდი" - კვირის პალიტრა

"ბავშვს გვარი მივეცი და ალიმენტს ვუხდი"

"საქართველოში ქმრიანი ქალები უფრო აქტიურობენ... გავჩუმდები, თორემ დაინგრევა ოჯახები..."

ხმა გავრცელდა, რომ მომღერალი ბორის ბედია შეყვარებულია და დაქორწინებასაც აპირებს. მას ამ თემაზე სასაუბროდ შევხვდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სიყვარულის ისტორია უკვე დასრულდა.

- კარგი მეგობრები ვიყავით, მაგრამ სიყვარული დასრულდა.

- მეგობარზე არ გეკითხები. ამბობდი, რომ გიყვარს ერთი იმერელი გოგონა და დაოჯახებასაც აპირებდი. დაასრულე ეს ურთიერთობა? - მე ყოველთვის შეყვარებული ვარ, ყველა ლამაზი ქალი მომწონს, მაგრამ ჩემს თავზე მეტად არავინ მიყვარს. რომანტიკოსი ვარ, ყველაში სიკეთე მინდა დავინახო. დღეს ბევრი ლამაზი გოგონაა, მაგრამ ბოროტები არიან. მიკვირს, ასეთ ლამაზ ადამიანებს რა აბოროტებთ?! ხანდახან გოგო ისეთი უხეში და ამპარტავანი აღმოჩნდება, მისი არაფერი გინდა. ვინც ნორმალურია, მასთან დღესაც ვმეგობრობ.

- როგორი უნდა იყოს გოგო, რომ მოგეწონოს? - ლამაზი, ინტელექტუალური და თბილი. მე უფრო სულიერ სამყაროს ვეძებ. ამოუწურავი უნდა იყოს, საზრდოს მაძლევდეს, მაგრამ ასეთი ჯერ ვერ ვიპოვე. ძალიან ცოტა გოგონაა ლამაზიც და განათლებულიც. არ მომწონს, როცა ვერ გაიგებ, რა სწყინს ადამიანს, ან რა უხარია. ქართველ ქალს ერთი ნაკლი აქვს - ცუდ თვისებებს მალავს, შეინიღბება და ბოლოს ამჟღავნებს. საქართველოში ქმრიანი ქალები უფრო აქტიურობენ... გავჩუმდები, თორემ დაინგრევა ოჯახები.

- აშკარად შენ გადაგხდა თავს ასეთი ამბავი... - რატომღაც ასეთი ბედი მაქვს... ერთხელ თუ დავჯექი გოგონასთან, ჰგონია, რომ უკვე მისი ვარ. ასე არ არის. მე თავისუფალი კაცი ვარ. უკრაინაში ექიმ გოგონას ვხვდებოდი. იმ პერიოდში შევხვდი ერთ მხატვარსაც, ერთად შევედით კაფეში და იქ ჩემი ექიმის მეგობარი დაგვხვდა. გულმა რეჩხი მიყო. ცოტა ხანში შემოვიდა ის ექიმი, მომიჯდა გვერდით... ვზივარ ორ ქალს შუა... ექიმი ისეთი თვალებით უყურებს მხატვარს, გულში ვფიქრობ, ნეტავ რა დაუშავა-მეთქი. მერე ძალიან უხერხული რაღაც მკითხა - ეს ჩემზე მაგარია საწოლშიო? გაბრაზდა მხატვარი და ხეთქა სახეში. დაიწყეს ჩხუბი... თმით ითრიეს ერთმანეთი... ვაშველებ და კიდევ რომ მოუქნია, მე მომხვდა სახეში, კლანჭებიც დამისვა...

- ბოლოს რომელი დაკარგე? - ბოლოს მეგრული დიპლომატია ჩავრთე - ავუხსენი ექიმს, რომ გამოფენაზე გავიცანი. ორივე ხელოვანები ვართ და ვსაუბრობდით-მეთქი. ჩემმა მეგობარმა დამირეკა და მითხრა, კოცნიდაო. ღმერთი, რჯული, ასე არ იყო და დამიჯერა კიდეც. ბოლოს ერთიც სახლში გავაცილე და მეორეც.

- ეჭვიანობის მსხვერპლი ხშირად ყოფილხარ? - ყველა გოგოს ჰგონია, რომ სხვასაც ვხვდები. შეხვედრით შეიძლება ბევრ ადამიანს შევხვდე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ბევრი საყვარელი მყავს. მიყვარს, ქალებს სიმღერებს რომ ვუძღვნი და ამისთვის მეჩხუბებიან. ერთ ქმრიან უკრაინელ ქალს ვხვდებოდი, ასაკოვანი ქმარი ჰყავდა. ერთხელ ეს კაცი მოულოდნელად დაბრუნდა შინ. ვიფიქრე, არ მომკლას-მეთქი და მესამე სართულიდან გადავხტი თოვლში, ყინვაში. პალტო იქ დამრჩა. იმ კაცმა მე რომ ვერ დამიჭირა, სიმწრისგან ჩემი პალტო დაგლიჯა. ისე გამოვიქეცი იმ ქალაქიდან, აღარასდროს მივბრუნებულვარ.

- როგორც ვიცი, შენთვის მნიშვნელოვანია, გოგო შეძლებული ოჯახიდან არის თუ არა. - ამას იმიტომ ვამბობ, რომ როცა ოჯახს შესაძლებლობა აქვს, განათლებასაც აძლევს შვილს. შეიძლება გოგონა განათხოვარიც იყოს, მერე რა. მთავარია, არასდროს მომატყუოს. ერთმა მითხრა, ბიჭისთვის არც მიკოცნიაო, არადა, თურმე გათხოვილიც ყოფილა და გაშორებულიც. მერე მითხრა, იმ ბიჭმა მომიტაცა და გეი აღმოჩნდაო, თან ცრემლებს აღვარღვარებდა. მისი ნდობა დამეკარგა და ურთიერთობაც შევწყვიტე.

- უკრაინაში შვილი გყავს. ამ ამბავს დიდი ხმაური მოჰყვა. ახლა ხვდები ბავშვს? - ეს ამბავი დამთავრდა. ბავშვს გვარი მივეცი და ალიმენტს ვუხდი. ის ქალი არც ცოლად მომიყვანია და არც საყვარლები ვყოფილვართ.

ხათუნა კორთხონჯია