ამ პროდუქტის მომხმარებლები არიან ქართველი ემიგრანტები, რომელთაც პროტესტის გრძნობა არც კი უჩნდებათ(!). - კვირის პალიტრა

ამ პროდუქტის მომხმარებლები არიან ქართველი ემიგრანტები, რომელთაც პროტესტის გრძნობა არც კი უჩნდებათ(!).

ეს ამბავი საფრანგეთში მცხოვრებმა ჩვენმა თანამემამულემ შემატყობინა. ქართველ ემიგრანტს საახალწლოდ ქართული სუფრის გაშლა მოუწადინებია, მაგრამ მარცხი უწვნევია!  წარმოიდგინეთ, როგორ გაოცდებოდა, როცა ქართულ ხაჭაპურს დანატრებულს მის ნაცვლად ხელში "ხაჩატურიანი", ჩურჩხელის ნაცვლად - "არმიანსკოე ჩუდო" და ქართული ღვინის ნაცვლად კი სომხური "საფერავი" შერჩა!

"ქართველი "ავტორიტეტები" დამადგნენ თავზე სომეხ ძმებთან ერთად და  საქმე გამირჩიეს, არ გაბედო რაიმეს თქმა და ამ ამბავმა პრესამდე არ მიაღწიოს, თორემ ჩვენ ვიცით და ჩვენმა ბიჭობამო"

ამბავი საფრანგეთში მცხოვრებმა ჩვენმა თანამემამულემ შემატყობინა. ქართველ ემიგრანტს საახალწლოდ ქართული სუფრის გაშლა მოუწადინებია, მაგრამ მარცხი უწვნევია!  წარმოიდგინეთ, როგორ გაოცდებოდა, როცა ქართულ ხაჭაპურს დანატრებულს მის ნაცვლად ხელში "ხაჩატურიანი", ჩურჩხელის ნაცვლად - "არმიანსკოე ჩუდო" და ქართული ღვინის ნაცვლად კი სომხური "საფერავი" შერჩა!

მას შემდეგ, რაც "ჩაკრულო" ჩვენმა მოძმე სომხებმა სომხურ ხალხურ სიმღერად და ანსამბლი "რუსთავი" სომხურ ხალხურ ანსამბლად მონათლეს, მეგონა, აღარაფერი გამიკვირდებოდა,  მაგრამ საკვირველი და საგანგაშო უფრო სხვა რამ არის და სულ ტყუილად ვბრაზობთ მეზობლებზე, როცა ყველაფრის მიზეზი ჩვენსავე უნიათობაშია საძიებელი.

ნუგზარ სულაშვილი: - ცოტა ხნის წინ საფრანგეთის ქალაქ მონტობანში რუსულ სუპერმარკეტში შევედი. ემიგრანტი ქართველებისაგან გაგებული მქონდა, ქართული პროდუქცია რუსულ სუპერმარკეტებში იყიდებაო.  "საფერავს" რომ მოვკარი თვალი, ფრთაშესხმულმა რამდენიმე ბოთლს დავავლე ხელი, ვიფიქრე, სამშობლოდან შორს საახალწლო სუფრას ქართული ღვინით დავამშვენებ-მეთქი.  სანამ სალარომდე მივიდოდი, იმდენი ვეფერე ბოთლებს, იმდენი ცრემლი ვაპკურე...

- ჰაეს? - გამეკრიჭა გრძელცხვირა მოლარე.

- ნოო, ჯეორჯიან, - გავიკრიჭე მეც და "საფერავის" ბოთლები გამომწვევად ჩამოვულაგე დახლზე.

- ეს სომხური ძვირფასი ღვინოების კოლექციიდან არის, - მითხრა თავდაჯერებულად გამყიდველმა და კიდევ ერთხელ გამიღიმა.

გავშტერდი! რას ამბობთ, არ არსებობს სომხური "საფერავი"-მეთქი. როგორ გეკადრებათო, შეიცხადა მოლარემ და ეტიკეტზე მიმითითა, აგერ წაიკითხეთო. მერეღა დავაკვირდი. ეტიკეტზე გერმანულად კარგა მსხვილი ასოებით ეწერა: სომხური ღვინო "საფერავი" და მივხვდი, რომ ვარსკვლავთმრიცხველების ნაწინასწარმეტყველები მზის დაბნელება ჩემთვის 4 იანვარს კი არა, 26 დეკემბერს დაიწყო!

გულმოკლული და ნირწამხდარი მაღაზიის ადმინისტრაციას ვეცი, რას ჰქვია "საფერავს" სომხური ღვინო აწერია-მეთქი. მიპასუხეს, ჩვენ არაფერი ვიცით,  ეს ღვინო საფრანგეთში გერმანიიდან შემოაქვთო. მწარმოებელი აღმოჩნდა ფირმა "არამე", რომელიც "საფერავს" აწარმოებს წარწერით "ძვირფასი სომხური ღვინოების კოლექციიდან". როგორ დავიჯერო, რომ სომხებს "საფერავის" წარმოების ექსკლუზივი მიჰყიდა საქართველომ?!

არ ვიცი, ამ ფაქტზე რა რეაქცია ექნება საქართველოს ხელისუფლებას, მაგრამ მე კი დავრჩი საახალწლოდ ნირწამხდარი და სომხური "საფერავის" ამარა!

ხომ არ შეიძლება, ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორიც "ხვანჭკარა", "საფერავი" და "ქინძმარაულია", ევროპელები საუკეთესო სომხურ ღვინოებად იცნობდნენ?

"ბედნიერება" თურმე წინ მელოდა: როცა "საუკეთესო სომხური ღვინოების კოლექციის" "საფერავი" გავსინჯე, კიდევ უფრო წამიხდა ხასიათი. საკმარისია, ერთხელ გასინჯოთ და არათუ "საფერავს", მგონი, ღვინოსაც აღარასოდეს გაეკარებით!

მოკლედ, ამ საახალწლო სიურპრიზის შემდეგ დავინტერესდი და აღმოვაჩინე, რომ ასეთივე "ქართული" პროდუქტები იყიდება ყველა იმ ქალაქში, სადაც რუსული სუპერმარკეტებია, მათ შორის - პარიზში, ლიონში, ბორდოში, სტრასბურგში, მარსელში. საფრანგეთში მასობრივად იყიდება სომხურ ანსამბლ "სუხიშვილების" კონცერტების კომპაქტდისკები, ხოლო ხაჭაპურს - "ხაჩატურიანი", აჩმას - "აჩმეიადინი", ჩურჩხელას - "არმიანსკოე ჩუდო", შოთის პურს - "აშოტას პური", გოზინაყს კი - "აინუში" ჰქვია!

ყველაზე გულსატკენი კი ის არის, რომ ყველა ამ პროდუქტის მომხმარებლები არიან ქართველი ემიგრანტები, რომელთაც პროტესტის გრძნობა არც კი უჩნდებათ(!).

სხვას რა უნდა მოვთხოვოთ, როცა არც ის აღარ ვიცით, რა არის სამშობლო ან მისი სიყვარული. რამდენიმე წლის წინ ამერიკაში ვიყავი. კალიფორნიაშიც აღმოვაჩინე სომხური "ხვანჭკარა", "ქინძმარაული" და "ბორჯომი", რომელიც მაღაზიასა და აფთიაქებში იყიდებოდა, როგორც საუკეთესო თვისებების მქონე სომხური სამკურნალო მინერალური წყალი. "ბორჯომს" ყველა წარწერა სომხურ ენაზე ჰქონდა,  მხოლოდ მსხვილად წაწერილი "ბორჯომი" იყო ინგლისურად.

დავინტერესდი "ხვანჭკარისა" და "ქინძმარაულის" წარმომავლობით და რამდენიმე დღეში კალიფორნიაში სომხების ფირმას მივაგენი. ეს ამბავი სასწრაფოდ შევატყობინე საქართველოს საელჩოს, რამდენიმე დღეში კი ქართველი "ავტორიტეტები " დამადგნენ თავზე სომეხ ძმებთან ერთად და  საქმე გამირჩიეს, არ გაბედო რაიმეს თქმა და ამ ამბავმა პრესამდე არ მიაღწიოს, თორემ ჩვენ ვიცით და ჩვენმა ბიჭობამო. მივხვდი, რომ მწარმოებლებმა ჩამიშვეს, წყლის ნაყვა იყო ყველაფერი - ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა და  წილშიც იჯდნენ!

საახალწლო არდადეგების შემდეგ საფრანგეთშიც ვაპირებ ამ ამბის გაპროტესტებას, მაგრამ, მგონი, აქაც ქართველების ხელი ურევია და რითი დამთავრდება ეს ამბავი, ღმერთმა იცის.

მე თუ მკითხავთ, ეს სომხების ბრალი სულაც არ არის. გასდით და რატომაც არა! იმისათვის, რომ უცხოეთის ბაზრებზე ქართული დასახელებები და სავაჭრო ნიშნები დავიცვათ, ამ ქვეყნების კანონების ცოდნა და სულ ცოტა პატრიოტიზმის გრძნობაა საჭირო (მართალია, ახლა დროებას ჩამორჩენილი პატრიოტები აღარ არიან მოდაში, მაგრამ მაინც).

ეს ერთადერთი იარაღია, რაც საქართველოს სჭირდება ცივილიზებულ სამყაროში ამგვარ სიურპრიზებთან  საბრძოლველად. ბრძოლის არენა კი, ცხადია, სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოა და ამ არენაზე გამარჯვებასაც ცოდნა და სახელმწიფოს (სწორედ მას ევალება ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვა) მხარდაჭერა ესაჭიროება. სამწუხაროდ, ქართულ კომპანიებს არ შეუძლიათ უცხოეთის სამართალდამცველ სტრუქტურებში საქმის აღძვრა, ძვირად ღირებული იურისტების დაქირავება სასამართლო პროცესისთვის, რომელიც ზოგჯერ თვეების განმავლობაში ჭიანურდება.

საქართველოს კანონმდებლობით, 18 ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოა დაცული, მათ შორის "საფერავიც". ამ დასახელებების დაცვა ევროკავშირის ქვეყნებში გარანტირებულია ლისაბონის ხელშეკრულებით, რომელსაც საქართველოც არის მიერთებული.