პაატა იმნაძე: "სამწუხაროდ, რადიკალური ზომების მიღება გახდა საჭირო" - კვირის პალიტრა

პაატა იმნაძე: "სამწუხაროდ, რადიკალური ზომების მიღება გახდა საჭირო"

"ძალიან ბევრი ადამიანი თვითიზოლაციის წესებს არ იცავდა, ამიტომაც გაიზარდა დაავადებულთა რაოდენობა"

7 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 13 დადასტურებული შემთხვევაა, კარანტინშია 141 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 69 პაციენტია. კორონავირუსის პრევენციის მიზნით საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყოველდღე სპეციალური ხსნარით მუშავდება. სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება სკოლებში, სადაც სწავლა 16 მარტამდე გადაიდო. ამ დრომდე შეჩერდა თეატრებში სპექტაკლების ჩვენებაც. კიდევ რა ზომებს გამოიყენებს მთავრობა და რა რეკომენდაციებს გვაძლევს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი? "კვირის პალიტრა" მკითხველისთვის საინტერესო ყველა დეტალს გაგაცნობთ.

კორონავირუსით დაავადებული 13-ვე ადამიანი საქართველოს მოქალაქეა. პირველი COVID -19-ით ინფიცირებული 50 წლის მამაკაცი საქართველოში 26 თებერვალს ირანიდან აზერბაიჯანის გავლით, წითელი ხიდის სახმელეთო საზღვრით შემოვიდა. მეორე ინფიცირებული - 31 წლის ქალბატონი 28 თებერვალს გამოვლინდა - ის იტალიიდან ჩამოფრინდა. მესამე შემთხვევა 29 თებერვალს აღინიშნა - ახალგაზრდა მამაკაცი ასევე ირანიდან აზერბაიჯანის გავლით, სახმელეთო საზღვრით ჩამოვიდა ქვეყანაში. კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა 5 მარტს გახდა ცნობილი. დაინფიცირებული მოქალაქე 44 წლის მამაკაცია, მედიკოსი, რომელიც ოჯახის წევრებთან ერთად იტალიიდან 1-ლ მარტს ჩამოფრინდა. თავდაპირველად სიმპტომები არ აღენიშნებოდა, შემდეგ კი ტემპერატურა აეწია და 4 მარტს თვითონ მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს. ამ მამაკაცთან კონტაქტში მყოფ ხუთ ადამიანსაც 5 მარტის საღამოსვე გამოუვლინდა კორონავირუსი - ერთ-ერთი სამედიცინო ცენტრ "ევექსის" თანამშრომელია და მან ასევე იმოგზაურა იტალიაში. 7 მარტს კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა კიდევ ოთხით გაიზარდა. ოთხივეს უდასტურდება იტალიასთან პირდაპირი ან ირიბი კონტაქტი. მათ შორის არის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ვაჟი ნიკოლოზ გამყრელიძე. ის სამედიცინო კორპორაცია "ევექსის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა, იტალიაში არ ყოფილა, თუმცა კონტაქტი ჰქონდა ამ ქვეყნიდან ჩამოსულ, კორონავირუსით დაინფიცირებულ მოქალაქესთან. ამ ეტაპზე COVID-19-ით ინფიცირებულთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მხოლოდ ერთი, რიგით მეოთხე 44 წლის მამაკაცის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა.

იტალიასთან ავიამიმოსვლა შეწყდა

ჩინეთისა და ირანის შემდეგ ავიამიმოსვლა დროებით იტალიასთანაც შეწყდა. პირდაპირი ფრენების შეჩერების მიზეზი კორონავირუსის გავრცელების მომატებული საფრთხეა. იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გაუქმებულ რეისებზე ბილეთები შეძენილი ან დაჯავშნილი ჰქონდათ, საქართველოში მთავრობის დახმარებით დაბრუნდებიან.

კორონავირუსის გავრცელების გაზრდილი საფრთხის გამო მკაცრდება საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის წესებიც როგორც საქართველოს მოქალაქეების, ასევე ტურისტებისთვის. ჯანმრთელობის მსოფლიოს ორგანიზაციის რეკომენდაციის თანახმად, თუ პირი ე.წ. რისკის ჯგუფში შემავალი ქვეყნიდან ჩამოდის, ის ვალდებულია დაექვემდებაროს ინტენსიური შემოწმების დადგენილ რეჟიმს და გაიაროს 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის პროცედურა. ეს წესი ვრცელდება იმ ტურისტებზეც, ვისაც საზღვრის გადმოკვეთის დროს არ ექნება კორონავირუსზე სპეციალური მეთოდით შემოწმების დამადასტურებელი ცნობა, რომელიც გაცემული უნდა იყოს იმ ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ, საიდანაც ტურისტი გამოემგზავრა, ტრანზიტულად მგზავრობის შემთხვევაში კი ასეთი ცნობა უნდა გასცეს სატრანზიტო ქვეყნის შესაბამისმა ლაბორატორიამ.

"თუ უცხოეთიდან ჩამოსულისგან დაინფიცირებული აქაური, თავის მხრივ, სხვას დააავადებს, ის კი კიდევ სხვას, სიტუაცია უმართავი გახდება. ამას ჰქვია მესამე თაობის გენერაცია"

პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე:

- სამწუხაროდ, რადიკალური ზომების მიღება გახდა საჭირო, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი თვითიზოლაციის წესებს არ იცავდა. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ გაიზარდა დაავადებულთა რაოდენობა.

- შემთხვევების რიცხვი კვლავ გაიზრდება?

- სამწუხაროდ, ამას ველოდებით.

- დავიწყოთ საზღვრიდან და ერთად გავიაროთ გზა, რომელსაც გადიან ქვეყანაში შემოსული მგზავრები. - საზღვრებზე თერმოსკანერით ან ხელის დისტანციური თერმომეტრით მოწმდებიან. თუ რომელიმეს ტემპერატურა აღმოაჩნდება, საბაჟო სამსახურის საკარანტინო განყოფილებაში გადაჰყავთ, სადაც მორიგე ექიმები დაწვრილებით გამოჰკითხავენ, სად იყო, ვისთან ჰქონდა კონტაქტი...

- ყველას ამოწმებენ, ვინც რისკ-ჯგუფის ქვეყნებიდან ჩამოდის?

- არა მხოლოდ! შეიძლება იტალიიდან ჯერ სხვა ქვეყანაში ჩახვედით და იქიდან ჩამოფრინდით... მესაზღვრე თითოეული მოქალაქის პასპორტში ამოწმებს შტამპებს და ამის მიხედვით მოქმედებს. ამიერიდან სამშობლოში რისკ-ჯგუფის ქვეყნებიდან დაბრუნებული ყველა მგზავრი წავა კარანტინში, საიდანაც, იმის მიხედვით, ვის როგორი პირობები აქვს და რამდენად სანდოა, რომ დაიცავს წესებს, გადავა თვითიზოლაციაში. თვითიზოლირებულებს მუდმივად გააკონტროლებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუშაკები. საჭიროების შემთხვევაში საქმეში ჩაერთვება საპატრულო პოლიციაც.

- რა უჯდება სახელმწიფოს კარანტინში მყოფი ერთი ადამიანის ყოველდღიურად შენახვა?

- სახელმწიფოს კარანტინში მყოფის შენახვა ყოველდღიურად 50-70 ლარი უჯდება. თვითიზოლირებულს სახელმწიფო უზრუნველყოფა არ აქვს, თუმცა, ვისაც არ ჰყავს ახლობელი, საკვები რომ მიაწოდოს, ადგილობრივი ხელისუფლება საკვებით მომარაგებას დაჰპირდა. საკარანტინო სივრცეები ყოველდღიურად ემატება, რადგან შეიძლება უფრო და უფრო მეტი ადამიანი გახდეს კარანტინში მოსათავსებელი. ფართოვდება იმ საავადმყოფოების რიცხვიც, სადაც შესაძლო პაციენტებს ათავსებენ.

- კარანტინში მყოფებს ერთმანეთთან კონტაქტის უფლება აქვთ? - არის შემთხვევები, როდესაც ოჯახის წევრები ერთად არიან კარანტინში. მაგალითად, ერთი ქალბატონი ორ შვილთან ერთად იყო და ბავშვებს ცალკე ხომ არ განათავსებდნენ?

ჯერჯერობით საქართველოში შემთხვევათა დიდი ნაწილი უცხოეთიდანაა შემოტანილი. ორი ინფიცირებული საზღვრიდანვე გადაიყვანეს საავადმყოფოს საიზოლაციო სივრცეში. მათ არ ჰქონდათ ქვეყანაში კონტაქტები. იყო შემთხვევა, როცა ქვეყანაში ჩამოსვლიდან მალევე გამოვლინდა ვირუსი და მათი იზოლაციაც სწრაფად მოხდა. ასევე იყო შემთხვევა, როცა ჩამოსვლიდან მესამე დღეს მოხდა ადამიანის იზოლაცია, თუმცა ის მანამდე იცავდა თვითიზოლაციის წესებს, მაგრამ იყო ძალიან სამწუხარო შემთხვევაც, როცა ადამიანი არ იცავდა თვითიზოლაციის წესებს და ძალიან ბევრ ადამიანთან მოუხდა ურთიერთობა... ახლა ყველას კვლევა მიმდინარეობს. რამდენიმეს უკვე აღმოაჩნდა დადებითი პასუხი, მაგრამ ეს არ ითვლება ქვეყნის შიდა ტერიტორიაზე ვირუსის გადადებად, ამას ჰქვია პირველ შემოტანილ შემთხვევასთან ასოცირებული შემთხვევა. ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ძალიან საყურადღებო და საგანგაშოა, თუ უცხოეთიდან ჩამოსულისგან დაინფიცირებული აქაური, თავის მხრივ, სხვას დააავადებს, ის კი კიდევ სხვას, სიტუაცია უმართავი გახდება. ამას ჰქვია მესამე თაობის გენერაცია.

- არ ვიცი, რის საფუძველზე, მაგრამ იტალიაში მცხოვრებნი ამბობენ, ალბათ, ორ კვირაში უკვე გვეცოდინება კორონავირუსის სამკურნალო საშუალებაო. ეს სიმართლეა, თუ ერთმანეთის დამშვიდების მცდელობა? - ორ კვირაში არა! ახლა ბევრი სამკურნალო პრეპარატის კლინიკური კვლევა მიმდინარეობს. მათ შორის არის ამერიკული კომპანია "გილიადის" პრეპარატი "რემდესივირიც". "გილიადი" საქართველოსთან დიდი ხანია თანამშრომლობს და გვაქვს ფუფუნება, რომ ყველა C-ჰეპატიტიანს უფასოდ ვუმკურნალოთ ანტივირუსული პრეპარატებით. მოგვიანებით გახდება ცნობილი, ეს აღმოჩნდება თუ არა, COVID-19-ის საწინააღმდეგო სპეციფიკურ პრეპარატი. თუმცა სხვადასხვა ქვეყანაში სხვა პრეპარატების გამოცდაც მიმდინარეობს. პასუხები ცნობილი, ალბათ, ზაფხულისთვის იქნება.

- ამ ეტაპზე ჩვენ და უცხოელები რა პრეპარატებს ვიყენებთ კორონავირუსით ინფიცირებულების სამკურნალოდ?

- აბსოლუტურად ერთსა და იმავეს, იმიტომ, რომ ვირუსების საწინააღმდეგო პრეპარატები ძალიან ცოტაა.

- ზოგიერთი პრეპარატი დასახელებულია უცხოურ პრესაში. - უნიშნავენ სიცხის დამწევს - "პარაცეტამოლს". ჩვენთანაც იმავე პროტოკოლით ვმკურნალობთ ნებისმიერ ვირუსულ პნევმონიას, როგორითაც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. სპეციფიკური ანტივირუსული პრეპარატები ცოტაა, მაგალითად, არსებობს ჩ ჰეპატიტის, ასევე გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო სპეციფიკური პრეპარატები, მაგრამ არ არსებობს წითელას, ყბაყურას, ჩუტყვავილას საწინააღმდეგო. ყველა ეს ვირუსი იწვევს პნევმონიას, მაგრამ ამ პნევმონიას ხომ არჩენენ? კორონავირუსის 100 000 შემთხვევაშიც ნახევარზე მეტი ხომ მორჩენილია?!

როგორ იბრძვიან ექიმები ბოქსირებულ განყოფილებასა და საკარანტინო სივრცეში

რეზო მეჭურჭლიშვილი, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ექიმი-ინფექციონისტი:

- როდესაც პაციენტი გარედან ბოქსირებულ პალატაში შემოჰყავთ, მასთან ექიმები შევდივართ სპეცაღჭურვილობით, შესაბამისი სათვალით, რესპირატორით და დეტალურად ვეკითხებით, საიდან ჩამოვიდნენ, რა აწუხებთ, როგორი სიმპტომები აქვთ. ძირითადად აქვთ ტემპერატურა, ხველა, ყელის ტკივილი, იშვიათად - საერთო სისუსტე. დამახასიათებელია ასევე ნესტოების შეშუპება და გამონადენი ცხვირიდან. შემდეგ ექთანი უღებს სისხლს საერთო ანალიზისთვის. თუ მას უკვე აქვს ვირუსი, ანალიზი აჩვენებს ლიმფოპენიას, ანუ სისხლში ლიმფოციტების დაბალ დონეს. შემდეგ უკვე ვუღებთ ღვიძლის ფუნქციებს. იმ შემთხვევაში, თუ ვირუსის კვლევის პასუხი დადებითია, ის დარჩება ჩვენს დაწესებულებაში და გააგრძელებს მკურნალობას. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში წავა კარანტინში, სადაც 14 დღის განმავლობაში მოუწევს ყოფნა.

- პაციენტები როგორ ხვდებიან პასუხს?

- ზოგი ემოციურად, ზოგი - ძალიან მშვიდად. ზოგი დარწმუნებულია, რომ ვირუსი არა აქვს, მაგრამ როცა დადებითი პასუხი მოდის, იწყებს ნერვიულობას. ამ დროს შეიძლება ტემპერატურა აეწიოს. გვაქვს შემთხვევები, როდესაც პასუხის მოსვლამდე შფოთავენ და უწევთ სიცხე... თუმცა, ზოგი, როცა კვლევის პასუხს იგებს, იუმორით ამბობს, სანატორიუმში წასვლასავით არის კარანტინიო...

- არსებული მონაცემებით, ამ ვირუსით, ძირითადად, მამაკაცები ავადდებიან. - ვირუსის გავრცელების საფრთხე ქალებსა და მამაკაცებს შორის 60%-40%-ზეა... მოზარდის საეჭვო შემთხვევა გვქონდა, მაგრამ არ დადასტურდა. მსოფლიოში არ არსებობს ფაქტი, რომ ვირუსი მოზარდისგან უფროსს გადაედო, თუმცა პირიქით შემთხვევები რამდენიმე ქვეყანაშია აღრიცხული.

- ეს ვირუსი უცხო იყო მსოფლიოს სამედიცინო წრეებისთვის. რა სირთულეები იყო პირველ ხანებში? - მუდმივი ონლაინკონსულტაციები გვქონდა ჩინელ ექიმებთან, რომლებიც გვიზიარებდნენ თავიანთ გამოცდილებას - როგორ მუშაობდნენ, რაზე უნდა გაგვემახვილებინა ყურადღება, რა მედიკამენტები გამოგვეყენებინა, როგორ მოვქცეულიყავით, თუ სიმპტომები განმეორებითი არ იქნებოდა; ასევე გვეუბნებოდნენ, რამდენ ხანში იდევნება ორგანიზმიდან ვირუსი, რა ხდება მაშინ, თუ ადამიანი ინფიცირებული იყო და განიკურნა. ჩინელი ექიმების რეკომენდაციით, პაციენტების მონაცემებს ორი და ოთხი კვირის შემდეგ ხელახლა ვგზავნით ლაბორატორიაში შესამოწმებლად. თუმცა, რადგან საქართველოში ეს ვირუსი რამდენიმე დღის წინ აღმოჩნდა, ჯერჯერობით რეციდივების კვლევა ადრეა.

- დატვირთული სამუშაო გრაფიკი გაქვთ. - 24-საათიანით დავიწყეთ და 48-საათიან გრაფიკზე გადავედით. ხელმძღვანელობა ცდილობს, ხელი შეგვიწყოს... ახლა თანდათან ვადგენთ გრაფიკს...

- ამ პერიოდის განმავლობაში მუდმივად აღჭურვილი ხართ სპეცსამოსით?

- დიახ, და ძალიან ცხელია. თან ყველა პაციენტთან ურთიერთობის შემდეგ ვიცვლით და ახალს ვიცვამთ.

- ბოქსირებულ განყოფილებაში როგორ მუშაობთ პაციენტებთან? - ყველას ვუხსნით, რომ ეს ვირუსი პირდაპირ სიკვდილს არ იწვევს. სტრესს ბევრი რამის გამოწვევა შეუძლია და მინდა ყველამ გაიაზროს, რომ დროული და სწორი მკურნალობის შემთხვევაში სასურველ შედეგს მივიღებთ.

ბოქსირებულ განყოფილებაში გადაყვანის შემთხვევაში პაციენტს ვმკურნალობთ სიმპტომურად, მაგალითად, თუ აქვს სიცხე, ახველებს, თავი სტკივა ან სხვა სახის დისკომფორტი აქვს, შესაბამის მედიკამენტებს ვაძლევთ... გართულების შემთხვევაში იმ პრეპარატებით ვიწყებთ მკურნალობას, რაც ჩინელმა ექიმებმა გვირჩიეს. Iისინი, ჩვეულებრივ, აფთიაქებში არ იყიდება და მხოლოდ ჩვენთვის არის ხელმისაწვდომი. თუ ვირუსი დაუდგინდა, მაგრამ სიმპტომები არ გამოუვლინდა, ორ საათში ერთხელ ტემპერატურას ვუმოწმებთ, ვაძლევთ ცხელ და თბილ სითხეებს.

- როდესაც ადამიანი თვითიზოლაციაშია, მას ამოწმებთ? - ეპიდემიოლოგების ჯგუფი დღეში რამდენჯერმე უკავშირდება და ამოწმებს მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას, უზომავენ სიცხეს... რაც შეეხება იმას, სწორად ასრულებენ თუ არა ექიმის რეკომენდაციებს თვითიზოლაციის პირობებში, ანუ გადიან თუ არა სახლიდან, ეს პირდაპირ მათ კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული.

"ვერ ვიტყვი, რომ ბედნიერი ვარ, მაგრამ ალბათ კარანტინიც უნდა გამომევლო"

ნანა შავაძე, საკარანტინო ზონის პაციენტი: - იტალიიდან თებერვლის ბოლოს დავბრუნდი და რამდენიმე დღეში ძალიან ამტკივდა ყური. მალევე სიცხეც ამეწია. მივმართე უახლოეს საავადმყოფოს, საიდანაც რეანომობილით ინფექციურ საავადმყოფოში გადამიყვანეს. კორონავირუსი არ დამიდასტურდა, მაგრამ კარანტინში გამიშვეს... ვნახე ყველა ფილმი და მაქვს წიგნების ჩამონათვალი, რომელთა წაკითხვასაც, იმედია, მოვასწრებ. სამჯერადი კვება გვაქვს, მენიუ მუდმივად იცვლება. ჩაი, კარაქი, პური, ყველიანი მაკარონი, კაკაო, ბურღულეულის ფაფები, ბოსტნეულით გამდიდრებული წვნიანი, ხაჭო, ხილი, ჩირი...

ყოველდღე შესაბამისად შემოსილი დამლაგებელი აქაურობას ხსნარით ამუშავებს. ვერ ვიტყვი, რომ ბედნიერი ვარ, მაგრამ ალბათ კარანტინიც უნდა გამომევლო... იმედია, ცხოვრებაში ერთხელ...

"საკვების შეტანის დროს რამდენიმე ადამიანი საკარანტინო ზონიდან გაიქცა, მაგრამ გამოვიძახეთ პატრული და ისინი იძულებით დავაბრუნეთ..."

ზურაბ ჩხაიძე, სამედიცინო ცენტრ "ვივამედის" დირექტორი: - თავიდან გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მზად არ ვიყავით პაციენტების მისაღებად, გათბობა არ იყო, ექიმები ყურადღებას არ აქცევდნენ, არადა, ექიმები რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში სახლშიც არ წასულან...

საკარანტინო პირობები ექიმის მომსახურებას არ ითვალისწინებს, ამისთვის გვყავს გადამზადებული სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც სპეცსამოსით შედიან, კარანტინში მყოფებს დღეში სამჯერ უზომავენ სიცხეს, მიაქვთ საკვები. სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ისინი ინფექციური საავადმყოფოს სტაციონარში გადაჰყავთ. საკვები ყველას ინდივიდუალური კონტეინერით მიეწოდება; მათ აქვთ თეთრეული და პირადი მოხმარების საგნები, მათ შორის - ტანსაცმელი. გამოყენებული ტანსაცმელი ან იქვე ირეცხება, ან ოჯახის წევრებს გადავცემთ. მათ შეუძლიათ ტელეფონისა და ინტერნეტის გამოყენება. ოჯახის წევრებსა და ახლობლებს შესაძლებლობა აქვთ, იზოლაციაში მყოფებს საკვები, პირადი მოხმარების საგნები, საჭირო მედიკამენტები მიაწოდონ. ყოველდღიურად ხდება საიზოლაციოდ გამოყოფილი ოთახებისა და სველი წერტილების დეზინფექცია.

33 ადამიანი გვყავს, უმეტეს შემთხვევაში ცალ-ცალკე საიზოლაციო ოთახებში, რომელთაც აქვს დამოუკიდებელი ჰაერცვლის სისტემა, თუმცა პაციენტი შეიძლება ჯგუფურად, მაგალითად, ოჯახის წევრებთან ერთად მოხვდეს იზოლაციაში, რასაც ეპიდემიოლოგი იზოლირებულებთან შეთანხმებით წყვეტს.

- რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანს ქრონიკული დაავადება აქვს?

- მათთვის გვაქვს შესაბამისი მედიკამენტები და კვება.

- პაციენტებს საკარანტინო ზონა თვითნებურად ხომ არ დაუტოვებიათ? - ერთხელ საკვების შეტანის დროს რამდენიმე ადამიანი საკარანტინო ზონიდან გაიქცა, მაგრამ გამოვიძახეთ პატრული და ისინი იძულებით დავაბრუნეთ... ამის შემდეგ კონტროლი გავამკაცრეთ.

"თუ ყველა გავითავისებთ ჩვენს სამოქალაქო პასუხისმგებლობას, ამ გამოწვევას ძალიან მალე დავძლევთ"

ნიკოლოზ გამყრელიძე სოციალურ ქსელში წერს: "იქიდან გამომდინარე, რომ მე მქონდა კონტაქტი ჩემს თანამშრომელთან, რომელსაც ოთხშაბათს დაუდგინდა კორონავირუსი, თავისთავად მეც და ყველა ის ადამიანი, ვისთანაც ჰქონდა მას კონტაქტი, გადავედით თვითიზოლაციის რეჟიმში... იქიდან გამომდინარე, რომ დამეწყო ამ ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომატიკა, ჩავითვალე მომატებული რისკის მქონე პაციენტად და გამიკეთდა ანალიზი, რომელმაც დაადასტურა, რომ ვარ კორონავირუსით დაინფიცირებული. შესაბამისად, გადმოვედი თბილისის ინფექციურ ჰოსპიტალში და აქ დავიწყე მკურნალობა. საბედნიეროდ, ჩემი კონტაქტების სია ვიწროა (მხოლოდ ხუთშაბათს, 5 მარტს, ვისთანაც მქონდა ახლო და შედარებით ხანგრძლივი კონტაქტი). რა თქმა უნდა, ამჟამად ყველა იდენტიფიცირებულია და იზოლაციაში არიან. თავს ვგრძნობ კარგად. მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია (ისევე როგორც ყველა პაციენტის პერსონალური სამედიცინო ინფორმაცია), გადავწყვიტე, გავხადო საჯარო (გამჟღავნების უფლება ოფიციალურად მივეცი დაავადებათა კონტროლის ცენტრსაც) რამდენიმე მიზეზით: 1. მიმაჩნია, რომ ავადმყოფობა სირცხვილი არ არის. 2. არ მინდა, რომ ეს საკითხი გახდეს სხვადასხვა ინტერპრეტაციის საგანი. 3. რაც მთავარია, არ გახდეს ეს დამატებითი პანიკის წყარო. დარწმუნებული ვარ, თუ ვიქნებით მეტად სოლიდარულები და ყველა გავითავისებთ ჩვენს სამოქალაქო პასუხისმგებლობას, ძალიან მალე დავძლევთ ჩვენს ქვეყანაში ამ გამოწვევას".

"ახლა დანებების დრო არ არის!"

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს გაბრეიესუსი მთავრობებს აფრთხილებს: "ეს სასწავლო წვრთნა არ არის. ახლა დანებების დრო არ არის; არც ბოდიშების დროა! არ არის იმის დრო, რომ თამაშიდან გახვიდეთ! ქვეყნები მსგავსი სცენარისთვის ათწლეულები ემზადებოდნენ. ახლა დროა, რომ ამ გეგმებით ვიმოქმედოთ... ეპიდემიის უკუგდება შესაძლებელია მხოლოდ კოლექტიური, კოორდინირებული მოქმედებით".

მსოფლიოში კორონავირუსით 100 ათასზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. გარდაიცვალა 3 410, თუმცა იზრდება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და დღეისათვის მათი რიცხვი 56 ათასს აღწევს.

ჩინეთში აცხადებენ, რომ ჰუბეის პროვინციაში, სადაც ქალაქი უხანი მდებარეობს, შესაძლოა მალე კარანტინი გაუქმდეს. დაავადების გავრცელების მხრივ ყველაზე რთული მდგომარეობა ისევ იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია. იტალიაში ვირუსმა 148 ადამიანი იმსხვერპლა, ირანში კი 124 პაციენტი გარდაიცვალა, მათ შორის - ირანელი დიპლომატი და პარლამენტის წევრი. პეკინმა უკვე გაგზავნა სამედიცინო ჯგუფები, რომლებიც ირანში იმუშავებენ. ჩინეთის შემდეგ დაინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა სამხრეთ კორეაშია, სადაც დაავადებას 7 ათასამდე პაციენტი ებრძვის.

***

შეიძლება თუ არა ზაფხულის თბილ თვეებში კორონავირუსმა შეწყვიტოს გავრცელება? ამ კითხვას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი მაიკ რაიანი პასუხობს: "ჯერ არ ვიცით, რა აქტიურობას და ქცევას ავლენს ვირუსი სხვადასხვა კლიმატურ პირობებში. ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რომ ვირუსს ექნება გავრცელების შესაძლებლობა... ცრუ იმედია იმის თქმა, რომ ის გაქრება ზაფხულში, გრიპის ვირუსის მსგავსად... ახლა არ არსებობს მტკიცებულება, რომ ასე მოხდება".

ეკა სალაღაია

ლალი პაპასკირი