მისი ძალიან ცოტას ესმოდა - კვირის პალიტრა

მისი ძალიან ცოტას ესმოდა

შეჭირვებული ფულზეც კი იტყოდა უარს, თუ შეთავაზებული გასამრჯელო მისი ღირსების შესაფერი არ იყო

დიმიტრის მეუღლე მაინც დახატა - ტახტზე წამოწოლილი ლეჩაქიანი ქართველი ქალი

10 იანვრიდან "კვირის პალიტრის" მკითხველი "დიდი მხატვრების" სერიით ფიროსმანის ალბომს მიიღებს. ეს პირველი ქართველი მხატვარია, რომელიც სპეციალურად ჩვენი მკითხველისათვის, მათი თხოვნის საფუძველზე მოვამზადეთ ამ სერიით გამოსაცემად. ფიროსმანის არაჩვეულებრივ ნახატებთან ერთად წიგნში გაეცნობით მისი ბიოგრაფიიის ძალიან საინტერესო მომენტებს.

გთავაზობთ ფრაგმენტებს წიგნიდან: "1893 წელს ნიკო ფიროსმანაშვილმა რკინიგზაში მიღებული დახმარების ფულით ვერის დაღმართზე გახსნა დუქანი და რძის ნაწარმით ვაჭრობა დაიწყო. ორი წელი ივაჭრა, არცთუ ცუდად წავიდა საქმე, მაგრამ ვაჭრობას თავისი ნიჭი და გული უნდოდა... სიმონ პაპიაშვილმა შალვა დადიანს უამბო: "60 წლის ვარ, ხელობით დურგალი. ქალაქში დიდხანს ვარ ნაცხოვრები და ნიკალასთან დახლიდრად ვიყავ, ამისთვის ვიცი მისი ამბავი.

მე მაშინ დავუახლოვდი, როცა რკინის გზაზე კონდუქტორად იყო, ავად გახდა და  ამისთვის დაეთხოვა სამსახურს, თვითონ აღარ ინდომა. ამასობაში დიმიტრი ალუღიშვილს გაეცნო, ქალი მოუნათლა და ორივენი შეამხანაგდნენ.

იქ, საცა ეხლა მელიქ აზარიანცის სახლია, ვერის დაღმართთან, საცა ტრამვაი ჩაუხვევს, მაშინ ხრამი იყო,  ამ ხრამის პირას გახსნეს "ბუდკა" და სარძეო პროდუქტებით ვაჭრობა დაიწყეს. მეც დახლიდრად ვიყავ მათთან. ერთი წლის განმავლობაში კარგად ვაჭრობდნენ, შემდეგ თავიანთი სავაჭრო იარმუკაზე გადაიტანეს, საცა ორი-სამი წელიწადი მაინც ერთად ვაჭრობდნენ. ბოლოს ამხანაგები რაღაზედაც აიშალნენ და ნიკალამ ცალკე მოაწყო სავაჭრო. მე ნიკალას გავყევ.

იმავ ხანებში სპარსეთის კონსულმა ნიკალას სავაჭროზე გაზეთში წერილი მოათავსა. ნიკალამაც უპასუხა და გაიმართა კამათი. მთელი ქალაქი დაინტერესებული იყო ამ კამათით. ეს, თუ არ ვსცდები, პირველ რევოლუციის წლებში უნდა ყოფილიყო, ასე 1902-1903 წელს.

ხატვით ხატავდა დუქანში, მაშინ, როცა მოცლილი იყო. შეკვეთები არ მახსოვს. თავისდა-გუნებისად ხატავდა, სმა უყვარდა, უფრო არაყს ეტანებოდა. ხამუშ-ხამუშ სვამდა ყოველდღე".

ნიკოს უმძიმს დუქნის მიტოვება, მარტოა, რა ქნას, მაგრამ კალოობის დროს მირზაანში მაინც ჩადის და დას ყანის მომკაში შველის.   მერე მირზაანელი დიმიტრი ალუღიშვილი გაიამხანაგა. სწორედ ეს  დიმიტრი ალუღიშვილი 1930 წელს გიორგი ლეონიძემ იპოვა ანჩისხატთან ახლოს ერთ-ერთ ვიწრო ქუჩაზე, ნამცეცა დუქანში. ეს ამბები მისგან დაუზუსტებია.

ორი წლის მერე ნიკოს თავისი დუქანი "იარმარკაში" გადაუტანია. "მე, როგორც თავგზიანი, დახლში ვიდექი. თითონ ის ან კარებთან იდგა აყუდებული, ან ბალახანში ჰხატავდა. მოიყვანდა ხოლმე რომელიმე მეზობელს, დააყენებდა და ეტყოდა: მოდი, დაგხატო", - უამბობდა ალუღიშვილი გიორგი ლეონიძეს. ამ დროს საუბარს მასპინძლის მეუღლე შესწრებია.

"რა მშვენიერი ვაჟკაცი იყო, ჯანიანი, - უთქვამს ალუღიშვილის მეუღლეს, - ზღვის ლერწამივით მოსული... ქალი არ იქნებოდა ისეთი ლამაზი, როგორიც ახალგაზრდობაში მახსოვს. ტუჩნაპობი, ტანის მოყვანილობა, ყელ-ყური, სახე მშვენიერი..." დიმიტრი და ნიკო იმდენად დაახლოვდნენ, რომ მათ შორის ნათელ-მირონიც გაჩნდა - ნიკომ ბავშვი მოუნათლა დიმიტრის.

ორი ვირის საპალნე მწვანე ბალახს იყიდდა ნიკო, აიტანდა დუქნის თავზე, საკუთარ "ბალახვანში", გაშლიდა და გამოეხვეოდა: "სოფელში რომ ვერ მივდივარ, ეს მეამებაო!"

- დუქანსაც ეამებოდა? - გაკვირვებული კითხულობდა ალუღიშვილი, - ნიკოს ვაჭრობა ეზარებოდა, ეთაკილებოდა კიდეც...

არ იყო დაბადებული ამ საქმისთვის.

ნიკოს ალუღიშვილის სათნო მეუღლე ხშირად აჰყავდა თავისი ნახატების სანახავად...

"თითონ ოჯახი არა ჰყავდა, არც სხვისა მოსწონდა! - ამბობდა დიმიტრი, - ერთხელ შინ არ ვიყავი, ჩემი ცოლისთვის ეთქვა: თავი გაანებე დიმიტრის, სხვასთან გღალატობსო".

დიმიტრისაც ვერ შეეგუა, მიატოვა. დიმიტრის მეუღლე მაინც დახატა - ტახტზე წამოწოლილი ლეჩაქიანი ქართველი ქალი. ნახატს წააწერა: "აბა, მნახეთ, რა დღეში ვარ, კიდევ გაუმარჯოს კეთილ ხალხს".

დიმიტრი რას გაიგებდა ნიკოს სულიერ მდგომარეობას. ხან "ტვინდასეტყვილად" ეჩვენებოდა, ხანაც - "თვითრჯულად".*

მისი ცოტას ესმოდა და ყველა ისე აღიქვამდა, როგორც საკუთარი თვალსაწიერი აძლევდა ნებას.

ერასტ კუზნეცოვი წერს: "ფიროსმანი,  როგორც წესი, საზღაურად არავითარ ფულს არ იღებდა. "ხანდახან ფულით მიხდიან, მაგრამ საერთოდ - კვებით,"…"მიყიდეთ საღებავები და რასაც გინდათ, დაგიხატავთ!"…ფულს მხოლოდ სახატავი მასალისთვის იღებდა. "ღვინო მისთვის არ გვენანებოდა, - იხსენებს სოზაშვილი. Mმისი ერთ-ერთი მეტსახელი იყო Штучный постаканчик -  რაღაც ველური შეთანხმება რუსული სიტყვებისა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ერთ ნახატში მას ჭიქა ღვინოს მიაწვდიდნენ სამადლოდ."

შეიძლება ჭიქა ღვინოს იღებდა, მაგრამ თავის თავს წუთით არ ღალატობდა. შეჭირვებული და მშიერი ფულზეც კი იტყოდა უარს, თუ ნახატში შეთავაზებული გასამრჯელო მისი ღირსების შესაფერი არ იყო.

ისევ ერასტ კუზნეცოვს მოვუსმინოთ: "როდესაც ბეგო იაქიევთან ცხოვრობდა, ვიღაცას დუქანი მოუხატა. თანხა მას კი არ გადაუხადეს, არამედ ბეგოს. ალბათ, ჩათვალეს, რომ რაკიღა ბეგოსთან ბინადრობდა, დამოუკიდებლად ანაზღაურების მიცემა არ ერგებოდა, ან იქნებ შიშობდნენ, შეზარხოშებულს ფული არ დაეკარგა. ნიკომ ბეგოს ფულის აღებაზე  მტკიცე უარი სტკიცა. სხვა დროსაც ასევე მოიქცა, როცა ბეგომ მისი ნახატის საზღაური გაიღო."…

KvirisPalitra.Geფეფესთვის თავად ააშენებინა სახლი

ფული რომ გაუჩნდა, სოფელში სიარულს მოუხშირა - ახლობლებს ნახულობდა. დასთან, რომელსაც საკმაოდ უჭირდა, საჩუქრები ჩაჰქონდა. დიდი ხნის ოცნებაც შეუსრულა და საკერავი მანქანა უყიდა... ფეფეც შეხაროდა ძმას, რომელიც მომავალზე ფიქრობდა, უნდოდა, სახლი აეშენებინა.

ნიკომ ხომ სამზადისიც დაიწყო -  დიდი კაკალი მოჭრა და მაღაროელ ხელოსნებს დაახერხვინა კარ-ფანჯრისათვის; მერე დახერხილი მასალა გასაშრობად დააწყო. სახლი მირზაანში, სადაც ახლა ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმია, თავად ააშენებინა ფეფესათვის...