"მინდა სალონის თანამშრომლებს მივმართო: ნუ დაამახინჯებთ გოგონებს!"
"მინდა სალონის თანამშრომლებს მივმართო: ნუ დაამახინჯებთ გოგონებს!"
"ნუ ანდობთ თქვენს სილამაზეს დილეტანტებს. გაარკვიეთ, რომელ პრეპარატს იყენებს სალონი. არ გაიდიდოთ ტუჩი შინ და ნუ ანდობთ თქვენს სილამაზეს მეგობარს"

"გამარჯობა. ინტერნეტში "კვირის პალიტრის" სტატიას წავაწყდი E ვიტამინით ტუჩის გადიდების შესახებ. იქნებ დამეხმაროთ, მეც ამ მეთოდით გავიდიდე ტუჩი, ახლა დავსივდი და არ ვიცი, რა ვქნა?"

"ნეტავ მანამდე მომეძებნა ეს სტატია, სანამ ტუჩს გავიდიდებდი. ბათუმის ერთ-ერთ სალონში გავიკეთე, სტატია რომ წავიკითხე, ძალიან შევშინდი, იქნებ რამე მირჩიოთ პრევენციის მიზნით, რომ არ დავსივდე",
- ამ კითხვებით ხშირად მომართავენ გოგონები რედაქციას.

სალონები ჰიალურონის ნაცვლად E ვიტამინს იყენებენ, რომელიც ტუჩის მოცულობის გასაზრდელი პრეპარატების მთავარი შემადგენელია. რატომ არ შეიძლება E ვიტამინით ტუჩის მოცულობის გაზრდა და რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამას? ამ კითხვით მივმართე ექიმ-კოსმეტოლოგ ხათუნა­ ცქვიტინიძეს:


- ჩემი არაერთი პაციენტი მოხვდა
საავადმყოფოში E ვიტამინით ტუჩის გადიდების შემდეგ. ყველაზე მეტი შემთხვევა 2015 წელს იყო. E ვიტამინის ინიექცია ისეთ გართულებებსა და ინფექციას იწვევს, რომელიც დიდხანს არ გადის. ხშირია დანეკროზება - ვიტამინის შეშვებიდან 10-14 დღეში ტუჩი დიდდება, სივდება მთელი სახე, იწამლება კუჭ-ნაწლავი, იწყება თავბრუსხვევა, ზოგ პაციენტს სისხლჩაქცევებიც განუვითარდა. E ვიტამინის ზეთოვანი სტრუქტურა ტუჩის შიგთავსს აზიანებს, რაც ალერგიულ რეაქციას იწვევს. გოგონებს ჰგონიათ, ტუჩი გაილამაზეს, სინამდვილეში კი ალერგიულმა რეაქციამ შეაშუპა.

სამწუხაროდ, ქირურგიული ჩარევის შემდეგაც ვერავინ მოგცემთ გარანტიას, რომ ტუჩის სიმეტრია აღდგება. ორგანიზმიდან E ვიტამინის სრულად გამოდევნას წლები სჭირდება.

ასევე დიდია ნეკროზის განვითარების ალბათობა, რაც ცოცხალ ორგანიზმში­ რომელიმე ორგანოს, ქსოვილის ან უჯრედთა ჯგუფის კვდომას გულისხმობს.

ხშირად ვეკითხები პაციენტებს, რატომ გაიდიდეთ ტუჩი E ვიტამინით-მეთქი? პასუხია, იაფი იყო, სალონი აქციას აცხადებდა და 300 ლარის ნაცვლად, 50 ლარად გამიკეთესო. მინდა სალონის თანამშრომლებს მივმართო: ნუ დაამახინჯებთ გოგონებს, რადგან ტუჩის მოცულობის გაზრდა ანტიალერგიული, უსაფრთხო შემავსებლებით საშუალოდ 350-დან 800 ლარამდე ჯდება, E ვიტამინი 1 ლარამდე ღირს.

ტუჩის არეში ძალიან ბევრი სისხლძარღვი, კაპილარი და რეცეპტორია. პირის არე არის მრგვალი კუნთი, ქვედა ტუჩზე კი ვენა გადის. ტუჩის მოცულობის ზრდისთვის ესთეტიკურ მედიცინაში დღეს იყენებენ ბიოთავსებად პრეპარატებს, რომლებიც ბოლო თაობის ჰიალურონის მჟავის ბაზაზეა დამზადებული. ტუჩის კორექციის დროს გამოიყენება გამწოვი პრეპარატი, რათა გვერდითი მოვლენები ავიცილოთ თავიდან.

ვიტამინ E-ს თავისი დანიშნულება აქვს, მაგრამ არა ტუჩის ინიექციური მეთოდით გადიდება. ვიტამინი E ანტიოქსიდანტური საშუალებაა. მას იყენებენ კუნთების ქმედითობის შესანარჩუნებლად, სისხლძარღვოვანი და ენდოკრინული სისტემის სამკურნალოდ.

ნუ ანდობთ თქვენს სილამაზეს დილეტანტებს. გაარკვიეთ, რომელ პრეპარატს იყენებს სალონი. არ გაიდიდოთ ტუჩი შინ და ნუ ანდობთ თქვენს სილამაზეს მეგობარს, რაც, სამწუხაროდ, ძალიან ხშირია.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები