რა ცვლილებები ელით აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე - კვირის პალიტრა

რა ცვლილებები ელით აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე

"2020 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების ჩაბარება სავალდებულო აღარ არის. ეს ცვლილება ეხება მხოლოდ საბაკალავრო და არა სამაგისტრო პროგრამებს"

2020 წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ. გამოცდები ჩატარდება 3 სავალდებულო საგანში: ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა; მათემატიკა/ისტორია (ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე აბიტურიენტები მათემატიკას, ჰუმანიტარულზე - ისტორიას. პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე კი, სოციალური ან საზოგადოებრივი მეცნიერების არჩევისას, ისტორიას ან მათემატიკას ჩააბარებენ).

სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებების ინიციატივით, ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე სავალდებულო 4 გამოცდა იქნება: ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა; ბიოლოგია; მათემატიკა/ქიმია/ფიზიკა (აბიტურიენტი ირჩევს მინიმუმ ერთს). მეოთხე საგნისთვის გამოყოფილი იქნება კვოტირებული ადგილები, თითოეულ საგანზე არანაკლებ 30%-ისა.

სახელოვნებო-შემოქმედებით/სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებზე აბიტურიენტმა სავალდებულოა შემოქმედებით ტურთან ერთად ჩააბაროს ქართული ენა და ლიტერატურა, ასევე უცხოური ენა.

ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე აბიტურიენტების ჩარიცხვა არსებული ფორმატით გაგრძელდება, მათ ზოგადი უნარები უნდა ჩააბარონ.

2020 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების ჩაბარება სავალდებულო აღარ არის. ეს ცვლილება ეხება მხოლოდ საბაკალავრო და არა სამაგისტრო პროგრამებს.

სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველებს ზოგადი უნარებისA, B და ჩ ტიპის ტესტების არჩევა აღარ მოუწევთ, ისინი ერთ ტესტს ჩააბარებენ, რომელიც კვლავ ოთხი ნაწილისგან იქნება შედგენილი. ესენია: წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა და რაოდენობრივი მსჯელობა. წაკითხულის გააზრებისა და ლოგიკური მსჯელობის ნაწილები დარჩება ისეთივე, როგორიც 2017-2019 წლების ტესტებში იყო. რაც შეეხება ანალიტიკურ წერას, კვლავ ორი დავალება იქნება (სამართლის მიმართულებით სწავლის გაგრძელების მსურველებისათვის განკუთვნილი სპეციფიკური დავალება ამოვარდა); რაოდენობრივი მსჯელობის ნაწილი კი გახდება საშუალო სირთულის (მაგისტრანტობის კანდიდატებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2017-2019 წლების ტესტებში გამოყენებული რთული და მარტივი ვარიანტების გასაშუალოებულ ვერსიას შესთავაზებს).

წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგიერთი საგნის ტესტში ცვლილება შევიდა.

უცხოური ენები ტესტებში იქნება ორი სახის სიახლე: მე-2 დავალება, რომელიც წაკითხულის გააზრებას ამოწმებს (სწორია/არასწორია), ჩანაცვლდება მოსმენის დავალებით. აბიტურიენტი მოისმენს ერთ სრულ ტექსტს და უპასუხებს რვა შეკითხვას. მე-6 დავალება, რომელიც გრამატიკულ ცოდნას ამოწმებს, 10-ის ნაცვლად 12-საკითხიანი გახდება.

ისტორია გაიზრდება ღია დავალებების რაოდენობა, დახურული დავალებების რაოდენობა კი შემცირდება. საგამოცდო ტესტს დაემატება ორი ახალი ტიპის დავალება: - ორი სხვადასხვა ტიპის ისტორიული წყაროს ანალიზი" და ისტორიული მოვლენის შეფასება.

ორი სხვადასხვა ტიპის ისტორიული წყაროს ანალიზი" - აბიტურიენტმა ორი სხვადასხვა ტიპის (წერილობითი და ვიზუალური) წყარო უნდა შეაჯეროს და ამა თუ იმ ისტორიული მოვლენის გაანალიზების საფუძველზე გასცეს კითხვებს პასუხი.

ისტორიული მოვლენის შეფასება"- აბიტურიენტმა უნდა გამოავლინოს კრიტიკული აზროვნების უნარი - შეაფასოს ესა თუ ის ისტორიული პროცესი, მოვლენა ან პიროვნება.

მათემატიკა

აბიტურიენტს საგამოცდო საგანი ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს ამ საგნისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის (59) 20%-ზე მეტს.

2020 წელსაც გაიცემა 100%-იანი, 70%-იანი და 50%-იანი სასწავლო გრანტები. სწავლების ერთ საფეხურზე სახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემა მხოლოდ ერთხელ. მისი მიღების შესაძლებლობა აქვს იმ აბიტურიენტსაც, რომელმაც წინა წლებში მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება და სახელმწიფო სასწავლო გრანტი აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, მაგრამ არ ჩაირიცხა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და არ გამოუყენებია ის.

ორი ან მეტი არჩევითი საგნის არჩევისას ერთ-ერთ მათგანში ჩაჭრის ან გამოცდაზე არგამოცხადების შემთხვევაშიც აბიტურიენტი შეინარჩუნებს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას.

2020 წელს გრანტი სამი საგნის შედეგების მიხედვით გაიცემა. თუმცა, თუ უნივერსიტეტი ითხოვს მეოთხე საგნის ჩაბარებასაც, აბიტურიენტს დაფინანსების მოპოვების კიდევ ერთი შესაძლებლობა ეძლევა. უმაღლესმა სასწავლებლებმა (რომლებსაც ამისი სურვილი ჰქონდათ) უკვე განსაზღვრეს საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით სავარაუდო დამატებითი საგამოცდო საგნები შემდეგი ჩამონათვალიდან: ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, ზოგადი უნარები, გეოგრაფია, ლიტერატურა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება.

ნათია სიბაშვილი