უცნაური, ნიჭიერი და თავქარიანი - კვირის პალიტრა

უცნაური, ნიჭიერი და თავქარიანი

2002 წლის შემოდგომის ერთ დღეს ისედაც ყოველთვის ლამაზი პარიზის ცენტრი საზეიმოდ იყო მორთული - საფრანგეთის პრეზიდენტისა და მთავრობის გადაწყვეტილებით,  ალექსანდრე დიუმას ნეშტი პატარა ქალაქ ვილერ-კოტრეს სასაფლაოდან ჯერ გადაასვენეს დიუმას ციხესიმაგრეში, რომელიც ცნობილ მონტე-კრისტოს მამულში მდებარეობს, შემდეგ კი მდინარე სენით დედაქალაქში გადმოაბრძანეს.

პარიზელები და მისი სტუმრები, რომლებიც სენის ხიდებისა და სანაპიროს მოაჯირების გასწვრივ ჩამწკრივებულიყვნენ, ტაშს უკრავდნენ და ყვავილებს ყრიდნენ მდინარეში. დიუმამ "რევანში აიღო" - სიცოცხლეშივე ხალხის უსაყვარლეს მწერლად აღიარებულმა, ვერც სამწერლო, ვერც სამთავრობო და, მით უმეტეს - ვერც სამეცნიერო წრეებში პოვა აღიარება: დიდგვაროვნები არ სწყალობდნენ, ისტორიკოსები ისტორიის გაყალბებას აბრალებდნენ, ხოლო მწერლები არასერიოზულობაში სდებდნენ ბრალს.

ისე, დიუმას ამდენი ხნის შემდეგ "პანთეონიზაციის" მიზეზი მხოლოდ ეს არ იყო - ევროპაში (ყველაზე მეტად - საფრანგეთში) ასეც არის მიღებული: მოღვაწე დრომ უნდა "გამოცადოს" და მხოლოდ ამის შემდეგ გადაასვენებენ ეროვნული დიდების ტაძარში - საფრანგეთის პანთეონში. მაგრამ დიუმას მაინც ძალიან "დააგვიანდა" - თითქმის საუკუნე-ნახევრის შემდეგ დაიკავა ადგილი ზოლას, ვოლტერის, ჰიუგოსა და სხვათა გვერდით.

KvirisPalitra.Geროგორც წინა ნომერში ვწერდით, ალექსანდრე დიუმას მამა, რესპუბლიკელი გენერალი თომა-ალექსანდრე დიუმა ნაპოლეონის არმიაში იბრძოდა და მისი მეგობრის, ცნობილ მარშალ ნეის თქმით, უფრო დიდხანს იცოცხლებდა, ომი რომ გაგრძელებულიყო, რადგან ავანტიურისტი მარკიზისა და ჰაიტელი მონა ზანგი ქალის ტემპერამენტიანმა შვილმა ვერ გაუძლო საფრანგეთის პატარა ქალაქის მშვიდ ცხოვრებას და 1806 წელს საკუთარ სახლში დალია სული. მეუღლესა და 4 წლის ვაჟს კი  გროშიც არ დაუტოვა.

სამაგიეროდ, გენერალ დიუმას დარჩა კავშირები, რომლის წყალობითაც მისი ვაჟი, უკვე ოცი წლისა, პარიზის სამეფო სასახლეში მსახურობდა გადამწერად, მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში არასდროს უვლია და მხოლოდ შინაური განათლება ჰქონდა მიღებული.

იმ დროში "ყველაზე აქტიური" ხელოვნება თეატრი იყო და უამრავი ახალგაზრდაც, რომლებსაც ლიტერატურულ ასპარეზზე სურდათ გამოსვლა, სწორედ დრამატურგიაში ცდიდა ბედს. გამონაკლისი არც ალექსანდრე დიუმა ყოფილა. - მან პიესა "ანრი III და მისი კარი" დაწერა და პარიზის ერთ-ერთ მოდურ თეატრში მიიტანა. ბევრი დამწყები დრამატურგისაგან განსხვავებით, დებიუტი წარმატებული აღმოჩნდა და მას მერე წარმატება დიუმას ცხოვრების მუდმივი თანამგზავრი გახდა.

მალე ნოველების კრებული დაბეჭდა, თუმცა ნაკლები წარმატება ხვდა წილად.

1830 წელს რევოლუციურ საქმიანობაში ჩაერთო, მაგრამ ეს მხოლოდ "ახალგაზრდულ გატაცებად" და უმნიშვნელო ეპიზოდად დარჩა მის ცხოვრებაში. სამაგიეროდ წერდა, წერდა ძალიან ბევრს და ძალიან კარგად. საკმარისია ითქვას, რომ ცხოვრების მანძილზე 500-მდე(!) რომანი დაწერა, ხოლო პარიზში გამოსული მის თხზულებათა სრული კრებული 301 ტომში ძლივს ჩაეტია.

აქ მის საყოველთაოდ ცნობილ რომანებზე მსჯელობის ადგილი არა გვაქვს, მით უმეტეს დღეს, როცა ჩვენი მკითხველი "სამი მუშკეტერის" მეორე ტომს მიიღებს და ორი კვირის წინ დაწყებულ თავგადასავლებში კვლავ ჩაერთვება, მაგრამ არ შეიძლება ორიოდე სიტყვით არ გავიხსენოთ თვით ავტორი - "უცნაური, ნიჭიერი და თავქარიანი" (ასე უწოდა თურმე ერთმა მაშინდელმა კრიტიკოსმა).

სწორედ 2002 წელს, როდესაც საფრანგეთი დიუმას დაბადების 200 წლისთავს აღნიშნავდა, ერთ ჟურნალში გამოქვეყნდა მისი ჰონორარების ჯამი (თანამედროვე კურსზე გადმოყვანით) და ასტრონომიული თანხა - 47 მილიონი დოლარი გამოვიდა. ამ მილიონების პატრონი კი, სამოცდაათ წელს მიღწეული, სიღარიბეში გარდაიცვალა თავისი უკანონო შვილის - ალექსანდრე დიუმა-უმცროსის სახლში.

სხვაგვარად ვერც იქნებოდა - მთელი პარიზი ჭორაობდა გაზეთების ფურცლებზეც და "ცოცხლადაც", თუ როგორი ორგია მოაწყო დიუმამ, რამდენი შამპანური დალია, რამდენი ძვირად ღირებული პარიზელი კურტიზანი ქალი ესწრებოდა მხიარულებას და რა დაუჯდა ეს ხელგაშლილ მასპინძელს.

ასეთი ცხოვრების გამო იყო, რომ 1851 წელს დიუმა ბრიუსელში გაეპარა მევალეებს და იქიდან მსოფლიოს გარშემო დაიწყო მოგზაურობა, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში კი მისი წიგნები იბეჭდებოდა და ჰონორარების აბსოლუტური უმეტესობა პირდაპირ მევალეების ანგარიშებზე ირიცხებოდა.

სწორედ იმ თითქმის ათწლიანი მოგზაურობის ნაწილი იყო 1958-59 წლები, როდესაც მწერალმა რუსეთის იმპერიაში იმოგზაურა და კავკასიასაც ეწვია.

ქართველებს გვიყვარს ხოლმე თავის ქება და უცხოელების კომპლიმენტების გაზვიადება, მაგრამ საქართველოთი დიუმა მართლაც აღფრთოვანდა - არც არის გასაკვირი, დროს ტარების სიყვარულით ცნობილი უკეთეს ადგილას სად წავიდოდა, ვიდრე მაშინდელი თბილისი იყო.

მაგრამ, ცხადია, მხოლოდ ეს არ ყოფილა - იგი აღფრთოვანებით ლაპარაკობს ჩვენი ქვეყნის ბუნებაზეც, ხალხზეც, ტრადიციებზეც... არ არის გასაკვირი, რომ კომუნისტების პერიოდში ასეთი მნიშვნელოვანი ნაწარმოები მწერლისა, რომელიც სულაც არ ითვლებოდა "ანტისაბჭოთა იდეოლოგიის" მატარებლად და რომლის თითქმის ყველა ნაწარმოები გამოიცა სსრკ-ში, "კავკასია" არც ერთხელ არ გამოცემულა, ვიდრე გორბაჩოვის "პერესტროიკა" არ დაიწყო.

გამდიდრებულმა (სანამ ფლანგვას დაიწყებდა), გადაწყვიტა, თავისი რომანის პერსონაჟის შესაფერისი ციხესიმაგრე აეშენებინა, პროექტიც დამტკიცებული იყო, საძირკველიც ჩაყრილი, როდესაც აუწყეს, რომ შენობა ჭაობზე იდგა. სხვა რომ ყოფილიყო, მშენებლობას შეაჩერებდა, დაზღვევის ფულს აიღებდა (საბუთებით დასტურდება, რომ დაზღვევა ჰქონია) და სხვაგან ააშენებდა, მაგრამ დიუმა რისი დიუმა იყო:

მშენებლებს უბრძანა, იქამდე ეთხარათ, ვიდრე შენობა ტუფზე არ "დაჯდებოდა". ჰოდა, გამოვიდა კიდეც ის, რაც არის - მიწისქვეშა ოთხსართულიანი ციხესიმაგრე (მერე კიდევ სამი ზემოდან დააშენა).

თუმცა, ეს ასეც უნდა ყოფილიყო - ეს ხომ დიუმა იყო: "უცნაური, ნიჭიერი და თავქარიანი"!

აბა, "ჩვეულებრივი და დინჯი" ვერ "გააჩენდა" დ,არტანიანსა და გრაფ მონტე-კრისტოს.

ზვიად გურული