"თავიდან ექიმებს პაციენტებთან პირბადის გაკეთების უფლებსაც არ აძლევდნენ, - პანიკას დათესავთო" - რას ჰყვება ირანში შექმნილ ვითარებაზე ირანელების ქართველი რძალი? - კვირის პალიტრა

"თავიდან ექიმებს პაციენტებთან პირბადის გაკეთების უფლებსაც არ აძლევდნენ, - პანიკას დათესავთო" - რას ჰყვება ირანში შექმნილ ვითარებაზე ირანელების ქართველი რძალი?

კირონავირუსის გავრცელების მასშტაბით, ქვეყნების ჩამონათვალში ირანი პირველ სამეულშია. ოფიციალური თეირანის განცხადებით, სალოცავებს რეგულარულად ამუშავებენ სპეციალური ხსნარებით. რა ხდება ირანში, როგორ ებრძვიან კორონავირუსს და როგორია ხელისუფლებისა და საზოგადოების განწყობა, ია ბაკარანძე გვიამბობს, რომელიც ირანელების ქართველი რძალია.

- ჩემი მეუღლე თეირანში დაიბადა და გაიზარდა. ირანში ბოლოს სექტემბერში ვიყავით, თვე-ნახევრით... ვიდრე კორონას ეპიდემია დაიწყებოდა, მისი და და სიძე სტუმრად იყვნენ საქართველოში და ვირუსის აფეთქებამდე რამდენიმე კვირით ადრე ირანში დაბრუნდნენ. ახლა ნანობენ, ნეტავ მოგვეცადა, ეპიდემიას ჩვენ მაინც ავცდებოდითო.

- მეუღლის ოჯახის წევრებს ხომ არ შეეყარათ ვირუსი?

- ჯერჯერობით არ გამოვლენიათ, თუმცა არ ვიცით, სანდოა თუ არა იქაური ექიმების კვლევები, რადგან მათ კატეგორიულად აფრთხილებენ, მაქსიმალურად მოერიდონ პრობლემაზე საუბარს. ვიდრე ვირუსი მასშტაბურად არ გავრცელდა, ექიმებს პაციენტებთან ურთიერთობისას პირბადის გაკეთების უფლებსაც არ აძლევდნენ, პანიკას დათესავთო, - ეუბნებოდნენ. წარმოიდგინეთ, ეს ხდება თეირანში, დედაქალაქში, და სხვა ქალაქებში რა ვითარებაა, თავად განსაჯეთ.

მე და ჩემი მეუღლე ამჟამად კანადაში ვართ. ბოლოს ჩემი მეუღლე ოჯახის წევრებს რომ ესაუბრა, უთხრეს, რომ რძალსა და მათ 8 წლის გოგონას მაღალი ტემპერატურა აქვთ. ექიმი გამოიძახეს და მან ურჩია, როგორ ემკურნალათ, მაგრამ ქვეყანაში მედიკამენტებისა და პირბადეების დეფიციტია. სახმელეთო და საჰაერო საზღვრები, გზავნილები, ტრანზიტი - ყველაფერი შეჩერებული და ჩაკეტილია. ასეც რომ არ იყოს, ირანის ხელისუფლება სხვა ქვეყნისგან დახმარებას მაინც არ მიიღებს...

- მოსახლეობა შეშინებულია?

- პანიკაა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ თეირანი დატოვა და თავი მთებს შეაფარა. არადა, ირანელების თქმით, ჯერ კიდევ თებერვლის შუა რიცხვებში ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ არავითარი კორონავირუსი არ არსებობდა და ეს ყველაფერი "დასავლეთის შემოგდებული" პროპაგანდაა. ირანის ჯანდაცვა 19 თებერვლამდე არ აღიარებდა ქვეყანაში ვირუსის არსებობას. კიანუშა ჯაჰანპურა მხოლოდ თებერვლის ბოლოს გამოტყდა, რომ ქვეყანაში ვირუსით დაინფიცირებულები იყვნენ და მეორე დღეს ყუმსა და არაკშიც იფეთქა ეპიდემიამ... ვერ ვიტყვი, რომ მედიცინა განვითარებული არ არის. ძალიან კარგი ექიმებიც ჰყავთ, მაგრამ ყველაფერი დახურულია, სიტყვის თავისუფლება არ არის, რამაც პრობლემები შექმნა. ახლა კი მოუწოდებენ სასულიერო პირები ხალხს, იმამის საფლავს ნუ ემთხვევით, შესაძლოა ინფიცირების წყარო გახდესო, მაგრამ მორწმუნეს ჰგონია, ამ მძიმე ვითარებაში მას ალაჰი გადაარჩენს და მალულად მაინც ემთხვევიან ხოლმე...

- დეზინფექცია თუ ტარდება?

- სახანძრო მანქანები და ქვეითები შენობებს, ქუჩებს, მიწისქვეშა გადასასვლელებსა და სხვა მასობრივი თავშეყრის ადგილებს სპეციალური ხსნარით ამუშავებენ. თუმცა ოპოზიციური მედია ლამის იატაკქვეშეთიდან წერს, რომ ხელისუფლებამ დააგვიანა, ვირუსი ძალიან ფართოდ არის გავრცელებული და ახლა ვერაფერს შველიან...

რაც შეეხება პირბადეებსა და სხვა ჰიგიენურ საშუალებებს, იმდენად დიდია დეფიციტი, რომ მოსახლეობა თავად ამზადებს მათ ერთჯერადი პარკებით, ნაჭრებით... ჟურნალისტები, რომლებიც ხამენეის პოლიტიკას არ იზიარებენ, დასავლურ მედიას ანონიმურად უყვებიან ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე. ამბობენ, რომ არაერთხელ უნახავთ ქუჩაში წაქცეული და მაღალი სიცხისგან გათიშული ადამიანები, რომელთაც სამუშაო პოსტის დატოვების უფლება მანამდე არ მისცეს, სანამ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული არ გახდა. მათ შორის არიან ექიმებიც.

თეირანის გარეუბნებში ცხედრების სუნია, თავი მორგში გეგონებაო.

- ინტერნეტში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სინამდვილეში დაავადებული და დაღუპული იმაზე მეტია, ვიდრე ოფიციალური წყაროები ავრცელებენ. - დიახ, ბევრად მეტია და რაც ძალიან ცუდია, დაინფიცირებულებს შორისაა სამედიცინო პერსონალი. ახლა უამრავი ექიმი და სანიტარი კარანტინშია, ხშირია მათი გარდაცვალების ფაქტებიც. ამის შესახებ რამდენიმე ქალაქის მორგიდანაც გაჟონა ინფორმაციამ. ქვეყანაში საშინელება ხდება, მაგრამ სისტემა მაინც ჯიუტად მალავს ფაქტებს. უამრავი ადამიანი განსხვავებული აზრის გამო წავიდა ირანიდან და უკან ვეღარ დაბრუნდება, რადგან სისტემამ მოღალატეებად შერაცხა.

- ტრადიციებზე რა შეგიძლიათ გვითხრათ, უცხო ქვეყნის რძალი როგორ მიგიღეს? - მეუღლეს განათლებული ოჯახი ჰყავს, მხოლოდ ის მთხოვეს, ქუჩაში თავშლის გარეშე ნუ გაივლიო. სტუმარი ძალიან უყვართ. შრომისმოყვარე ერია და განათლების მოსურნე ახალგაზრდობა ჰყავთ. თუმცა არაერთხელ შემხვედრია წერა-კითხვის უცოდინარებიც. ეკონომიკური პრობლემების გამო ბოლო წლებში პოლიგამია თითქმის აღარ არის, არადა, კანონი რამდენიმე ცოლის მოყვანის უფლებას აძლევს, მაგრამ თითქმის ყველას ერთი ცოლი ჰყავს, მეტის რჩენის თავი არა აქვთ. ქმარი ვალდებულია ცოლი ყველაფრით უზრუნველყოს. ქალიშვილი სათანადოდ უნდა გაამზითვოს ოჯახმა. უფროს თაობას შაჰის დროინდელი ირანი ენატრება, მაშინ ქალების უფლებები უფრო დაცული იყო, სწავლობდნენ, მუშაობდნენ და თავისუფლად იმოსებოდნენ.