"თეთნულდი ძალიან საშიში მთაა და სიკვდილთან თამაშს არავის ვურჩევთ" - კვირის პალიტრა

"თეთნულდი ძალიან საშიში მთაა და სიკვდილთან თამაშს არავის ვურჩევთ"

"ტურისტი მოთხილამურეები აკრძალულ ზონაში სრიალებდნენ, არ დაემორჩილნენ გამაფრთხილებელ ნიშნებს და ჩვენს ინფორმაციას..."

4 მარტს სვანეთში, კურორტ "თეთნულდზე" ზვავმა 6 კაცი მოიყოლა. მთის კურორტების განვითარების კომპანიის ცნობით, ესპანელ ტურისტთა 8-კაციანი ჯგუფი აკრძალულ ზონაში სრიალებდა, რა დროსაც დაძრულმა ზვავმა 6 კაცი მოიყოლა. სამის ცხედარი მაშველებმა იპოვეს, ორი ტურისტი უვნებლად გამოიყვანეს, ერთი კი სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადმოიყვანეს. "რომ არა ჩვენი სამაშველო ჯგუფის ოპერატიულობა, შესაძლოა ის სამიც ვერ გადარჩენილიყო", - გვეუბნება კურორტ "თეთნულდის" სამაშველო სამსახურის უფროსი ლევან ქურდიანი.

- ზვავის მოწყვეტიდან ერთ წუთში უკვე გვქონდა ინფორმაცია და ჩვენი მაშველები 5 წუთში ადგილზე იყვნენ. ამიტომაც მოხერხდა სამი კაცის გადარჩენა. სამწუხაროდ, დანარჩენებს უმძიმესი ტრავმები ჰქონდათ...

ესპანელები გამოცდილი ექსტრემალები იყვნენ, მაგრამ რაღაც შეცდომა დაუშვეს... თეთნულდი ექსტრემალური მთაა. ყოველდღიურად კეთდება ანალიზი და მთის კურორტების საიტზე დილის 9 საათზე უკვე დევს ინფორმაცია. ასევე არის სპეციალური დაფა, სადაც გამოცხადებულია, რომელი კატეგორიის ზვავსაშიშროება გვაქვს და ა.შ. ტურისტი მოთხილამურეები აკრძალულ ზონაში სრიალებდნენ, არ დაემორჩილნენ გამაფრთხილებელ ნიშნებს და ჩვენს ინფორმაციას...

- გვსმენია, რომ თეთნულდზე ხშირია მსგავსი შემთხვევები... - მარტია, ტემპერატურამ მოიმატა და ზვავსაშიშროებაც იზრდება. ყოველდღიურად იცვლება თოვლის მდგომარეობა და ხარისხი, ამიტომაც ვავრცელებთ ახალ-ახალ ინფორმაციას ტურისტებისთვის. წელს, როდესაც ასე ხშირია ზვავის წამოსვლა, მხოლოდ ერთი შემთხვევა გვქონდა - უკრაინელი ტურისტი დაიღუპა, ისიც დაუდევრობით - აღჭურვილობის გარეშე გადავიდა აკრძალულ ზონაში. არც ესპანელებს ჰქონიათ მოთხილამურის ის აღჭურვილობა, რაც აუცილებელია გაუკვალავ თოვლში გასვლისთვის.

- როცა მოთხილამურეებს აფრთხილებს ადმინისტრაცია, აწვდის ინფორმაციას საფრთხეებზე, მაინც რატომ რისკავენ, ეს რით აიხსნება? - ჟინია. თუ მოთხილამურე პროფესიონალია და გაუკვალავში გავიდა, ეს ისეთი ადრენალინია, მერე ტრასაზე აღარ სრიალებს. რისკების შეფასება აუცილებელია, რათა გართობა სავალალო შედეგით არ დასრულდეს. შარშან ამაზე გაცილებით დიდი ზვავი წამოვიდა, ორად გაიყო და მოსკოველი ცოლ-ქმარი ჩაიტანა. ქალი ვიპოვეთ, ქმარი კი ზვავის მეორე ნახევარს კილომეტრით ქვემოთ წაეღო. მამაკაცთან საშველად რომ მივედით, ისე გაუკვირდა, ცოცხალი რომ იყო, გვეკითხებოდა, სიზმარში ვარ, იმ ქვეყნად თუ მართლა გადავრჩიო. ახლაც თოვლიდან ამოყვანილმა დაშავებულმა ესპანელმა რომ დაგვინახა, თვალებში ისეთი შიში ჰქონდა ჩამდგარი, გვეხვეწებოდა, აქ ნუ დამტოვებთო...

- რას ურჩევთ როგორც უცხოელ, ისე ქართველ მოთხილამურეებს? - ნიშნებს დაემორჩილონ და მითითებულ ზონებში ისრიალონ. სიკვდილთან თამაშს არავის ვურჩევთ. თეთნულდი ძალიან საშიში მთაა, ამიტომ დასაშვებ ზონებში უნდა ისრიალონ.

მეხუთე წელია ამ სამსახურში ვარ. მაშველისთვის შიში გამორიცხულია, ეს პროფესია სიმამაცეს და საქმის ერთგულებას მოითხოვს. განათლებით იურისტი ვარ, მაგრამ დღეს იქ ვარ, სადაც ჩემი გული და სულია. ბავშვობიდან თხილამურებზე ვდგავარ და აღმოვჩნდი იქ, სადაც გული მიმიწევდა - სამაშველო სამსახურში.