"ექიმები არ ჰყოფნით, ხალხი ცხელ ხაზზე განუწყვეტლივ რეკავს, თუმცა კავშირზეც ვეღარ გადიან" - რას ჰყვება იტალიაში მცხოვრები ქართველი? - კვირის პალიტრა

"ექიმები არ ჰყოფნით, ხალხი ცხელ ხაზზე განუწყვეტლივ რეკავს, თუმცა კავშირზეც ვეღარ გადიან" - რას ჰყვება იტალიაში მცხოვრები ქართველი?

ახალი კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების შემდეგ, 9 მარტს იტალიამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინი დააწესა. პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს განცხადებით, ქვეყანაში გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, როცა აღნიშნული სამუშაოს ან გადაუდებელ საჭიროებას უკავშირდება. მისივე განცხადებით, ზომები საზოგადოების დასაცავად იქნა შემოღებული. ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 10 ათასზე მეტია, გარდაცვლილია 631 ადამიანი. kvirispalitra.ge იტალიაში, კერძოდ ნეაპოლში მცხოვრებ ქართველს ესაუბრა:

მერი ნიკურაძე:

- პრემიერ-მინისტრის განცხადებას ნამდვილად მოჰყვა პანიკა. ზოგადად, ნეაპოლი მუდმივად ძალიან ხმაურიანია, ხალხი ამ განცხადებამდე არ იყო ასე შეშინებული. არც გარეთ გასვლას ერიდებოდნენ და პირბადეების გარეშეც დადიოდნენ. ახლა კი ლამის ყველაფერი დაიკეტა.

იტალიაში სამუშაოდ ვიმყოფები და რა თქმა უნდა, შექმნილმა სიტუაციამ ძალიან შემაფერხა! გარეთ ვერ გავდივარ. ნეაპოლში სამასამდე ადამიანია დაინფიცირებული.

თავიდანვე გამოაცხადეს, რომ თუ შეატყობთ თავს კორონავირუსის სიპტომებს, ექიმთან დარეკეთ, გარეთ არ გახვიდეთ, ექიმი გადაწყვეტს რა როგორ გააკეთოსო... ახლა ამბობენ, რომ ექიმები არ ჰყოფნით, ხალხი ცხელ ხაზზე განუწყვეტლად რეკავს, თუმცა კავშირზეც ვეღარ გადიან.

- როგორია სახელმწიფოს მხრიდან მოსახლეობის და მოსახლეობის მხრიდან სახელმწიფოს მიმართ მხარდაჭერა?

- ორივე მხრიდან დიდია! სახელმწიფოც მაქსიმალურად მობილიზებულია, რომ ინფორმირებულები ვიყოთ. 10 მარტიდან გამოცხადდა კარანტინი და მანამდე გააკეთეს განცხადება, რომ საკვები მოგვემარაგებინა, მერე კი ოჯახიდან მხოლოდ ერთი პირი უნდა გასულიყო საყიდლებზე… სამომავლოდ არ ვიცი, გაუწევენ თუ არა სახლში დარჩენილებს დახმარებას, ალბათ სიტუაციიდან გამომდინარე მოიქცევიან.

არის კატეგორია, რომლებიც კვლავაც არ ითვალისწინებენ სახელმწიფოს მითითებებს! უმრავლესობა მაინც ემორჩილება, უკვე გვარიანად შეშინდა ხალხი.

ჩემი თანმაშრომლები და მეგობრები, ვისაც ვიცნობ, სიფრთხლის ზომებს იცავენ და გარეთ არავინ გადის...

(სპეციალურად საიტისთვის)