"70 წლის რომ გავხდი, შევარდნაძემ, რომელზეც საშინელი პასკვილი დავწერე, მომილოცა, მაქო და მადიდა. შებერტყილის ერთი იყო" - კვირის პალიტრა

"70 წლის რომ გავხდი, შევარდნაძემ, რომელზეც საშინელი პასკვილი დავწერე, მომილოცა, მაქო და მადიდა. შებერტყილის ერთი იყო"

პოეტისა და მწერლის ტარიელ ჭანტურიას მრავალფეროვანი შემოქმედება სხვებისგან, ალბათ, იმით გამოირჩევა, რომ ისეთივე ექსპრესიული და ქაოსურია, ერთბაშად სევდიანი და სიყვარულით, ნოვაციით, ტრადიციულობით სავსე, როგორიც თავად მისი ცხოვრება. ჟამთა სვლის მიუხედავად, მისი პოეზია მუდამ თანამედროვე და უბერებელია.

გთავაზობთ ამონარიდს პოეტის ინტერვიუდან, რომელიც გაზეთ "კვირის პალიტრას" მისცა:

- რას არ მაძლევდნენ, შევარდნაძე ყველანაირად ეცადა პარტიაში შევეთრიე, ვერაფრით მოახერხეს. ერთი წერილი მაქვს დაწერილი - "კიდევ ერთი ჭორი". როცა შევარდნაძე მოსკოვში მუშაობდა, საქართველოში წავიდა საუბარი, პრეზიდენტად ჩამოჰყავთო. იმხანად რუსთაველის საზოგადოების გაზეთ "მამულის" რედაქტორი ვიყავი, იქ დავბეჭდე ეს წერილი, რომელშიც ასეთი ფრაზები იყო: ამბობენ, რომ შევარდნაძე შეიძლება საქართველოს პრეზიდენტი გახდეს. ედუარდ შევარდნაძე საქართველოს პრეზიდენტი? თავისუფლების წყურვილის გამჟღავნებისთვის გოგო-ბიჭების დამხვრეტი, საკუთარი ძმაკაცის დამხვრეტი და ა.შ. როგორ შეიძლება მისი გაპრეზიდენტება-მეთქი... ერთი სიტყვით, ბოლომდე გადავუარე. მეორე დღეს შევარდნაძე ჩამოფრინდა, დმანისი-ბოლნისი მოიარა, საღამოს კი ტელევიზიით ილაპარაკა, ვიღაცას აქ ჩემზე ასეთი აზრი გასჩენია და მინდა ვთქვა, რომ ჩემი კრემლში ყოფნაც კი უზარმაზარი სიკეთეა საქართველოსთვისო.

რამხელა ნაძირალა იყო, 70 წლის რომ გავხდი, ამ კაცმა, რომელზეც საშინელი პასკვილი დავწერე, იუბილე მომილოცა, მაქო და მადიდა. შებერტყილის ერთი იყო, ვითომ არც არაფერი მომხდარა.

დღევანდელ პოლიტიკოსებზე გული მტკივა... ეჭვი არ მეპარება, მათ საქართველო უყვართ და სტკივათ, მაგრამ ერთია, რომ გიყვარს და სიკეთე გინდა და მეორე, როგორ გამოიყენო სიკეთე და დაეხმარო შენს ქვეყანას, რა გზა უნდა აირჩიო. უზარმაზარი წნეხია რუსეთიდან. რუსეთს აქ სერიოზული აგენტურა ჰყავს, ჩვენ რომ არ ვიცით, ისეთი ფარული აგენტები. ახლა რუსეთი საქართველოზე ხელს ჩაიქნევს? რაც მთავარია, ევროპა-ამერიკა გვეხმარება, მარტონი ვერაფერს გავხდებით. დარწმუნებული ვარ, რუსეთს არაფერი გამოუვა, საქართველოს ორიენტაცია გადაარჩენს, მისი მომავალი გარკვეულია. იხილეთ სრულად