"მიშა სულ პიონერთა ბანაკებში იზრდებოდა. პატაკებს იძლეოდა ხოლმე დიდებულად, "ჩისტა პიანერსკი" - კვირის პალიტრა

"მიშა სულ პიონერთა ბანაკებში იზრდებოდა. პატაკებს იძლეოდა ხოლმე დიდებულად, "ჩისტა პიანერსკი"

"ჩემი ხნისა ლამაზად მოგყაროთ და შვილთა და შვილთაშვილთა სათვალავს ვერ არჩევდეთ"

სვანეთში მოგზაურობა მესტიის აეროპორტის გახსნამდე გადავწყვიტე და ზუგდიდამდე მიკროავტობუსით მეგობრებთან ერთად გავუდექი გზას. იქ მესტიამდე ასასვლელად მეგობრის "რკინის რაში" - თეთრი "ნივა" გველოდა. სვანებმა გაგვაფრთხილეს, გზაზე მეწყრული ზონებისა და კლდეების ჩამოშვავების გამო შეიძლება ბევრი დაბრკოლება შეგხვდეთო. საბედნიეროდ,  უვნებლად ვიმგზავრეთ. ხაიშამდე ჯერაც კომუნისტების პერიოდში დაგებული ბეტონის გზის საფარია შემონახული. მცირე ხნით ვჩერდებით კოდორისა და მესტიისკენ მიმავალი გზების გასაყართან. აქ სევდა გვეძალება, - 2008 წლის ომის შემდეგ ეს გზა დაკეტილია.

მესტიაში ღამით შევდივართ. საოცარი სანახავია განათებული კოშკები, უზარმაზარ სანთლებს ჰგვანან. ქუჩები გაკაშკაშებულია. რომ არა გადათხრილი გზები, განახლებული ცენტრი ზღაპრულ პატარა ქალაქს მოგაგონებთ. ახლა მიწისქვეშა კომუნიკაციები გაჰყავთ და ქუჩები ერთიანად გადათხრილია, ატალახებულ გზებზე მხოლოდ რეზინის ჩექმით თუ ივლი.

რვა წლის წინ ვიყავი აქ და ახლა მესტიის ცენტრალურ ნაწილს ვერ ვცნობ. თითქმის ყველაფერი შეცვლილია. პატარა საციგურაო მოედანიც გაუკეთებიათ. მესტიელი ბავშვები მეუბნებიან, რომ ახალი წლის ღამეს პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად ისრიალებენ. თუმცა, შიშობენ, რომ მესტიაში საახალწლოდაც არ მოთოვს და არა მარტო საციგურაო მოედანზე, ახალ სათხილამურო ტრასებზეც ვერ ჩაისრიალებენ.

KvirisPalitra.Geწუხს ხალხი, ზამთარი დავკარგეთ, თოვლი სანატრელი გაგვიხდაო. ხანდაზმულებსაც უკვირთ, ასეთი ზამთარი არ გვახსოვსო.

ღამით სასტუმრო "სვანეთში" ვჩერდებით. გაყინულ ოთახებში მხოლოდ ჩვენი მისვლის შემდეგ რთავენ გამათბობლებს. გამიკვირდა, ასეთი მომსახურებით როგორ დააინტერესებენ ტურისტებს-მეთქი.

დილაუთენია აეროპორტისკენ მივდივართ. ასაფრენი ზოლი უკვე დასრულებულია. თამარ მეფის სახელობის აეროპორტი გერმანელი არქიტექტორის, მაიერის დიზაინით შენდება. შენობა სანავიგაციო ლოკატორს ჩამოჰგავს.

რატომღაც მშენებლები ჟურნალისტებთან საუბარს გაურბიან. ავტოსატრანსპორტო გზების დეპარტამენტის ადმინისტრირების სამმართველოს ექსპლუატაციის განყოფილების მთავარი სპეციალისტი გიორგი ღიბრაძე მთანხმდება ექსკურსიამძღოლობაზე: - კილომეტრი და ასი მეტრი სიგრძის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი დავაგეთ 35 სმ სისქის უახლესი ტექნოლოგიის ბეტონით, რომელშიც არმატურაც არის ჩადებული.

- როგორი თვითმფრინავებისთვის არის გათვლილი?

- პატარა თვითმფრინავებისთვის. თუმც, როგორც ვიცი, ფრენები მხოლოდ საქართველოს ტერიტორიიდან კი არა, ერევნიდან და ბაქოდანაც იქნება. საცდელი ფრენები უკვე დაწყებულია.

აეროპორტიდან ჰაწვალის სათხილამურო კომპლექსისკენ მივდივარ. გზაზე თხელ ფენად დევს თოვლი. ეს გზა საურმე იყო, ხეტყე და თივა მოჰქონდათ მესტიელებსა და სოფლების მცხოვრებთ. ახლა აქაც ბეტონისსაფრიანი ტრასაა. მიუხედავად იმისა, რომ გვერდებზე დამცავი სიმაგრეები მიჰყვება, სვანები ხუმრობენ, თუ ბარიერებს არ გააკეთებენ, ისეთი გასრიალებულია, შექეიფიანებულები მუხრუჭს ვეღარ გავაკონტროლებთ და გავფრინდებითო.

KvirisPalitra.Geმესტიელებს მოსწონთ, რომ სვანეთში გამალებული მშენებლობაა. სამუშაო ადგილები გაჩნდა და გაქცევაზე აღარ ვფიქრობთო, მაგრამ ეჭვობენ, რომ ახალი სათხილამურო კომპლექსი და საბაგირო გზაც ისევე არ იმუშავებს, როგორც კომუნისტების დროს აშენებული. ათეული წლების წინ, როდესაც სპორტის კომიტეტს ხელმძღვანელობდა, გივი ჯაფარიძეს მოსვლია სვანეთში სათხილამურო სპორტის განვითარების იდეა.

მაშინაც გაუკეთებიათ სათხილამურო ტრასები და საბაგირო გზა, მაგრამ ვერ ივარგაო, დანანებით ამბობენ მესტიელები. ცოტა ხნის წინ  კიდევ ერთ მესტიელს, თედო ჯაფარიძეს ძველი ტრასების ამოქმედება გადაუწყვეტია. "პრეზიდენტს გაანდეს ეს იდეა, მოეწონა და თავიდან დაიწყო სათხილამურო სპორტისა და ტურიზმისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობა", - ამბობენ სვანები. სათხილამურო სპორტისა და ტურიზმის განვითარებას  ხელს უგზოობაც უშლიდა. "ჯერ მესტიამდე, მერე კი მესტიიდან უშგულამდე და თეთნულდის სათხილამურო კომპლექსამდე რომ გზები გაკეთდება, ეს ბევრ რამეს შეცვლის.

გზას ზუგდიდიდან მესტიამდე 2 საათზე ცოტა მეტი დრო დასჭირდება. დღეს კი 5 საათში ძლივს ამოდიხარ. ვეჭვობთ, თვითმფრინავებმა გამართული განრიგით შეძლონ ფრენა, აქ ხშირად ნისლი იცის და შეიძლება უამინდობამ კვირაობით გასტანოს. უფრო ავტოსატრანსპორტო გზის იმედი გვაქვს", - ამბობენ სვანები, მაგრამ იმედს არ კარგავენ, რომ კარგად დაწყებული საქმე კარგადვე დასრულდება.

ჰაწვალში მშენებლობის ხელმძღვანელს, "საქსპეცტრანსის" დირექტორ ნოდარ წვერიკმაზიშვილს ვესაუბრეთ:

- ამ საბაგირო გზას ჰაწვალი-ზურულის მთის გზა ჰქვია. ეს სავარძლიანი, ოთხადგილიანი საბაგირო გზაა და რეკორდულად მოკლე დროში, სამთვე-ნახევარში აშენდა.

გზის სიგრძე 1462 მეტრია, ქვედა სადგური - 1865 მ სიმაღლეზე, ზედა კი - 2347 მ-ზე  მდებარეობს.

KvirisPalitra.Ge- ასე დაჩქარებული მუშაობა პრობლემებს არ ქმნის?

- უამრავი პრობლემა გვქონდა, თუნდაც იმიტომ, რომ ხშირად წვიმდა და საყრდენებთან მისასვლელი გზა თითქმის არ იყო. ბეტონისა და კონსტრუქციების მისატანად მანქანებს ტრაქტორზე ვაბამდით და ასე მივათრევდით. ღამითაც ვმუშაობდით. ფირმა "ლეიტნერი"  ერთ-ერთი მოწინავე ფირმაა მსოფლიოში. მოწყობილობა იტალიელებმა დაამონტაჟეს".

როგორც მიხსნიან, სვანეთში კიდევ 7-8 საბაგირო გზა და სათხილამურო ტრასა უნდა გაკეთდეს.

მესტიაში დაბრუნებისას შემთხვევით გავიცანი მხცოვანი პედაგოგი ნათელა ჯაფარიძე, რომელსაც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პიონერობის ჟამს არტეკში წაუყვანია. ამბობს, 102 წლის ვარ, ხვალ კი 103-ისა ვხდებიო. მისი ასაკისთვის უჩვეულოდ სხარტად და ლამაზად საუბრობს. დროდადრო რუსულ ფრაზებს იშველიებს.

ნათელა ჯაფარიძე: - დამსახურებული პედაგოგი ვარ,  დაწყებით კლასებს და მეშვიდე კლასამდე რუსულსაც ვასწავლიდი. ბიცოლა მყავდა რუსი. მე, როგორც კარგ გვარიშვილს, წინაპრებისგანაც მომდევდა წესი, რომ ენები მცოდნოდა და რაც მთავარია, ლამაზი ქართულით მელაპარაკა. თუ მშობლიური ენა არ იცი, ას ენაზეც რომ ლაპარაკობდე, არავინ ხარ.

- ოჯახში ვინ გყავთ?

- ოჯახში ბევრი მყავს, მაგრამ შინ მარტო ვარ. ზოგი თბილისში ცხოვრობს, ზოგიც - ამერიკაში. მე შვილი არ მომცა ღმერთმა და  ოთხი მაზლიშვილი გავზარდე.

- ხვალ მართლა 103 წლის გახდებით?

- არა, ჯერ მხოლოდ 98 წლის ვარ.  ყველა ასაკს მეკითხება გასათხოვარ გოგოსავით (ეცინება), მეც ვკეკლუცობ და ვამბობ, დღეს 102 წლის ვარ, ხვალ კი 103-ის ვხდები-მეთქი. უნდა ნახოთ, რა ამბავი ატყდება ხოლმე. დიდხანს იცოცხლე, ბებოო, და მიხარია. მერე მე ათ იმდენს ვლოცავ... სულ გლოცავთ, გენაცვალოთ ჩემი გული.

- როგორ მოგწონთ ცვლილებები მესტიაში?

- ძალიანაც მომწონს და კიდეც არ მომწონს. ზოგჯერ ვფიქრობ, ახლა რაც იხარჯება, ის ხალხისთვის მიეცათ. მაგრამ, როგორც ჩანს, ასე სჯობს. განა განახლება არ მომწონს? რა სჯობს ამას, მაგრამ ხალხს ვერ განვაახლებთ. მხოლოდ ახალგაჩენილებს თუ გაზრდი ახლებურად. ბავშვები შრომას უნდა მივაჩვიოთ, რომ ქართველებად გავზარდოთ. მაჭამე, მასვი, პატრონოო, ბარტყებივით შესჩერებიან მშობლებს. გაზარმაცებული და წამხდარია ხალხი.

ეს ჩვენი პრეზიდენტი მიშიკო ბავშვობიდან ყოჩაღი იყო. არტეკში მყავდა წაყვანილი თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლიდან. მიშა სულ პიონერთა ბანაკებში იზრდებოდა. პატაკებს იძლეოდა ხოლმე დიდებულად, "ჩისტა პიანერსკი".

- ახსოვხართ? მოგინახულათ?

- სად ვემახსოვრები ან მე როგორ შევახსენებდი? კარგი საქმე გააკეთოს და რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ემახსოვრება და ვინ არა.

- ახალ წელს როგორ ხვდებით?

- წინათ შობას ახალმოჭრილი ნაძვის თავი უნდა შეგეტანა სახლში. ნათლისღებამდე გვქონდა ნაძვის ტოტი, როგორც სახლში სიწმინდის დამცველი.

- ახალ წელს პირველ იანვარს თუ 14 იანვარს აღნიშნავთ?

- ინაგდა ტაკ, ინაგდა ტაკ. ახალი წელი რომ შემოდგება ზღურბლზე, მახვში დალოცავს ოჯახს, ხოჩაამდ, ჯამრთელდ, ბედნიერდ უხარიიხი! ხოჩა ზაოვ ეიცაადეენა! ღერბეთ ლოგვეშდ ი ლოგუეწდ ათხე ი ამუნღი ი ჩიგარ!  ბევრი ახალი წელი მოგასწროთ ბედნიერად ღმერთმა. ჩემი ხნისა ლამაზად მოგყაროთ და შვილთა და შვილთაშვილთა სათვალავს ვერ არჩევდეთ. იხარეთ და იბედნიერეთ. შეგეწიოთ უფალი, ღვთისმშობელმა დაგაფაროთ მადლიანი კალთა, გფარავდეთ წმინდა გიორგი და ყველა სალოცავი სვანეთისა.

აქედან ისე არ წახვიდეთ, ეთნოგრაფიული მუზეუმი არ დაათვალიეროთ. იქ მიხვდებით, რომ სვანეთის კარი ღია იყო მსოფლიოსთვის. თუ გზა სულ გახსნილი იქნება, წესიერი კაცი აქედან არსად წავა და სვანეთი დაცლას გადაურჩება. მინდა სვანი ისევ თავის მიწაზე იყოს მიბმული. აქაურობა რომ იცლება, ასე მგონია, სისხლისგან მე ვიცლები.

ქალბატონი ნათელას დარიგება ყურად ვიღეთ, მუზეუმი დავათვალიერეთ და უკან მომავალნი ერთმანეთს ვუზიარებდით შთაბეჭდილებებს. ამ უძველეს ქართულ კუთხეში ათასწლეულების წინ მოჰყავდათ ხორბალი, სახლებში წყალი მოჩუხჩუხებდა მილებიდან და საკანალიზაციო სისტემებიც ისე ჰქონდათ მოწყობილი,  XXI საუკუნის საქართველოშიც რომ სანატრელი აქვთ.

სვანეთი ამოუწურავი უძველესი ინფორმაციის წყაროა, რომელსაც ერთხელ თუ გაუგე გემო, მერე გული სულ დიდრონი მთებისკენ გაგიწევს.