"იტალიამ ბევრი ჩვენგანი გადაარჩინა, ახლა თუ ყველა გამოვიქეცით, ასე გამოდის, ვუღალატებთ..." - კვირის პალიტრა

"იტალიამ ბევრი ჩვენგანი გადაარჩინა, ახლა თუ ყველა გამოვიქეცით, ასე გამოდის, ვუღალატებთ..."

ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბი მსოფლიოში უკვე იმხელაა, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, მოგეხსენებათ, პანდემია გამოაცხადა. ვირუსის გავრცელებამ გაართულა ვითარება ევროპაში, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში კი იტალია აღმოჩნდა. ქევყნის მთავრობამ 60-მილიონიანი ქვეყანა მთლიანად წითელ ზონად გამოაცხადა და მოსახლეობას კარანტინის მკაცრი ზომების დაცვით უწევს ცხოვრება. ბოლო მონაცემებით, იტალიაში 12 462 ადამიანია დაინფიცირებული, გარდაიცვალა 827, გამოჯანმრთელდა - 1045. მოგეხსენებათ, ამ ქვეყანაში არაერთი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს და მუშაობს, რომლებიც საკამოდ რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ. მათი მდგომარეობის გასარკვევად, დავუკავშირდით ქართველ ემიგრანტებს იტალიის სხვადასხვა კუთხეში:

ფიქრია კუჭუხიძე, ქალაქი ბარი: - ალბათ ხვდებით იტალიის წითელ ზონად გამოცხადება, რა მდგომარეობაში ჩაგვაგდებს ემიგრანტთა უმეტესობას, რომელთაგან ნაწილი ქვეყანაში ისედაც შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე მუშაობდა და არც აქამდე გრძნობდა თავს დაცულად. ბევრი კი ისეთ ასაკშია, რომელთათვისაც დაავადება სარისკოა. თუმცა, ამ სიტუაციაში ჩვენზე ყველაზე ის მოქმედებს, ჩვენს სამშობლოში რა ხდება. როგორ არიან ქართველები, რომელთაგან არაერთმა კრიტიკაც კი დაგვიწყო, - რას გამორბიან, იყვნენ სადაც არიანო, არადა, აქ მყოფი ემიგრანტების ძალიან მცირე ნაწილმა გამოთქვა წამოსვლის სურვილი... ჩვენ ვიქნებით, სადაც ჩვენს ქვეყანას და ჩვენიანებს სჭირდებათ, მაგრამ მთავრობისაგან თუ საზოგადოებისაგან კრიტიკის ნაცვლად ელემენტარული გამხნევება ნამდვილად გვჭირდება!

კარგად გვესმის, რომ ახლა საქართველოში ემიგრანტების მოზღვავება არ იქნება სწორი. უფრო მეტ პრობლემას შევქმნით. ამიტომაც ვცდილობთ, შიშიანობას უცხო ქვეყანაში გავუმკლავდეთ. პირველი ემოციების გამკლავება კი ძნელი აღმოჩნდა, მაგრამ რაც შეგვიძლია, ერთმანეთს ვამხნევებთ. ალბათ იცით, რომ სპეცრეისით იტალიიდან 200 კაცი უნდა დაბრუნებულიყო სამშობლოში. მათი ნაწილი ბოლო ხანს იტალიაში ტურისტული ვიზით იყო ჩამოსული და აქ მუშაობდა დროებით. ამ 200-მა მხოლოდ 156 ადამიანი წამოვიდა საქართველოში. ქალაქი ბარი დღეს

კიდევ ერთი მომენტია, იტალიამ ბევრი ჩვენგანი გადაარჩინა, ახლა კი თუ ყველა გამოვიქეცით, ასე გამოდის, ვღალატობთ. საქმე ის არის, რომ ზოგიერთი ემიგრანტის სამშობლოში დაბრუნების შემთხევვაში უპატრონოდ რჩებიან მოხუცები, რომელთაც ისინი უვლიან. არ ვამბობ, რომ სიცოცხლის გაწირვა გამართლებულია, მაგრამ თუ ექიმების რეკომენდაციებს დავიცავთ, რისკსაც ავიშორებთ და თანაც ჩვენზე მონდობილ ადამიანებსაც არ გავწირავთ. ამ მოხუცების შვილებიდან ზოგიერთი ხომ უკვე თვითიზოლაციაშია.

- იტალიელები ემოციური ხალხია, როგორ ასრულებენ იმ წესებს, რომელიც სახელმწიფომ დააწესა?

- სამწუხაროდ, ნაწილმა ჯერაც ვერ გაიგო, მის გარშემო რა ხდება და მობილიზაციას ვერ აჰყვა. ვერ წარმოიდგენთ, მაგრამ აქ ქართველები სამოქალაქო პასუხისმგებლობის მაგალითს ბევრს ვაძლევთ, ალბათ იმიტომ, რომ სამშობლომ გამოცდილება შეგვძინა, რამდენი სირთულე გავქვს გამოვლილი ჩვენს ქვეყანაში... ამ დღეებში, მართალია ტრანსპორტით ხალხი იშვიათად დადის, მაგრამ მაინც რამდენჯერმე მომიხდა კამათი მგზავრებთან, რომლებიც პირბადის გარეშე აცემინებდნენ, თანაც იმის საშულებასაც არ გვაძლევდნენ, რომ ტრანსპორტის ფანჯრები გაგვეღო. თუმცა ზოგადად, ხალხი უკვე ცდილობს, რომ სიტუაცია როგორღაც გაუმჯობესდეს. ქალაქში გამოსასვლელად უკვე სპეციალური დოკუმენტაციის შევსებაა საჭირო. სუპერმარკეტების და აფთიაქების გარდა, ჩვენთნააც უკვე ყველაფერი დაიკეტა.

ლუიზა გოშაძე: - ბრინდისის პროვინციის პატარა ქალაქში ვცხოვრობ. აქ ჯერჯერობით კორონოვირუსის მხოლოდ ორი შემთხვევაა დაფიქსირებული, მილანიდან დაბრუნებული მოხუცი ცოლ-ქმარიც აღმოჩნდა თვითიზოლაციაში. ასე რომ, გარანტია არ არის, რომ ამ ქალაქში დაავადება არ გავრცელდება. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ონლაინმომსახურებით მხოლოდ ქალაქი მილანი სარგებლობს, სადაც პროდუქტს კურიერები აწვდიან. ვნახოთ, მერე შეიძლება ეს დანარჩენ ქალაქებზეც გავრცელდეს. ვირუსმა, სახელმწიფოს ეკონომიკა უკვე დაბლა დასცა. თითქმის ცარიელი ავტობუსი საკუთარ მარშრუტს მაინც გადის ობიექტები ცდილობენ შეამცირონ დავადების გავრცელების რისკი, - მარკეტებში მხოლოდ 5 ადამიანს უშვებენ, რომელებიც ხელთათმანებით იღებენ პროდუქტებს. მაგრამ არა მგონია, ეს გამოსავალი იყოს. პირბადეებიც არ არსებობს, დეფიციტია. ასე რომ მხოლოდ თვითიზოლიაციაში ყოფნაა ჩვენთვის გამოსავალი, სადაც ბევრი ჩვენგანი აქამდეც იყო თავისი სამუშაოს გამო.

ინგა ცერცვაძე, ქალაქი ფასანო: - სამწუხაროდ, იტალიის მთვარობამ შეცდომა თავიდან დაუშვა, როდესაც ქვეყანა არ ჩაკეტა. უამრავმა ტურისტმა დაავადების გავრცელება უფრო დააჩქარა. საავადმყოფოებსაც ერთბაშად ათასობით ადამიანი მიაწყდა და სიტუაციაც გართულდა. აღარც საწოლები ჰყოფნით და აღარც ექიმები, - თავად სამედიცინო მუშაკები აღმოჩნდენ კარანტინში და რა უნდა ეღონათ. მოვისმინე იტალიელი ექიმისაგან, - ასეთ სიტუაციაში კლინიკაში ყველას ვერ მიგიღებთ, სწოლები არ გვყოფნის, იძულებული ვართ, მათ ვუმკურნალოთ, ვინც მკურნალობას უფრო დაექვემდებარეობა - 60 წელზე დაბლა მყოფებსო... და მიუხედავად იმისა, რომ თავადაც ამ კატეგორიას ვეკუთვნი, ანუ საკამოდ ასაკიანი ვარ უკვე არ გავღიზიანებულვარ, მესმის მათიც. თუ ვირუსი ვერ შეჩერდა, რა გვეშველება. ან კი რა ქნას იტალიამ? საბუთიანებსა და უსაბუთოებს ყველას მკურნალობენ, მაგრამ ცდილობენ ენერგია მათ მოახმარონ, ვისაც  გადარჩენის მეტი შანსი აქვს... ამის მიუხედავად, იმედი მაქვს, რომ მდგომარეობა შეიცვლება, იტალია ძალას მოიკრებს და ფეხზე დადგება. ისე როგორც ჩვენი სამშობლო, რომელსაც ამ ეტაპზე მასობრივი დაბრუნებით მხოლოდ პრობლემებს ჩამოვუტანთ. ასე რომ გავძლებთ, სჯობს მდგომარეობა არ გავირთულოთ. მშვიდობას ვუსურვებ საქართველოს და ჩვენს მეორე სამშობლოდ ქცეულ იტალიას!

იხილეთ ასევე: "კორონავირუსის იტალიური შტამი მუტირებულია, ჩინურისგან გენოტიპით განსხვავდება" - რას ჰყვება იტალიაში მომუშავე ქართველი ექიმი

(სპეციალურად საიტისთვის)