უფერული ახალი წელი წეროვანში - კვირის პალიტრა

უფერული ახალი წელი წეროვანში

"ჩვენი შვილებისთვის ახალი წელი მაშინ დგება, როდესაც  სადილი გვაქვს"

უკვე მესამე ახალ წელს ხვდებიან დევნილის სტატუსით საკუთარ ქვეყანაში - შორს საკუთარი სახლებისგან და უმისამართოდ. წეროვანში ლიახვის ხეობიდან და ახალგორიდან დევნილი 2000-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს. აქ ყველას ერთი სურვილი აქვს - შინ მშვიდობით დაბრუნება.

თბილისიდან წეროვანის მიმართულებით სამარშრუტო ტაქსი ყოველ ნახევარ საათში  გადის. ახალაშენებული გამგეობის შენობასთან ნაძვის ხეს რთავენ.  მოასფალტებული გზა დევნილების დასახლებას ორ ნაწილად ყოფს და იქ, სადაც ადმინისტრაციული შენობები აღარ დგას, კოტეჯებამდე მტვრიან გზას მივყავართ. ზოგს კოტეჯისთვის საქათმე მიუშენებია, ზოგს - ავტოფარეხი, ზოგსაც ღობე შემოუვლია ამ ერთფეროვანი შენობებისთვის; აქა-იქ მიწაში ჩაყრილ თონეებთან გამხმარი ფიჩხის კონებსაც შენიშნავ, მაგრამ ცხელი შოთის სურნელი არსად ტრიალებს - ფქვილი შემოელიათ, სახელმწიფომ კი დახმარება ზაფხულის შემდეგ შეუწყვიტა.

ახალგორიდან დევნილი ლალი ცქიტიშვილის კოტეჯში ისევე ცივა, როგორც გარეთ, მაგრამ მასპინძელი მაინც გულითადად მეპატიჟება  და ცხელ ყავას მთავაზობს. "თავდაპირველად ყოველთვე სულზე ცხრა კილოგრამ ფქვილს გვირიგებდნენ. მერე ეს დახმარება ჯერ 4 კილოგრამამდე, შემდეგ 1,5-ზე დაიყვანეს და ბოლოს სულ შეგვიწყვიტეს. ახლა მხოლოდ ფულად შემწეობას ვიღებთ.

KvirisPalitra.Geოჯახის უფროსზე 30, ყოველ მომდევნო წევრზე კი - 24 ლარი. იძულებული ვართ, სახელმწიფო შემწეობით თავიც ვირჩინოთ და კომუნალური გადასახადებიც გადავიხადოთ. მახსოვს, როდესაც აქ პირველად შევხვდით ახალ წელს, თითო სულზე 200 ლარი დაგვირიგეს, მაშინ იმ ფულით ოჯახისთვის საჭირო ნივთები შევიძინეთ. გასულ წელს, საახალწლოდ, ოჯახზე ორ-ორი კილოგრამი მანდარინი დაგვირიგეს, წელს კი არავის გავხსენებივართ.

ბავშვები მყავს და სახლში ნაძვის ხე მაინც მოვრთე. რამდენიმე კანფეტი ეკიდა ზედ და ახალი წლის დადგომამდე ბავშვმა ჩამოხსნა - რა ქნას, უნდა ტკბილეული.

ასეთ პირობებში ზოგი ახალგორში დაბრუნებასაც კი ფიქრობს. არადა, ახალგორში ცხოვრება დანაღმულ ველზე სიარულს ჰგავს; მითხრეს, რომ ჩემს სახლთან რუსები რკინიგზას აშენებენ, რომელიც ახალგორიდან ჩრდილოეთ ოსეთამდე, ანუ ფაქტობრივად, რუსეთამდე გზას დაახლოებით 300 კილომეტრით შეამცირებს," - ამბობს ქალბატონი ლალი და ლოყაზე ჩამოგორებულ ცრემლს იწმენდს.

დევნილთა დასახლების რიგებს მივუყვები. გზად ნაგვით სავსე ურნები მხვდება. ეტყობა, აქაურების არსებობა მხოლოდ სახელმწიფო მოხელეებს კი არა, დასუფთავების სამსახურსაც დაავიწყდა. ახლა კიდევ რა გვიჭირს, ზაფხულში კოღო და ჭია ეხვევა ამ ნაგავს და გაუსაძლის პირობებში ვართო, - ამბობენ დევნილები. სახელდახელოდ გამართულ  ხის სკამზე რამდენიმე მამაკაცი შევნიშნე და მათთან გასაუბრება გადავწყვიტე;  ლიახვის ხეობიდან დევნილები აღმოჩნდნენ:

- ყოველ ახალ წელს ღორს ვკლავდით, სავსე სუფრით ვაცილებდით ძველს და ვხვდებოდით ახალს, აქ კი იმის საშუალებაც არ გვაქვს, პირუტყვი ვიყოლიოთ. წეროვანის არსებობა, მგონი, სულ დაავიწყდა ხელისუფლებას. ორი მეასედი მიწა გვაქვს თითო ოჯახს და ასეთ მცირე ფართობზე ორ ძირ ვაშლს თუ დარგავ, თორემ შრომა კი არ გვეზარება, - ხვნეშით მეუბნება დევნილი და განაგრძობს,

- ჩვენი სოფლები: ქურთა, კეხვი, თამარაშენი მიწასთან არის გასწორებული. რისი იმედი უნდა გვქონდეს, მაგრამ ყოველ ახალ წელს მაინც მშვიდობით დაბრუნების სადღეგრძელოს ვსვამთ...

წეროვანის დასახლების რიგებში კვლავ ვაგრძელებ გზას იმ იმედით, რომ ერთ ოჯახს მაინც ვნახავ, სადაც საზეიმო საახალწლო განწყობა დამხვდება, მაგრამ ამაოდ. ვიღაც "საკარმიდამო ნაკვეთში" ფუსფუსებს და  ნიორს რგავს იმ იმედით, რომ ადრე გაზაფხულზე მცირე მოსავალი მაინც მოიწიოს.

KvirisPalitra.Geნებისმიერი გამვლელი შენიშნავდა, რომ დევნილების დასახლება წეროვანში ხრიოკ, მოშიშვლებულ ადგილზეა გაშენებული; ერთ ხესაც ვერ ნახავ, მხოლოდ ერთადერთ, მრავალსაუკუნოვან მუხას გაუდგამს ფესვები ხრიოკ მინდორზე და ამიტომ მის მახლობლად გაშენებულ კოტეჯების უბანს აქაურები მუხიანს ეძახიან. სწორედ იქ შევლა მირჩიეს, - ერთ-ერთ მრავალშვილიან ოჯახს ცოტა ხნის წინ გადაუხდელობის გამო ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტეს, თანაც დიასახლისი ქვეყნის პირველი პირის მოგვარეაო.

ახალგორიდან დევნილ შვიდშვილიან ოჯახს სახელმწიფომ ორი კოტეჯი დაუთმო, მაგრამ ისინი მხოლოდ სოციალურ დახმარებას იღებენ. სახლის ზღურბლთან ოჯახის ყველაზე პატარა წევრი, ოთხი წლის ანა დამხვდა და შინ შემიძღვა.

ნინო სააკაშვილი: "შვიდი შვილი მყავს. სოციალური შემწეობის გარდა არაფერს ვიღებთ. მხოლოდ ერთხელ დაგვეხმარა 500 ლარით კერძო კომპანია. მადლობა უფალს, რომ უფროსი შვილები მუშაობენ და უმცროსების რჩენაში მეხმარებიან. კომუნალურ ხარჯებს ვეღარ ვწვდებით, არადა, უმცროსი - ანა სუსტი ბავშვია, ხშირად კრუნჩხვა ემართება, მისი გაცივება არ შეიძლება და გამათბობელი სულ ჩართული მაქვს. ამის გამო დავალიანება დამიგროვდა და გაზი შემიწყვიტეს(!).

ერთხელ სანდრა რულოვსი სტუმრობდა წეროვანს მშობლებთან ერთად. დიდხანს ვესაუბრე ჩემი გასაჭირის შესახებ, დახმარებასაც დამპირდა, მაგრამ დღემდე ველოდები დანაპირების შესრულებას.

ახალი წელი მათთვის არის ზეიმი, ვისაც დალხენილი ცხოვრება აქვს, ჩვენი შვილებისთვის კი ახალი წელი მაშინ დგება, როდესაც სუფრაზე სადილი გვაქვს."

P.S. დევნილების დასახლება ბინდისას  დავტოვე. რამდენიმე განათებულ ფანჯარაში ღარიბულად მორთული ნაძვის ხეც შევნიშნე. ერთფეროვანი და უსახური გარემო არასასიამოვნო შეგრძნებებს აღძრავს და ერთი ფიქრი მომყვება - საზეიმოდ გაჩახჩახებული თბილისის ფონზე გაახსენდება კი ვინმეს დევნილების უფერული ყოფა.