გმირები სანაგვეზე მოისროლეს?! - კვირის პალიტრა

გმირები სანაგვეზე მოისროლეს?!

გასულ კვირას ომის ვეტერანები გმირთა მემორიალის წინ დასხდნენ და სადღესასწაულო დღეებში შიმშილობა გამოაცხადეს. მათი პროტესტი თავდაცვის სამინისტროს გვარდიის სამმართველოს შენობაში სანაგვე ყუთში ნაპოვნმა ფოტოებმა (აფხაზეთში დაღუპული ბიჭების) და ვეტერანების სამსახურებიდან მასობრივად დათხოვნამ გამოიწვია.  "კვირის პალიტრა" რამდენიმე მათგანს ესაუბრა.

გიორგი მაჭარაშვილი: - ეს ფოტოები შემთხვევით ჩაგვივარდა ხელთ. ერთი ვეტერანი თავდაცვის სამინისტროს გვარდიის სამმართველოში საქმეზე იყო მისული და სანაგვე ყუთიდან გადმოყრილი ფოტოები დაინახა.  ისინი ერთ დროს ვეტერანთა დეპარტამენტში აფხაზეთის ომში დაღუპულთა სტენდზე იყო გამოფენილი, მერე ვეტერანთა დეპარტამენტი სხვა შენობაში გადავიდა, სტენდიც წაიღეს, მაგრამ რატომღაც სარდაფში ჩაიტანეს დაღუპული ბიჭების სურათებიანად.

იქაც არ მოიძებნა მათთვის ადგილი და სანაგვე ყუთში აღმოჩნდა ჩვენი გმირების ფოტოები. მინდა ყველამ სწორად გამიგოს, ამ თემით არავინ სპეკულირებს. მეტსაც გეტყვით, სხვების მსგავსად, ერთ-ერთი ამჟამინდელი პარლამენტარის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, სოსო ქუთათელაძის ძმის ფოტოც მოხვდა სანაგვეზე.

დაახლოებით ორასი ფოტო მოვიტანეთ გმირთა მოედანზე ამ ბიჭების პატივსაცემად აღმართულ მემორიალთან.

- როგორც შევიტყვე, თქვენი პროტესტის მიზეზი სამსახურებიდან ომის ვეტერანების მასობრივი დათხოვნაც გახდა.

- დიახ, ასეა. მართლაც მასობრივად  დაიწყეს ომის მონაწილე პირთა დათხოვნა. იძულებულს ხდიან თავად დაწერონ განცხადებები.

თბილისის მეტროპოლიტენში ვმუშაობდი, ერთი კვირაა, რაც დაუსაქმებელთა რიგებში ჩავეწერე. ვმონაწილეობდი როგორც აფხაზეთის, ასევე 2008 წლის  ომშიც. სახელმწიფოსგან 22 ლარის გარდა სხვა დახმარება არა მაქვს. 22 ლარად როგორ ვცხოვრობ, თავადაც მიხვდებით.

ჩემი მეგობრებიც შავ დღეში არიან. აAრადა, თითქოს ქვეყანა წინ წავიდა, აშენდა, განვითარდა. დაქცეულ ქვეყანაში ვცხოვრობდით და უფრო მეტი შეღავათი გვქონდა. სამშობლოსთვის ყოველთვის თავს გავწირავთ, ამიტომ ვთხოვთ ხელისუფლებას, მოგვხედოს. ათიათასობით ოჯახია ჩვენსავით გაუბედურებული.

დავით გაგელიძე: - მინდა შვილმკვდარ დედებს მივმართო: თუ თქვენი შვილები მთავრობას დაავიწყდება, ჩვენ მუდამ გვემახსოვრება. გუშინ იყო ჩემი დეიდაშვილის, სოსო შალვაძის დაბადების დღე, ის 1993 წლის 26 ივლისს გმირულად დაეცა სოფელ შრომაში. 3 წლის იყო, მამა რომ გარდაეცვალა. დეიდაჩემი აღარ გათხოვდა, ბავშვს მამინაცვალი არ უნდა ჰყავდესო. აფხაზეთის დაცვას შეეწირა მისი 20 წლის ვაჟი.

მას შემდეგ დეიდაჩემმა სამჯერ სცადა თვითმკვლელობა, ღვთის წყალობით სამჯერვე გადარჩა და  ბოლოს მონასტერში წასვლით უშველა თავს. ჩემ თვალწინ დაიღუპა გმირი ჯიმი მაისურაძე, ჩემგან 200-300 მეტრში ჩამოაგდეს მისი შვეულმფრენი. დიდი პროფესიონალი, თავდადებული კაცი. გამაგებინეთ, რატომ უნდა იყოს ამ გმირების ფოტოები სანაგვეზე.

ჩვენ დღეს საზოგადოების თანაგრძნობა და მხარდაჭერა გვჭირდება. საქართველომ პატრიოტების დაფასება თუ არ ისწავლა,  ქვეყანა წინ ვერ წავა. რას ვეუბნებით იმ დედებს, რომლებმაც გმირი შვილები უნდა აღზარდონ?!

თამაზ თეიმურაზოვი: - დიდგორის რაიონის სახანძრო  სამაშველო სამსახურში ვმუშაობდი. გასული წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, ომის ვეტერანები ვაკის პარკში შევიკრიბეთ, რამაც, ალბათ, მთავრობა გააღიზიანა. სამსახურში მითხრეს, განცხადება დაწერე და წადიო. მიზეზი ვიკითხე, ამიხსნეს, 27 სექტემბერს რაღაც კრებაზე ყოფილხარ და უშიშროებამ დაგაფიქსირაო. 17 წელი ვიმუშავე სახანძროში. როცა ხელფასი 27 ლარი იყო, სულ სამი კაცი ვმუშაობდით, ჩემი უფროსი სხვებს ეხვეწებოდა, იმუშავეთო,  მაგრამ ვერავის ითანხმებდა.

ახლა კი მდგომარეობა გამოსწორდა და დაიწყეს სახანძროში ვიღაც-ვიღაცებმა დეიდაშვილებისა და მამიდაშვილების დასაქმება. სახანძრო ნაწილის უფროსად კი ისეთი კაცი დანიშნეს, რომელსაც   შევარდნაძის დროს სახანძრო თავის დისპეტჩერიანად დაეწვა.

მახსოვს, გაგრის დაცემის მერე ტყეში 17 დღე გავატარე. ხავსს ვწურავდი და წვენისგან ჩაის ვადუღებდი, რკოს ვხარშავდი და იმით ვიკვებებოდი. სასწაულებრივად გადავრჩი.

P.S. ჩვენ დავუკავშირდით ვეტერანთა დეპარტამენტს, სადაც განგვიმარტეს: "ჩვენთან სტენდი იყო და ახლაც არის, ფოტოების სანაგვეზე გადაყრას დეპარტამენტში არავინ იკადრებდა თანაც, როგორც ვიცით, ის ფოტოები გვარდიის სამმართველოს შენობის სანაგვე ყუთში იპოვეს და მათ დაუკავშირდით". რა თქმა უნდა, ვცადეთ თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურთან ტელეფონით გასაუბრება, მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო, არავინ გვიპასუხა.