ნამდვილები - კვირის პალიტრა

ნამდვილები

"გუშინ ჩვენს ოჯახში ზეიმი იყო, ნამდვილი ზეიმი. მთელი საღამო გისმენდით და მერე აღარ ვიცოდით, როგორ  გამოგვეხატა ჩვენი აღტაცება. ასეთი ძალა დიდებული აკაკისა, მისი გონებისა, გულისა, კაცობისა და ენისა არ უგრძნობინებია არავის..."

ეს წერილი, იმ ავადსახსენებელ  კომუნისტურ ეპოქაში მისწერა  მართალმა და სხვანაირად თავისუფალმა მწერალმა რეზო ინანიშვილმა გოგი ხარაბაძეს, მას შემდეგ, რაც მთავლიტის მიერ მკაცრად კონტროლირებად ერთადერთ ტელევიზიაში მისი უცნაურად უცხო გადაცემა ნახა აკაკი წერეთელზე.

არ ვიცი, ეზიზღებოდათ, ეშინოდათ თუ ფარულად ეამაყებოდათ კიდეც კომუნისტებს აკაკი. მის იუბილეებს კი იხდიდნენ, მრავალტომეულებსაც გამოსცემდნენ,  მემორიალურ ადგილებსაც ელოლიავებოდნენ და სკოლებშიც გვასწავლიდნენ.

"სულიკოსაც" ვმღეროდით, "ჩანგურსაც", "განთიადსაც" კი,  "ბაში-აჩუკსაც" ვუყურებდით და "აკაკის თავგადასავალსაც" წელიწადში რამდენჯერმე, მაგრამ სხვაგვარად გვაწვდიდნენ ყველაფერს, სათავისოდ შეფუთულს, ვინძლო ქართველებს არ გაგვეღვიძა და არ გვეთქვა, ასეთი წინაპრები გვყოლია, სამშობლოსათვის თავგადაკლულნი, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლნი... ჰოდა, გაგვიშვით, იქნებ უკეთ მივხედოთ  საკუთარ თავსაც და ქვეყანასაცო...

გოგი ხარაბაძისა და თემურ სუმბათაშვილის  "აკაკის მონოლოგი", საბჭოთა დროს შექმნილ იმ იშვიათ ნაწარმოებად შეიძლება ჩაითვალოს, სულ რომ გაიკვირვებ, როგორ იხილა დღის სინათლე იმ ეპოქაში. მათი კიდევ რამდენიმე ტელეგადაცემა, უფრო სწორად, ტელესპექტაკლი  - ილია, ვაჟა, კლდიაშვილი, მოგვიანებით ოთხი სახარება - გავიდა მაშინ ეთერში და ყველამ  გაისროლა...

KvirisPalitra.Geმაყურებელი მომზადებული აღმოჩნდა. უფრო მეტიც, აღტაცებული დარჩა. რაღაც ძალიან "თავისას" დანატრებულს სადა, შიშველმა სიტყვამ სხვა სიმები შეურხია. არასაბჭოური ....

ახლა, როგორ მოიქცა ისტებლიშმენტი, ხელისუფლება?! გაგიკვირდებათ - გოგი ხარაბაძეს რუსთაველის პრემია მიენიჭა ზემოთ ჩამოთვლილი  სრულიად არასაბჭოური გადაცემებისთვის. მინდა, ცხადად წარმოიდგინოთ და თანაც გააცნობიეროთ ილიას, აკაკის, ვაჟას შეუნიღბავი  ეროვნული "ქადაგებანი" იმ სახელმწიფოს ცისფერ ეკრანზე, რომლის იდეოლოგ-აქტივისტები ეკლესიებში შემსვლელ- გამომსვლელთა სიებს ადგენდნენ ბუჩქებს უკან ბლოკნოტმომარჯვებულები.

ამის გამგონეთ კიდევ უფრო გაგიკვირდებათ, რომ კომუნისტურ ეპოქაში დაბადებული, ყველაზე პრესტიჟული პრემია არა რომელიმე პარტიულ კორიფეს, არამედ დიდი რუსთაველის სახელს ატარებდა.

იცოდნენ ბიჭებმა, როგორ ეკეთებინათ საქმე.... მოჩვენებითობა, შენიღბვა, ფასეულით სპეკულაცია მაგარი რამეა! ნებისმიერი რეჟიმის თავკაცნი ფანტასტიკურად ფლობენ ამ ხელოვნებას.

საერთოდ, პარადოქსების ქვეყანა იყო.

თან აცოცხლებდნენ ამ სახელებს - თან არა!

თან გალაპარაკებდნენ - თან არა!

თან გქონდა ხელფასიც, საჭმელ-სასმელიც, საცხოვრებელიც, თან - არა!

თან იყავი - თან არა!

ასე იყო თუ ისე, იმპერიების გარდაუვალი აღსასრულის კანონმა აქაც იმუშავა და სსრკ ჩამოიშალა.

აი, მერე აფოფინდა იმედი და ოცნებები. ახლა ჩვენი თავი ჩვენვე გვეყუდნის, რაც კომუნისტებმა 70 წლის მანძილზე დაგვმართეს, ჩამოვირეცხავთ და ახალ ქვეყანას ავაშენებთო... შევუდექით!

მივიღეთ, რაც მივიღეთ.

სხვა სფეროებს ნუ შევეხებით. ხელოვნებაზე, კერძოდ, იმ სახელებზე ვისაუბროთ, ზემოთ რომ ჩამოვთვალეთ: რუსთაველზე, ილიაზე, აკაკიზე... საკმარისია, მგონი...

მაგრამ საუბრის დაწყება არ ღირს, თუ ისეთ ცნებებს არ ამოვატივტივებთ, როგორიცაა თავისუფალი ბაზარი, ბიზნესი, მოთხოვნა-გასაღება, რეიტინგი, რეკლამა, პიარტექნოლოგიები, რადგან კომუნისტურ ცენზურაგადარჩენილ ნამდვილებს სწორედ ამ ცნებებმა  შეუქმნა საფრთხე.

გაუჩინეს არანამდვილი კონკურენტები, ცნობადი ფეისები და მათი მრავალათასიანი ფან-კლუბები, რომელთა რეკლამირება-გასაღება-შესაღებით არის დაკავებული გიგანტური პიარმანქანა. ასე რომ, თანამედროვე შოუ-პოპ-როკ-ფეშენ-ტელევარსკვლავებით მოჭედილ ცაზე, ნამდვილების ადგილი შაგრენის  ტყავივით შეიძლება დაილიოს, მაგათზე მოთხოვნა არ არის, არ იყიდება, რეიტინგს არ წერსო.

თანამედროვე  დისიჟენმეიკერების  - გადაწყვეტილების მიმღებთა ყველაზე მყარი, ნაჯახივით არგუმენტი: "მე ის უნდა ვაბზრიალო ეკრანზე, ყდებზე, ბანერბილბორდებზე, ვინც ფულს შემომიტანს. აკაკი და მისი რაზმი გაყიდვადი საქონელი, ბრენდი არ არის.... დაღლილია ხალხი, დასვენება, გართობა უნდა. რა დროს ფიქრია, რა დროს თავის შეწუხება, თუ ძმა ხარ, შოუ იწყება, შოუ!" მერე ატყდება ერთი ალიაქოთი, რეიტინგული ციებ-ცხელება, შეშლა ციფრებზე, საპრიზო ადგილებზე, გასაღებაზე... და დატრიალდება ვეებერთელა "ეშმაკის ბორბალი" ზედ ჩამოკონწიალებული მყვირალა, უგემოვნო, არაფრისმთქმელი საქონლით, რომელმაც უნდა მოიყვანოს დღეს ყველაზე სასურველი, დაფასებული, განდიდებული "კაცი-მყიდველი", "კაცი-ფული".

ფული თუ გული? აბა, მოისმინეთ, აკაკის "შავი ქვა" და მიხვდებით, რატომ გული და არა ფული. დაფიქრდებით, იქნებ არ არის ეს გული მთლად გადასაგდები?! გულის ხსენებისას  მაინცდამაინც ანატომიის სახელმძღვანელოში ჩახატულ ან მერიის მიერ ჩვენი მანქანების საქარე მინებზე გამოსახულ წითელ საგანს ნუ წარმოიდგენთ. მიუმატეთ მას ცოტა სული, ცოტა განცდა, ცოტა ვნება, ცოტაც ხსოვნის ნიჭი და შეაღებთ იმ იმპერიის კარს, სადაც სხვა ჯიში ბინადრობს.

ის კაციც, გოგი ხარაბაძეს ვგულისხმობ, რომელიც მთელი ცხოვრება ვირტუოზულად ახმიანებს და აცოცხლებს ნამდვილებს, იმ ჯიშის არის... ის კაციც - ახლა რეზო ინანიშვილს ვგულისხმობ - თავად ნამდვილი და ნამდვილების დამფასებელი....

ის დანარჩენებიც, ვინც მონაწილეობენ ნამდვილების გადარჩენა-მოვლა-პატრონობაში, აქვეყნებს, გამოსცემს, ავრცელებს, ამრავლებს მათ საქმეს, იმავე ჯიშისანი არიან.... და ის მაყურებელ-მსმენელ-მკითხველიც, რომელსაც  საგზლად სჭირდება ნამდვილი სიტყვა. წეღან ის ადამიანები ვახსენე, ვინც ნამდვილებს პატრონობს, ცოტანი არიან, მაგრამ ხომ არიან, მადლობა ღმერთს. ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს რომ გამრავლდნენ, შემოგვესიონ და მოგვთხოვონ, აბა, მოიტანეთ, ვის რა გაგიკეთებიათ ხარისხიანი, ღირებული - "ჭეშმარიტად ამაღლებული სულისთვის და გონებისთვის",  ჩაგვაბარეთ და გადავაჭრელებთ სატელევიზიო ეთერს და ჟურნალ-გაზეთებსო... ბევრს მოიძიებთ? ოღონდ, გულზე ხელი დაიდეთ და თქვით, რამდენს?

მე გოგი ხარაბაძეს და "სანოს" სტუდიაში ჩაწერილ შედევრებს დაგისახელებდით; ბიბლიას, "ვეფხისტყაოსანს" ქართული და მსოფლიო პოეზიის საგანძურის აუდიოწიგნებს... მთელი იმპერიაა, რომელსაც ვერც გულგრილობა, ვერც ნიჰილიზმი, ვერც რეიტინგი, ვერც შავი პიარი ვერ დაანგრევს...

სულ ბოლო აკაკია.

"ყველა თარიღი ხსოვნაა,  აკაკის დაბადებიდან  170  შესრულდა. ვისაც როგორც შეუძლია, მისი ხსოვნა და  სიტყვა უნდა ამრავლოს. ჩვენ ჩავწერეთ მისი პოეზია, პროზა და რაც მთავარია, პუბლიცისტიკა შეუდარებელი და ნაკლებად ცნობილი. ჩვენ გვჭირდება აკაკი, მას ჩვენ - ნაკლებად", - ამბობს გოგი ხარაბაძე. მართლა ასეა, გვჭირდება, იმიტომ, რომ მის მიერ შექმნილ აუდიოწიგნში ბევრი მინიშნებაა, ბევრი დაშიფრული გზავნილი, ბევრი ტკივილია არა მხოლოდ იმ დროისა, ბევრი პასუხია ჰაერში გამოკიდებულ კითხვებზე:

რანი ვართ, რატომ ვართ ისეთები, როგორებიც ვართ და რაზე გვმართებს დაფიქრება. ბარემ აკა მორჩილაძის ეპიგრაფით დავასრულებ, რომელიც მან აუდიოწიგნს წაუმძღვარა: "ამბობენ, რომ ყოველ ქვეყანას თავისი ხმა აქვს. თუკი ასეა, საქართველოს ხმა არ იქნება არც მისი საოცარი სიმღერა, არც მის მდინარეთა დუდუნი და არც ის ჯადოსნური სიჩუმე, მთებში რომ დაისადგურებს ხოლმე, საქართველოს ხმა იქნება - აკაკი".

თამარ ცაგარეიშვილი