ახალ 2011 წელს ცინიკოსების ნაკლებობას გისურვებთ - კვირის პალიტრა

ახალ 2011 წელს ცინიკოსების ნაკლებობას გისურვებთ

თავიდან მეგონა, ეს დღესასწაული მარტო მე არ მიყვარდა. თუმცა, ბოლო დროს ჩემ ირგვლივ სულ უფრო ხშირად ვპოულობ ადამიანებს, ვისაც საახალწლო ორომტრიალი გულზე არ ეხატება. ერთხელ შეიძლება ისიც აღმოვაჩინო, რომ ახალი წელი სასიხარულო არავისთვის არ არის.

არ ვიცი, ეს რისი ბრალია. იმის, რომ ჩვენს ქვეყანაში ჯერ ისევ ბევრს არა აქვს საახალწლო განწყობა, თუ იმის, რომ ყოველ წელს ერთი და იგივე შეიძლება მოგბეზრდეს ადამიანს: წადი ბაზარში, ფასებზე იწუწუნე და თქვი, რომ ყველაფერს ცეცხლი უკიდია, მერე მაინც იყიდე რამე, შემდეგ დაჯექი და ტელევიზორში უყურე ერთსა და იმავე სახეებს, ერთი და იმავე სიმღერებით, ნახე საინფორმაციო გამოშვებების კურიოზები... ყველა საერთო ფერხულში ჩაბმულა და მიდის გადაბმული ლოთობა,…ძველი წლის გაცილება და ახლის დალოცვა. ძველისთვის ცუდის გატანება და ახალში მარტო კარგის დაბედების სურვილი.

არც კი ვიცი, სამ იანვარს, როდესაც თქვენ ამ სტრიქონებს წაიკითხავთ, უკვე გამოფხიზლებული იქნებით თუ არა. მოკლედ, ყველაფერი ტრადიციულად იქნება და ეს ახალი წელიც ისე ჩაივლის, როგორც წინა. ერთადერთი, რაც ყოველ ახალ წელს ერთმანეთისგან განასხვავებს, მთავრობის ჩამოყვანილი მომღერლები არიან. ხელისუფლებას ჩვენი ფულით ყოველ წელს სხვადასხვა მომღერალი ჩამოჰყავს, მერე მათ კონცერტებზე უფასოდ გვპატიჟებს და ამით გვანებივრებს.

ამით საქართველოში კიდევ ერთი საახალწლო ტრადიცია დამკვიდრდა, - ბოლო რამდენიმე წელია საზოგადოება ახალი წლის დღეებში უკვე იმაზე იწყებს კამათს, უნდა ხარჯავდეს თუ არა სახელმწიფო ამდენ ფულს გასართობი ღონისძიებების მოწყობაზე, მომღერლების ჩამოყვანასა და ზიზილპიპილებზე. მაშინ, როდესაც ქვეყანაში უამრავი პრობლემაა მოსაგვარებელი და უამრავი გაჭირვებულია.

ამჯერადაც ახალ წელს დევნილებისა და ომის ვეტერანების აქციებით ვხვდებით. დევნილები სუბელიანის უწყების წინ კარვებში სხედან, ხოლო ომის ვეტერანები დაღუპული მეგობრების მემორიალთან შიმშილობენ. ამ დროს "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთა იღებს გადაწყვეტილებას, დევნილებს ახალი წელი გაულამაზოს. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ნაციონალური მოძრაობიდან" აცნობეს, პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრები სანტა-კლაუსებთან ერთად შაუმიანის დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს ესტუმრნენ და საჩუქრები გადასცეს.

"ღონისძიება საქველმოქმედო იყო. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის მიზანია, გაულამაზოს ერთი დღე იმ ადამიანებს, რომელთაც მომავლის იმედი ყველაზე მეტად სჭირდებათ", - ნათქვამია მათ განცხადებაში. აღარც კი ვიცი, რა ვთქვა.  გისურვებთ, მომავალ წელს საქართველოში ნაკლები ცინიკოსი ყოფილიყოს.

KvirisPalitra.Geწლის ყველაზე უსიამოვნო ამბავი

თუ ადრე წინასაახალწლოდ ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრება დროებით კვდებოდა, წელს პირიქით მოხდა. წლის მთავარი მოვლენები სწორედ წინასაახალწლოდ დატრიალდა. უფრო სწორად, რამდენიმე ისეთი სკანდალი მოხდა, მთელ წელიწადს რომ ეყოფოდა. ჯერ იყო და, ბურჯანაძე ქმრის ხელით ყელში სწვდა ლევან გაჩეჩილაძეს. ამის საპასუხოდ "სახალხო კრების" ხელმძღვანელი რიგრიგობით დატოვეს ეკა ბესელიამ და "ეროვნულმა ფორუმმა". მერე ამბავი მოვიდა, ოქრუაშვილმა და ახალაიამ შუა პარიზში ერთმანეთს სცემესო. ერთმანეთს სცემეს-მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ ვინ ვის სცემა, დღემდე გაურკვეველია.

ბოლოს, "მაესტროს" გენერალური დირექტორი გამოვიდა და თავისივე დამნიშნავ ეროსი კიწმარიშვილს ზეწოლაში დასდო ბრალი. კიწმარიშვილმა საპასუხოდ ბრძანა, ყველაფერი ტყუილია, "მაესტროსთვის" სიკეთის მეტი არაფერი გამიკეთებიაო. ამით აღშფოთებული კახა ბექაური 31 დეკემბერს თანამდებობიდან გადადგა.

ბურჯანაძე და გაჩეჩილაძე ურთიერთობას, ალბათ, გაარკვევენ, ახალაია-ოქრუაშვილს შორისაც გაირკვევა, ბოლოს ვინ დარჩება ნაცემი, მაგრამ რა ეშველება თავისუფალ მედიას და კონკრეტულად, "მაესტროს", ბუნდოვანია. "მაესტროს" ამბავი, ალბათ, წლის ყველაზე უსიამოვნო მოვლენაა.

მარტო იმიტომ არა, რომ საქმე ჩემს კოლეგებს ეხება. ავად თუ კარგად, "მაესტრო" დღევანდელ სატელევიზიო სივრცეში ერთადერთი არხი იყო, საიდანაც ალტერნატიული ინფორმაციის მიღება შეიძლებოდა (სამწუხაროდ, "კავკასია" პოლიტიკური ტოქშოუების მომზადებაზეა ორიენტირებული). რა იქნება ახალ წელს, არავინ იცის. "მაესტროს" საგანგებო რეჟიმში გადასვლა მედიის მდგომარეობას კიდევ უფრო დასწევს უკან.

როგორი იქნება 2011 წელი ქართული მედიისთვის: წინსვლის თუ უკუსვლის? - დღეს მხოლოდ ერთის თქმა შეიძლება: ახალი წელი ქართული ჟურნალისტიკისთვის ძალიან ცუდად დაიწყო. მინდა ყველა კოლეგას, განსაკუთრებით - მაესტროელებს, გამძლეობა ვუსურვო.