IPN- 6 მილიონზე მეტი ვიზიტორი 2010-ში - კვირის პალიტრა

IPN- 6 მილიონზე მეტი ვიზიტორი 2010-ში

ვინც კომპიუტერსა და ინტერნეტთან მეგობრობს, ის იპნ.გე-ზე აუცილებლად დღეში რამდენჯერმე შედის ხოლმე. როდესაც თბილისში რაიმე სენსაციური ჭორი ვრცელდება და ამაზე კამათი ატყდება, ზოგიერთი წუხს - თუ სიმართლეა, რატომ "ინტერპრესნიუსი" არაფერს წერსო.

თუ "ინტერპრესნიუსმა" დაწერა, რაც ჭორის გამართლებას ნიშნავს, ეს უკვე სკანდალია. როგორც ქართული საინფორმაციო ბრენდის ხელმძღვანელმა ბაია ცანავამ გვითხრა, "ინტერპრესნიუსი" სკანდალებს თითიდან არ წოვს და ტოპნიუსების ინტრიგების ფასად მოპოვება მისი სტილი არ არის.

თუმცა, ჩვენ "ინტერპრესნიუსის" მთავარ რედაქტორთან საუბარი მაინც ამ თემით დავიწყეთ.

- ქალბატონო ბაია, ამბობენ, "ინტერპრესნიუსს" ბაზარზე რეალური კონკურენტი არა ჰყავსო.

- ვისურვებდი, ჩვენი კონკურენტები მომძლავრებულიყვნენ. ეს ჩვენთვის სტიმული იქნება. კონკურენციასა და რეიტინგს განსაზღვრავს შესაბამისი ციფრები. 2010 წლის განმავლობაში "ინტერპრესნიუსს" ექვს მილიონზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა(!) და ჩვენი ვებგვერდი 23 მილიონჯერ გაიხსნა.

დადასტურდა, რომ სააგენტომ წლების განმავლობაში მომხმარებლის ნდობა დაიმსახურა. სტატისტიკით, წინა წელთან შედარებით ჩვენი ვიზიტორების რაოდენობა 600 ათასით გაიზარდა, რაც 10%-იან ზრდას ნიშნავს. ეს ტოპ.გე-ს მონაცემებია, სადაც აღრიცხვა ავტომატურ რეჟიმში ხდება. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი სააგენტო სამენოვანია, მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაში გვყავს მკითხველი.

KvirisPalitra.Ge- 2010 წლის რომელ დღეს შევიდა ვებგვერდზე ყველაზე მეტი მომხმარებელი?

- რამდენიმე ხნის წინ გვქონდა ნიუსი, რომელიც საქართველოს დელეგაციის პორტუგალიაში ვიზიტს ეხებოდა. ამ სკანდალს სხვა მედიასაშუალებებიც აქტიურად აშუქებდნენ (ლაპარაკია პორტუგალიური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, ლისაბონში ქართულმა დელეგაციამ სასტუმროში ათეულობით მეძავი შეიყვანა). ეს მსუბუქი ნიუსი აიტაცა მკითხველმა და იმ დღეს რეკორდული რაოდენობის ვიზიტორი გვყავდა.

- ანუ მკითხველს სკანდალები აინტერესებს?

- რა თქმა უნდა. როგორც კი ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება იძაბება ან რაიმე სენსაცია ხდება, ჩვენი ვიზიტორების რაოდენობა პირდაპირპროპორციულად იზრდება.

- ზოგიერთი მედიასაშუალების ხელმძღვანელი ავალებს თავის ჟურნალისტებს, რომ "თავად შექმნან სკანდალი". საინტერესოა, ინფორმაციულად "მკვდარ" პერიოდებში მიგიმართავთ თუ არა მსგავსი ხერხისთვის?

- ჩვენ ამბებს ვქმნით და არა სკანდალებს. მთავარია, დროზე შეიტყო, რა სკანდალი მწიფდება, ოპერატიულად მოახდინო რეაგირება და შემდეგ გონივრულად მიჰყვე მის განვითარებას.

- ოპერატიულობა და ინფორმაციის სანდოობა რამდენად ეთავსება ერთმანეთს? ვგულისხმობ იმას, რომ თითოეული სკანდალური ინფორმაციის გადამოწმებაში დრო იკარგება.

- ოპერატიულობა და სანდოობა ერთმანეთს ხელს არ უშლის. მეორეც, მირჩევნია, ნიუსმა დააგვიანოს და მისი გადამოწმება მოხდეს. სწორედ ამ სანდოობის გამო  გაიზარდა ჩვენი ვიზიტორების რაოდენობა რეკორდულად.

- "ინტერპრესნიუსის" ფოტოარქივში რომელი პოლიტიკოსის ყველაზე მეტი ფოტოა?

- ჩვენს სააგენტოს შთამბეჭდავი ფოტოარქივი აქვს. მხოლოდ წელს არქივი სამი ათასამდე ფოტოთი შეივსო. ლიდერობს მიხეილ სააკაშვილი. ეს, ალბათ, იმით არის გამოწვეული, რომ პრეზიდენტი აქტიურია, ბევრ ღონისძიებას ესწრება და, შესაბამისად, ყველაზე ხშირად მოხვდა ჩვენი ფოტოკორესპონდენტების ობიექტივში.

ასევე, მომხმარებელს შევთავაზეთ, აერჩია წლის მთავარი მოვლენა. როგორი გასაოცარიც უნდა იყოს, მკითხველმა წლის მთავარ მოვლენად მოდელირებული "ქრონიკა" დაასახელა. მომდევნო პოზიციები გაინაწილეს საკონსტიტუციო რეფორმებმა, არჩევნებმა და სხვა თემებმა. ჩვენი მკითხველი ძალიან აქტიური და ობიექტურია. იმედი მაქვს, მათი რაოდენობა 2011 წელს კიდევ უფრო გაიზრდება.

ვულოცავ ყველას ახალ წელს და მშვიდობას და ბედნიერებას ვუსურვებ.

გიორგი კვიტაშვილი